"უ­არ­ყო­ფი­თი ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბობს უარ­ყო­ფი­თი ქცე­ვა" - გზაპრესი

"უ­არ­ყო­ფი­თი ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბობს უარ­ყო­ფი­თი ქცე­ვა"

ეკატერინე ხვედელიძე გახლავთ გოგონა, რომელმაც "მის მკერდის" კონკურსში "მის ინტელექტის" ნომინაციაში გაიმარჯვა, მაგრამ თავადაც არ იცის, რა იყო ის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რის საფუძველზეც, ამ ნომინაციის რჩეულად დაასახელეს.

- არ ვიცი, ამ ტიტულს რამდენად ვამართლებ. ცოდნა კონკრეტულ სიტუაციაში უნდა გამოიყენო.

აქტიური მკითხველი ვერ ვარ, რადგან ერთ-ერთ კაზინოში ბარმენად ვმუშაობ და დროის უმეტეს ნაწილს ამ საქმეს ვახმარ. შედარებით აქტიური მკითხველი სტუდენტობის და ბავშვობის წლებში ვიყავი. ყოველთვის უცხო ენები მიტაცებდა, იყო პერიოდი, როცა გერმანიაში წასვლას ვაპირებდი. გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით ჩავაბარე, მაგრამ შემდეგ გეგმა შემეცვალა, რადგან ევროპაში გამგზავრება ვეღარ მოვახერხე. უცხო ენების პარალელურად, ყოველთვის სიმღერა მიტაცებდა.

მწერლობაში გამორჩეულად საყვარელი ავტორის დასახელება ყოველთვის მიჭირს. ჩემი აზრით, უინტერესო წიგნები არ არსებობს. ყველა წიგნში ერთი ისეთი ეპიზოდი მაინც არის, საიდანაც რაღაც შეიძლება ისწავლო.

ძალიან მიყვარს პოეზია. ლექსები ზეპირად ნაკლებად მამახსოვრდება. მიყვარს, როცა ლექსებს მიძღვნიან, ასეთი შემთხვევა არაერთხელ მქონია. ტელეფონში ჩანაწერებსაც კი ვინახავ. ლექსს საყვარელი ადამიანი თუ მიძღვნის, მიხარია, მაგრამ "დასაკერად" არცთუ კარგი მეთოდია.

ბავშვობიდან გამომყვა ემოცია, რომელიც "ბიძია თომას ქოხის" წაკითხვისას დამეუფლა. მაშინ ამ ნაწარმოებმა ჩემზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, დღემდე გამორჩეულად მახსოვს.

რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან ვიმეგობრებდი? დადებითი პერსონაჟები მომწონს, მათგან კარგ თვისებებს ვიღებ, მაგრამ არანაკლებ საინტერესოები არიან უარყოფითი გმირები. ვთვლი, რომ უარყოფითი ადამიანი არ არსებობს, არსებობს უარყოფითი ქცევა. ასეთი ქცევების მქონე ადამიანებს შეიძლება ბევრი დადებითი თვისება შესძინო. რეალურ ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა არაერთხელ მქონია. ამ ადამიანების შენკენ მობრუნება ყველაზე საინტერესოა. საშიშროებას, რომ მოახდინოს ჩემზე გავლენა და უარყოფითისკენ შემცვალოს, საერთოდ ვერ ვხედავ.

მამაკაცი პერსონაჟებიდან რომელი შემიყვარდებოდა არ ვიცი, შესაძლოა, ყველაზე უარყოფითი გმირიც კი შემყვარებოდა, რადგან მასთან ყველაზე მეტი სამუშაო მექნებოდა. ყველაზე დიდ სიამოვნებას ის მანიჭებს, ადამიანს ცხოვრებისკენ თუ შემოვაბრუნებ.

ემოციური ვარ, მაგრამ წიგნების კითხვის ან ფილმების ნახვისას არასდროს მიტირია. როცა ადამიანი საკუთარ თავგადასავალს მიყვება, მაშინ შეიძლება ავტირდე.

ინტელექტუალური თამაშები მიყვარს, მაგრამ წლებია არ მითამაშია. სამსახურში ხშირად ღამისთევა მიწევს, რაც ჩემს მეხსიერებაზე ცუდად აისახება. ახლაც არ ვარ გამოძინებული და სიმართლე გითხრა, ვნერვიულობ.

- "ბუნების წესია ასეთი, მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება, ყბედი - მდუმარეს, ხოლო ლაჩარი - გმირს", რომელი ცნობილი ქართველი კლასიკოსია ამ სიტყვების ავტორი?

- არ ვიცი.

- კონსტანტინე გამსახურდია. რომელი მეფის შვილი იყო ლაშა-გიორგი?

- თამარ მეფის.

- რომელი წიგნიდან მოდის გამოთქმა "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა"?

- ბიბლიიდან.

- რომელი ქართველი მოქანდაკე მუშაობდა როდენთან?

- არ ვიცი.

- იაკობ ნიკოლაძე. რას ესროდნენ მოწინააღმდეგეს დუელში გამოსაწვევად?

- ხელთათმანს.

- რომელ ფილმში განასახიერა იპოლიტე ხვიჩიამ თავისი მოსახელე გმირი?

- ვიცი ეგ ფილმი, სახელწოდება უნდა გავიხსენო (პაუზის შემდეგ), "მხიარულ რომანში" იპოს ეძახიან.

- ისინი ძმები იყვნენ ადოლფი და რუდოლფი. სავაჭრო ბაზარზე მათი დაპირისპირება პირად სიძულვილში გადაიზარდა. ისინი ცნობილი ფირმების დამაარსებლები იყვნენ. დაასახელე ეს ფირმები.

- არ ვიცი.

- სპორტული ხაზით მუშაობდნენ.

- ვერ გიპასუხებ.

- ადიდასი და პუმა. მულტფილმები გიყვარს?

- ძალიან.

- ვის მიმართა დახმარებისთვის წუნამ მულტფილმში "წუნა და წრუწუნა"?

- ფიცხელას.

- ერთხელ სალვადორ დალის ერთ-ერთმა პარფიუმერიულმა ფირმამ შეუკვეთა ფლაკონი ახალი სუნამოსთვის. დალიმ ჩვეული ორიგინალობა გამოიჩინა. სახლში მოიძია საყოფაცხოვრებო ნივთი, მას მოხსნა ვერცხლისფერი თავი, ოქროსფრად შეღება და თქვა, რომ ეს ფლაკონის თავსახურის მაგივრობას გასწევდა. დამკვეთებს კი ურჩია ახალი სუნამოსთვის "გაელვება" დაერქმიათ. რომელი ნივთი გამოიყენა დალიმ?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ეს საყოფაცხოვრებო ნივთი ყველა ოჯახშია.

- ვერცხლისფერი თავსახური და გაელვება, თან ფლაკონის ფორმა. რა შეიძლება იყოს (ფიქრობს)? ნათურა, არა?

- დიახ. "ჩემი თავია ჩემივე მტერი, თავი რომ არა, მე რა დამწვავდა". რომელი ნივთის მონოლოგია მიხეილ ქვლივიძის ეს სიტყვები?

- არ ვიცი.

- "შეშლილი ქარი კვლავ მედავება აფრიალებას შენი კაბისას.../ ნუთუ არსებობს, რომ მე დავება,/ ნუთუ გაიტანს ქარი თავისას?/ სულელი სეტყვა ჰყრის მარგალიტებს,/ რომ დაგამშვენოს ცივი მძივებით,/ შემთვრალი მთვარე თვალს არ გარიდებს/ გადარეულა შენი წვივებით./ წვიმა თავნება პირსახეს დაგბანს,/ მოგიალერსებს სველი ხელებით/ და შეეცდება ზეცა შენს დაბმას, ოცნების მსგავსი მარგალიტებით,/ მაგრამ უქმეა მათი ხარჯები/ ვიცი, რომ მაინც ჩემთან დარჩები". დაასახელე ამ ლექსის ავტორი.

- ნიკო გომელაური.

- რა ერქვათ ძველ საბერძნეთში მხატვრებს, რომლებიც კურტიზანებს მაკიაჟს უკეთებდნენ?

- არ ვიცი.

- პორნოგრაფები. რძალი, მაზლი, სიძე, სიმამრი - მათგან რომელი ნათესავი არ შეიძლება ჰყავდეს კაცს?

- მაზლი.

- რომელ ქალაქშია იუნესკოს შტაბბინა?

- არ ვიცი.

- პარიზში. რა ჰქვია ინდიელის ფეხსაცმელს?

- არ მახსენდება.

- მოკასინი.

- უი! ეგ ვიცოდი.

- რომელ მთაზე არ არის ნებადართული ქალისთვის ფეხის დადგმა?

- ათონის მთაზე.

- ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე მოცულობის რომელი ერთეულია ხმარებაში ფასთან მიმართებაში.

- ბარელი, სწორად ვამბობ?

- დიახ. რომელი გამონათქვამია უფრო სწორი - 14+9, არის 22, თუ უდრის 22-ს?

- (იცინის) უდრის 22-ს.

- დარწმუნებული ხარ?

- კი. მთავარია, პასუხი სწორია.

- რა არის სწორი?

- (ფიქრობს) ა! 22 არ არის საერთოდ.

- რა ჰქვია მკითხაობას ხელზე ხაზების მიხედვით?

- არ მახსოვს.

- ქირომანტია.

- ჩემთვის არასდროს უმკითხავიათ, არადა, ძალიან მაინტერესებს.

- რომელ მომღერალს ეკუთვნის მილიონზე მეტი ტირაჟით გაყიდული ფირფიტების პირველი რეკორდი? ფრენკ სინატრას, ჯო დასენს, კარუზოს თუ ელვის პრესლის?

- ელვის პრესლის, არა?

- კარუზოს ეკუთვნის. "საუკეთესო ან არაფერი", რომელი ცნობილი ავტომწარმოებელი ფირმის დევიზია ეს სიტყვები?

- არ ვიცი.

- "მერსედესის". რა ემართება ადამიანის თვალის გუგას, როცა ის რაიმე საინტერესოს ისმენს?

- ფართოვდება.

- დაასახელე როკვარსკვლავი, რომელიც სცენაზე დააპატიმრეს.

- ვერ ვიხსენებ.

- ჯგუფ "დორსის" სოლისტი იყო.

- არ ვიცი.

- ჯიმ მორისონი. რომელი ითვლება მდინარის თევზებიდან ყველაზე დიდ თევზად?

- არ ვიცი.

- ლოქო. მზის სისტემაში რომელია ყველაზე დიდი პლანეტა?

- არ ვიცი.

- იუპიტერი. საქართველოში რომელია ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქი?

- არ ვიცი.

- ახალქალაქი. მირიან მეფე, ფარნავაზი, ერეკლე II, დემეტრე II - ამ მეფეებიდან რომელი არ იყო ქრისტიანი?

- ფარნავაზი.

- ამერიკის პრეზიდენტებიდან რომელი იყო მსახიობი?

- რეიგანი.

- რიგში დგას 25 ბავშვი. მერამდენე დგას შუაში?

- (იცინის) მე-13.

- ვინ თამაშობს პრინცესას როლს ფილმში "რომაული არდადეგები"?

- ოდრი ჰეპბერნი, ძალიან მიყვარს.

- რომელ ქვეყანაში მოღვაწეობდა ანთიმოზ ივერიელი?

- დღეს აღმოვაჩინე, რამდენი რამ არ მახსოვს.

- რუმინეთში. რამდენიმე წლის წინ ლონდონში, კრისტის აუქციონზე 1912 წელს გამოშვებული პლაკატი 12.000 დოლარად გაიყიდა. მისი მეშვეობით, ყველას სასიამოვნო და უსაფრთხო მოგზაურობაში ეპატიჟებოდნენ. სად?

- არ ვიცი.

- "ტიტანიკზე". სად მდებარეობს ბასიანი, სადაც თამარ მეფის დროს ცნობილი ბრძოლა მოხდა?

- არ მახსოვს.

- თურქეთში. დაბოლოს, დაასრულე ბელინსკის ცნობილი გამონათქვამი: "ქალის ღირსების საზომი მამაკაცია, რომელიც მას..."

- "...უყვარს".

თამუნა კვინიკაძე