რას ნიშ­ნავს თბი­ლი­სე­ლო­ბა - გზაპრესი

რას ნიშ­ნავს თბი­ლი­სე­ლო­ბა

მედიცინის მუშაკი, ბატონი სოსო მაისაშვილი სოლიდარული საზოგადოების შექმნას აპირებს და თანამოაზრეებს სთხოვს, მას შეუერთდნენ. ბატონი სოსოს აზრით, თბილისელობა დღეს ბევრს არასწორად ესმის, რის გამოც გული სწყდება; მისი აზრით: "თბილისელობა ნიშნავს სხვისი ფასეულობებისა და ტრადიციების დაფასებას. იმ კუთხის პატივისცემას, სადაც ჩადიხარ..."

"მაინც, რა არის ის ფენომენი, რასაც ჰქვია "თბილისი და თბილისელობა"? ვისაც სსრკ-ის პერიოდში მოუწია ცხოვრების გარკვეულად დიდი პერიოდის გატარებამ, მან კარგად იცის, რას ნიშნავდა ცნება, ნამდვილი თბილისელობა. ეს იყო სინონიმი: ვაჟკაცობის, ზრდილობის, თავაზიანობის, უფროს-უმცროსობის, ქალის მიმართ მოკრძალებისა და პატივისცემის გამოხატვის. მათ ზოგადად, რაინდული თვისებები გამოარჩევდა. მაგალითად, თუ მამაკაცი ქალთან ერთად მიდიოდა, არ არსებობდა, ვინმეს მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა ქალის თანდასწრებით, როგორი მტრობაც უნდა ჰქონოდათ ერთმანეთში. არასდროს დაუშვებდნენ ძლიერის მიერ სუსტის დაჩაგვრის ფაქტს. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანების მიმართ იჩენდნენ შემწყნარებლურ და ტოლერანტულ დამოკიდებულებას, რასაც დღეს დასავლეთის სხვადასხვა ორგანიზაცია მოითხოვს ჩვენგან. ქართველებს ეს ნამდვილად არ გვესწავლება სხვებისგან და ამის თვალსაჩინო მაგალითია მეიდანი _ აქ ქართული, ებრაული, მუსლიმანური, კათოლიკური და სხვა აღმსარებლობის ტაძრები ერთ კვადრატულ კილომეტრშია თავმოყრილი, თითქმის ერთმანეთის გვერდიგვერდ და ყველა ტაძარი არის მოქმედი, თითოეულში მიმდინარეობს წირვა-ლოცვა.

ჩვენს ქვეყანაში 78-ზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს და მათ არავინ ავიწროებს. მრავლდებიან და ქმნიან ოჯახებს. ძველ თბილისელებს კარგად ახსოვთ ეგრეთ წოდებული იტალიური ეზოები, მაგრამ მე მათ თბილისურ ეზოებს დავარქმევდი. ამ ეზოებში თანაცხოვრობდნენ: ქართველები, სომხები, იეზიდები, ასირიელები, ქურთები, ოსები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, ებრაელები, რუსები, უკრაინელები, პოლონელები, გერმანელები და ა.შ.

ამ ეზოებში თითქმის ყველაფერი საერთო იყო. საჭმელსაც კი რიგრიგობით ამზადებდნენ ოჯახები და მერე ყველა ერთად მიირთმევდა. აქ ყველა ერთ ენაზე _ ადამიანურ ენაზე საუბრობდა, რაც ყველასთვის გასაგები იყო. თბილისელობა ერთმანეთის გატანასაც ნიშნავდა. როცა ერთ ოჯახს გაუჭირდებოდა, დანარჩენები მხარში ედგნენ და ეხმარებოდნენ მანამ, ვიდრე ოჯახი გაჭირვებიდან არ გამოვიდოდა. საერთოდ, ცნებას თბილისელობა არაერთმა თბილისელმა ჩაუყარა საფუძველი, თავისი ვაჟკაცური, ჯენტლმენური თვისებებით. ასეთი ადამიანების ჩამოთვლას აქ შეგნებულად არ შევუდგები...

ერთხელ, ერთმა ჩემმა თანამშრომელმა, რომელიც წარმოშობით ზესტაფონიდან იყო, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა თბილისში, პირდაპირ მითხრა: მასწავლე ერთი, როგორ გავხდე თბილისელიო? მას იმდენად მოსწონდა ის თბილისური უნარები ურთიერთობისა, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე, რომ ასეთი კითხვა დამისვა...

აქვე მინდა განვავრცო თემა: რას ნიშნავს ჭეშმარიტი თბილისელობა? ეს ნიშნავს სხვისი ფასეულობებისა და ტრადიციების დაფასებას. იმ კუთხის პატივისცემას, სადაც ჩადიხარ. თუკი ზოგიერთი ვაითბილისელი ჩადის საქართველოს რომელიმე რეგიონში ან კუთხეში და იქ სამარცხვინოდ იქცევა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა თბილისელი ასეთი ცუდია, პირიქით _ ისინი არიან მცირე გამონაკლისები, მაგრამ ადამიანს ცუდი ქცევა ხომ ყველაზე მეტად ხვდება თვალში. ამიტომ არ შეიძლება, ამის გამო რადიკალური და შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება და ეს ეხება ორივე მხარეს.

თბილისელობას სულაც არ განიჭებს მხოლოდ ის ფაქტი, რომ შენ თბილისში დაიბადე. ეს უბრალოდ, ცხოვრების წესია და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა; იმის შეგნებაა, რომ არ ჩაიდინო ის საქციელი, რომელიც შენს თბილისელობას რაიმე ჩრდილს მიაყენებს.

ჭეშმარიტი თბილისელობის უდიდესი და მე ვიტყოდი, ბრწყინვალე მაგალითი დავინახეთ 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში განვითარებული სტიქიური მოვლენის დროს. როგორი ენთუზიაზმითა და თავგანწირვით მუშაობდნენ ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც იქ მივიდნენ თავისი სურვილით, თვითორგანიზებით და ასრულებდნენ ძალიან მძიმე სამუშაოებს.

ეს ყველაფერი მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როცა მეორე დღესვე წავედი იქ, სადაც ჩემი ხალხი იყო თავმოყრილი. მინდოდა, მათ მეც დავხმარებოდი. მე იქ დავინახე ჩვენი მომავალი თაობა, სულ სხვა რაკურსით და ვიყავი უბედნიერესი ადამიანი! ტალახში ამოსვრილ ახალგაზრდებთან მივდიოდი, ვეხვეოდი მათ და ვკოცნიდი სიხარულისგან გულაჩუყებული. ზუსტად მაშინ ვთქვი, რომ საქართველო გადარჩება და ოდესმე აუცილებლად მოხდება ჩვენთვის სანუკვარი მიზნებისა, ოცნებების აღსრულება.

ჩემი აზრით, კადრები, სადაც ახალგაზრდები ტალახში ამოსვრილები თავდაუზოგავად მუშაობენ, უნდა გადიოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლობის პრომოსიუჟეტებში, კვირაში ერთხელ მაინც, რომ ყველას ახსოვდეს ამ ახალგაზრდების გმირული საქციელი. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მომავალი თაობა მიხვდა და გააცნობიერა, თბილისი და ჩვენი ქვეყანა მათ ეკუთვნით, საქართველო მათი მოსავლელია. მიხვდნენ, რომ არ უნდა დავანაგვიანოთ თბილისის ქუჩები და გავუფრთხილდეთ ყოველივე იმას, რაც ქალაქში არის შექმნილი და აშენებული, ისევ ჩვენს საკეთილდღეოდ.

აქ მინდა შევეხო ძალიან სენსიტიურ თემას, რასაც ჰქვია საქართველოს კუთხეების დამოკიდებულება თბილისელობის მიმართ, რომელიც არის სრულიად მცდარი და არასწორი. დღეს საქართველოს სხვადასხვა რაიონსა თუ კუთხეში თბილისელობის მიმართ, პირდაპირ ვიტყვი, არაადეკვატური და გაუგებარი დამოკიდებულებაა. ერთ მაგალითს მოვიყვან. თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩების დროს ე.წ. ფანების სრულიად მიუღებულ და აღმაშფოთებელ დაპირისპირებას. უნდა ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად, იგივე დამოკიდებულებაა თბილისელების მიმართ თითქმის ყველა კუთხეში და ეს არის პრობლემა, რაზეც რატომღაც, არავინ ლაპარაკობს და სანამ ურემი გადაბრუნდება, ამ პრობლემას უნდა მივხედოთ.

ისმევა კითხვა _ როგორ? გეთანხმებით, ეს ძალიან რთული საკითხია, მაგრამ თუ არ დაისვა კითხვები, პასუხებს ვერ მივიღებთ. არადა, მდგომარეობა უფრო დამძიმდება და შეიძლება, ისეთ ჩიხში შევიდეს, საიდანაც გამოსვლა გაცილებით რთული იქნება. თბილისელობა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნიშნავს ტოლერანტულ და შემწყნარებლურ დამოკიდებულებას სხვა ადამიანების მიმართ და მით უმეტეს, უფრო მეტად თბილი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საქართველოს კუთხეებში მცხოვრებ ადამიანებთან. მეტსაც ვიტყვი, ჩვენ შორის უნდა იყოს მხოლოდ სიყვარული!

ბოლოს და ბოლოს, ღირს იმაზე დაფიქრებაც: ეს ურთიერთდაპირისპირება და აგრესია ჩვენი მტრების წისქვილზე ხომ არ ასხამს წყალს? მე მაინც მგონია, რომ ეს მდგომარეობა ურთიერთგაუცხოების ბრალია; იმის ბრალია, რომ ჩვენ ერთმანეთს სამწუხაროდ, საკმარისად კარგად არ ვიცნობთ. სწორედ ერთმანეთის კარგად გაცნობას ემსახურება იმ დიდი სახალხო მოძრაობის დაწყება, რაც ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილი და ამ მოძრაობას ჰქვია: "დავიბრუნოთ ის თბილისი და ის სიყვარული".

აქვე მინდა, ჩემი აზრით, კიდევ ერთ ძალზე მნიშვნელოვან თემას შევეხო. ალბათ, ყველა ვთანხმდებით იმაში, რომ საქართველოს ამ ძნელ პერიოდში ჰყავს ისეთი ძლიერი სულიერი ლიდერი, როგორიც არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, რომელმაც თავისი მოღვაწეობის პერიოდში, ერში გააძლიერა ჭეშმარიტი მართლმადიდებლური რწმენა, ააშენა და ააღორძინა ეკლესია-მონასტრები. ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში ტარდება საეკლესიო წირვა-ლოცვა. იგი არის ქვეყნისთვის ბევრი სასარგებლო წამოწყების ავტორი და მათ შორის უნდა გამოვარჩიოთ მისი ინიციატივა, რომ საქართველოში დაბადებული ყოველი მესამე შვილის ნათლია იყოს. ამ წამოწყების შედეგად, საქართველოს შეემატა 40 ათასამდე ახალშობილი, რომელთა ნაწილი, რომ არა ილია მეორე, შეიძლება, ვერც დაბადებულიყო...

ჩვენმა ხალხმა რამდენჯერმე არ შეისმინა პატრიარქის მოწოდება, მისთვის საბედისწერო მომენტებში. ჩვენს უახლოეს ისტორიას თუ გავიხსენებთ, ეს იყო 9 აპრილი, როცა მან მოუწოდა მომიტინგეებს, რომ რეალური საფრთხე არსებობდა დარბევისა, უნდა შესულიყვნენ ქაშუეთში და იქ ელოცათ. სამწუხაროდ, მათ არ დაუჯერეს და 21 ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა რუსი ჯარისკაცების ორლესულ ნიჩბებს.

ერთ-ერთ ეპისტოლეში პატრიარქმა მოუწოდა ხელისუფლებას, აკრძალულიყო საქართველოში აბორტის გაკეთება, მაგრამ წლები გადის და დღემდე, ეს მოწოდება არავინ შეისმინა, მიუხედავად საქართველოში არსებული კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობისა. არადა, ამ პერიოდში ათასობით სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა.

პატრიარქის მიერ "გაჟღერებულ" კიდევ ერთ ინიციატივას მინდა შევეხო, რომელიც სამწუხაროდ, უყურადღებოდ დარჩა. არადა, მას შეეძლო ჩვენი მძიმე პოლიტიკური წარსულის შედეგად დაპირისპირებული, ორად გაყოფილი საზოგადოების ნაწილობრივ გაერთიანებისათვის დაედო საფუძველი. თუ ვინ და რატომ გამოიწვია საზოგადოების გახლეჩა, ამას აქ შეგნებულად არ შევეხები...

ახლა შეგახსენებთ პატრიარქის კიდევ ერთ მოწოდებას: ვინც მანქანებით მოძრაობთ (საქართველოში მილიონზე მეტი ავტომობილია), როდესაც გაჩერდებით შუქნიშანზე ერთმანეთის პარალელურად, ჩასწიეთ მინა და მიესალმეთ ერთმანეთსო. ცხადია, ეს ეხება ყველა ეროვნების მძღოლს, მთელ საქართველოში. აბა, წარმოიდგინეთ მეგობრებო, როგორი დადებითი ემოციებით დაიმუხტებით მანქანაში მსხდომები ასეთ დროს. ეს იქნება ძველი თბილისური ურთიერთობების აღდგენის ერთ-ერთი შესანიშნავი საშუალება. აქვე მინდა, ყველას მოკრძალებით შეგახსენოთ, რომ პატრიარქი მხოლოდ დიდი ხნის დაკვირვების, ღრმა ფიქრის, განსჯისა და ანალიზის შედეგად წარმოთქვამს სიტყვებს თავის გამოსვლებში და ეპისტოლეებში, რასაც ცხადია, მისი დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაც ემატება _ ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ.

ჩვენ, საინიციატივო ჯგუფს, გვინდა, რომ პატრიარქის ეს მოწოდება მაინც არ დავტოვოთ უყურადღებოდ და დავაბრუნოთ ის თბილისი და ურთიერთსიყვარული, როდესაც სრულიად უცნობი ადამიანები შეხვედრისას უღიმიან ერთმანეთს, ესალმებიან და უსურვებენ სიკეთეს. ასევე, გვინდა, ჩვენს ქალაქში დავაბრუნოთ ღიმილი და ის სილაღე, რაც თბილისს სხვა ქალაქებისგან ყოველთვის გამოარჩევდა.

ვისაც ეს იდეა მოეწონება, თბილისელს თუ არათბილისელს, ყველა ეროვნების ადამიანს შეგიძლიათ შემოუერთდეთ ამ სამოქალაქო მოძრაობას. რაც მეტი ხალხი გავერთიანდებით, მით მეტი იქნება ურთიერთგაგება, პატივისცემა, ერთმანეთის დაფასება, ღიმილი და რაც მთავარია, მისი უდიდებულესობა სიყვარული. თქვენ შეგიძლიათ სოციალურ ქსელებში გაზიარებით შეუერთდეთ ამ გრანდიოზულ მოძრაობას სიყვარულისკენ ანუ ტაძრისკენ...

იდეის ავტორი: სოსო მაისაშვილი".

P.s. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია