"ვფიქ­რობ, ჩვე­ნი თა­ო­ბა გვი­ან გა­ი­ზარ­და..." - ირაკ­ლი გო­გო­ლა­ძის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა - გზაპრესი

"ვფიქ­რობ, ჩვე­ნი თა­ო­ბა გვი­ან გა­ი­ზარ­და..." - ირაკ­ლი გო­გო­ლა­ძის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა

მოზარდ მაყურებელთა თეატრში შეხვედრა შევთავაზე, სადაც ახალი სპექტაკლისათვის რეპეტიციებს გადიოდა. რეჟისორ ოთარ ბაღათურიას წარმოდგენაში - "ავი ლომისგან დღეს, ვინ გადაარჩენს ტყეს?!" მგლის როლს ამზადებდა და სცენიდან თეატრის ფოიეშიც ბეწვით გაწყობილი ხელთათმნითა და სასცენო კოსტიუმის შარვლით გამოვიდა. სასაუბროდ საგრიმიოროში დავსხედით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მსახიობი ირაკლი გოგოლაძე "დილის პალიტრის" ერთ-ერთი წამყვანი იყო და სწორედ ამ ჟურნალისტური გამოცდილების პერიოდზე ვამჯობინე მასთან დიალოგის წამოწყება.

- წარმოიდგინეთ, სტუდიაში სტუმრად გყავთ ირაკლი გოგოლაძე, პირველად რას ჰკითხავდით?

- სტუდიაში მყავს ირაკლი? ალბათ, უარს ვიტყოდი სტუმრობაზე. არ მიყვარს ინტერვიუები, რადგანაც ასეთ დროს ფილოსოფოსობას იწყებს ადამიანი. მგონია, რომ ინტერვიუები არასდროსაა გულწრფელი. ერთ ჟურნალისტს ვემალებოდი. თავიდან ინტერვიუზე დავთანხმდი, მაგრამ მერე უარი ვერ ვუთხარი და ტელეფონზე არ ვპასუხობდი. არ მახსოვს, ვინ იყო ის ქალბატონი და რომელი ჟურნალიდან მიკავშირდებოდა, მაგრამ ძალიან ცუდად მოვიქეცი.

- ეს მართლა ძალიან ცუდი საქციელია. ამას ჯობია, თავიდანვე უარი თქვათ ინტერვიუზე.

- კი, ვიცი და ახლა ვუხდი დიდ ბოდიშს... არა მგონია, ისეთი ცნობილი ვიყო, რომ ჩემ მიმართ დიდი ინტერესი იყოს.

- მესმის, მაგრამ თქვენ თეატრს ჰყავს კონკრეტული მაყურებელი და ინტერესი ნებისმიერი მსახიობის მიმართ ჩნდება: ვინ არის, რა გზა გამოიარა აქამდე? პროფესიულ არჩევანზე მოგვიყევით...

- მსახიობობაზე ბავშვობიდან ვფიქრობდი. რამდენიმე სტუდიაში დავდიოდი, მათ შორის, გიორგი სიხარულიძესთან, არტოს ბაღში. ერთხელაც, 9 აპრილთან დაკავშირებით, სკოლაში საღამო იმართებოდა. ბაჩო ჩაჩიბაია ჩემი კლასელია. 51-ე სკოლაში ვსწავლობდით. ერთ-ერთი გაკვეთილიდან "შატალოზე" წავედით. ამ დროს, სკოლის დარბაზში შევიხედეთ, სადაც ორი გოგონა ბავშვებს ლექსებს აკითხებდა. დაგვიძახეს, თქვენც შემოდითო და მონაწილეობა შემოგვთავაზეს. დავთანხმდით და ლექსები წავიკითხეთ. მერე ეს საღამო რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზშიც გაკეთდა. მოგვიანებით, იმ გოგონებმა სტუდია გახსნეს და მათთან დავიწყეთ სიარული. მაშინ, მგონი, VIII კლასში ვიყავით და მას მერე გაგვეზარდა ამ პროფესიისადმი ინტერესი. მე და ბაჩომ ერთად გადავწყვიტეთ, მსახიობები გავმხდარიყავით. არც მიფიქრია, ბედი სხვა პროფესიაში მეცადა. ტექნიკურ საგნებთან ყოველთვის მწყრალად ვიყავი. მართალია, ბოლო დროს ძალიან მაინტერესებს ეს საგნები, მაგრამ ახლა უკვე რაღა აზრი აქვს?!

- თეატრალურში თქვენი პედაგოგი ვინ იყო?

- რამაზ იოსელიანი და ბოლო ერთი წელი - დათო კობახიძე. ბატონ რამაზს, როგორც მსახიობს, იცნობს ფართო საზოგადოება. ის შესანიშნავი არტისტი და ასეთივე პედაგოგია. გულწრფელად მინდა ვთქვა, თუკი რამ ვიცი ჩემს პროფესიაში, მისი დამსახურებაა და მადლობელი ვარ ამისთვის. თეატრალური უნივერსიტეტი რომ დავასრულე, ორი წელი გორის თეატრში ვმუშაობდი. ბატონი რამაზი იქ სამხატვრო ხელმძღვანელად რომ დაინიშნა, მაშინ წამიყვანა. იმ დროს გავიგე, თუ რა არის თეატრი, იქ ბევრი რამ ვისწავლე.

- რატომ წამოხვედით?

- ერთი წელი თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ მერე გამიჭირდა. უცხო ქალაქში მარტო ცხოვრება, ყველაფრის დამოუკიდებლად კეთება მიწევდა. თუმცა, მართლაც დიდი გამოცდილება მივიღე და ბევრი მეგობარიც შევიძინე. გავიცანი და დავუახლოვდი იქაურ მსახიობებს, კარგ ადამიანებს, მაგრამ მერე მაინც თბილისში დაბრუნება გადავწყვიტე. მალევე, კიევის ქუჩაზე, ნიკა საბაშვილმა "შეშლილის წერილები" დადგა და იქ ვითამაშე, მერე მისსავე კლოუნადაში "ქაღალდის წვიმა". ამ სპექტაკლში ნიკას "დურუჯი" გადასცეს, მე კი "წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის" ხუთეულში მოვხვდი. კიევის ქუჩის ახალ თეატრში, ბევრ ექსპერიმენტს მივმართავდით. ჩვენვე ვიყავით: დამლაგებლები, გამნათებლები, ხმის რეჟისორები, კოსტიუმებსაც ვკერავდით. იმ პერიოდმაც, როგორც მსახიობს, დიდი გამოცდილება მომცა და შრომა მასწავლა.

- ახალ თეატრს ჰყავდა თავისი მაყურებელი. ის ფინანსური პრობლემების გამო დაიხურა?

- "მაყურებელი ჰყავდა", ხმამაღალი ნათქვამია, თუმცაღა მართლა ჰყავდა. ფინანსური პრობლემებიც იყო, თან დავიღალეთ ყველაფრის ჩვენი ხელით კეთებით, თანამშრომლების აყვანის საშუალება კი არ იყო. ნიკასაც შემოთავაზებები გაუჩნდა სხვადასხვა თეატრიდან.

- თუ გიფიქრიათ რაიმე სხვა პროფესიაზე?

- კი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რაღაც სხვა უნდა მეკეთებინა. ყველაფერი თავიდან რომ დაიწყოს, მაინც არა მგონია, სხვა პროფესია ავირჩიო. ზუსტად ვიცი, მხატვარი, მოქანდაკე და სხვა ამგვარი დარგის წარმომადგენელი ვერასოდეს გავხდები. ვიდრე "მოზარდში" მოვიდოდი, გარკვეულ ხანს არც ერთ თეატრში არ ვმუშაობდი და მაშინ მინანქარზე მუშაობა ვცადე. ყველაფერი შევიძინე, იარაღები, მასალა. შინაგანადაც არ ვარ ისეთი, რომ საქმეს გული ვერ დავუდო, მაგრამ არაფერი გამომივიდა და ნერვები მომეშალა. რაღაცნაირად, ხელები არ დამემორჩილა, ეს საქმე არ გამომივიდა.

- თეატრალურში რომ აბარებდით, თუ ფიქრობდით იმაზე, მომავალში როგორ მოხდებოდა თქვენი რეალიზება ამ პროფესიაში? კინოს იშვიათად ვიღებთ და სად ხედავდით საკუთარ თავს?

- არ ვიცი, ცუდია ეს თუ კარგი, მაგრამ ასე პრაქტიკულად არ მიაზროვნია. დღევანდელი თაობა გაცილებით პრაქტიკულად ფიქრობს და ეს კარგია. ახალი თაობა პატარაობაშიც კი უკვე დიდები არიან, ჩვენ კი ცოტა გვიან გავიზარდეთ; გულის კარნახს აყოლილები ვმოქმედებდით...

- თუ იყო და არის ფილმები, რომელიც გამორჩეულად მოგწონთ და გიფიქრიათ, "აქ სიამოვნებით ვითამაშებდი"?

- ეს დაახლოებით იგივეა, როცა მსახიობს ეკითხებიან, რომელია თქვენი საოცნებო როლიო? ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომაა. შეიძლება, მსახიობი რაღაცაზე ოცნებობდეს, მაგრამ მან ყველაფერი უნდა ითამაშოს. ამიტომ, ასე ვიტყვი, ყველა იმ ფილმში მივიღებდი მონაწილეობას, სადაც ნაყოფიერი სამუშაოა და რომელსაც კარგი რეჟისორი იღებს.

- ჰო, მაგრამ ზოგს კლასიკა იზიდავს და ზოგს, ვთქვათ, თანამედროვე ქართული დრამატურგია.

- ამაზეც იგივე პასუხი მაქვს. ისე მოხდა, რომ შექსპირთან შეხება იქამდე არ მქონია, ვიდრე "მოზარდში" ბატონმა დიმა ხვთისიაშვილმა "აურზაური არაფრის გამო" არ დადგა. ამ კლასიკასა და შექსპირისეულ "მელოდიაში" ყოფნა სულ მინდოდა. გინდა ოცნება დაარქვით ამას და გინდა, რაიმე სხვა სიტყვა, მაგრამ ამიხდა... თუ გარკვეულ ასაკამდე გროტესკული ჟანრი მხიბლავდა, ახლა სცენიდან "მართალი სიტყვა" მსიამოვნებს, ნაკლებად - ფორმა და სხვა გარეგნული ამბები. ვფიქრობ, მსახიობი ყველა ჟანრსა და როლზე ერთნაირად უნდა იხარჯებოდეს.

- დღე, როცა სპექტაკლი გაქვთ...

- იმ დღეს, როცა სპექტაკლია, შესაბამისი განწყობა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადებაა საჭირო. ჩვენი თეატრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგჯერ დღეში რამდენიმე სპექტაკლის თამაში გვიწევს. თუ საღამოს სპექტაკლია - "ბილოქსი ბლუზი" ან "აურზაური არაფრის გამო" და იმ დილას უკვე ნათამაშები მაქვს სხვა სპექტაკლში, ვგრძნობ, რომ დღის მეორე ნახევარში ისე მზად ვერ ვარ, როგორც ისეთ დღეებში, როცა მხოლოდ საღამოს სპექტაკლია დანიშნული. ვერ დავუჯერებ იმ ადამიანს, ვინც იტყვის, რომ სპექტაკლის წინ მომზადება არ სჭირდება.

- მზადება როლისთვის...

- როლზე მუშაობ ყველგან: სახლში, გზაში... ზოგჯერ თუ ფიქრში გაერთე, შეიძლება, ქუჩაში წამოგცდეს რამე ან უბრალოდ მოგინდეს ხმამაღლა თქმა, რომ თავი შეამოწმო... ასეთ დროს ჩემთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალების აზრი. ხშირად ვსაუბრობ ჩემს მეგობართან, ასევე მსახიობ გიორგი ჯიქიასთან. ის თავისუფალი თეატრის მსახიობია. 20 წელია, ერთად მოვდივართ და სწორედ მასთან ვამოწმებ როლზე ჩემს ამა თუ იმ შეხედულებას, რაზეც მერე ერთად ვმსჯელობთ.

- სპექტაკლი, რომლის შემდეგაც ყველაზე ბევრი კომპლიმენტი მიიღეთ...

- მარტივი არაფერია და მათ შორის, არც ეს შეკითხვა. როგორ გიპასუხოთ, არ ვიცი... შემიძლია ვთქვა, ერთი ეს იყო "შეშლილის წერილები" და მანამდე, გორში - "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", სადაც ამბობდნენ, რომ ძალიან კარგი ვიყავი. არ ვიცი, შეიძლება სხვაც იყო რამე, რაღაცები არ მახსოვს.

- რატომ? ცუდი მახსოვრობა გაქვთ?

- მგონი, არა, მაგრამ ასეთი რაღაცები არ მამახსოვრდება. შინ კედლებზე აფიშების გაკვრაც არ მიყვარს.

- და საგრიმიოროში რა გიქმნით სასურველ აურას?

- საგრიმიოროში აუცილებლად უნდა მქონდეს ყავა, სიგარეტი.

- თავიდან თქვით, - არა მგონია, ინტერვიუს დროს ადამიანები გულწრფელები იყვნენო. როგორ ფიქრობთ, 100%-დან, თქვენ რამდენად იყავით ასეთი?

- ალბათ, აქ არ იყო ისეთი კითხვები, რომ გულწრფელი არ ვყოფილიყავი. "ისეთ კითხვებში" ვგულისხმობ პირადულ თემებს. ამიტომ ვფიქრობ, გულწრფელად ვილაპარაკე. თუმცა, ინტერვიუ მაინც პოზაა, იმ გაგებით, რომ ფიქრობ: ჟურნალი გამოვა, წაიკითხავს ვიღაც და ალბათ, მაინც ვერ ხარ "გახსნილი". რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი: ვინც ხარ, ის ხარ.

ანა კალანდაძე