"შე­მიძ­ლია, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო ისე­თი რამ გა­ვა­კე­თო, რი­თიც არ ვი­ა­მა­ყებ" - გზაპრესი

"შე­მიძ­ლია, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო ისე­თი რამ გა­ვა­კე­თო, რი­თიც არ ვი­ა­მა­ყებ"

"როცა საკუთარ თავს გადავაბიჯე და გავრისკე, დავრწმუნდი, ყველაზე კარგი ამბები მაშინ ხდება, როცა შეცდომების დაშვების აღარ გეშინია", - ამბობს მსახიობი ვერო კალანდარიშვილი. რამდენად ხშირად მიდის დღეს რისკზე, რას შეცვლიდა საკუთარ გარეგნობაში, რის ეშინია ყველაზე მეტად და რა მოსწონს საკუთარ ხასიათში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1992 წლის 24 სექტემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...რაიმე ახალს თუ გავიგებდი, ყველა პროფესიით ვინტერესდებოდი. ყველაზე მეტად მინდოდა, ცირკის აკრობატი გამოვსულიყავი. ჩემებს ძალიან არ უნდოდათ, ცირკში მემუშავა. ამიტომ გეგმა მქონდა შემუშავებული, როგორ გავპარულიყავი სახლიდან. ტელევიზორში ვნახე ფილმი, რამაც იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იმ წლებში სხვა პროფესიაზე არც კი მიფიქრია. მერე მსახიობობით დავინტერესდი. VIII კლასში ვიყავი, თეატრალურ სტუდიაში რომ მივედი და იქაურმა გარემომ იმდენად მომნუსხა, საბოლოოდ გადავწყვიტე მსახიობობა. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, სამსახიობოზე რომ არ ჩამებარებინა, ბედნიერი ვერასდროს ვიქნებოდი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ჯიუტიაო, - ყველა ამას ამბობს და მათ ჯიუტად არ ვეთანხმები. რიგ საკითხებზე ჩემი შეხედულებები მყარად მაქვს ჩამოყალიბებული. ძნელია რამე გადამათქმევინო. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ჯიუტი არ ვარ. ყოველთვის შემიძლია სხვისი აზრი მოვისმინო, გავაანალიზო და დავფიქრდე, მართალი ვარ თუ არა.

- ბედნიერი ვარ...

- ...ბევრი რამის გამო. ყველაზე მეტად კი ის ადამიანები მაბედნიერებენ, რომლებთანაც დიდი სიყვარული მაკავშირებს. ისინი მაძლიერებენ და იმედი მაქვს, მეც ისევე ვაძლიერებ მათ, ვეიმედები. არაჩვეულებრივი კოლეგები მყავს. გამიმართლა, რომ ახმეტელის თეატრის დასის წევრი ვარ, კარგი ადამიანების გვერდით ვმუშაობ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ეს არის მიზანდასახულობა, პერფექციონისტი ვარ. საკუთარ თავს მოსვენების, მოდუნების საშუალებას არასდროს ვაძლევ. ერთი მხრივ, ცუდიც არის, საკუთარ თავს "ვჭამ", მაგრამ მაინც მომწონს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ზედმეტად თვითკრიტიკული ვარ. იმდენად, რომ ზოგჯერ საკუთარ თავს ვაზარალებ.

- ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია...

- ...ადამიანების დამცირება, მაგრამ ჩემდა უნებურად, ეს მეც გამიკეთებია და მერე საკუთარი საქციელის შემრცხვენია, ბოდიშიც მომიხდია. სიტყვის ძალა ხომ უსაზღვროა.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...თეატრალურ სტუდიაში დავდგით "სტუმარ-მასპინძელი". ამ სპექტაკლში გამოგონილ პერსონაჟს, ბედისწერას ვთამაშობდი. ძალიან საინტერესო დადგმა იყო. ბედისწერა როგორი იყო? - არც კეთილი და არც ბოროტი, დაუნდობელი უფრო იყო. ეს გახლდათ როლი, რომელმაც საბოლოოდ ჩამითრია თეატრალურ სამყაროში.

- მეშინია...

- ...საყვარელი ადამიანების დაკარგვის.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ჩემი კომფორტის ზონიდან გამოვიდე. წლების განმავლობაში, ძალიან ფრთხილი ვიყავი. მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა საკუთარ თავს გადავაბიჯე, გავრისკე და მაშინ დავრწმუნდი, ყველაზე კარგი ამბები მაშინ ხდება, როცა შეცდომების დაშვების აღარ გეშინია. ერთი პერიოდი ცხოვრებაშიც და პროფესიაშიც სერიოზული შიში მქონდა, რამე არასწორად არ გამეკეთებინა, რამაც უკან დამხია. მერე მივხვდი, ეს თვისება პიროვნულად ძალიან მზღუდავდა, პროფესიულ განვითარებაშიც მაფერხებდა და მივედი დასკვნამდე, - უმჯობესია დავეცე, ვიდრე ერთ ადგილზე გავიყინო.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...პლასტიკური ოპერაციებით არაფერს შევცვლიდი. მადლობელი ვარ უფლის იმისთვის, როგორიც გამაჩინა, მაგრამ ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, პატარ-პატარა დეტალებს შევცვლიდი, წვივებს დავიწვრილებდი, ხშირი ლამაზი თმა მექნებოდა... პლასტიკური ოპერაციების წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ, ოპერაციის გაკეთება არ მინდა. ადამიანს თუ სურვილი აქვს, გარეგნობა უნდა შეიცვალოს.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...ვერ ვასწრებ ენას კბილი დავაჭირო. რაღაც სისულელეს ვამბობ, მერე ვცდილობ გამოსწორებას და კიდევ უფრო დიდ სისულელეს ვამბობ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...როგორ დავანებო სიგარეტს თავი. მილიონჯერ ვცადე, მაგრამ... სხვა რამისთვის ნებისყოფა ყოველთვის მყოფნის, სიგარეტი ჩემი სუსტი წერტილი აღმოჩნდა.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...სიყვარული ერთდროულად, ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეც არის და ყველაზე დიდი ძალაც. სიყვარული მაძლიერებს. ვცდილობ, ეს იყოს ცხოვრებაში ჩემი მამოძრავებელი ძალა და არა - შიში. სისუსტეა იმიტომ, რომ შემიძლია, საყვარელი ადამიანების გამო, საკუთარ პრინციპებს გადავაბიჯო და ჩემთვის მიუღებელი ბევრი ისეთი რამ გავაკეთო (გამიკეთებია), რითიც არ ვიამაყებ. სიყვარული ეს სისუსტესთან და ძალასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაც არის.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მივხვდი, ის რამდენიმე სიყვარული, რომელიც მეგონა, ცხოვრებაში მქონდა, უბრალო გატაცება ყოფილა. ჩემთან დიდი სიყვარული 20-21 წლის ასაკში მოვიდა და მას შემდეგ, სულ შეყვარებული ვარ. ის ბიჭი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. დაოჯახებას არ ვჩქარობთ, რადგან ვთვლი, რომ ჯერ ასეთი დიდი პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არ ვარ. როგორი შეყვარებული ვარ? სადღაც ღრუბლებში დავფრინავ, ვგიჟობ. ისიც დაფრინავს, მაგრამ პერიოდულად რეალობასთან მაახლოებს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...არასდროს ვიცი, რა ვთქვა. ამ დროს ძალიან ვიბნევი, ვწითლდები, მაგრამ ვცდილობ, ეს ყველაფერი არ შემეტყოს.

- ვერაფრით წარმოვიდგენდი...

- ...ასეთი დიდი სიყვარული ოდესმე თავს თუ დამატყდებოდა. წარსულში ადამიანის მიმართ გრძნობა თუ მიჩნდებოდა, მაქსიმუმ ერთ თვეში მთავრდებოდა. ყოველთვის ვამბობდი, სიყვარულის უნარი არ გამაჩნია-მეთქი.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ვგრძნობ, რომ ადამიანი მართლა ხვდება, რა გააკეთა და სინანული აქვს.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვნანობ, მაგრამ ვცდილობ, ზედმეტად აღარ ვიფიქრო იმაზე, რასაც უკვე აღარ ეშველება.

- დაშვებულ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ არ უნდა მოგერიდოს დახმარების თხოვნის, როცა გჭირდება. საკუთარ თავში ჩაკეტვამ შესაძლოა, ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდოს.

- ბოლოს ვიტირე...

- ...გუშინ, ფილმის ნახვისას.

- ვიბნევი, როცა...

- ...პატარა უწყინარ ტყუილს ვამბობ და გამომიჭერენ. ასეთ დროს აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სადმე პარალელურ სამყაროში ან შორეულ მომავალში.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას. ყოველთვის ვცდილობ, სიტუაცია გამოვასწორო. კონფლიქტური არ ვარ, მაგრამ ზოგჯერ ეს გარდაუვალი ხდება.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...სულ ვცდილობ, ადამიანებში კარგი დავინახო, მათი საქციელი გავამართლო. ვთვლი, რომ ეს არ არის ცუდი თვისება. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ადამიანში არის შინაგანად უფრო ბევრი კარგი თვისება, ვიდრე ცუდი. ზოგჯერ არის მომენტები, როცა გარემო გვაიძულებს რაღაცების გაკეთებას.

- ვჯიუტდები, როცა...

- ...100%-ით ვარ დარწმუნებული ჩემს სიმართლეში და არ მიჯერებენ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბუნებრივია, ქველმოქმედებას მოვახმარდი. ფული ადამიანს დიდ თავისუფლებას აძლევს. ეს თავისუფლება რომ მქონდეს, ბევრს ვიმოგზაურებდი. სხვადასხვა ქვეყნის თეატრში მივიდოდი, ვიმუშავებდი.

- თავისუფლება არის...

- ...საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა, რაც ძალიან ძნელია.

- როცა მარტო ვარ...

- ...თავს ყველაზე კომფორტულად მაშინ ვგრძნობ. პერიოდულად, განმარტოების სურვილი მიჩნდება. ბევრი ადამიანის გარემოცვაში, გვერდით რომ გადგები და ყველაფერს გარედან უყურებ, ესეც საინტერესოა.

- ბედისწერის...

- ...არ მჯერა. არის რაღაცები, რაც გარდაუვალია, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ 98% შენზეა დამოკიდებული.

- ინტუიცია...

- ...კარგი მაქვს. ზოგჯერ მიჭირს ინტუიციას მივენდო, მაგრამ როცა მივნდობივარ, გამართლებულა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს უმჯობესია, იმ გარემოს გავერიდო, მეგობრებთან ერთად წავიდე და ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ასტროფიზიკოსი. სურვილი მაქვს, ამ სფეროს კარგად გავეცნო.

- ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია...

- ...დედა, ოჯახის სხვა წევრები, მეგობრები... რაც შეეხება პროფესიას, ჩემთვის რიგითი მაყურებლის აზრიც მნიშვნელოვანია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...თეატრში პირველი სპექტაკლი რომ უნდა მეთამაშა, ერთ დღეს რეპეტიციაზე ძალიან ავნერვიულდი. მაშინ თათული ედიშერაშვილმა მითხრა, - თამაშით სიამოვნება უნდა მიიღო, არ ინერვიულო. ეს ყველაფერი სიამოვნებას თუ არ განიჭებს, მაშინ ეს პროფესია საერთოდ რად გინდაო? ეს სიმართლეა!

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...მჯერა, თითოეულ ჩვენგანში დიდი პოტენციალია. საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტრები თავად ვართ. არ მივცეთ შიშს საშუალება, რომ გაგვაჩეროს.

თამუნა კვინიკაძე