ნათია ფანჯიკიძე: "ეფექტიანი არცერთი დიეტა არ არის, რადგან ფსიქიკა განგაშს ტეხს" - გზაპრესი

ნათია ფანჯიკიძე: "ეფექტიანი არცერთი დიეტა არ არის, რადგან ფსიქიკა განგაშს ტეხს"

პროფესიით ფსიქოლოგია და ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან უწევს ურთიერთობა, თუმცა, დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, დიასახლისობასაც ახერხებს და ოჯახის წევრებს საკუთარი ხელით მომზადებული გემრიელი კერძებითაც ანებივრებს. ნათია ფანჯიკიძე მშობლებზე, ოჯახურ ტრადიციებზე, უცხოურ სამზარეულოზე, დიეტების უარყოფით ზეგავლენასა და კულინარიასთან დაკავშირებულ თემებზე გვესაუბრება.

კულინარია, როგორც კულტურა ადამიანების შესახებ

- კერძები კულტურის გემოა, იმ კლიმატის, იმ ქვეყნის აზროვნებაა გემოსა და სურნელში გამოხატული. თავისთავად, იმდენად საინტერესოა, რომ მხოლოდ კვების აქტი არ გახლავთ, ბევრ რამეს გიყვება ადამიანებზე. ამდენად, სხვა ქვეყნების გემოების გასინჯვაზეც არ ვამბობ ხოლმე უარს. ჯერ კარგად ვაკვირდები, ვათვალიერებ, რა არის და მერე მივირთმევ. ვერ გეტყვით, რომ მსოფლიო მაქვს მოვლილი, მაგრამ საზღვარგარეთ ბევრგან ვარ ნამყოფი. მათ შორის, აშშ-ში წლების განმავლობაში ვცხოვრობდი. საკვების მხრივ, ყველაზე მეტად რითაც აღვფრთოვანდი, მექსიკური სამზარეულოა. რაღაცნაირად გემრიელი საკვებია, თავისი ბოსტნეულიან-ყველაფრიანად, ცხარეცაა, ჩვენს გემოვნებას წააგავს კიდეც, თან განსხვავებულია. ბერძნული სამზარეულოც მომეწონა. იქ ჩასვლისას მივხვდი, რომ თურმე ზღვის პროდუქტებზე ვგიჟდები. სახლში იშვიათად ვამზადებ, რადგან სუნი დგება და თავისი ოსტატობაც უნდა. მირჩევნია, სადმე სხვაგან მივირთვა, ოჯახში კი უფრო ტრადიციული კერძები გავაკეთო. ძალიან გვიყვარს ოჯახური სადილები, რადგან ყველანი ჭამის მოყვარულები ვართ და როცა გვცალია, მომენტს არ ვუშვებთ ხელიდან, რომ ერთად ვისადილოთ.

"ეფექტიანი არც ერთი დიეტა არ არის, რადგან ფსიქიკა განგაშს ტეხს"

- ვერ ვიტყვი, რომ გამორჩეულად ძლიერი დიასახლისი ვარ, მაგრამ ზოგი რომ ამბობს, კვერცხს და კარტოფილს ვერ შევწვავო, ასეც არ ვარ. თითქმის ყველაფერი ვიცი და რასაც ვამზადებ, ამბობენ, რომ გემრიელი გამომდის, ძირითადად კი ის, რაც მიყვარს - ცომეული, ოღონდ ტკბილი არა, ხაჭაპური, ღვეზელები და ა.შ. ცომთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს, რაც ასუქებს. დიეტების კი "არ მწამს" და სასურველია, გახდომის მიზნით, ადამიანები მკაცრ დიეტას არ იცავდნენ. ეფექტური არც ერთი დიეტა არ არის, რადგან ფსიქიკა განგაშს ტეხს, როდესაც ჩვენ მას რაიმეს ვაკლებთ. თუ რომელიმე ნივთიერება დეფიციტში წავა, წარმოუდგენელია, ორგანიზმმა მისი ჭარბი ანაზღაურება არ დაიწყოს. აქლემივით, კუზში რომ იმარაგებს ცხიმს. ამიტომ, ფსიქიკის ამ განგაშის მდგომარეობაში მოყვანა, რომ ორგანიზმს რაღაც აკლდება, არასასურველია. შეიძლება ისეთ რამეზე ატეხოს განგაში, რაც სულაც არ გიყვართ. მაგალითად, ნაყინი, არ გიყვარდეთ, მაგრამ ტკბილის დეფიციტი იმდენად გაჩნდეს, რომ ორგანიზმმა სწორედ მსგავსი რამის მომარაგება დაიწყოს. ამიტომ ზოგჯერ ცოტა ზედმეტი თუ შემოგეჭმებათ, არა უშავს, ამაზე ბევრი აღარ უნდა ინერვიულოთ. თუმცა, კორექტული წონა, მთლიანობაში მაინც კვების დისციპლინაზეა დამოკიდებული. ადამიანები კუჭის ოპერაციასაც რომ იკეთებენ, დიეტაზე ყოფნა მათაც უწევთ და ჯობია, თავიდანვე ვარეგულიროთ, გავიჭირვოთ და ინდივიდუალური, ნორმალური რეჟიმი რომ დაიცვათ, რა თქმა უნდა, უკეთესია. რეგულარული, საათობრივი კვება ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა და სტაბილური წონის შესანარჩუნებლადაც იდეალურია. ვხუმრობ ხოლმე, ჩვილივით სამ საათში ერთხელ ვიკვებები-მეთქი. თუმცა, ამას რეჟიმზე მეტად, ღორმუცელობას ვაბრალებ, რადგან ჭამა დიდი და მარტივი სიამოვნებაა, დაღლილობისას, ცუდ განწყობაზე ყოფნისას, გემრიელი საკვები მარტივი კომპენსაცია. მიყვარს, როცა ვსმუსნაობ.

რვაფეხა, არაესთეტიკური "ხალადეცი" და მატლი - "სამომავლო საკვები"

- რვაფეხა გამისინჯავს, გველი, ტარაკანი, კალია და მსგავსი კი ნამდვილად არა. გემოების გასინჯვისას მაინც ფრთხილი ვარ, ჯერ ვიზუალურად უნდა მომეწონოს. ამბობენ, რომ დედაჩემის გაკეთებული "ხალადეცი" უგემრიელესია, მაგრამ გასინჯული არ მაქვს. როცა აკეთებდა, სტაფილოს ლამაზ ფორმებად ჭრიდა, მაგრამ ჩემში მაინც ცუდ ასოციაციას იწვევდა, ბოდიში მკითხველთან და ისეთი შესახედაობა აქვს, თითქოს ადამიანს გული აერიაო... ჩემთვის არაესთეტიკური საკვებია... თუმცა, ბევრს უყვარს. ამიტომ, ეგზოტიკურ საკვებსაც ფრთხილად ვეპარები. ჩემი მეუღლე - ირაკლი უფრო ექსპერიმენტატორია და სიახლეები უყვარს, ცნობისმოყვარეა. რომელიღაც ქვეყანაში მოგზაურობისას, მატლებიც კი შეჭამა, სახუმარო აქცია-მასპინძლობა იყო - ეს მომავლის საკვებია, რადგან დედამიწის მოსახლეობა ისე მრავლდება, პროტეინების შესავსებად მალე ამ საკვების ჭამა მოგვიწევსო და ამანაც მზესუმზირასავით აკრაწუნა (იცინის). მატლის გვერდით, ხაჭაპური თუ დევს, რა თქმა უნდა, მირჩევნია, ის ვჭამო.

მოგზაურობა ირაკლისთან ერთად - "შეგიძლია, გზასაც არ დააკვირდე, ისე წაჰყვე"GzaPress

- მე და ირაკლი საზღვარგარეთ ყოველთვის ერთად დავდივართ, დამოუკიდებლად სულ ორჯერ ვიმოგზაურე. ირაკლის ძალიან უყვარს ახალი ადგილების მონახულება, მასთან ერთად მოგზაურობა კი ძალზე საინტერესოა, ენერგიული და დაუღალავია, შესანიშნავი ორიენტაციის უნარი აქვს, თუ სადმე ოდესღაც ერთხელ მაინცაა ნამყოფი, აუცილებლად ახსოვს და ყოველთვის მიაგნებს. შეგიძლია, გზასაც არ დააკვირდე, ისე წაჰყვე და მთელი ქალაქი დაათვალიერო, კარგი პარტნიორია. ირაკლის კულინარობა არ ეხერხება, მაგრამ მაცივრიდან შეუძლია გამოიღოს და მიირთვას (იცინის). ყავა დაისხას, სხვა არაფერი. თავს არ იწუხებს, არ დასჭირვებია, რომ ეცადა.

გურამ ფანჯიკიძე და მისი გენიალური მეგობრები

- ჩვენს ოჯახში სტუმრიანობა მუდმივად იყო, ფაქტობრივად, ყოველდღიურად, სანამ შედარებით ნორმალური ყოფა იყო საქართველოში... მამას გარდაცვალების შემდეგ, უფრო დაბალანსებულად მოდიან, ყოფაც ძალიან შეიცვალა. მაშინდელი სუფრის ტრადიციები სულ სხვანაირი იყო, თანაც მამასთან ისეთი საინტერესო ადამიანები მოდიოდნენ, მათი მოსმენა დიდი სიამოვნება იყო, ამას ვერ გადმოსცემ. სიტყვის ოსტატები იკრიბებობდნენ - ნოდარ დუმბაძე, ოთარ და თამაზ ჭილაძეები, ჯანსუღ ჩარკვიანი, ზაურ ბოლქვაძე და ბევრი სხვა, ძალზე ნიჭიერი ადამიანები, რომელთათვისაც სიტყვა, ეს იყო მასალა, რომელსაც გრძნობდნენ, ბგერის სიღრმემდე. მათი მოსმენა მართლაც საინტერესო იყო, არ მოგწყინდებოდა, ბავშვი ვიყავი, მაგრამ მეც კი ვერთობოდი. თუ სუფრასთან დიდხანს ვერ ვძლებდი, მახსოვს, მაგიდის ქვეშ შევძვრებოდი და სტუმრებს ფეხსაცმელებზე თასმებს ვუხსნიდი, სულ მათ გარშემო ვტრიალდები და ვერთობოდი. მათი სიტყვა და ქცევა ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენდა. სულ თვალწინ მაქვს ის კადრები, პატარა ბიჭებივით რომ ჩარბოდნენ ხოლმე, ფეხბურთს თამაშობდნენ...

დედა - ლიტერატურული და კულინარიული წიგნების ავტორი გერმანისტი

- დედაჩემი შესანიშნავი კულინარია. მაშინ სალათები და კოქტეილები, ევროპული რეცეპტები ისე პოპულარული არ იყო, როგორც ახლა. დედა გერმანისტია და შესაბამისად, გერმანულ პრესაზე, მათ კულინარიულ ჟურნალებზე ხელი მიუწვდებოდა, კოქტეილებისა და სალათების წიგნიც კი გამოსცა, რომელიც ხალხში მაშინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დედა ხშირად ხუმრობდა, ამხელა შრომა გავწიე, თომას მანი, გოეთე, მაქს ფრიში და რა აღარ ვთარგმნე და დიასახლისებისთვის ყველაზე პოპულარული სწორედ ეს კულინარიული წიგნი გახდაო. გარდა იმისა, რომ მისი კერძები გემრიელი იყო, ძალიან ლამაზად აფორმებდა. კარგადაც ხატავდა და ეს ამაზეც აისახებოდა, ჭკვიანი ხელები ჰქონდა, ასე ვთქვათ. ახლა უკვე ასაკშია და აღარ შეუძლია.

- დედის რეცეპტების მიხედვით თუ მოგიმზადებიათ რაიმე კერძი?

- ძირითადად, სალათები. თვითონ დედა იმდენად კარგად ამზადებდა, რომ მე აღარ ვერეოდი. ვთვლი, რომ დედაჩემისნაირ ტყემალს მსოფლიოში ვერავინ აკეთებს (იცინის). ერთ ბოთლს ვჭამ შემწვარ კარტოფილთან ერთად (იცინის). რეცეპტი მიწერია, მაგრამ არ მომიმზადებია. მოგეხსენებათ, დიდი შრომა სჭირდება და ცოტა მეზარება კიდეც. მაგრამ მზა პროდუქტს ვყიდულობ ხოლმე და ისიც არ არის ცუდი.

საკვების შეზღუდვის გავლენა ადამიანის განწყობასა და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე

- საკვების შეზღუდვა მაშინაც კი, როცა ეს გამიზნულია, ანუ შთაგონებული გვაქვს, რომ ამით გავლამაზდებით და რომელიღაც ლამაზი კაბა მოგვერგება, ნეგატიურ გავლენას ახდენს, იმატებს შფოთვა, ნერვული ფონი. მაგრამ თუ საკვების შეზღუდვა გაჭირვებითაა განპირობებული და ადამიანი სრულყოფილად ვერ იკვებება, ეს უკვე ჯანმრთელობაზე ახდენს სერიოზულ გავლენას, რადგან დაბალანსებული კვება უბრალოდ აუცილებელია იმისთვის, რომ ჯანსაღი ფსიქიკა გვქონდეს. თუ Bჯგუფის ვიტამინები დაგვაკლდება, აუცილებლად განვითარდება დეპრესია. მაგნიუმი დაგვაკლდება? აუცილებლად შფოთვითი სინდრომი განვითარდება, ან კუნთების კრუნჩხვითი მოძრაობები და ა.შ. ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ორგანიზმს დააკლდება და ბალანსი დაირღვევა, ადამიანის ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე აღიბეჭდება და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში სრულყოფილად ბავშვებიც კი ვერ იკვებებიან. ამ დროს, კარგი იქნებოდა, სახელმწიფო პროგრამა იმაზე მაინც ზრუნავდეს, რომ თუ პატარას, მოზარდს არასრულფასოვანი კვება აქვს, მათთვის ვიტამინების დანამატები მაინც უზრუნველყოს, რომ ჯანსაღი თაობა მივითოთ. B-ჯგუფის ვიტამინები დიდი რაოდენობითაა ხორცში, ასევე, ბურღულეულში, მაკარონში, ოღონდ სწორად უნდა მოვხარშოთ, მკვრივი უნდა იყოს, არ ჩაიშალოს; კიდევ უკეთესია შვრია და სხვები. მაგრამ თუ რომელიმე ვიტამინი დეფიციტშია, მხოლოდ სწორი კვებით ანაზღაურება საკმაოდ რთულია, დანამატი აუცილებლად საჭიროა.

ფიზიკური აქტივობა

- როცა საქმე ვარჯიშს ეხება, დატვირთული გრაფიკი ყოველთვის მიზეზია ხოლმე ზარმაცი ადამიანებისთვის და მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები, თუმცა, ბოლო თვეებია ვყოჩაღობ - ვვარჯიშობ და საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, რომ ეს შევძელი. ტონუსში მოვყავარ.

"ყვავილების დედოფალა"

- სახლში ბევრი ყვავილი მაქვს, უცნაურიც კია, როგორ ეტევა სამოთახიან ბინაში, რომელსაც ერთი აივანი აქვს. მორწყვას მთელი საათი ვუნდები, ყველას თავისებური მოვლა უნდა, მაგრამ ეს იმხელა თერაპია და ბედნიერებაა, რომ განმკურნებელია. მათ ყველაფერი ესმით და ყველაფერს გრძნობენ. მოჭრილი ყვავილები არ მიყვარს. საერთოდ, ყვავილს როგორც სულიერს, ისე ვუყურებ. მგონია, რომ ის ჩემი ფიქრების განსახიერებაა, ბევრი სიმბოლური რამის. თითქოს ამით ვცემ თაყვანს სიკეთესა და სილამაზეს სამყაროში. როდესაც ყვავილს მჩუქნი, მირჩევნია, შენი სუნთქვა მაჩუქო, თუნდაც პატარა ფოთოლი იყოს, გავახარებ და ჩემთან ერთად იქნები. ულამაზეს თაიგულს რომ მაჩუქებენ და მერე უნდა გადავაგდო, სევდა მიპყრობს, გული მწყდება.

"ერთმანეთს არ ვაწყენინოთ და ბედნიერებაში ვიმეცადინოთ"

- დღესასწაულები ძალიან მიყვარს. ზოგმა რომ იცის, რაღაც ისტორიული მონაკვეთის მერე, რომელიმე დღესასწაულის უარყოფა და ამბობენ, გოიმურია, კომუნისტურიაო, არ ვეთანხმები. ვთვლი, რომ კომუნისტური სხვა ბევრი რამის ფსიქოლოგიიდან განდევნა და უარყოფაა საჭირო, კორუფციით, მაქინატორობით, ყალბი გარემოთი დაწყებული. ჯობია, ასეთი რაღაცები მოვიშოროთ, დღესასწაული კი სხვისიც დავიმატოთ. თითქოს ვალდებულებაა, რომ ვიღაცას რაღაც მიულოცო, ასიამოვნო, გაუღიმო, ეს ვალდებულება კი მერე რაღაცნაირად ჩვევაშიც გადაგდის. თუკი ევროპელებს თითო შობა და ახალი წელი ჰყოფნით, ჩვენ ისეთი დრამატული ხალხი ვართ, ალბათ კარგია, ორ-ორჯერ რომ აღვნიშნავთ. მაგ პერიოდში მაინც ვართ გახარებულები. ერთმანეთი ვკოცნოთ, ვულოცოთ, ჩავეხუტოთ, არ ვაწყენინოთ და ბედნიერებაში ვიმეცადინოთ.

თამთა დადეშელი