მიხატული ყურები, "დასჯილი" მასწავლებლები და "ნაცემი" რაიკომის პირველი მდივანი - გზაპრესი

მიხატული ყურები, "დასჯილი" მასწავლებლები და "ნაცემი" რაიკომის პირველი მდივანი

დიდი წარდგენა არ სჭირდება საქართველოს სახალხო არტისტს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს ჯემალ ჭკუასელს. ენამოსწრებულ გურულს ღიმილის მომგვრელ ხუმრობებს რა დაულევს?!

ხუთიანი სიმღერაში

- ვსწავლობდი გურიაში, სოფელ შემოქმედში. მეშვიდე კლასამდე ფრიადოსანი ვიყავი, მერვეში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა. ამის მიზეზი ერთი ლამაზი გოგონა გახლდათ, რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა და საკლასო ჟურნალში ორიანების მომრავლებაც მაშინ დაიწყო. უკვე პირველი მეოთხედის ბოლოს, ყველა საგანში ორიანი მყავდა. ერთადერთი, ფრიადი სიმღერაში მეწერა. მამა მკაცრი აღმზრდელი იყო. ეს იცოდნენ და ბევრი ყოყმანის შემდეგ, მაინც გადაწყდა, სკოლაში მიეწვიათ. სამასწავლებლოში მეც ვიყავი. სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჭანუყვაძემ მორიდებით გადაუშალა მამას სკოლის ჟურნალი, თანაც, შუაში ჩადგა, ბავშვი არ შემოაკვდესო (ამისი მეც მეშინოდა). მამამ ყურადღებით გადაათვალიერა ჩემი "წარმატებების" ამსახველი ორიანების რიგი და ბოლოს იკითხა: - ხუთიანი რაში აქვს? - სიმღერაში, - უპასუხეს ხალისიანად. - სიმღერა მე ვასწავლე და თქვენ არაფერს აკეთებთ აქანა? - თქვა და მკაცრად გადახედა სახტად დარჩენილ მასწავლებლებს.

ფეხბურთის თამაში და პასპორტი

- ერთ ზაფხულს ჩავედით მე და ჩემი ძმა სოფელში. გავიხსენეთ ახალგაზრდობა, ბურთი გამოვიტანეთ და თამაში დავიწყეთ. წუთიც არ იყო გასული, გადაჩვეულს ამიცდა ბურთზე ფეხი, დავვარდი და ლამის ხელი მოვიტეხე. ამ დროს, დაბარებულივით გამოჩნდა ჩემი ნათლული, ჯონდო დუმბაძე. - რა მოგივიდა? - მკითხა შეწუხებული ხმით. ავუხსენი ყოველივე. - პასპორტი თუ გაქვს აქანა? - პასპორტი რა შუაშია, ან რას მიშველის-მეთქი? - რას და, ჩეიხედე შით, ნახე, რამდენი წლისა ხარ და არ მეიტეხ კისერსო. უგერგილოდ გავიხედე გვერდზე. იქვე ახლოს, ჯონდოს უფროსი ვაჟი იდგა და მამამისის პასუხით კმაყოფილი, იღიმოდა. ვითომ აქ არაფერიაო, ყმაწვილს გამოველაპარაკე: დათო, ნოტების ფურცელი მაქვს, ფანქარიც, რაღაცები უნდა ჩავიწერო და საშლელი მჭირდება. როგორც ბეჯით მოწაფეს, აუცილებლად გექნება და მათხოვე-მეთქი. რისი ბეჯითი, მერვე კლასში მეორედ იყო ჩარჩენილი. - მე უშეცდომოდ ვწერ, ჯემალი ბიძიაო, - მომახალა და დინჯად, ფშვიტინ-ფშვიტინით გაუყვა გზას მდინარისკენ. სოფელში ძალზე ცხელოდა. იმ დღეს, ყველაზე მეტად, ალბათ, მე მცხელოდა.

"შეფასება, რომელმაც დაგვასამარა"

- ერთხელ მე და ჩემი ძმა მამაჩემის მეგობრებთან ერთად, სოფელში სუფრასთან ვისხედით. უნდა იცოდეთ, რომ ეს უბადლო მომღერლები არასოდეს აძლევდნენ თავს უფლებას, ზომაზე მეტი ღვინო დაელიათ. ისხდნენ, გალობდნენ და წვრილი ჭიქებით შეექცეოდნენ სასმელს. ჩვენ, როგორც "დიდი შერმანდის" (ასე მოიხსენიებდნენ მამას) შვილებმა, ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, რომ გურული სიმღერა შეგვესრულებინა. რომ დავამთავრეთ, სუფრა საეჭვოდ გაირინდა. ვარლამ სიმონიშვილს გადავხედეთ, როგორც უხუცესსა და უპირველეს შემფასებელს. ვარლამი ეშმაკურად იღიმოდა, თან ტარაკნის კუდივით დაგრეხილ ულვაშს ეფერებოდა. - ბიჭებო, - გაისმა მსაჯულის ხმა, - მეტით ვერაფრით მოკალით მამათქვენიო? - დაგვასამარა ამ შეფასებით.

თხელი თუ სქელი მჭადი

- დედაჩემი, ანა გალოგრე მეუღლის ყველა სურვილის შემსრულებელი იყო. სტუმრის მოსვლაც ძალიან ახარებდა. როგორც კი ჭიშკართან ვინმე გამოჩნდებოდა, მობრძანდითო, - შესძახებდა და სამზარეულოსკენ გარბოდა. ასე გრძელდებოდა მთელი მათი თანაცხოვრების მანძილზე. ცოლ-ქმარი ერთ რამეში ვერ თანხმდებოდა ვერაფრით: მამას თხელი მჭადი უყვარდა, დედას - კეცის, სქელი მჭადი. იყო ამაზე გაუთავებელი საყვედურები შერმანდის მხრიდან. ერთხელ დედამ თხელი მჭადი შემოიტანა. მამას გაუხარდა და მეუღლე შეაქო: ასე არ ჯობია, ანიჩქა? დედამ ჩაიღიმა, თავსაფარი შეისწორა და მორცხვად ჩაილაპარაკა:

"ფქვილი არ მეყო, თვარა..."

მამის მუშტი

- კოლორიტული პიროვნების, მიშიკო შენგელიას ცხოვრება თავიდანვე მრავალი მოულოდნელობითა და ანეკდოტური მოვლენით იყო სავსე. ღვინის სმასაც ადრეულ ასაკში მიჰყო ხელი. ვაჟიშვილის გაუთავებელი სიმთვრალე აღიზიანებდა დათიკო ბიძიას. ერთ დილით განუცხადა უფროს ვაჟს, - თუ დღესაც მთვრალი მოხვალ, ერთს კარგად დაგჩეჩქვავო. მიშიკომ წინასწარ იცოდა, რომ იმ დღესაც უნდა დამთვრალიყო. ამიტომ დედას, ქალბატონ ქეთინოს სთხოვა: ვიცი, დღესაც მთვრალი უნდა მოვიდე და გთხოვ, კარი შენ გამიღეო. პაროლი - კარზე ხორუმის რიტმით დაკაკუნება იქნებოდა. მიშიკო შუაღამისას კარგა გამობრუჟული მივიდა სახლში. დაუკრა ხორუმი კარზე და გადაეხვია დედას: რა ბედნიერი ვარ, რომ გადამარჩინე მამას რისხვასო. სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, ჯერ მამის მუშტი მოხვდა ცხვირში, მერე კარგი პანღურიც მიიღო: ისე როგორ დათვერი, შე მამაძაღლო, რომ დედას და მამას ვეღარ არჩევო?

"რა გვარისა ბრძანდებით?"

- ერთი უფროსი მეგობარი მყავდა, თენგიზ გოგოტიშვილი, ცნობილი კაცი, შესანიშნავი მუსიკოსი და მოქალაქე (ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა). მეგობრის ოჯახში ვიყავით მიწვეული. თენგიზის გვერდით ერთი მშვენიერი გოგონა იჯდა, მოკლე კაბით. მიუხედავად იმისა, რომ თენგიზი ძალზე პატიოსანი კაცი გახლდათ, დროდადრო მაინც გაურბოდა თვალები ზომიერად ჩაპუტკუნებული გოგონას მოქათქათე, დაუფარავი მუხლისთავების ზემოთ. - გოგონი, რა გვარისა ბრძანდებით? - ჰკითხა თენგიზმა. - კალმახელიძე, ბატონო, - უპასუხა ქალიშვილმა. - რა ვქნა, მე მაინც ბარკალაია მგონიხართო, - გაშალა ხელები კაცმა.

შეშინებული

- როგორც კი ჩემს სოფელში ჩავალ, პირველად გურამთან შევივლი. გავიხარებთ ერთმანეთის ნახვით. ერთხელაც, ეზოში უჩვეულოდ ჩაფიქრებული და დაღონებული დადიოდა. შეშფოთებულმა ვკითხე: რა იყო, გურამ, რა გჭირს-მეთქი? - დამეთხუე, ჩემო ჯემალია ერთი, ნამეტანი გლახათ წევიდა ჩემი საქმე. სამსახური რომ დავკარგე, ნაღდია, მარა ალბათ, დამიჭერენ კიდეცო. - ე, ბიჭო, თქვი, რა ქენი ამისთანა? - რა ვქენი და ახლა, ა, ხუთი წუთის წინ, რაიკომის პირველი მდივანი მის კაბინეტში ვლანძღე, გავათახსირე, ვაგინე ყოლიფერი; ბოლოს ვჯეჯგვე ცხვირ-პირში, ვადინე სისხლი და გამოვედი გარეთო. - ეს რა გიქნია? მერე რა გითხრა რაიკომის მდივანმა-მეთქი? - რა უნდა ეთქვა, თვითონ კი არ იყო იქანეო...

ქუთაისელი ავტოინსპექტორი

- ქუთაისის სასტუმრო "თბილისში" სტუმარს ელოდნენ. მეც იქ ვიდექი, სადაც სპეციალურად დააყენეს ავტოინსპექტორი, რათა სასტუმროს წინ არც ერთი მანქანა არ გაჩერებულიყო. დავალებას ინსპექტორი პირნათლად ასრულებდა. ამ დროს ვიღაც მძღოლმა მანქანა ზედ ტროტუარზე, სასტუმროს წინ გააჩერა, შესასვლელთან ჩააქრო ძრავა და საჭესთან მჯდარი უდარდელად დაეყრდნო მინაჩამოშვებული მანქანის კარს. ინსპექტორმა მიმართა, - გეიყვანე, ბიჭო, მანქანა იქითო. მძღოლმა ყურადღება არ მიაქცია, ვითომ არ მესმისო. მილიციელმა სასტვენიც მოიშველია - არც ამან გაჭრა. წესრიგის დამცველმა ხმას აუწია. როცა საქმეს არც ამან უშველა, მაშინ ავტოინსპექტორი მანქანასთან მივიდა და გაჯიქებულ მძღოლს შიგ ყურში ჩასძახა: ბიჭო, შენ მაი ყური მიხატული ხომ არა გაქვს?

ჩემი გუნდი

- 1996 წლის 26 მაისს, ჩემს გუნდთან ერთად, პარლამენტის შენობის წინ ვიდექი. მოულოდნელად მოედანზე, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გამოჩნდა მრავალრიცხოვანი ამალის თანხლებით. შეგვამჩნია და წამოვიდა ჩვენკენ. მოგვესალმა, მოგვილოცა დღესასწაული. შემდეგ, თითქოს შემოგვჩივლა - "ძალიან მიყვარს სიმღერა. მეც სიამოვნებით ვიმღერებდი, მაგრამ გუნდი არ მივარგა", - და ცერა თითით, მის ზურგს უკან მდგომ მთავრობის წევრებზე მიგვანიშნა. მინდოდა მეთქვა, - ბატონო ედუარდ, ჩემი გუნდი მე თვითონ შევარჩიე-მეთქი, მაგრამ ვერ გავბედე.

"კტო ტამ?"

- ნაბახუსევზე ხაშს მივირთმევდით. ბატონი ბიძინა კვერნაძის გვერდით მჯდომი კაცი ხაშს ხვნეშით შეექცეოდა. ჭამა დაამთავრა, თუმცა ძვალს, რომლის შუაგულში ტვინი ეგულებოდა, ვერაფრით შეელია. ძვალი ჯერ მეზღვაურის ჭოგრიტივით ეჭირა ხელში და გასცქეროდა, შემდეგ ნათურისკენ შებრუნდა და მონადირე რომ თოფის ლულას ჭვრეტს დიდი ხნის მანძილზე, ისე უჭყიტინებდა. ასე რომ ვერაფერი გააწყო, ხან დანით, ხან ჩანგლით, ხან რით და ხან რით დაიწყო გაუთავებელი კაკუნი. უხერხულ, დაძაბულ სიტუაციაში გაისმა ბიძინას შეწუხებული ხმა: "კაცო, სანამ მაქედან ვინმე არ დაგიძახებს, "კტო ტამო", მანამ არ დაანებებ მაგ ძვალს თავს?"

ნანული ზოტიკიშვილი