"72 ხმით მო­ვი­გე, მაგ­რამ... ჩემს პრო­ტესტს აზ­რი არ ჰქონ­და" - რა­ზე ოც­ნე­ბობს სა­ლო­მე კო­კუ­აშ­ვი­ლი - გზაპრესი

"72 ხმით მო­ვი­გე, მაგ­რამ... ჩემს პრო­ტესტს აზ­რი არ ჰქონ­და" - რა­ზე ოც­ნე­ბობს სა­ლო­მე კო­კუ­აშ­ვი­ლი

ბოლო პერიოდში, სალომე ეკრანზე აქტიურად აღარ ჩანდა, ახლახან კი "ცეკვავენ ვარსკვლავებში", ხალხის არჩეული კონკურსანტის ამპლუაში გამოჩნდა: როგორც იცით, პროექტის წარმომადგენლებმა მონაწილეობის შანსი იმ ერთ ადამიანსაც მისცეს, ვინც ინტერნეტში საკუთარი ცეკვის ამსახველ ვიდეოს ატვირთავდა და ხალხისგან ხმათა უმრავლესობას მიიღებდა. სალომემ ეს მოახერხა, მაგრამ პროდიუსერებმა მეორე ტური მაინც დანიშნეს. მიზეზად ის დაასახელეს, რომ ხმათა რაოდენობით, სალომესა და ერთ-ერთ კონკურსანტს - ოლიკოს შორის მცირე სხვაობა იყო... სამწუხაროდ, სალომე კოკუაშვილი პროექტს პირველსავე "ლაივზე" გამოეთიშა.

- სალომე, როგორ განწყობაზე ხარ?

- როგორი უცნაურიც უნდა იყოს, კარგ განწყობაზე ვარ. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე მოხდებოდა - ეს მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მეორე ტური იგეგმებოდა. მონაწილეობას მაინც დავთანხმდი, რადგან "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოსვლა ძალიან მინდოდა. სხვათა შორის, ინტერვიუებშიც მითქვამს - "ჩამიწვეთებია", რომ იქნებ, ჩემი სურვილი პროდიუსერებამდე მისულიყო... ველოდი, რომ პროექტში ჩემი მონაწილეობა ასეთი შედეგით დასრულდებოდა, რადგან ოლიკო მართლა კარგი მოცეკვავეა. უბრალოდ, როცა მეორე ტურის დასრულებამდე ერთი წუთი იყო დარჩენილი და წამზომი ჩაირთო, ვიფიქრე, - იქნებ, სასწაული მოხდეს-მეთქი!.. ცუდ განწყობაზე არ ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ ეს 2 კვირა ძალიან სასიამოვნოდ, ცეკვა-თამაშში გავატარეთ, მაგრად გავერთეთ.

- პირველ ტურში, გულშემატკივართა ხმების რაოდენობის მიხედვით, შენსა და ოლიკოს შორის რა სხვაობა იყო?

- 72 ხმით მოვიგე.

- მოიგე, მაგრამ მაინც მეორე ტური დანიშნეს. ამის გამო პროტესტის გრძნობა არ გაგჩენია?

- კი, მაგრამ ჩემს პროტესტს აზრი არ ჰქონდა, რადგან ხელმძღვანელობას როგორი შოუც სურს, ისეთს დადგამს. ისე, პროდიუსერების მესმის: უფრო დაძაბული შოუ გამოუვიდოდათ, თუკი პირველსავე "ლაივზე" პროექტს ვიღაც გაეთიშებოდა.

- შენ თქვი, მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ, ასეთ შედეგს ველოდიო. ასეთი მოლოდინი მხოლოდ იმიტომ გქონდა, რომ ოლიკოს შენზე უკეთეს მოცეკვავედ მიიჩნევდი?

- ვხედავდი, რომ ჩემზე უკეთ ცეკვავდა. თან, რადგან მეორე ტური დაინიშნა, ვიფიქრე, რომ პროექტში ოლიკო უფრო საინტერესო იყო...

- მეორე ტურზე ხმათა რა რაოდენობით დაგამარცხა ოლიკომ?

- არ ვიცი, ამას არ ასაჯაროებენ. ეკამ (წამყვანმა) კი გამოაცხადა, - აქაც როგორი ერთნაირი ბრძოლააო, მაგრამ შედეგი არ გაუსაჯაროებიათ.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა ამ ფორმით რატომ გადაწყვიტე? პროექტში, შენზე ნაკლებად ცნობილი ადამიანებიც კი "ვარსკვლავის" სტატუსით მონაწილეობენ...

- (იცინის) შოუს წარმომადგენლებს არასოდეს მივუწვევივარ. სიმართლე რომ ვთქვათ, დიდი ხანია, ეკრანზე მეც არ გამოვჩენილვარ. ჰოდა, ვიფიქრე, რატომაც არა? მოდი, ბედს ვცდი-მეთქი. ორი ვარიანტი იყო: ან შოუს პროდიუსერებს გაახსენდებოდათ, რომ ოდესღაც მსახიობი ვიყავი და მიმიწვევდნენ, ან - ჩემს ვიდეოს ინტერნეტში ატვირთავდნენ და შესაძლო იყო, ხალხს ავერჩიე (ვიდეო ამიტომ უფრო გავგზავნე). პრეტენზია არ მქონია - ვარსკვლავი ვარ და აუცილებლად მიმიწვიეთ-მეთქი.

- მახსოვს, თითქოს მოცეკვავეც იყავი...

- ადრე ვცეკვავდი. მოცეკვავე ვარ-მეთქი, - ვერ ვიტყვი, რადგან პროფესიონალურ დონეზე არასოდეს მიცეკვია. კვირაში 2 დღე ვვარჯიშობდი და არა - ყოველდღე (როგორც სხვა მოცეკვავეები იქცევიან). ყველა ჟანრს "მოვედე", მაგრამ უფრო მეტად, თანამედროვე ცეკვები მიტაცებდა.

- ტელეეკრანიდან გაუჩინარების შემდეგ, რას საქმიანობდი?

- ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში კასტინგ-მენეჯერად ვმუშაობ. ასევე, კაზინოში გათამაშების წამყვანი ვარ - ამ სამსახურზე ვგიჟდები, რადგან წამყვანობა ძალიან მომწონს!

- "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" შენს ცხოვრებაში რა შეცვალა?

- ბევრი გულშემატკივარი აღმომაჩნდა. უამრავი ადამიანი მწერს და ინტერნეტში ვიდეოს ატვირთვა მხოლოდ ამიტომ ღირდა. ხალხის ასეთ გამოხმაურებას მართლა არ ველოდი. კი, ადრე იყო პერიოდი, როცა ბევრი გულშემატკივარი მყავდა, მაგრამ როცა ეკრანზე აღარ ჩანხარ, ხალხს ავიწყდები. მიხარია, რომ გულშემატკივრები ისევ მყავს. მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო. პროექტის დატოვების გამო, კიდევ იმიტომ არ მწყდება გული, რომ ორივე ფეხი დაშავებული მაქვს - ძალიან მტკივა. როდესაც ვიდეო გავგზავნე, იმაზე არ მიფიქრია, რომ ფიზიკურად მომზადებული უნდა ვყოფილიყავი. საერთოდ არ ვვარჯიშობ. შესაბამისად, ეს 2 კვირა ჩემმა კუნთებმა ძლიერ დატვირთვას ვერ გაუძლო. ამ ეტაპზე, იმას მაინც ვერ შევძლებდი, რასაც მომავალში შევძლებ ან ადრე შევძლებდი.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა ისევ გინდა?

- რა თქმა უნდა. უბრალოდ, ვფიქრობ, ეს უკვე შეუძლებელია, რადგან ასე თუ ისე, უკვე "ვმონაწილეობდი" და უხერხული იქნება, თუ სხვა დროსაც ვცდი ბედს.

- პროექტის მონაწილეებზე რას გვეტყვი?

- არაჩვეულებრივი გუნდია. თითქმის ყველას დავუმეგობრდი და რომელიმე მათგანის გულშემატკივრობა ძალიან მიჭირს. მიხარია, რომ ეს დრო ასეთ არაჩვეულებრივ ადამიანებთან, ჩემს ახალ მეგობრებთან ერთად გავატარე. მივხვდი, ცეკვა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მეგონა.

- მსახიობობა ისევ გაინტერესებს?

- ძალიან. დიდი იმედი მაქვს, რომ შემოთავაზებებს მივიღებ. კასტინგებზე სიამოვნებით მივალ.

- ვიცი, რომ მენეჯმენტს სწავლობდი. ამასობაში, პროფესიული განათლება სამსახიობო სფეროშიც ხომ არ მიიღე?

- დიდი ხანია, კინოაკადემიაში სწავლა მინდა. სამწუხაროდ, ფინანსური საკითხების გამო, ამას თავი ვერასოდეს მოვაბი, მაგრამ არ ვნებდები და ვამბობ, - აუცილებლად წავალ-მეთქი! სწავლების სრულ კურსს თუ ვერ გავივლი, მასტერკლასებს მაინც დავესწრები.

ეთო ყორღანაშვილი