რით აკ­ვირ­ვებს თა­თა ჯა­ში გარ­შე­მო მყო­ფებს - "მწერ­ლო­ბა ჩემ­თ­ვის სა­ნატ­რე­ლი პრო­ფე­სი­ა­ა" - გზაპრესი

რით აკ­ვირ­ვებს თა­თა ჯა­ში გარ­შე­მო მყო­ფებს - "მწერ­ლო­ბა ჩემ­თ­ვის სა­ნატ­რე­ლი პრო­ფე­სი­ა­ა"

ამის გამო, უცნაურ პოზაში მყოფს წიგნით ხელში ხშირად ნახავთ... თათასთვის მნიშვნელოვანია, წიგნი როგორ გამოიყურება, რა ზომის შრიფტით არის დაწერილი. ძალიან წვრილი შრიფტით დაბეჭდილი ტექსტი (კითხვისას ადამიანს თვალებს რომ ატკივებს), ძალაუნებურად, თათას ლიტერატურული ნაწარმოების მიმართ ინტერესს უკარგავს...

- წიგნების კითხვა ბავშვობიდან მიყვარს. ალბათ, ამაზე გავლენა ჩემმა ოჯახმაც იქონია. დედა წასაკითხად ყოველთვის საინტერესო წიგნებს მირჩევდა. დროთა განმავლობაში, ჩვევასავით ჩამოყალიბდა, რომ წიგნების კითხვის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. თუმცა, დროის დეფიციტს ისე განვიცდი, რომ ხშირად, კითხვას ვერ ვახერხებ.

- მინახავს, წიგნს უცნაურ პოზაში როგორ კითხულობ...

- ჰო, შესვენებისას, გაწელვებისას... ზოგჯერ "შპაგატში" ვზივარ და წიგნს ისე ვკითხულობ. როცა და როგორც ვახერხებ, ლიტერატურას ისე ვეცნობი. ყოველთვის ვცდილობ, კითხვას დრო დავუთმო. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ წიგნის კითხვა ვალდებულებაა და როცა ვკითხულობ, "კარგი ტიპი ვარ". უბრალოდ, მაინტერესებს. წიგნის კითხვა დროის გაყვანის ერთ-ერთი კარგი საშუალება გახლავთ. მიმაჩნია, რომ რაღაც საინტერესოს შეძენა ყველა წიგნიდან შეიძლება.

- გარშემო მყოფებს როგორი რეაქცია აქვთ, როცა წიგნს უჩვეულო პოზაში მყოფი კითხულობ?

- ძირითადად, სურათებს მიღებენ. გარშემო მყოფების ინტერესს უცნაურ პოზაში კითხვა იწვევს, თორემ ისე, ჩვენთან წიგნს ბევრი კითხულობს - ეს "გამორჩეულობის" ნიშანი არ არის.

- როგორი ჟანრის ლიტერატურა გიტაცებს?

- ადრე უფრო დეტექტივებისკენ და ფსიქოლოგიური ჟანრისკენ "ვიხრებოდი", მაგრამ ამჟამად, რატომღაც, რომანებმა უფრო გამიტაცა.

- ახლა რომელ წიგნს კითხულობ?

- ფიცჯერალდის "ნაზია ღამეს" ვამთავრებ. ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, მსუბუქი წასაკითხია. ალბათ, ამ ეტაპზე ეს მინდოდა - დატვირთული პერიოდის შემდეგ, განტვირთვისთვის აუცილებლად მსუბუქი წასაკითხი მჭირდებოდა. "ნაზია ღამე" საინტერესოც არის, თან - მამხიარულებს და განტვირთვაში მეხმარება. ნაწარმოებში ხატოვნად და კარგად არის გადმოცემული: მეგობრობა, მხარში დგომა, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა...

- საკუთარი სურვილით წაკითხული პირველი წიგნი გახსოვს, რომელი იყო?

- "ტომ სოიერის თავგადასავალი". ალბათ, ეს წიგნი ყველას წაგვიკითხავს, ძალიან მომეწონა. ისე აღვფრთოვანდი, რომ თავგადასავლებით სავსე ბიჭის ამბავი ორჯერ გადავიკითხე. შემდეგ ვცდილობდი, წიგნში აღწერილი თამაშებით საკუთარი თავი უფრო გამემხიარულებინა.

- დედის მიერ შემოთავაზებულმა რომელმა ნაწარმოებმა გაგიღვიძა წიგნებისადმი ინტერესი?

- თაროდან დაახლოებით, 10 წიგნს გადმოიღებდა და მეტყოდა, - აქედან აირჩიე, რომელიც დაგაინტერესებს და წაიკითხეო. ერთი, რაც მახსენდება, დენი დიდროს "მონაზონი" იყო. ისეთი საინტერესო და ტრაგიზმით სავსე გახლდათ რომ არ გავჩერებულვარ - ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.

- როდის გააცნობიერე, რომ წიგნის კითხვა უკვე ჩვევაა და არა - ვალდებულება?

- მგონი, ვერავინ ვერაფერს დაგაძალებს, თუ არ გაინტერესებს. მქონია შემთხვევა, როცა წიგნის კითხვა დამიწყია, მაგრამ ვერ დავუინტერესებივარ და კითხვა შემიწყვეტია.

- მაგალითად, ასეთი ნაწარმოები რომელი იყო?

- მარკესის ერთ-ერთი ნაწარმოები. მისი სახელწოდება არ მახსოვს. კარგა ხანს ვეცადე, მაგრამ ვერ წავიკითხე.

- შენთვის ყველაზე შთამბეჭდავი ლიტერატურული ნაწარმოები რომელია?

- ბიოგრაფიული წიგნები მომწონს. თან, მხატვრობა მიტაცებს. ძალიან მიყვარს რემბრანდტი. როცა მისი ბიოგრაფია წავიკითხე, აღვფრთოვანდი. ყველა დეტალს ვუკვირდებოდი - სად, რას, როგორ აკეთებდა და ვცდილობდი, წარმომედგინა. გავეცანი პოლ გოგენის ბიოგრაფიას... რამაც რეალურად, ჩემზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა (იმას ვგულისხმობ, რომ ჩემს გონებაზე ნაწარმოების გავლენა შევნიშნე), ეს დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვები" იყო და მისი სხვა ძლიერი ნაწარმოებები (მაგალითად, "მოთამაშე", "იდიოტი"...) ამის შემდეგ წავიკითხე. არა მხოლოდ შინაარსი დავინახე, არამედ - ნაწარმოებების ქვეტექსტებმა, სიღრმემ გამაოცა. იმ ფაქტითაც გავოცდი, რომ ეს ყველაფერი აღვიქვი და თითქოს ბოლომდე გავიაზრე.

- საკუთარ თავს რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს ამსგავსებ?

- ყველა პერსონაჟში ვხედავ იმ თვისებას, რაც მეც მახასიათებს. რასაც ამჟამად ვკითხულობ (ფიცჯერალდის "ნაზია ღამე"), ამ წიგნში არის ერთი პერსონაჟი - ნიკოლი, არამდგრადი ფსიქიკის ქალი. თითქოს პარადოქსია, მაგრამ გარკვეული თვისებებით, საკუთარი თავი ამ პერსონაჟთან გავაიგივე...

- დღესდღეობით, წასაკითხ ლიტერატურას როგორ არჩევ?

- საქმის გამო, კითხვისთვის ხშირად ვერ ვიცლი. სტრესის ქვეშ ვიმყოფები, გადატვირთული ვარ. ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ისეთი წავიკითხო, რაც თითქოს, ამ სამყაროდან "წამიღებს", ნაწარმოებში ბოლომდე "ჩართული" ვიქნები და იმის საშუალებაც მექნება, რომ ფატაზიას მოვუხმო და აღწერილი კადრები წარმოვიდგინო. კონკრეტულ ჟანრს ვერ გამოვყოფ, რადგან მაინტერესებს როგორც ბიოგრაფიული წიგნები, ასევე - რომანები, დეტექტივები... ალბათ, გააჩნია, როგორ განწყობილებაზე ვარ. ხანდახან, როცა წიგნების მაღაზიაში, ბესტსელერების თაროზე რაღაც ახალს ვხედავ, ცდუნებას ვერ ვუძლებ და ვყიდულობ.

- წასაკითხი წიგნის შერჩევასთან დაკავშირებით, "მოდურობის მსხვერპლი" გამხდარხარ?

- მახსოვს, თურქი მწერლების "ბუმი" რომ იყო (იცინის)... სიმართლე გითხრა, "მოდურობის მსხვერპლი" არ გავმხდარვარ. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, კარგი წიგნებია, აქტუალური ნაწარმოებების წაკითხვის მოთხოვნილება არ მქონია. მაინც იმ წიგნს ვირჩევ, რაც მაინტერესებს.

- მეგობრები წაკითხულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს თუ განიხილავთ?

- წასაკითხ წიგნებს ერთმანეთს ვუცვლით, მერე კი განვიხილავთ კიდეც, მაგრამ ვერ მოგატყუებ და ვერ გეტყვი, რომ ამის გამო ვიკრიბებით, "წიგნის საღამოებს" ვაწყობთ და ფინჯანი ჩაის თანხლებით, ლიტერატურულ ნაწარმოებებს განვიხილავთ (იცინის).

- რომელიმე ქვეყნის ლიტერატურა განსაკუთრებულად თუ მოგწონს?

- ასე კონკრეტულად ვერ დავასახელებ, რადგან რუსების ლიტერატურაც ძალიან მიტაცებს, გერმანელი ფსიქოლოგის ნაშრომებიც საინტერესო იყო... ჩემდა სამარცხვინოდ, ქართულ ლიტერატურაში მოვიკოჭლებ. ალბათ, ამაზე გავლენა გერმანიაში ცხოვრებამაც მოახდინა. ძირითადად, უცხოელი მწერლების შემოქმედებაზე ვარ ორიენტირებული. არადა, ქართველებს ნამდვილად ძლიერი მწერლები გვყავს.

- ქართულის გარდა, წიგნებს რომელ ენებზე კითხულობ?

- ძირითადად, რუსულად და გერმანულად. ინგლისურადაც ვკითხულობ. გერმანულად კითხვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩვენთან ამ ენაზე ლიტერატურა არ იშოვება - სად არ ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე. როცა საზღვარგარეთ გასტროლზე ვარ, გერმანულენოვან წიგნებს ვყიდულობ.

- თარგმანი და "ორიგინალი" ერთმანეთისთვის შეგიდარებია?

- ერთი პერიოდი, შექსპირის შემოქმედებამ გამიტაცა. მისი ნაწარმოებები წავიკითხე. რა თქმა უნდა, "რომეო და ჯულიეტაზე" და "ჰამლეტზე" დიდი აქცენტი გავაკეთე: ქართულად, ინგლისურად და გერმანულად წავიკითხე (იცინის). ალბათ, ინგლისური საუკეთესო ვარიანტი იყო, მაგრამ ამბავი ქართულ თარგმანებშიც კარგად არის გადმოცემული.

- რომელიმე წიგნის წაკითხვა გინანია?

- კი. ასეთი იყო დოკუმენტური წიგნი - "სუადი". ეს არის მუსლიმი ქალის შესახებ, რომელიც თავისი რელიგიის მსხვერპლი იყო. წაკითხვა ვინანე-მეთქი, ვერ ვიტყვი - წასაკითხი იყო და უნდა წამეკითხა, მაგრამ წიგნში ყველაფერი ისე საშინლად, საზარლად იყო აღწერილი, რომ ჩემზე უარყოფითად იმოქმედა.

- წიგნის დაწერის სურვილი თავად გაგჩენია?

- უზომოდ დიდი სურვილი მაქვს, რომ წიგნების წერა შემეძლოს, მაგრამ არასოდეს მიცდია. მწერლობა ჩემთვის სანატრელი პროფესიაა. ბავშვობაში მოთხრობებსა და ჩანახატებს კი ვწერდი, მაგრამ რეალურად, საკუთარ თავში მწერლობის ნიჭს ვერ ვხედავ.

- შინ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გაქვს?

- საკმაოდ. წიგნების უმეტესობა მშობლების, ბებია-ბაბუის, ჩემი დის არის. მეც ნელ-ნელა ვამატებ. ჩემი ბიბლიოთეკა უფრო ახალი და ლამაზი წიგნებითაა გამორჩეული (იცინის). მალე ახალ სახლში გადავალთ. იქ ბიბლიოთეკისთვის ადგილი მაქვს გამოყოფილი. პატარა იქნება, მაგრამ "ჩემი" ერქმევა. ამ ფაქტით ბედნიერი ვარ. ძირითადად, ჩემს ბიბლიოთეკაში დეტექტივები, რომანები, ფსიქოლოგიური ნაშრომები და პიესები იქნება.

ეთო ყორღანაშვილი