"ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, მარ­თო ადა­მი­ა­ნი" - გზაპრესი

"ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, მარ­თო ადა­მი­ა­ნი"

კნუტ ჰამსუნის "მისტერიები" ის ნაწარმოებია, რომელმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და სხვაგვარად დააწყებინა ფიქრი.

- კითხვა ძალიან მიყვარს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ბიბლიოთეკების გაერთიანებაში ვმუშაობდი, სადაც კვირაში ორჯერ ბავშვებს კითხვის საათს ვუტარებდი. საინტერესო გარემო იყო, მრავალფეროვან ლიტერატურას ვეცნობოდი, მქონდა საშუალება გარკვეულ ნაწარმობებს ჩავღრმავებოდი. ბოლო 3 წელი, იმდენი საქმე მაქვს, ჩემ ირგვლივ სრული ქაოსია. რეპეტიციები და დღეში ორჯერ სპექტაკლში თამაში, იმდენად დიდ დროს მოითხოვს, ხშირად ვეღარც კი ვახერხებ, სასურველ ნაწარმოებებს გავეცნო. 3 წელია, რაც მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასის წევრი ვარ. როცა ახალი სპექტაკლი იდგმება და როლები ნაწილდება, იმ დრამატურგის შესახებ ინფორმაციას რა თქმა უნდა, ვეცნობი, ვისი პიესაც იდგმება, მის სხვა პიესებსაც ვკითხულობ.

ამჟამად ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკაზე ვმუშაობთ. სპექტაკლში მაყურებელი ორ ილიას იხილავს ანუ ერთი ადამიანის გაორებას. ერთი ილია საქართველოს მომავალს ნათელ ფერებში ხედავს, მეორე ილიას რეალობა ძალიან აშინებს და ამბობს: "ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?", თანამემამულეებს სარკეში ახედებს. მეორე კი ამხნევებს და ეუბნება "აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია".

მე ვთამაშობ ილიას, რომელიც მომავალს ნათელ ფერებში ხედავს. მეორე ილიას შალვა ანთელავა თამაშობს. პიესას დიმიტრი ღვთისიაშვილი დგამს.

რეალურ სამყაროში წიგნების გმირები რომ არსებობდნენ, დიდი სიამოვნებით ვიძმაკაცებდი მერკუციოსთან. "რომეო და ჯულიეტაში" რომეო ვითამაშე, თუმცა ხასიათით მერკუციო უფრო ვიყავი. ძალიან მომწონს მისი მონოლოგი, მასში ბევრი სიმართლეა, დღეს დაწერილს ჰგავს, ამიტომაა შექსპირი გენიალური, ის ყოველთვის თანამედროვეა.

ანა კარენინასნაირი ქალი შემიყვარდებოდა, ის იდეალურია, რომლის მსგავსიც ბუნებაში არ არსებობს. როგორც ვიცი, ამ პერსონაჟის ხასიათი, ავტორმა 4-5 ქალის საუკეთესო თვისებებიდან შექმნა. სწორედ ამიტომ ვგიჟდები იმ სამყაროზე, რომელსაც მწერლობა ჰქვია.

ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კნუტ ჰამსუნის "მისტერიებმა" მოახდინა. სხვაგვარად დამანახვა ცხოვრება, ურთიერთობები, რომლებსაც ვაყალიბებთ ადამიანებთან, მაგრამ არ ვაანალიზებთ. ნაწარმოების მთავარმა გმირმა იცის, სად, როგორ, რანაირად უნდა მოიქცეს და ადამიანებზე ისეთ შთაბეჭდილებებს ახდენს, 2 წუთში ყველას თავს აყვარებს. ერთხელ ეს მეც ვცადე, მაშინ ნაწარმოების ზეგავლენის ქვეშ ვიყავი. ერთ-ერთ წვეულებაზე მოვხვდი. ცოტა ხანს ჩუმად ვიყავი, ადამიანებს ვაკვირდებოდი, ვფიქრობდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რომ მათ შევყვარებოდი და მერე ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ნაწარმოებში იყო აღწერილი. ქალთან, რომელიც ძაღლებზე გიჟდებოდა, მივედი და ცხოველებზე ლაპარაკი დავუწყე, მოვიგონე ამბავი, როგორ გადავარჩინე ძაღლი... ყველას სწორედ ის ვუთხარი, რის მოსმენაც უნდოდათ და ეს ძალზე ეფექტური იყო. მერე რომ დავფიქრდი, საკუთარი საქციელის ცოტათი შემრცხვა, მაგრამ ამ ერთმა შემთხვევამ დამარწმუნა, რომ ადამიანების მართვა ძალიან ადვილია. თუ გულწრფელი იქნები ურთიერთობებში მაგას არაფერი სჯობს. ცხოვრება იმითაცაა საინტერესო, რომ გაარკვიო, გამოიმუშაო უნარი შეატყო, ვინ გეთამაშება და ვინ არა. ჩემი საქმეც ხომ ესაა. სულ მაგას გავურბივარ, ცხოვრებაში არ ვიარტისტო.

- ფრანგული ანდაზის მიხედვით, როგორ ადამიანებს უღიმის ბედი?

- არ ვიცი.

- გამბედავ ადამიანებს. ნოდარ დუმბაძის რომელი ცნობილი მოთხრობის გმირია გოგი თუშურაშვილი?

- "კუკარაჩას".

- ადამიანის რომელ გრძნობას უწოდა შექსპირმა "მწვანეთვალება ურჩხული"?

- სავარაუდო პასუხების თქმა შეიძლება?

- მრისხანებას, სიყვარულს, ეჭვიანობას თუ სიძულვილს?

- სიძულვილს?

- ცდები.

- ეჭვიანობას.

- ეს ცნობილი მწერალი ამბობდა: "ჩემი დეტექტიური რომანების სიუჟეტებს ჭურჭლის რეცხვის დროს ვიგონებ. ეს ისეთი სულელური რამ არის, რომ ძალაუნებურად მოგდის თავში აზრები მკვლელობაზე", დაასახელე იგი.

- აგათა კრისტი.

- რას ეძახიან ახალდაქორწინებულებს მთიულეთში?

- არ ვიცი.

- ახალყოილნი.

- ძალიან ლამაზი სიტყვაა.

- "ცოდვაა ქართველი ქალი, რადგან მამაკაცები ტირანები ხართ, სულერთია მამა იქნებით, საქმრო თუ ქმარი. თქვენ არ იცით, რა მოითხოვოთ ქალისგან. თუ თავისუფალი ქცევა გამოიჩინა, კახპააო იტყვით, თუ თავი შეიკავა, პურიტანიაო... თქვენ უკიდურესი ევროპელის და აზიელის კაპრიზები ერთმანეთში გაქვთ არეული, როცა ქალი საყვარლად გინდათ, მისგან თავისუფალ ქცევას მოითხოვთ, როცა მას ცოლად გაიხდით, მერე აზიურ კარჩაკეტილობას" - კონსტანტინე გამსახურდიას რომელ რომანში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?

- "მთვარის მოტაცებაში".

- მილიონობით ადამიანმა იხილა, როგორ ვარდებოდა ვაშლები ხიდან, მაგრამ მხოლოდ ერთმა იკითხა, - რატომ? დაასახელე ის პიროვნება.

- ისააკ ნიუტონი.

- "ჩემი თავია ჩემივე მტერი, თავი რომ არა, მე რა დამწვავდა?" - რომელი ნივთის მონოლოგია მიხეილ ქვლივიძის ეს ლექსი?

- ასანთის.

- რა ერქვა ლუარსაბისა და დარეჯანის მაჭანკალს, რომელსაც სუტკნეინას ეძახდნენ?

- ხორეშანი.

- არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ მეცამეტე საუკუნეში მცხოვრებმა მოხუცმა ფლორენციელმა მეშუშემ, ერთი შემთხვევის შემდეგ, სამყაროს სრულიად ახლებურად შეხედა. მის საფლავზე წერია, რომ სალვინო პირველი იყო, ვინც ეს დაამზადა. რაზეა ლაპარაკი?

- რადგან მეშუშე იყო, შესაძლოა, სათვალეს გულისხმობდეს.

- დიახ. რა ჰქვია ჯანი როდარის ცნობილი ზღაპრის გმირს?

- ჩიპოლინო.

- დაასრულე მარლენ დიტრიხის ცნობილი გამონათქვამი: "დიდი სხვაობაა იმ კაცებს შორის, ვინც დიდი ფული იშოვა და ვინც..."

- ვერ დავასრულებ.

- "...ვინც დაბადებიდან მდიდარია". ხელოვნების რომელი სფეროს წარმომადგენლები არიან გაერთიანებული პენ-კლუბში?

- მწერლები.

- ხელოვნების რომელ სტილს განეკუთვნება ზამთრის სასახლის არქიტექტურა სანქტ-პეტერბურგში?

- ბაროკოს, არა?

- დიახ. ვინ არის კომპოზიტორი ილია ჭავჭავაძის ლექსზე შექმნილი სიმღერისა "ჩემო კარგო ქვეყანავ"?

- რევაზ ლაღიძე.

- "ქალი კამელიებით" ალექსანდრე დიუმამ მოგვიანებით პიესად გადააკეთა და "მარგარიტა გოტიე" უწოდა. რომელი ოპერა შექმნა ამ სიუჟეტზე ჯუზეპე ვერდიმ?

- "ტრავიატა".

- რა შემთხვევაში არა აქვს მსაჯს უფლება განსაჯოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი?

- როდესაც მისი ქვეყნის ნაკრები გუნდი თამაშობს. იყო პერიოდი, ფეხბურთს მეც ვთამაშობდი, სპორტის სხვადასხვა სახეობაზე დავდიოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აზარტული არ ვარ. გასართობ თამაშებსაც კი ვერ ვთამაშობ. სპორტში მოვიგებდი თუ წავაგებდი, ორივე შემთხვევაში განადგურებული ვიყავი. კარატეზე დავდიოდი, მერე დავფიქრდი, ვურტყამთ ერთმანეთს და ამით ვიღაც ხარობს, ეს რა არის? რა არის ასეთ გამარჯვებაში სასიხარულო?

- რას თვლიდა ყველაზე დიდ სისულელედ ბერნარდ შოუ, რაც ერთმანეთზე შეყვარებულ 2 ადამიანს შეეძლო გაეკეთებინა?

- ქორწინებას.

- "წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,/ მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,/ ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო, შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!/ მე იმ ასაკში არა ვარ ახლა და/ არც იმ ჭკუაზე - ცოლ-შვილს გავეყარო,/ მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და/ პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო"... ვინ არის ავტორი?

- მურმან ლებანიძე.

- კიბეს აქვს 9 საფეხური. რომელ საფეხურზე უნდა დავდგეთ, რომ შუაში ვიყოთ?

- მე-5.

- 1919 წელს კიევში სოლოვცოვის დარბაზში კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული ლოპე დე ვეგას დრამა "ცხვრის წყარო" საბჭოთა თეატრის ისტორიაში შევიდა და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. რატომ?

- პირველი საბჭოთა სპექტაკლი იყო.

- გოგოლი, დოსტოევსკი, შევჩენკო, ნეკრასოვი - ამ მწერლებიდან რომელი იყო პროფესიით მხატვარი?

- ვერ ვიხსენებ.

- შევჩენკო. "მოვნახე ნაჭერი, ზეწარი იყო, ისეთი დაკერება რომ აღარ მოუხერხდა. გადავაკარი ჩარჩოზე, თურმე დაგრუნტვა ნდომებია. რომ დავხატე, უკან უკეთესი ნახატი შეიქმნა". რომელი ცნობილი მწერალი აღწერს ასე, თავისი პირველი ნახატის შექმნის ამბავი?

- ვერ ვიხსენებ.

- მიგანიშნებ, ის იმერეთიდან იყო, იქ ცხოვრობდა.

- ოტია იოსელიანი.

- რომელი მწერლის სახლ-მუზეუმის დათვალიერებაა შესაძლებელი კახეთში, ქართლში და დედაქალაქშიც?

- ილია ჭავჭავაძის.

- დაბოლოს, დაასრულე მონიკა ბელუჩის ცნობილი გამონათქვამი: "სილამაზე ქალისთვის პრობლემად გადაიქცევა ორ შემთხვევაში. როცა ის არ გაქვს და როცა მის გარდა სხვა..."

- ვერ დავასრულებ.

- "...სხვა არაფერი გაქვს".