"რისი ჭამაც მიყვარს, იმ კერძების მომზადება მომწონს" - ნინუცა მაყაშვილის ოცნებები - გზაპრესი

"რისი ჭამაც მიყვარს, იმ კერძების მომზადება მომწონს" - ნინუცა მაყაშვილის ოცნებები

მეორე ნახევართან ერთად ბედნიერად ცხოვრებაზე ალბათ, ბევრი ქალი ოცნებობს, მაგრამ დაქალებთან ერთად, დიდ სახლში დასახლება მგონი, "არასტანდარტული" ოცნებაა... მოკლედ, ამჯერად, ქალურ-დიასახლისურ საკითხებზე მსახიობი, ნინუცა მაყაშვილი "გვეჭორავა".

- ჩემთვის სიტყვა "დიასახლისი" ისეთ ქალთან ასოცირდება, რომელსაც ლამაზი სამზარეულო აქვს, გემრიელ კერძებს ამზადებს, ყველა საოჯახო საქმეს აგვარებს...

- თავად ასეთი ხარ?

- არა, რადგან დღის განმავლობაში, ბევრი რეპეტიცია ან გადაღება მაქვს. ვერ ვახერხებ, რომ კარგი დიასახლისი ვიყო. როგორც მეგობრები ამბობენ, კარგ კერძებს ვამზადებ - "გემრიელი ხელი" მაქვს.

- მატერიალურად უზრუნველყოფილი რომ იყო, მთელ დროს სამზარეულოში ფუსფუსს დაუთმობდი?

- სხვათა შორის, ჩემი ერთ-ერთი ოცნება გემრიელი კერძების მომზადების პროფესიულ დონეზე ცოდნა გახლავთ. სულ ვამბობ, - პროფესია არასწორად ავირჩიე-მეთქი, რადგან მზარეულობა ძალიან მომწონს და მაინტერესებს.

- ყველაზე უკეთ რომელი კერძის მომზადება გამოგდის?

- ასე ზუსტად არ ვიცი, რადგან ბევრ რამეს ვამზადებ: აჯაფსანდალიც გემრიელი გამომდის, ბრინჯისა თუ ქათმის სალათიც, ბისტროგანოვიც... ბევრნაირ, ძალიან გემრიელ სპაგეტის ვამზადებ, სოკოთი და ლორით, ნაღებში ჩაშუშულს... მოკლედ, რისი ჭამაც მიყვარს, იმ კერძების მომზადება მომწონს.

- შეგიძლია, სადღესასწაულო სუფრისთვის თავად იზრუნო?

- როგორ არა! უბრალოდ, ამას ბევრი დრო სჭირდება, დანარჩენი - პრობლემა არ არის. ერთადერთი, რასაც ვერ ვამზადებ, ბეზეიანი ნამცხვრები და ტორტებია, მაგრამ თუ საჭირო იქნება, მოვამზადებ, რა პრობლემაა?

- სადილად რა მოამზადო, ამაზე წინადღეს ფიქრობ?

- იცი, როგორი სიტუაციაა? როცა შესაბამის განწყობაზე ვარ, კერძს მაშინ ვამზადებ, თორემ დილიდანვე რომ დავიწყო იმაზე ფიქრი, სადილად რა მოვამზადო-მეთქი? - ასე არ ვარ. ამაზე დედა ფიქრობს.

- სახლის დალაგებაზე თავად ზრუნავ?

- სახლის დალაგება დიდად არ მიყვარს - როგორც უნდა დაალაგო, მაინც სულ არეულია. დიდი სახლია და დალაგება სულ მეზარება, მაგრამ როცა საჭიროა, ვალაგებ.

- თავის მოვლას რამდენ დროს უთმობ?

- ბევრ დროს საერთოდ არ ვუთმობ. დილით თმა დავივარცხნე, ჩავიცვი და სახლიდან გამოვედი...

- არადა, ბოლო დროს განსაკუთრებულად კარგად გამოიყურები...

- უბრალოდ, გავხდი - რატომღაც, ორ თვეში 10-11 კილო დავიკელი. არ მინდოდა... ადრე კი ვვარჯიშობდი, მაგრამ მერე წონაში ასე რატომ დავიკელი, არ ვიცი.

- ნინუცა, ბავშვის აღზრდაზე როგორ ზრუნავ?

- მაგალითად, ახლა სასეირნოდ მყავს გამოყვანილი. სასრიალოზეა "მიშვებული" და სრიალებს (იცინის). მის აღზრდაზე ალბათ, ისე ვზრუნავ, როგორც ყველა ბავშვზე ზრუნავენ მათი მშობლები.

- რა სფეროს მიმართ ამჟღავნებს ინტერესს?

- სიმართლე გითხრა, არაფერი აინტერესებს. სპორტის არც ერთი სახეობა არ მოსწონს. მთავარია, მობილური ტელეფონი ეჭიროს ხელში. სკოლაში ძალიან კარგად სწავლობს. პირველ კლასშია. მისი მასწავლებელი სულ მეუბნება, - ძალიან გონებაგახსნილი ბავშვიაო. მათემატიკას კარგად გაუგო. ამ საგნის მიმართ სიყვარული რატომ გაუჩნდა, არ ვიცი - მე ვერ ვიტანდი. ინგლისური ძალიან კარგად იცის. სხვათა შორის, მცირე ასაკიდან ინგლისურადაც და მშობლიურ ენაზეც კარგად კითხულობს.

- მობილური ტელეფონით სარგებლობის დროს თუ უზღუდავ?

- რა თქმა უნდა. კომპიუტერში მხოლოდ ჭადრაკს თამაშობს, ტელეფონში კი იმ თამაშებით ერთობა, რაც გადმოწერილი მაქვს. მობილურს 1-2 საათით ვაძლევ.

- ნინუცა, გვერდით როგორი მამაკაცი გჭირდება?

- ვაიმე, დედა! არ მჭირდება (იცინის)... საერთოდ, გვერდით ისეთი ადამიანი მინდა, ვინც კარგი, კეთილი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე იქნება ანუ ისეთი, როგორსაც ყველა დაგისახელებთ. არ უნდა მატყუებდეს და მის გვერდით ბედნიერი უნდა ვიყო, თანაბარი უფლებები გვქონდეს.

- მეორე ნახევრის გარეშე, ბედნიერების სრულფასოვანი განცდა შესაძლებელია?

- კი, როგორ არა! შესაძლოა, რაღაც მხრივ, სიყვარული, მეორე ნახევარი საჭიროც იყოს, მაგრამ თუ ეს ასე არ არის, მაინც შეგიძლია, ბედნიერი იყო.

- ქალი ოჯახის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას პირველად უფრო რთულად იღებს თუ შემდეგ - მეორედ, მესამედ?..

- რა თქმა უნდა, შემდეგ ჯერზე. თუ პირველი ქორწინება წარუმატებელია, მეორეზე და მესამეზე უფრო მეტს ფიქრობ...

- ისეთი სერიოზული ურთიერთობა გქონია, რომ ოჯახის შექმნაზე კიდევ გეფიქრა?

- არა. დიდი ხანია, გათხოვებაზე არ მიფიქრია და ჯერ არც ვაპირებ ფიქრს.

- როცა შეყვარებული ხარ ან ვინმე მოგწონს, შენს რჩეულთან ურთიერთობის დეტალებს დაქალებთან განიხილავ?

- არის რაღაცები, რასაც მეგობრებთან განვიხილავ, რადგან მაგალითად, შესაძლოა, ადამიანი ისეთ სიტუაციაში იყო, რომ პრობლემას თავად ვერ აგვარებდე და მეგობრებს მოუყვე. გადასარევი მეგობრები მყავს, მათ ბევრ რამეს ვუყვები. თუმცა, არის დეტალები, რის შესახებაც მხოლოდ საყვარელ ადამიანთან ლაპარაკობ.

- პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით, დაქალები კარგ რჩევებს გაძლევენ?

- არ ყოფილა შემთხვევა, რომ არასწორი რჩევა მოეცათ, პირიქით - საპირისპირო აზრი ყოველთვის მე მქონია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისე გამოდიოდა, რომ ისინი იყვნენ მართლები.

- კიდევ, რა თემებს განიხილავთ, როცა იკრიბებით?

- ყველაფერზე ვსაუბრობთ. ძირითადად, ვფიქრობთ, რა და როგორ გავაკეთოთ, მომავალში როგორ მოვიქცეთ... სამივე დაქალს ერთად ცხოვრება გვინდა, ბავშვებიანად (იცინის). ერთად მოგზაურობაც გვინდა, მაგრამ სამსახური ხელს გვიშლის. გვსურს, მატერიალურად ფეხზე მყარად ვიდგეთ.

- სამ დაქალს ერთად ცხოვრება გინდათ, მეუღლეების გარეშე?

- ჰო, რადგან მეუღლე არც ერთს არ გვყავს (იცინის).

- არ ფიქრობთ, რომ შეიძლება, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს მამაკაცი და თქვენი იდილია დაირღვეს?

- არ დაირღვევა. ყველას ჩვენი ოთახი გვექნება (იცინის). ჩვენ ოცნების დონეზე ვართ - ძალიან დიდი სახლი გვინდა.

- კარგი. ახლა გვითხარი - "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობა შენთვის საინტერესოა?

- რა თქმა უნდა, რადგან ჩემგან განსხვავებულ პერსონაჟს ვასახიერებ: ყოველდღიურად არ ვიპრანჭები, არც მილანში საშოპინგოდ დავდივარ და არც ჯიბის ფულად მაქვს 10 და 100 ათასები. ნებისმიერი როლი საინტერესოა. თან, ძალიან ვნერვიულობდი - რადგან ასეთ მასშტაბურ სერიალში პირველად ვმონაწილეობ. მგონი, მთელი საქართველო უყურებს. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რომ სერიალში კარგად გამოვჩენილიყავი, რადგან თუ ცუდად გამოჩნდები, მორჩა - ცუდი იარლიყი გაქვს აკრული! ამიტომ, პირველ გადაღებაზე ვნერვიულობდი, მერე ნელ-ნელა მოვეშვი.

- შენი პერსონაჟისა და მისი ქმრის ურთიერთობაზე რას გვეტყვი?

- ეს გოგო სპეციალურადაა გათხოვილი, ასე ვთქვათ - ანგარებით. ფული არც თავის ოჯახში აკლდა, მაგრამ "კარგად" გათხოვდა - აწყობს, როგორც არის, რა... ადამიანების ისეთი კატეგორია არსებობს, რომელსაც სიყვარული არ აინტერესებს. ასეთი გოგონები ცდილობენ, ჩემი გმირის მსგავსად გათხოვდნენ და კარგად იყვნენ - პრეტენზია არაფერზე აქვთ.

- დედა, და, შენ - სამივე სამსახიობო სფეროს წარმომადგენელი ხართ. ერთმანეთს კონკურენტებად არ აღიქვამთ?

- არა, რა თქმა უნდა. მე და ჩემი და თეატრშიც ერთად ვმუშაობთ და არ მიმაჩნია, რომ ის ჩემი კონკურენტია: ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით.

- რუსკასთან დაქალური ურთიერთობა გაქვს?

- არა, დაქალებთან უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს - რაღაცებს მათ უფრო ვუყვები, ვიდრე რუსკას, რადგან მე და ჩემი და ერთმანეთისგან ისე განვსხვავდებით, რომ შეიძლება, რაც მე მომწონდეს, მას არ მოეწონოს და პირიქით... ასე რომ, ძალიან დაქალური ურთიერთობა არ გვაქვს. თუმცა, არის საკითხები, რასაც ჩემს დასთანაც განვიხილავ და ისიც, მეხმარება.

- როცა მელანქოლიური ფიქრები შემოგაწვება, რას აკეთებ?

- ქუჩაში მარტო ვსეირნობ, მუსიკას ვუსმენ და ვცდილობ, "დავლაგდე", მოვიფიქრო, რა ვიღონო ან ასეთ დროს სურვილი მიჩნდება, ჩემი გოგონები (დაქალები) ვნახო... ჩემს დაქალს წოდორეთში სახლი აქვს. ხანდახან უცებ იქ წასვლას გადავწყვეტთ ხოლმე. მივდივართ, მწვადს ვწვავთ და დროს ასე ვატარებთ, რომ ცოტა "რეფრეში" მივიღოთ...

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნია თავი?

- არა (იცინის). მგონი, ისეთ ასაკში არ ვარ, რომ თავი სასოწარკვეთილი დიასახლისი მეგონოს. ბევრი რაღაც არსებობს, რითიც შეგიძლია, თავი სასოწარკვეთილად არ იგრძნო: მეგობრები, სეირნობა...

- რის გამო შეგიძლია თქვა, რომ ცხოვრებაში გაგიმართლა?

- მეგობრების, შვილის გამო. ყოველ დილით რომ ვიღვიძებ და ვსუნთქავ, ამაშიც მიმართლებს.

ეთო ყორღანაშვილი