"ძმე­ბი ბარ­ხა­ტაშ­ვი­ლე­ბის" მხი­ა­რუ­ლი ინ­ტერ­ვიუ - "ერ­თ­მა­ნე­თის კარ­გი "ჯო­კე­რის "პა­რა­სა­ვით" გვეს­მის" - გზაპრესი

"ძმე­ბი ბარ­ხა­ტაშ­ვი­ლე­ბის" მხი­ა­რუ­ლი ინ­ტერ­ვიუ - "ერ­თ­მა­ნე­თის კარ­გი "ჯო­კე­რის "პა­რა­სა­ვით" გვეს­მის"

რომლებსაც სამშენებლო, თევზის, კუბოების, ჰამაკებისა და კიდევ სხვა უამრავი ბიზნესი აქვთ. შესაბამისად, საკმაოდ მდიდრები და გავლენიანები არიან. როგორც უკვე იცით, მათ როლებს პაატა გულიაშვილი და ნიკა ქაცარიძე ასრულებენ. დავინტერესდით, რეალურ ცხოვრებაში როგორი ტანდემი აქვთ მსახიობებს, რას ფიქრობენ თავიანთ მილიონერ გმირებზე და ინტერვიუს ჩასაწერად რუსთაველის თეატრში ვეწვიეთ.

- გაიხსენეთ, პირველად როდის და როგორ შეხვდით ერთმანეთს?

პაატა:

- ერთმანეთს თეატრალური ინსტიტუტიდან ვიცნობთ. მაშინ ორივე გამხდრები ვიყავით. 1999 წელს მე სასწავლებელი დავამთავრე და სამუშაოდ თელავის თეატრში წავედი. ნიკუშა ისევ სწავლობდა.

ნიკა:

- ოთხი წელი ვაბარებდი და იმიტომ! მერე, 2005 წელს, ერთმანეთს კვლავ შევხვდით, უკვე რუსთაველის თეატრში.

- გარდა ამ სერიალისა, ერთმანეთის პარტნიორები კიდევ, სად იყავით?

- 2005 წელს ლაშა ბუღაძის "ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი" დაიდგა, სადაც პარტნიორები ვიყავით.

- სერიალში როგორ მოხვდით?

პაატა:

- დამირეკეს და პირდაპირ შემომთავაზეს, სიუჟეტში ძმები ბარხატაშვილები შემოდიან, მილიონერები და გვინდა, შენ და ნიკა ქაცარიძემ ითამაშოთო. ნიკუშას დავურკე და ეს ამბავი ვახარე. მას მერე ღადაობს, - ყველაფერ კარგზე მირეკავო და საღადაოა ეს თემა? ჩვენი ტანდემი კარგად აეწყო. ნიკუშაც ისეთი პარტნიორია, კარგად მუშაობის საშუალებას რომ გაძლევს. მგონი, არც მე ვაკლებ. მთავარია, ძმები მაყურებელმა პირველი გამოჩენისთანავე შეიყვარა.

ნიკა:

- პარტნიორობას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ამდენი წელია, ვძმაკაცობთ, სულ ერთად ვართ, ერთად ვმუშაობთ და ალბათ, ჩვენ მიერ ნათამაშევ ბარხატაშვილებზე ესეც დადებითად მოქმედებს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, პაატას რაღაც იდეა მოსვლია, მოდი, - ეს ასე გავაკეთოთ ან ის ვთქვათო. შესაძლოა, ტექსტში ესა თუ ის ფრაზა არ ეწეროს, მაგრამ ჩვენ იმპროვიზაცია გამოვიყენოთ, რადგან გვინდა, ჩვენი გმირები უფრო სახიერნი, მრავალფეროვანი და საინტერესონი იყვნენ.

პაატა:

- ფაქტია, რომ სცენარის ავტორი ამ სერიალს ძალიან კარგად წერს, მაგრამ ხანდახან ჩვენც ვამატებთ რაღაცას. უკვე წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ და ვიცი, თუნდაც სპექტაკლის დროს ნიკუშამ სცენარის მიღმა რაიმე რომ გააკეთოს ან მითხრას, რა უნდა ვუპასუხო. ერთმანეთის კარგი "ჯოკერის "პარასავით" გვესმის. იშვიათად ყოფილა, რომ გადამღებ ჯგუფს ჩვენი ჩამატებული რაღაც ამოეღოს. დარწმუნებული ვარ, ამაში რობერტ სტურუას "მასტერკლასი" გვეხმარება. წარმოიდგინე, რამდენი გმირი მითამაშია, მაგრამ ქუჩაში რომ ხალხი მხვდება, ჩემი გმირის ფრაზებს ამ სერიალიდან მეუბნებიან. ეს პირველ რიგში, "ფორმულა კრეატივის" დამსახურებაა.

ნიკა:

- რობერტ სტურუამ ბრეხტის პიესაზე სპექტაკლი - "დაკანონებული უკანონობა" დადგა, სადაც შეიხის როლს ვასრულებ. ამ როლზე მუშაობის დროს დაემთხვა, "ჩემი ცოლის დაქალებიდან" რომ დაგვიძახეს და გვითხრეს, მილიონერები უნდა ითამაშოთო. ძალიან გამიხარდა, მილიონერი არ ვარ და ვითამაშო მაინც-მეთქი, - ვიფიქრე.

- ბარხატაშვილები სკვითები არიან და კახური კილოთი რატომ საუბრობთ?

პაატა:

- ამას მთლად კახურს ვერ დავარქმევ. გადამღები ჯგუფიც გვაძლევს შენიშვნას, რომ ეს კილო მინიმალური იყოს. მგონია, რაღაც დოზით ეს მაინც სჭირდება. სკვითები მართლა არსებობდნენ, საკმაოდ ნიჭიერი ხალხი იყო.

ნიკა:

- ბარხატაშვილებს ბევრი ფული აქვთ, ამიტომ ცდილობენ, ყველანაირი კილო გააქრონ და თბილისელები იყვნენ. მათ რაღაც დოზით, რუსულიც იციან და ინგლისურიც. ელიტაში რომ ადგილი დაიმკვიდრონ, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ცოლებიც შესაფერისი ჰყავთ. მომავალ სერიებში მათი ამბავი უფრო გამოიკვეთება და თავად ნახავთ, როგორები არიან ბარხატაშვილები.

- ნიკა, როგორც მივხვდი, სერიალში ცოლი შეგიცვალეს.

- მართალია. "ჩემი ცოლი" ნატო გაგნიძე გახლდათ, ახლა მის როლს ნინუცა მაყაშვილი ასრულებს. რა მოხდა და რა მიზეზით, ნამდვილად ვერ გეტყვით. ასეთი საკითხები ჩვენ არ გვეხება.

პაატა:

- სოფო კერვალიშვილი "ჩემი ცოლია". არაჩვეულებრივი გოგოები არიან, კარგ პარტნიორობას გვიწევენ.

ნიკა:

- ნინუცაც ჩვენი დასის წევრია.

- რეალურ ცხოვრებაში როგორი ქმრები ხართ, გავხართ ბარხატაშვილებს?

- თუ გინდა, ჩემს ცოლს ჰკითხე, ყველაფერს ჯიგრულად ვაკეთებ. შვილი შემეძინა, მარიტა, რომელიც ახლა 6 თვის არის. მას ვუვლი, პამპერსს ვუცვლი, ვბან, ვაჭმევ და ვაძინებ. ბაზარშიც დავდივარ, პროდუქტსაც ვყიდულობ. შესაბამისად, ოჯახში ჰარმონია მაქვს. ძალიან კარგი მამა ვარ, ეს ზუსტად ვიცი და ალბათ, ქმარიც კარგი ვიქნები. ძალიან ვიქე თავი, მაგრამ მართლა ასეა, დედას გეფიცები.

პაატა:

- მსგავსს არაფერს ვაკეთებ. ასეთი ქმარი და მამა ნამდვილად არ ვარ. ბავშვები კი დამყავს ხოლმე, როცა საჭიროა. ჩემი შვილები ბარხატაშვილებზე გადარეულები არიან. მთელი სცენარი ზეპირად იციან. უფროსმა - გუგამ მიამბო, სკოლაში მასწავლებელი სიას კითხულობდა. ჩემს გვარზე რომ მივიდა, ამოიკითხა, - "ბარხატაშვილი". მეც მაშინვე ავდექი და ვუთხარი, - "ვარ, მასწავლებელო". მთელი კლასი იცინოდაო. ამით ძალიან ბედნიერი იყო. ახლა საუბარია იმაზე, რომ შეიძლება, სიუჟეტში ამ ძმების შვილები გამოჩნდნენ. ამ საკითხზე მეუღლეს ვესაუბრებოდი, - თუ ეს პერსონაჟები შემოვლენ, ალბათ, მე უნდა მგავდეს-მეთქი. გუგა ძალიან მგავს და ეს რომ გაიგო, გადაირია, - იქნებ მე ამიყვანონ. კასტინგზე ნახე, რა მაგარი ვიქნებიო. ანეკდოტებში ბავშვი თუ დამჭირდება, გუგას ვიღებ ხოლმე. საერთოდ, წინააღმდეგი ვარ, რომ ჩემს პროფესიას გაჰყვეს, მაგრამ სკოლას ვიღაცას ხომ არ გავაცდენინებ და ისევ ჩემი შვილი მიმყავს გადაღებებზე. შესაბამისად, ცოტა გამოცდილებაც აქვს. თან ამბობს, - ჩვენ ხომ ერთმანეთს ვგავართ და არ დამიწუნებენო... მართლა დიდი მასშტაბის პროექტია და ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა. ასეთი დიდი პროექტი ადრე, "დათა თუთაშხია" გახლდათ, რომელიც გიგა ლორთქიფანიძემ გადაიღო. ამ ფილმში მისი საუკეთესო მეგობარი, გოგი ქავთარაძე არ თამაშობდა. გოგიმ უთხრა, მთელი საქართველო ათამაშე ამ ფილმში და ამხელა "დათა თუთაშხიაში" ერთი გოგია ქავთარაძის როლი როგორ ვერ მოძებნეო?..

- თქვენს გმირებს პროტოტიპები ჰყავთ?

ნიკა:

- ჰყავთ, მაგრამ მათ არ ვბაძავთ. ტყუპი ძმა ბიზნესმენები არიან...

პაატა:

- ტყუპი არ არიან. შენ რა მიშა სააკაშვილივით მოგივიდა, ბავშვების მშობელს რომ ჰკითხა: რამდენი წლისები არიანო? - ხუთის და სამისო, - უპასუხს. - უი, ტყუპი არიანო? - მიშამ იკითხა.

ნიკა:

- კარგი, მაშინ ძმები, ფულიანები არიან საქართველოში, მაგრამ კონკრეტულად ვინმეს არ ვბაძავთ.

პაატა:

- მთავარი ის არის, რომ მაყურებელმა ეს ძმები ძალიან შეიყვარა, რაც მახარებს.

ნიკა:

- გვინდა, უკეთესები გავხადოთ. სცენარს რომ ვეცნობით, მერე ვფიქრობთ, რა საინტერესო დეტალებით შევავსოთ, გავამდიდროთ... ბარხატაშვილებს გაბრაზებაც შეუძლიათ, იუმორიც აქვთ. ყველა თვისება მკვეთრად უნდა გამოკვეთო. მუშაობის პროცესში ეს ყველაფერი თავისთავად მოდის და პერსონაჟს უფრო კარგად ვეცნობით. უკვე აღვნიშნეთ, რომ პარტნიორს დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვა შემთხვევაში, არ ვიცი, როგორ იქნებოდა, მაგრამ პაატასთან თავს კომფორტულად ვგრძნობ და ამ ყველაფერმა ამ პერსონაჟებზე დადებითი გავლენა მოახდინა.

- ეს ძმები ხასიათით ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. თქვენ შორის თუ არის რაიმე მსგავსება?

პაატა:

- აბსოლუტურად განსხვავებული ტიპები ვართ. მე სულ ჭამასა და საჭმელებზე ვლაპარაკობ, სულ მშია...

- გადაღების დროს კი გაჭმევენ. თითქმის ყველა თქვენი სცენა სუფრასთან არის.

- მართალია. ძალიან მიყვარს ხიზილალა. ერთხელაც, გადაღების დროს 4 კოლოფი შევჭამე, რადგან 100 დუბლი მაინც გადავიღეთ და მოვკვდი ხიზილალის ჭამით. ჰოდა, მას შემდეგ აღარ მიყვარს. ყველა ჩემზე იცინოდა.

ნიკა:

- ქეიფის, იუმორის, ძმაკაცობის, ერთგულებისა და თანადგომის გარდა, პაატასგან არაფერი მახსოვს.

პაატა:

- ერთად ხშირად ვქეიფობთ. ამ დროს ძალიან მიყვარს საკუთარი ლექსების წაკითხვა. გალაკტიონი ხომ არ ვარ, რომ 1000 ლექსი მქონდეს. შესაბამისად, რაც მაქვს, იმას ვკითხულობ. მთელ ჩემს სამეგობროს დავაზეპირებინე ჩემი ლექსები. ახლა დამცინიან, მაგრამ წიგნს რომ გამოვცემ, მერე დაიჯერებენ, რომ გვერდით ნამდვილი პოეტი ჰყავთ.

ნიკა:

- მართლა მაგარ ლექსებს წერს. პრაქტიკა ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანია. მე ძირითადად, დამახსოვრების ნიჭი უფრო მაქვს, წერით ვერაფერს ვწერ.

პაატა:

- ნიკუშა გურამ საღარაძის მოსწავლეა, მას მეტყველების კათედრა ჩააბარა და ბავშვები გააზრდევინა. არაჩვეულებრივად კითხულობს ლექსებს. მე ვწერ, თუმცა დიდი პოეტი არ ვარ, ჩემს ჭიას ვახარებ, ისევე, როგორც სიმღერის დროს. თუმცა, ერთი პერიოდი სიმღერა ჩემთვის შემოსავლის წყაროც იყო. სხვათა შორის, 2011 წელს ერთ-ერთ რადიოში ჩემმა სიმღერამ "ვარდები", რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორიც თავად ვარ, "ყველაზე მოთხოვნადი სიმღერის" ჯილდო აიღო. არ დავასახელებ იმათ გვარებს, მაგრამ ამ კონკურსში საკმაოდ ცნობილი მომღერლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ავი თვალი გამომაყოლეს. გულში ფიქრობდნენ, - შენ ჩაგდე მიწაში, მომინდომა მომღერლობაო. მათი მზერისგან ზურგი მეწვოდა. სასწრაფოდ ავიღე ჩემი ჯილდო, თეატრის მეგობრებთან მოვედი და ესენი დავბოღმე, - აი, ყველგან პელე ვარ-მეთქი. ამათაც, მეტი რა უნდოდათ, დამცინოდნენ: ჩვენ ამდენს ვწვალობთ და "კაპიკებს" გვიხდიან, ეს კიდევ, სადღაც მივა, პირს გააღებს და ჯიბეში ფულს უდებენო.

- ინტერვიუს ანეკდოტის გარშე ვერ დავასრულებთ...

- ახალი ანეკდოტი მაქვს, ძალიან მომეწონა: სვანი კროსვორდს ავსებს და მეორე სვანს ეკითხება, - გაზაფხულის მახარობელი მცენარე, ორი ასო, რა არის? მეორე ეუბნება - ხე...

ნათია ჟივიძე