"ისეთ მაგარ რაღაცას ვაკეთებთ, რაც ძალიან მოეწონებათ..." - რა სიურპრიზს უმზადებს ნუცა ბუზალაძე გულშემატკივრებს - გზაპრესი

"ისეთ მაგარ რაღაცას ვაკეთებთ, რაც ძალიან მოეწონებათ..." - რა სიურპრიზს უმზადებს ნუცა ბუზალაძე გულშემატკივრებს

ალბათ, გახსოვთ, ფეხზე მიღებული ტრავმის გამო, ნუცა ბუზალაძემ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეხუთე სეზონი დატოვა. მაყურებლებისა და თავად კონკურსანტისთვისაც ეს დიდი მოულოდნელობა იყო, რადგან ფინალისტობის აშკარა კანდიდატი გახლდათ... ამჯერად, ნუცა შოუში დაწყებული საქმის დასამთავრებლად დაბრუნდა: "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მომღერალი ისევ კონკურსანტის ამპლუაში გამოჩნდა - კვლავ ენერგიული და შრომისმოყვარე...

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა ძალიან მიხარია, მაგრამ თავდაპირველად, როცა პროექტში ხელმეორედ მიმიწვიეს, ერთი კვირა ვფიქრობდი, შემოთავაზება მიმეღო თუ არა? ვიცოდი, კონკურსანტობას როგორი შრომა სჭირდება - ფაქტობრივად, ცხოვრება გვერდზე უნდა გადადო. რაღაცნაირად, ბედნიერი და მოტივირებული არ ვყოფილვარ. ახლა, როცა უკვე პროექტის მონაწილე ვარ, ძალიან მინდა, გავიმარჯვო!

- თუ დაფიქრდი - უკვე მეორედ, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილის ამპლუაში მაყურებლები როგორ მიგიღებდნენ?

- კი, სხვათა შორის და იმასაც ვფიქრობდი, რომ ალბათ, პროტესტის ნიშნად, ბევრი ადამიანი ნეგატიურადაც განეწყობოდა - პროექტში ერთხელ ხომ მონაწილეობდა? გამოცდილება აქვს და ახლა ისევ ბრუნდებაო... რა თქმა უნდა, ამაზე ილაპარაკებდნენ, მაგრამ ისეთ სიტუაციაში აღმოჩენილ ყველა ადამიანს უნდა მიეცეს შანსი, როგორშიც მე ვიყავი მეხუთე სეზონში: მეშვიდე ტურამდე მივედი, გამარჯვების კანდიდატი ვიყავი და პროექტი მოულოდნელად დავტოვე...

- მაყურებლების განწყობასთან დაკავშირებით, შენი მოლოდინი რამდენად გამართლდა?

- რამდენიმე აგრესიულად განწყობილი ადამიანი იყო, მაგრამ ძალიან ბევრი - კეთილგანწყობილი. მათ შორის ის ადამიანებიც არიან, ვინც მეხუთე სეზონზე მგულშემატკივრობდნენ. პროექტში ჩემი დაბრუნება ძალიან გაუხარდათ. დადებითი შინაარსის ბევრი წერილი და სატელეფონო ზარი მივიღე. ჩემი მეგობრები ლამის გაგიჟდნენ: მათ იციან, მეხუთე სეზონზე რა გამოვიარე, რამხელა ტრავმა მივიღე და პროექტში კიდევ რომ დავბრუნდი, მითხრეს, - გიჟი ხარო! გულში რაღაც მქონდა დარჩენილი - თითქოს საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანე, ვერ დავასრულე... მინდოდა, სურვილი დამეკმაყოფილებინა. მიხარია, რომ ახლა ამის შესაძლებლობა მაქვს.

- მეხუთე სეზონზე შენი შთამბეჭდავი ცეკვა გვახსოვს, ახლა კი პირველ "ლაივზე" შედარებით დაბალი შეფასებები მიიღე. რატომ?

- დაბალი არ იყო. სხვა კონკურსანტებთან შედარებით, ყველაზე კარგი შეფასება მე და ირაკლი მაქაცარიას გვქონდა.

- თუმცა წინათ, პროფესიონალ მოცეკვავეს გადარებდნენ...

- კი, ახლაც ასეა. უბრალოდ, პირველ "ლაივზე" მაღალი ქულები არ იწერება. წინა სეზონზეც ასეთი ქულები მივიღე.

- საერთოდ, ცხოვრებაში მარცხი მოტივაციას გიმაღლებს თუ შენზე დამთრგუნველად მოქმედებს?

- მოტივაციას საოცრად მიმაღლებს. ვფიქრობ, მარცხი ყველა ადამიანის ცხოვრებაში საჭიროა, რადგან ამის გარეშე ვერ გაიგებ, წარმატება რამხელა ბედნიერებაა. მარცხის მერე, ადამიანი სხვანაირად მოტივირებული ხდები - ორმაგად ძლიერი სურვილი გიპყრობს, რომ საქმე გამოგივიდეს, მეტი გააკეთო... ჩემს ცხოვრებაში სულ ასეა; ჯერ რაღაც ცუდი ხდება, მერე - რაღაც კარგი, სტაბილურად არაფერი მიდის. მიხარია, რომ ასე ხდება, რადგან უფრო მეტ რამეს ვსწავლობ, მეტ გამოცდილებას ვიღებ და მივიჩნევ, რომ შეუძლებელი არაფერია.

- ნუცა, მცირე ასაკიდან გახდი პოპულარული. ალბათ, რთულია, გაუძლო ცდუნებას და ე.წ. ვარსკვლავური სენი არ შეგეყაროს. როგორ ფიქრობ, შეიცვალე? გარშემო მყოფები როგორ გახასიათებენ?

- არა, გარშემო მყოფების მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა და ეს ძალიან მიხარია. სიმართლე გითხრათ, იურმალადან დაბრუნებულს ასეთი "ცდუნების" საშიშროება მქონდა - მართლა რთულია, ასეთ დროს საკუთარი თავი გააკონტროლო, თუმცა ახლა ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო და მე არანაირად არ შევცვლილვარ. არც შევიცვლები, რადგან მომწონს, როგორიც ვარ... მიმაჩნია, რომ ადამიანობა ნებისმიერ წარმატებაზე და საერთოდ, ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩემთვის პრიორიტეტულია საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა.

- გვიამბე, შენს ცხოვრებაში რა შეიცვალა "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეხუთე სეზონში მონაწილეობიდან დღემდე?

- ჯერ ერთი, გავიზარდე - უფრო მეტად ჩამოყალიბებული პიროვნება გავხდი. ძველებურად ბავშვური აღარ ვარ. ცხადია, გარკვეული თვისებები შემომრჩა, მაგრამ იმდენი - არა, რამდენიც 17 წლისას მქონდა. კიდევ, ის შეიცვალა, რომ თურქეთში წავედი და იქ პოპულარული გავხდი. ეს ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი "ამონათება" იყო - გამოცდილება მივიღე და ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. შეიძლება ითქვას, ეს გარდამტეხი პერიოდი იყო, მას შემდეგ, რაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოხდა. თან, ცოტა ხანს თურქეთში დავრჩი... ვფიქრობ, საქართველოში ძალიან კარგი მიზეზით - პროექტში ხელმეორედ მონაწილეობის გამო დავბრუნდი.

- პროექტში მონაწილეობის შენი ამჟამინდელი მიზანი რა არის?

- ყოველი ცეკვის შესრულება დიდ სიამოვნებას მანიჭებს - დადებით ენერგიას ვიღებ. შოუსთვის მომზადების პროცესში მთლიანად ჩართული ვარ და ეს მაბედნიერებს. შოუში მონაწილეობა გამოცდილების მიღებაში მეხმარება: ვვარჯიშობ, რეპეტიციას გავდივარ, სულ ტონუსში ვარ. ცეკვისას სხეული სხვანაირ ფორმას იღებს და ეს ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, პროექტში იმიტომ დავბრუნდი, რომ ახლა უკეთესი შედეგი მქონდეს, ვიდრე მეხუთე სეზონზე მქონდა. ცხადია, ფინალში ცეკვა ჩემი მთავარი მიზანია.

- ნებისმიერი შედეგისთვის მზად ხარ?

- კი, რადგან კონკურსში ასე ხდება: თუკი რაღაც სასწაულს ელი და არ მოხდება, შეიძლება, გული გეტკინოს. ამიტომ ყველაფრისთვის მზად ვარ. ვცდილობ, ყოველ "ლაივზე", ყოველი ცეკვიდან სიამოვნება მივიღო. კონკურსში სიამოვნებისთვის ვმონაწილეობ და არა - მხოლოდ იმისთვის, რომ ვინმეს შევეჯიბრო.

- იმ ადამიანებს რას ეტყვი, ვინც პროექტში ხელმეორედ მონაწილეობის ან სხვა მიზეზის გამო გაკრიტიკებს?

- სხვათა შორის, სოციალურ ქსელში ხშირად არ შევდივარ. გადმოცემით ვიცი, რომ პროექტში ჩემს დაბრუნებას უარყოფითი კომენტარები მოჰყვა, თორემ პირადად მე, არ მინახავს. ცუდად ნათქვამით მე ვერაფერს დამაკლებენ, ისევ საკუთარ თავს ვნებენ. განსხვავებული აზრის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს. ამიტომ უბრალოდ, ვურჩევ - პროექტით ისიამოვნონ და თავიანთ ფავორიტებს უგულშემატკივრონ.

- შენი უსაზღვრო ენერგიის წყარო რა არის?

- იმის კეთება, რაც მსიამოვნებს, დიდ ენერგიას მაძლევს. ცეკვა-სიმღერა რომ არ მსიამოვნებდეს, დავიღლებოდი. მომწონს, რომ სულ დაკავებული ვარ და დრო არაფრისთვის მრჩება. არ ვიცი, როგორ შეიძლება, ადამიანი ამით დაიღალოს?! როცა ვფიქრობ, რაიმეს გაკეთებას მომავალში როგორი შედეგი მოჰყვება, დიდი ენერგიით ვივსები.

- ახლანდელ მეწყვილეს როგორ შეეწყვე?

- იაკობი ძალიან საყვარელია. ჩემს ხასიათს კარგად გაუგო, არადა, რეპეტიციებისას რთული ასატანი ვარ: მინდა, მოძრაობა კარგად გავაკეთო და თუკი თავიდანვე ისე არ გამომივიდა, როგორც მინდა, ხასიათი მაშინვე მეცვლება, მირთულდება (იცინის). იაკობი იდეალურად მიგებს. იცის, როგორი მოძრაობები მომიხდება, ცეკვაში როგორი ილეთი უნდა ჩამისვას, "ატაცებები" როგორ გააკეთოს, რომ ლამაზად გამოჩნდეს... თავისუფლად შემიძლია, ვთქვა, რომ იაკობი იდეალური პარტნიორია.

- მას ბოლომდე ენდობი? ტრავმის არ გეშინია?

- ბოლომდე ვენდობი, რადგან ზუსტად ვიცი, ისეთ რამეს არ გააკეთებს, რაშიც დარწმუნებული არ არის. ვიცი, თავის ნათქვამზე 100%-ით პასუხისმგებელია. ამიტომ მასთან ცეკვისას არაფრის შიში არ მაწუხებს.

- რატისთან ცეკვა უფრო კომფორტული იყო თუ იაკობთან?

- აუ, ამაზე ნამდვილად ვერ გიპასუხებ, რადგან ორივესთან ცეკვა ძალიან კომფორტულია. ორივე საოცრად ძლიერი, პროფესიონალი მოცეკვავეა. მათ ერთმანეთს ვერ შევადარებ.

- პროექტში ყველაზე ძლიერ კონკურენტებად ვის მიიჩნევ?

- ვფიქრობ, ჯერჯერობით კონკურენტებზე ლაპარაკი ადრეა, რადგან პროექტი ახალი დაწყებულია. კონკურენტები პროექტის ბოლოს უფრო გამოჩნდებიან...

- კარგი. ცოტა რამ სამომავლო გეგმების შესახებაც გვითხარი...

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის პარალელურად, ბენდთან ერთად ვმუშაობ: მალე ჩვენი, ინგლისურენოვანი სიმღერები გვექნება. ალბომის ჩაწერასა და კონცერტების გამართვას ვაპირებთ, როგორც საქართველოში, ასევე - უცხოეთშიც. ისეთ მაგარ რაღაცას ვაკეთებთ, რაც მაყურებლებს ძალიან მოეწონება.

ეთო ყორღანაშვილი