"მკვდრე­ბის მე­ტი რა მყავ­და ქუ­თა­ის­ში სა­ტი­რა­ლი, ჰო­ლან­დი­ა­ში რომ არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი?" -გო­გი წუ­ლაია ქარ­თუ­ლი სუფ­რის ტრა­დი­ცი­ებ­ზე - გზაპრესი

"მკვდრე­ბის მე­ტი რა მყავ­და ქუ­თა­ის­ში სა­ტი­რა­ლი, ჰო­ლან­დი­ა­ში რომ არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი?" -გო­გი წუ­ლაია ქარ­თუ­ლი სუფ­რის ტრა­დი­ცი­ებ­ზე

იუმორით საქვეყნოდ ცნობილი პოლიტიკოსი - გოგი წულაია ქართული სუფრის ტრადიციებზე გვესაუბრა. მან ის ადამიანები გაიხსენა, რომლებთანაც ბევრჯერ მოულხენია.

- განსაკუთრებულ თამადებს შორის ვის გაიხსენებთ?

- იმერეთში ხშირად მიწევდა სუფრასთან ყოფნა სულხან მამისეიშვილთან ერთად, რომელიც განსაკუთრებული თამადა გახლდათ. სამწუხაროდ, ახლახან გარდაიცვალა და გული გვატკინა... სხვა თამადებიც შემიძლია დაგისახელოთ, მაგრამ არ მინდა, ვინმე გამომრჩეს და ამიტომ ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ.

- თამადობისას რა განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა სულხან მამისეიშვილს?

- თამადამ ყურადღება უნდა მიიპყროს. რაც უნდა დიდი სუფრა ყოფილიყო, სულხან მამისეიშვილს ყველა უსმენდა. თამადა თუ მჭევრმეტყველია და ცეკვა-სიმღერაც შეუძლია, აქვს იუმორის გრძნობა და ლექსებსაც კარგად კითხულობს, აუცილებლად მონუსხავს ადამიანებს.

- თქვენი იუმორი იმდენად ცნობილია, რომ უცნობებს თქვენს დანახვაზეც კი ეცინებათ... რამდენად ხშირად გიწევთ ჭირის სუფრაზე თამადობა, თუ ეს იშვიათად ხდება?

- ორი კვირის წინაც გახლდით ჭირის სუფრაზე თამადა და ჩემი აზრით, ცუდად არ ვითამადე... როცა ადამიანებს გული სტკივათ ახლობლის დაკარგვის გამო, როგორი კომიკოსიც უნდა დაუსვა მათ წინ, არ გაეცინებათ... თუმცა, იმაში დაგეთანხმებით, რომ სრულიად უცხო ადამიანებსაც ეცინებათ ხოლმე ჩემს დანახვაზე. ცნობილია, რომ უდიდესი ქართველი მსახიობი, იპოლიტე ხვიჩია პანაშვიდებზე ვერ შედიოდა ამავე მიზეზის გამო.

- თამადობისას თქვენებური წესები თუ გაქვთ?

- ყველანაირად ვცდილობ, დიდი სუფრები თავიდან ავიცილო. იშვიათად ვარ ქორწილში ან გასვენებაში თამადა. ჩემთვის უფრო მომხიბვლელია ისეთი სუფრის გაძღოლა, სადაც 10-15 სტუმარია. ცოტა ხნის წინ ბრწყინვალე სუფრა გვქონდა, მეგობრის დაბადების დღე აღვნიშნეთ. ნურავინ იტყვის, - მაგარი ვარ და თამადობა ყოველთვის კარგად გამომდისო. როგორც ფეხბურთის თამაში არ გამოსდის ყოველთვის კარგად ფეხბურთელს, ისე შეიძლება, თამადობაც არ გამოუვიდეს ადამიანს... ბევრი რამ არის დამოკიდებული ღვინოზე, განწყობაზე, გარემოცვაზე და ა.შ.

- ქართველ ემიგრანტებთან ერთად მოგილხენიათ?

- ადრეულ წლებში მახსენდება ლენინგრადში, ქართველებთან ერთად სუფრაზე გატარებული დრო. სხვა დროს საზღვარგარეთ არ ვყოფილვარ. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს სულ ერთი და იგივე ხალხი დადიოდა საზღვარგარეთ. ერთადერთი შემთხვევა იყო, მეც რომ წამიყვანეს... დაახლოებით 2005 წელს, 9 მაისი რომ ახლოვდებოდა, მთელი დელეგაცია ერთი თვითმფრინავით, მიშა სააკაშვილთან ერთად ვიყავით ჰოლანდიაში. იქ რომ ჩავედით, ჯერ ჯარისკაცების საფლავებზე მატირეს, მერე - პარტიზანების, შემდეგ კიდევ ვიღაცების საფლავებიც მოვინახულეთ. ამასობაში დაღამდა, ჩავჯექით თვითმფრინავში და წამოვედით... "ნაციონალური მოძრაობა" რომ დავტოვე, მიშა მაჭავარიანმა წამომაძახა, - ჰოლანდიაში ხომ წაგიყვანეთო? ვუთხარი, შე შობელძაღლო, მკვდრების მეტი რა მყავდა ქუთაისში სატირალი, მაგისთვის ჰოლანდიაში რომ არ წაგეყვანეთ-მეთქი?..

- სოფლებში, უბრალო ხალხთან მოლხენა თუ გიყვართ?

- მიყვარს კი არა, ამაზე კარგი არაფერი მგონია... ტრადიცია, სითბო და სიყვარული სოფელში უფროა შენარჩუნებული, ვიდრე ქალაქში. საუბარი მაქვს ისეთ დიდ ქალაქებზე, როგორიც არის თბილისი და შემდეგ - ქუთაისი... როდესაც სოფელში მიწევს თამადობა, ეს ჩემთვის უდიდესი განცდაა... ვანის რაიონში, სოფელი შუაგორაა, სადაც არაჩვეულებრივი დრო მაქვს გატარებული. როდესაც სახლში კარგად მოვილხინეთ, შემდეგ ჭურისთავზეც მოგვინდა დალევა და გამოვედით ეზოში. ის დრო იყო, როდესაც შემოდგომის ჭირნახული ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაბინავებული. ეზოში ეყარა: კვახი, ჩალა, სიმინდი, ყურძენი... ირგვლივ გვიანი შემოდგომის და მაჭრის სურნელი იფრქვეოდა. ავხადეთ ჭური, თავზე კი გაბადრული მთვარე დაგვყურებდა... იქვე, ექსპრომტად გაჩნდა სადღეგრძელო და წარმოვთქვი: გაუმარჯოს გვიანი შემოდგომის სუნს და ჭურში ჩამხრჩვალ მთვარეს-მეთქი... მის შემდეგ ამ სადღეგრძელოს ხშირად ვამბობ, მაგრამ რომ არა ის განსაკუთრებულად სასიამოვნო მოლხენა გლეხებთან, დღეს ეს სადღეგრძელო არ მეცოდინებოდა. ვთვლი, რომ ამ ე.წ. უბრალო ხალხის მხრებზე დგას საქართველო და მათში ბევრად მეტი სიბრძნეა გაბნეული, ვიდრე მათში, თავი რომ მოაქვთ რაღაცით და სინამდვილეში, არაფერს წარმოადგენენ!

- როდესაც სახლში გაქვთ სუფრა, ყოველთვის თქვენ ხართ თამადა?

- რასაკვირველია! მხოლოდ ჩემს დაბადების დღეზე არ ვთამადობ. როცა სტუმრები მოდიან ჩემთან, მინდა ყველანაირი ფუნქცია შევითავსო, მეტად ნასიამოვნები რომ დარჩნენ... თამადობა სულაც არ არის იოლი! როდესაც ნდობას მიცხადებენ, ეს უკვე დიდი პასუხისმგებლობაა... თამადა რომ ხარ, ვერ მოიქცევი ისე, როგორც ნებისმიერი სუფრის წევრი იქცევა. ხშირად, თითქმის მშიერი მოვდივარ იმ სუფრიდან, სადაც ვთამადობ. მთელი ყურადღება იმაზე მაქვს გადატანილი, სუფრა როგორ წარვმართო. ამ დროს ძალიან ბევრი უნდა გასცე და ცოტა მიიღო.

- არსებობს საქართველოში "თამადა გამოძახებით"... ამას როგორ უყურებთ?

- ძალიან დიდი ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ეს "პაკაზუხების" საქმეა! ფიქრობენ, რომ ვიღაც ვითომ ავტორიტეტი უნდა იყოს მათ სუფრაზე თამადა და ამაში ფულს იხდიან... შენ გარშემო, სამეგობროში და სანათესავოში კაცი თუ არ მოიძებნება, ვისაც თამადობა შეუძლია, მაშინ რაღა გექეიფება?! თავს იწონებ, არიქა, ვიღაც ცნობილი იყო ჩემი სუფრის თამადაო და ამ დროს, ყველამ იცის, რომ იმ კაცს ფული გადაუხადე! უფრო მეტად, ქორწილებში გახდა აქტუალური თამადის დაქირავება და ერთხელ მეც გახლდით ასეთ სუფრაზე! საერთოდ, ადამიანი ფულს რომ იღებს, ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებად დაიხარჯოს. თამადას სუფრის წევრები უნდა უყვარდეს, სიყვარულში უნდა იწვოდეს, სხვანაირად არაფერი გამოვა! დანარჩენი ისეთივე მოჩვენებითია, როგორც ეკლესიებში დადის ქართველების რაღაც ნაწილი - შეიძლება, ამ სიტყვებით ბევრი ადამიანი გადავიმტერო, მაგრამ სიმართლეს ვამბობ!

- თუ ყოფილხართ სუფრაზე საქართველოს პირველ პირებთან ერთად?

- ეროვნულ მოძრაობაში რომ ჩავერთე, მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი სუფრაზე, სადაც ზვიად გამსახურდია იყო. მან ძალიან კარგად იცოდა სუფრა და სუფრაზე კიდევ უფრო კარგი იყო! ვყოფილვარ სუფრაზე, სადაც ედუარდ შევარდნაძეც გახლდათ. ედიკას რომ იუმორი ჰქონდა და სიტყვა-პასუხი არ ეშლებოდა, ეს მთელმა საქართველომ იცის. ისიც უნიკალური იყო სუფრაზე! ვყოფილვარ რამდენიმეჯერ იმ სუფრაზეც, სადაც მიხეილ სააკაშვილი იყო...

- როგორ დაგამახსოვრათ მან თავი?

- მიშა რა "ფურცუხაც" არის, იგივე იყო სუფრაზეც... შეიძლება, ევროპელი ისე იქცეოდეს, როგორც მიშა იქცეოდა, მაგრამ ქართველისთვის მიუღებელი მგონია ეს ყველაფერი: საჭმელს ღვინოს წყალივით აყოლებდა, არც სადღეგრძელოს თქმა ახსოვდა და არც არაფერი... თავიდან გავოგნდი, რომ შევხედე, რას შვრება ეს კაცი, ხომ არ მეჩვენება-მეთქი? მაგრამ ხომ იცით, ნათქვამია: გარდაცვლილებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს... მიშა პოლიტიკურად გარდაცვლილია, თორემ თავის ცოლ-შვილიზა იყოს ასი წელი! სუფრასთან მჯდომს ლაპარაკი ბევრი უყვარს! ოღონდაც, სადღეგრძელოს კი არ ამბობს, ისე საუბრობს ბევრს!

- ბიძინა ივანიშვილთან ერთად არ ყოფილხართ სუფრაზე?

- აი, ივანიშვილთან ერთად როგორ მოვხვდებოდი სუფრაზე, როცა მე ღამის 12 საათიდან მიყვარს მოლხენა და მას 10 საათზე უკვე სძინავს! ისე, ამის დიდი სურვილი არ მაქვს! ნამდვილად არ ვთვლი სუფრის კაცად, რომელთან ერთადაც მოლხენა გესიამოვნება ადამიანს! ისე, სადაც თანამდებობის პირი ზის, იმ სუფრაზე გაჩერება არ ღირს! ქართველები მლიქვნელობით გამოვირჩევით და რიგი დადგება ხოლმე, ვინ რაში გამოიყენონ... კაცი სუფრაზე უნდა ქეიფობდეს და ამის სანაცვლოდ კარიერაზე ჩალიჩობს, ასეთი სუფრა რა მოსაწონია. მოდი, დავასრულოთ ინტერვიუ, თორემ ხომ ხედავთ, გადამიყვანეთ გინებაზე!

მანანა გაბრიჭიძე