"ეს ფული აბა, რაში უნდა დავხარჯო?! ისევ შევინახავ..." - ბავშვობაში შენახული "განძი" ქეთი ხუციშვილმა ახლახან აღმოაჩინა - გზაპრესი

"ეს ფული აბა, რაში უნდა დავხარჯო?! ისევ შევინახავ..." - ბავშვობაში შენახული "განძი" ქეთი ხუციშვილმა ახლახან აღმოაჩინა

ქეთი ხუციშვილისთვის ფული თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან ასოცირდება. მას შეუძლია თანხის ეკონომიურად ხარჯვა და ამიტომაც, ფულის სესხება და კრედიტების აღება არასდროს უწევს.

- როგორ ფიქრობ, ფულის გარეშეც შეიძლება, ადამიანი ბედნიერი იყოს?

- ფულის გარეშე კომფორტი და უზრუნველი ცხოვრება ვერ გექნება, თორემ ბედნიერება ისეთი ირაციონალური რამ არის, რომ შეიძლება, სრულიად წარმოუდგენელ მომენტებში გეწვიოს. ბედნიერების აღქმა ძალიან სუბიექტურია.

- ტკბილეული გიყვარს? შოკოლადს ხშირად ყიდულობ?

- არა, ტკბილეული საერთოდ არ მიყვარს. მხოლოდ შვილისთვის ვყიდულობ ხოლმე.

- შოკოლადი ბედნიერების ჰორმონს გამოყოფსო...

- დიახ, თან - შავი შოკოლადიო...

- შენ რა გიყვარს? ხინკალი, მწვადი, ხაჭაპური...

- მწვადი არ მიყვარს. ხინკალს სამ თვეში ერთხელ მივირთმევ და ხაჭაპურსაც იშვიათად გეახლებით. პიურე მიყვარს ძალიან და ხშირად ვამზადებ.

- როგორ დაასრულებდი ფრაზას: "ბევრი ფული ადამიანს..."

- "...აძლევს არჩევანის თავისუფლებას და აყალიბებს დამოუკიდებელ ადამიანად". ყველა ადამიანი იბრძვის თავისუფლებისთვის, ამის დაკარგვა კი საკუთარი თავის დაკარგვას ნიშნავს.

- რა ასაკიდან გახდი მატერიალურად დამოუკიდებელი?

- მატერიალური სტაბილურობა არასდროს მქონია: ხან როგორ არის და ხან - როგორ...

- "წარმატება" და "გამართლება" შეიძლება, ერთმანეთის სინონიმად ჩავთვალოთ?

- გამართლებით იწყება ყველაფერი, მერე მოდის წარმატებაც. რაც უნდა ნიჭიერი იყო, იღბალი თუ არ დაგეხმარა, შენი ნიჭიერება შეუმჩნეველი დარჩება. იღბალი და ნიჭი ერთად - ეს უკვე წარმატებაა. ბევრი ნიჭიერი ადამიანი დგას ჩრდილში მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოახდინა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, არ გაუმართლა. იღბალი და გამართლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის.

- გახსოვს პირველი სამსახური და პირველი ხელფასი?

- ჩემი პირველი "ხელფასი" 15 ლარი იყო (იცინის) და მახსოვს, იმ ფულით მაგნიტოფონის კასეტები ვიყიდე - ამ ფაქტით გამოწვეული სასიამოვნო შეგრძნება არ მავიწყდება. მიხაროდა, ბედნიერი ვიყავი. საკუთარი შრომით მოპოვებულს, განსაკუთრებული გემო აქვს.

- როგორ ფიქრობ, წარმატების მისაღწევად დაწყებულ ბრძოლაში, უფულობა რა როლს ასრულებს?

- გააჩნია, რას მივიჩნევთ წარმატებად... თუ ბიზნესზე ვლაპარაკობთ, ფული თავისთავად, აუცილებელია, სხვანაირად შენი ბიზნესი ვერ განვითარდება, წინ ვერ წავა. თუ შემოქმედებით ნიჭზე ვსაუბრობთ, მაშინ წარმატების მისაღწევად აუცილებელია, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდე, თორემ ფული გაქვს თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

- ფული და წარმატება არ ცვლის ადამიანს. უბრალოდ, გამდიდრების შემდეგ ის უფრო მეტად ავლენს იმ თვისებებს, რაც მასშია... ეთანხმები ამ აზრს?

- ფული და წარმატება ცვლის მხოლოდ ცხოვრების სტილს, თორემ ჩემი აზრით, ბევრი ფულის შოვნის შემდეგ, კეთილი ადამიანი ვერ გახდება ბოროტი და პირიქით, რამდენი ფულიც უნდა იშოვოს, ბოროტი ვერ გაკეთილშობილდება.

- ბავშვობაში ყულაბა გქონდა? თუ მოგიგროვებია ფული და რაში ხარჯავდი მას?

- დიახ, მქონდა და ახლახან ვიპოვე გაუტეხავი, მანეთებითა და კაპიკებით სავსე ყულაბა. ჰოდა, ახლა ეს ფული აბა, რაში უნდა დავხარჯო?! ისევ შევინახავ (იცინის).

- ხელფასის თვიდან თვემდე გადანაწილებას ახერხებ?

- ხან ვახერხებ, ხან - ვერა. ეს საკმაოდ რთული საქმეა.

- დანაზოგის გაკეთება შეგიძლია? ამ წუთში თუ გაქვს დანაზოგი, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის?

- დანაზოგის გაკეთებას ვერასდროს ვახერხებ. დანაზოგი რა მოსატანია, როცა საქართველოში, ანაზღაურების თვიდან თვემდე განაწილებაა პრობლემა, ჩვენი დაბალი ხელფასების გამო.

- როცა მატერიალური კრიზისი გაქვს, დახმარებისთვის ვის მიმართავ?

- ძირითადად, მშობლებს. თუმცა, ვცდილობ, ამ მდგომარეობაში ხშირად არ აღმოვჩნდე. თუ ფულის სწორად ხარჯვა შეგიძლია, კრიზისულ მდგომარეობაში არასდროს ჩავარდები.

- უფულობამ შეიძლება, დეპრესიაში ჩაგაგდოს?

- უფულობას დეპრესიაში არასოდეს ჩავუგდივარ. მსგავსი რამ შეიძლება, სუსტი ფსიქიკის ადამიანებს დაემართოთ. ფული დღეს გაქვს, ხვალ შეიძლება, აღარ გქონდეს და ამის გამო დეპრესიაში არ უნდა ჩავარდე.

- ოდესმე ფული გაგისესხებია?

- ფულის გასესხება არ მიყვარს. როცა ფული მაქვს და მთხოვენ, ვჩუქნი. უცხო ადამიანი თანხას არასდროს გთხოვს, ხოლო ახლობელსა და მეგობარს ფულს ვერასდროს ვასესხებ.

- უეცრად რომ გამდიდრდე, რას შეცვლი შენს ცხოვრებაში?

- ჩემი მუსიკალური სტუდია მექნებოდა და ბევრს ვიმოგზაურებდი. მოგზაურობა ჩემი ჰობია.

- კარგი ანაზღაურების შემთხვევაში, მიატოვებ საყვარელ საქმიანობას?

- საკუთარ პროფესიას და საყვარელ საქმიანობას არანარი თანხის გამო არ მივატოვებ. მომწონს და მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ.

- შოპინგი გიყვარს?

- კი, შოპინგი ძალიან მიყვარს, ეს პროცესი ხალისით მავსებს. შეძლებისდაგვარად ხშირად ვშოპინგობ.

- კოსმეტიკაში და თავის მოვლის საშუალებებში თვეში რა თანხას ხარჯავ?

- ფიტნესში, მასაჟში, აუზზე - უფრო მეტ თანხას ვხარჯავ, ვიდრე ძვირად ღირებულ კოსმეტიკასა და პარფიუმერიაში. კოსმეტიკას მინიმალურად ვიყენებ. ვცდილობ, ჯანსაღად ვიცხოვრო და ამისთვის უფრო დაუნანებლად შემიძლია ფულის ხარჯვა.

- საფულე შენთვის მნიშვნელოვანი აქსესუარია?

- დიახ და ვთვლი, რომ საფულე ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი აქსესუარია.

- დაასახელე ყველაზე ძვირფასი ნივთი, რაც საკუთარი შემოსავლით შეგიძენია.

- ჯერჯერობით, ასეთი ძვირფასი და ძვირად ღირებული არაფერი შემიძენია. ახლა ვაპირებ ციფრული პიანინოს ყიდვას. იმედია, მალე შევიძენ.

- ამბობენ, - რაც უფრო მეტი ფული გაქვს, მით მეტი მეგობარი გყავსო... ეთანხმები ამ აზრს?

- მოდი, ასე ვიტყვი: რაც უფრო მდიდარი ხარ, მით მეტია შენთან მეგობრობის მსურველი ადამიანი. ნამდვილი მეგობრობა ფულზე დამოკიდებული არ არის.

- საკუთარი საქმიანობა გაძლევს იმის საშუალებას, რომ მატერიალურად დამოუკიდებელი იყო?

- დიახ, როცა ეს საქმიანობა სტაბილურია, რატომაც არა?! მე ვცხოვრობ ჩემი საქმით.

- ფულის ეკონომიურად ხარჯვა შეგიძლია?

- რა თქმა უნდა, შემიძლია. რაც არ მჭირდება, იმას არ ვყიდულობ... ჩემი აზრით, ფული უნდა იყოს არა საუკეთესო ბატონი, არამედ საუკეთესო მონა... ის შენს ხელშია და რისთვისაც გინდა, გამოიყენებ. ფული ჩემთვის უფრო სიმშვიდე და არჩევანის თავისუფლებაა, ვიდრე ძალაუფლება.

- არსებობს ინდური ანდაზა: მატერიალურად ღარიბი ადამიანები, სულიერადაც ღარიბები არიან... რას იტყოდი ამის შესახებ?

- ამ ანდაზას ვერ დავეთანხმები. ყველაფერი ემოციურ ინტელექტზეა დამოკიდებული, რომელიც ან აქვს ადამიანს, ან არა. ფული სულიერებას ნამდვილად არ განსაზღვრავს.

- ავტომობილი თუ გყავს?

- დიახ, მყავს. მოწესრიგებული მძღოლი ვარ. მოძრაობის წესებს თითქმის არასდროს ვარღვევ.

- ანუ ჯარიმები თვიდან თვემდე არ გიგროვდება და ამ ყველაფერში ფულის გადახდა არ გიწევს?

- სულ რამდენჯერმე დამაჯარიმეს და პატიოსნად გადავიხადე (იცინის).

- საბანკო მომსახურებით ხშირად სარგებლობ?

- გამორიცხულია, დღეს ბანკის მომსახურების გარეშე იცხოვრო და გამონაკლისი, არც მე ვარ. ზოგადად, მოწესრიგებული ადამიანი გახლავართ და ფულთან დაკავშირებით დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. არ მიყვარს ვალის აღება.

- გაქვს უნარი და იმის ნებისყოფა, რომ რაიმეს შესაძენად ფული შეაგროვო?

- ადრე ფულის შეგროვებას ვახერხებდი, მომწონდა ეს პროცესი, ახლა კი საამისოდ ნებისყოფა არ მყოფნის.

- ყოველთვიურად რამდენი ლარი გეყოფა?

- ასე ვერ დავკონკრეტდები. ვისურვებდი, ჩემი ყოველთვიური შემოსავალი იმდენი იყოს, რამდენიც მეყოფა საიმისოდ, რომ საკუთარი თავი გავანებივრო.

- საამისოდ ვთქვათ, თვეში 3.000 ლარი საკმარისი იქნება?

- როგორ არა, მაგრამ აჯობებს, უფრო მეტიც თუ იქნება. რადგან ოცნებაა, ოცნება იყოს და ვისურვებდი, თვეში 10.000 ლარი მქონდეს შემოსავალი - ეს თანხა ყველაფერში მეყოფოდა (იცინის).

სოფო ჭონიშვილი