"სცენაზე და ცხოვრებაში სხვადასხვა ადამიანი ვარ" -მოუსვენარი და ემოციური ვერკა ჯაჯანიძე - გზაპრესი

"სცენაზე და ცხოვრებაში სხვადასხვა ადამიანი ვარ" -მოუსვენარი და ემოციური ვერკა ჯაჯანიძე

რამეში თუ არ გეთანხმება, რაც უნდა გაუკეთოთ, ვერაფერს დაუმტკიცებთ. თავი დაანებეთ და ბედნიერი იქნება. თუ გაბრაზდა, უფრთხილდით, სტიქიასავით დაუნდობელია და ყველაფერ გზად შემხვედრს ანადგურებს. განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქათინაურების მიმართ. უთხარით უმნიშვნელო კომპლიმენტი და მისი გული მოგებული გექნებათ", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ კუროს, ეს კი მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია მაინტერესებს, მაგრამ ამ სფეროში ბევრი არაფერი ვიცი.

- "სოლიდური, მშვიდი ადამიანია. რამეში თუ არ გეთანხმებათ, რაც უნდა გაუკეთოთ, ვერაფერს დაუმტკიცებთ. თავი დაანებეთ და ბედნიერი იქნება".

- ნამდვილად ასეა! რისკიანი ნაკლებად ვარ, მაგრამ ზოგჯერ, საოცარი წინათგრძნობა მაქვს. ახლახან მეუღლეს კონკრეტულ საქმეზე ვეუბნებოდი, - ასე ნუ გააკეთებ, არ გინდა-მეთქი. არ დამიჯერა და მეორე დღესვე ინანა: უხ! რა ენა გაქვსო (იცინის). თამამი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, სინამდვილეში, ასეთი არ ვარ. რასაც ხელს ვკიდებ, ყველა საქმე ბოლომდე მიმყავს.

- "თუ გაბრაზდა, უფრთხილდით, ასეთ დროს სტიქიასავით დაუნდობელია და ყველაფერ გზად შემხვედრს ანადგურებს".

- ასეთი რამ არ მახასიათებს. არაერთხელ გავბრაზებულვარ, მაგრამ წყენის გულში დატოვება არ ვიცი, მალე მავიწყდება.

- იმ წუთებში შენს ემოციას როგორ გამოხატავ?

- ვბრაზდები თუ არა, ეგრევე გული მიჩუყდება და ტირილს ვიწყებ. უხეში და მყვირალა არ ვარ.

- "სასურველ მამაკაცს დევნას არასდროს დაუწყებს. ურჩევნია, მოხიბლოს თავისი რჩეული და აიძულოს, თვითონ ელტვოდეს".

- ბიჭებთან არასდროს მიაქტიურია. შორიდან სხვაგვარი ადამიანი ვჩანვარ. ვინც ახლოს გამიცნობს, ყველა აღნიშნავს, - სხვანაირი ყოფილხარო, მათ შორის, ბავშვებიც. ხალხისგან დიდ სითბოს ვგრძნობ. ჩემი მეუღლე "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონის პერიოდში გავიცანი. ძალიან იაქტიურა და ამ ყველაფერში გოჩა ჩერტკოევი დაეხმარა. დაოჯახების გადაწყვეტილება მალე მივიღეთ. ახლა დემეტრე გვყავს, შვილი გვაბედნიერებს.

- დემეტრე როგორი ბიჭია?

- უპრეტენზიო ბავშვია. ფეხმძიმობის პერიოდში ექიმმა წოლითი რეჟიმი დამინიშნა, მე კი ვცეკვავდი და ამას არ ვუმხელდი, ერთი დღეც კი არ დავწოლილვარ. 4 თვემდე სცენაზე ვიდექი და მეწყვილესთან ერთად, რთულ მოძრაობებს ვაკეთებდი. მეხუთე თვიდან მუცელი დამეტყო და მერე თავი დავანებე, მაგრამ ბავშვებს ბოლო დღემდე ვამეცადინებდი. მშობლები თვალებზე რომ ხელს იფარებდნენ და შესძახებდნენ, - ვაიმე, რას აკეთებსო! მერე მახსენდებოდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და აღარ უნდა მეცეკვა. ყველა ამბობდა: დედა მოცეკვავეა, მამა - ფეხბურთელი, ძალიან მოუსვენარი ბავშვი დაიბადებაო. დემეტრე კარგი გასაზრდელია. ხშირად მესმის დედებისგან: ბავშვი ღამეებს მათენებინებს, მეორეს ვეღარ გავაჩენო და ა.შ. მსგავსი განცდა არასდროს მქონია. მინდა, მეორე შვილიც მყავდეს, მესამეც...

ჩემი და დემეტრეს პირველი შეხვედრა კურიოზი იყო. ბავშვები აერიათ, სხვისი შვილი მომიყვანეს. მასთან ერთად სელფები გადავიღე და მეუღლეს გადავუგზავნე. ირაკლიმ მომწერა, - დარწმუნებული ხარ, რომ ეს ჩვენი შვილიაო? მას ნანახი ჰყავდა უკვე და ფოტოზე ვერ ამოიცნო. თურმე, ქერა, პატარა გოგოსთან ერთად ვპოზირებდი. ექთანს არევია, ჩემი შვილისთვის ნაყიდი ტანსაცმელი სხვა ახალშობილისთვის ჩაუცმევია. წარწერას რომ დავხედე, აღმოვაჩინე, რომ სხვა იყო.

- "ბუნებით ამაყია".

- სცენაზე და ცხოვრებაში სხვადასხვა ადამიანი ვარ. სცენაზე ძალიან თამამი გახლავართ. ჩემს ცეკვას რომ ვუყურებ, საკუთარი თავის მიკვირს. ბავშვობიდანვე რაღაცნაირი გიჟი ვიყავი. სცენის მიღმა კი ძალიან უბრალო, კომპლექსიანი და მორცხვი გახლავართ.

- რომელი ვერკა უფრო მოგწონს?

- მომწონს, რომ ასეთი ვარ. არ მომწონს ზედმეტად ამაყი ადამიანები, ეგეთებთან ვერ ვმეგობრობ. თავმდაბალ, უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა მირჩევნია.

- "ყოველგვარ უსიამოვნებას ვაჟკაცურად ხვდება, დასახული მიზნისკენ მტკიცედ მიიწევს".

- კი, ჩემს ცხოვრებაში ბევრი ასეთი მომენტი ყოფილა. რაიონში გაზრდილი ვარ. დღემდე, ბავშვებისთვის მაგალითად ჩემი თავი მომყავს. როგორ პირობებში ვვარჯიშობდი და დღეს როგორი დარბაზებია, ათასი სემინარი და შეჯიბრება ტარდება. ამათ ყველანაირი პირობა აქვთ საიმისოდ, რომ წარმატებას მიაღწიონ. მე კი, რაიონში წითელი ლამპის განათებაზეც ვვარჯიშობდი, კასეტიანი მაგნიტოფონი გვქონდა, რომელიც დენზე იტენებოდა და დიდხანს რომ გაეძლო, კასეტას კალმით ვატრიალებდით. სტუდენტი რომ გავხდი, მერე თბილისში წამოვედი. ჩემი ჭიათურელი მეწყვილე თბილისში ერთი წლით ადრე ჩამოვიდა და ბუნებრივია, მას სხვა მოცეკვავე დაუყენეს. მე რომ ჩამოვედი, მოვინდომეთ ისევ ერთად გვეცეკვა და მახსოვს, პედაგოგმა უთხრა, ვერკასთან არ დადგე, კარგი გოგო არ არისო. დღეს ბატონი თენგიზი ჩემი შედეგებით კმაყოფილია, მაგრამ ვახსენებ ხოლმე, - როგორ იყო, ჩემზე ასე რომ თქვით-მეთქი. სტუდენტი ვიყავი, ქირით ვცხოვრობდი, უნივერსიტეტის გადასახადი ჩემი შრომით გადავიხადე. მე და ჩემი მეწყვილე მაშინ რესტორანში 4 ცეკვას, 25 ლარად ვასრულებდით. წარმატება ჩემთან ადვილად არ მოსულა, მაგრამ შრომა მაინც დამიფასდა.

- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, სხვისი აზრის გათვალისწინება შეგიძლია?

- რა თქმა უნდა. პროფესიაში თეა გობეჯიშვილის სიტყვა ჩემთვის კანონია. როცა ვეკითხები, რა როგორ უნდა გავაკეთო და რჩევას მაძლევს, მის ნათქვამს ყოველთვის ვითვალისწინებ.

- "განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქათინაურების მიმართ. უთხარით უმნიშვნელო კომპლიმენტი და მისი გული მოგებული გექნებათ".

- კი, უმნიშვნელო შექებაც ძალიან მახარებს. ვცდილობ, ყოველთვის ისე მოვიქცე, რომ კომპლიმენტები დავიმსახურო.

- "ზოგჯერ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა უყვარს".

- ტყუილია. ჩემს ცხოვრებაში ცხვირს სრულიად უცხო ადამიანებიც რომ ყოფენ, ეს ძალიან მაღიზიანებს. ჩემი ქორწილი ხომ საერთოდ, განსახილველი თემა იყო. ქორწილის შემდეგ ვიჯექი და ვტიროდი, მეუღლე კი მეჩხუბებოდა, ასე რატომ იქცევიო?

- რატომ ტიროდი?

- მოცეკვავე ვარ და გაშლილ დიდ კაბას ვერ ჩავიცვამდი. ჩემი სხეული ისეთი უშნო არ არის, რომ ვერ გამოვაჩინო. გადავწყვიტე, კაბა შემეკერა, ქსოვილი შევიძინე და სტუდიის მკერავებთან მივედი. თავდაპირველად არ გვქონდა ჩაფიქრებული, რომ გამჭვირვალე კაბა ყოფილიყო, მაგრამ სარჩული რომ დავუდეთ, იმდენად უბრალო და არაეფექტური გამოვიდა, ჩემს გემოვნებაში არ ჯდებოდა. ცეკვიდან გამომდინარე, გავთამამდი და მეუღლეს ვუთხარი, - სხეულის შეღებვას ვაპირებ და კაბა რომ გამჭვირვალე იყოს, პრობლემა ხომ არ იქნება-მეთქი? ქორწილი ერთხელ გვაქვს და შენ როგორი კაბაც გინდა, ისეთი ჩაიცვიო. მისმა პასუხმაც გამათამამა. ფოტოები რომ გავრცელდა, ცუდი კომენტარების ნიაღვარი წამოვიდა, პირად შეტყობინებებსაც კი მიგზავნიდნენ. არავის დაუწერია, ბედნიერებას გისურვებო.

- მოუსვენარი ხარ?

- კი. ახლა აქ ჩემი მეუღლე რომ იყოს, ჩემს მოუსვენრობაზე უკეთესად ილაპარაკებდა. სახლში როგორი დაღლილიც უნდა მივიდე, ღამის 3 საათიც რომ იყოს, რამე თუ გასარეცხი ან დასალაგებელია, აუცილებლად დავალაგებ და მერე დავიძინებ. უწესრიგობა არ მჩვევია, საჭმელსაც ვაკეთებ, ვალაგებ და ა.შ.

- ხასიათი ხშირად გეცვლება?

- კი. საქმეში ძალიან მკაცრი ვარ. სულ ახალი იდეები მაქვს, მაგრამ გაუაზრებლად რისკზე არასდროს მივდივარ. წინ მშვიდად, წყნარად მივიწევ ისე, რომ რეალობას არ ვწყდები.

რა დროს ბრაზობს საკუთარ თავზე იესპერ ბლექი

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ჩემი მეწყვილე იესპერ ბლექი ძალიან საინტერესო ადამიანია. ყველაზე მაღალია მოცეკვავე ვარსკვლავებს შორის და გოგონებს შორის მეც ყველაზე მაღალი ვარ. შესაძლოა, ჩვენი დაწყვილება ამიტომაც მოხდა. ძალიან შრომისმოყვარე ვარ. სტუდიებში ვმუშაობ, რესტორანში ყოველ საღამოს ვცეკვავ, სამ კერძო ბაღში ვასწავლი, გამოვდივარ კორპორაციულ საღამოებზე... მოკლედ, ისეთი რეჟიმი მაქვს, თავისუფალი წუთიც არ მრჩება. ბავშვი 9 თვის არის, ისე გაიზარდა, ვერც ვიგრძენი. დედა მეხმარება, ოჯახი ხელს ძალიან მიწყობს. იესპერმა ჩემი გრაფიკის შესახებ რომ გაიგო, გაოცებული დარჩა, - ჩემი თავი მეგონა ძალიან მშრომელი და აღმოვაჩინე, რომ ზარმაცი ვყოფილვარო.

- როგორი ხასიათი აქვს?

- პატარა ბავშვივით არის. ხანდახან ისეთ რამეს მეკითხება, რომელიც წინადღეს ავუხსენი და მეგონა, გავაგებინე. პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. მეუბნება, - ვხვდები, სწორად არ ვმოძრაობ, მაგრამ ტანი არ მომყვებაო. მერე საკუთარ თავზე ბრაზობს, ხასიათი უფუჭდება. შეკითხვა დამისვა, ამ პროექტის სხვა სეზონის მეწყვილეებს შორის მე ყველაზე კარგი ვარ თუ ყველაზე ცუდიო? ჩვენი ქვეყნით აღფრთოვანებულია. მკითხა, ნანახი მქონდა თუ არა მისი ჩამოსვლის ამსახველი ვიდეო, პრემიერთან შეხვედრა და. აშ. საქართველო ძალიან მოსწონს, მისი მშობლებიც ჩამოვიდნენ. უპრეტენზიოა. თვალებში მიყურებს, - შენ როგორც გინდა, შენ როცა მეტყვი, ისე ვივარჯიშოთო. იესპერი საქართველოში უკვე უყვართ. ძალიან თბილად ხვდებიან, ფოტოების გადაღებას სთხოვენ და ეს ძალიან მოსწონს. თავადაც თბილი ადამიანია.

თამუნა კვინიკაძე