ვისზეა ნაწყენი მზია ორველაშვილი: "ეგ სანამ საკადრისს არ მიიღებს, არ მოისვენებს" - გზაპრესი

ვისზეა ნაწყენი მზია ორველაშვილი: "ეგ სანამ საკადრისს არ მიიღებს, არ მოისვენებს"

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი პროფესიონალი მოცეკვავე _ მზია ორველაშვილი პროექტის მიმდინარე სეზონში არ მონაწილეობს. ამ ფაქტმა მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რამდენიმე დღის წინ კი სოციალურ ქსელში მცირე ინციდენტიც მოხდა...

- მზიკო, "ფეისბუკზე" შენი სტატუსი ვნახე, თითქოს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" არ მიგიღეს...

- "ფეისბუკის" პირადი ანგარიში გამიტეხეს. ეგ "პოსტი" ჩემს გვერდზე ვიღაცამ გამოაქვეყნა, მაგრამ შემდეგ, პაროლი შევცვალე და სტატუსიც წავშალე... მოკლედ, მე არ დამიწერია.

- გამორჩეულად კარგი მოცეკვავე, რომელიც შოუს ფინალში ხვდებოდი, პროექტის მიმდინარე სეზონში რატომ არ მონაწილეობ?

- ძალიან ბევრი საქმე მქონდა, შეჯიბრებებისთვის ვემზადები და პროექტში მონაწილეობისთვის დრო აღარ მრჩებოდა.

- ანუ პროექტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა შემოგთავაზეს და უარი თქვი?

- რა თქმა უნდა! სამწუხაროდ, მონაწილეობა ვერ მოვახერხე.

- ახლა გული არ გწყდება?

- კი, გული მწყდება, რა თქმა უნდა, პროექტში ბევრი შრომა მაქვს "ჩადებული" - "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გარკვეული წვლილი მეც ხომ შევიტანე? მინდოდა, პროექტში ისევ ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამომდის, რადგან დაკავებული ვარ.

- კონკრეტულად, რა შეჯიბრებებისთვის ემზადები?

- მალე კონკურსი - "მსოფლიო რეიტინგი" ბათუმში გაიმართება და ამისთვის ვემზადები. დილიდან ღამის 12 საათამდე (ზოგჯერ უფრო დიდხანსაც) ვვარჯიშობთ. "მსოფლიო რეიტინგში" ძალიან ძლიერი მოცეკვავეები მონაწილეობენ. მე ყოველთვის ფინალში ან ნახევარფინალში ვცეკვავ ხოლმე. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, კარგად მომზადებული ვიყო, თან - ახალ მეწყვილესთან ერთად ვცეკვავ.

- ედგარას ბრაზასსთან ერთად რატომ აღარ ცეკვავ?

- მწვრთნელმა დაგვაშორა, რადგან ცეკვაში ცოტა განსხვავებული სტილი გვქონდა, ანუ როგორც მეწყვილეები, ერთმანეთს არ ვუხდებოდით.

- თუმცა, როგორც ვიცი, ერთად გარკვეულ წარმატებას მიაღწიეთ...

- კი, ძალიან წარმატებული წყვილი ვიყავით. ისეთი შედეგები გვქონდა, საქართველოდან არავის რომ არ ჰქონია. მერე მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ დავეშორებინეთ. სახეზე უფროსი ასაკისას არც მე ვგავარ, მაგრამ ჩემი მეწყვილე ბავშვს ჰგავდა... სხვადასხვანაირი მეწყვილე გვჭირდებოდა.

- ამჟამად, შენი მეწყვილე ვინ არის?

- რუსი ბიჭია - კონსტანტინ ასტასიევი, რომელიც შარშან მსოფლიოს 50 საუკეთესო მოცეკვავეს შორის იყო.

- სად ვარჯიშობთ?

- კონსტანტინი ჩამოდის ხოლმე საქართველოში. ახლაც აქ იყო, შინ კვირას დაბრუნდა. წესით, ამჯერად მე უნდა გავემგზავრო, მაგრამ ჯერ საბუთებს ვაწესრიგებ.

- ალბათ, დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, "ცეკვავენ ვარსკვლავებს" თვალყურს ადევნებ...

- როცა დრო მაქვს, კი.

- პროექტის ახლანდელი კონკურსანტები, მოცეკვავეები როგორ მოგწონს?

- ძალიან კარგი მოცეკვავეები და ვარსკვლავები არიან.

- ჟიურის წევრებსა და მათ შეფასებებზე რას გვეტყვი?

- სტანისლავ ბონდარენკო როგორც აფასებს, მომწონს ანუ თითქმის ისე აფასებს, როგორც პროფესიონალი მოცეკვავე. თეა გობეჯიშვილის შეფასებებიც მომწონს. დანარჩენებზე მართლა ვერაფერს ვიტყვი.

- რატომ?

- რა ვიცი. მე ამ ორი ადამიანის შეფასება მომწონს.

- მზიკო, "ფეისბუკის" პირადი გვერდის დაცვას როგორ აპირებ, იგივე რომ არ განმეორდეს?

- აბსოლუტურად ყველაფერი შევცვალე და იმედია, იგივე ვერ განმეორდება. თუკი მაინც განმეორდა, საერთოდ სხვა გვერდს გავაკეთებ.

- ვინმეზე ეჭვობ? ხომ არ ფიქრობ, რომ შენს რომელიმე გულშემატკივარს გული სწყდება, რადგან პროექტში არ მონაწილეობ და მან გამოაქვეყნა ის სტატუსი?

- პირად შეტყობინებებს ბევრი მიგზავნის. მწერენ, რომ გული სწყდებათ, რადგან პროექტში არ ვარ. ზოგი ამბობს, - პროექტს ძალიან დააკლდიო... არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ "ფეისბუკის" პირადი გვერდი გამიტეხეს - ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ პირველად მოხდა. ვინც ეს გააკეთა, ძალიან ცუდად მოიქცა.

- როგორ ფიქრობ, რატომ გაუჩნდათ ეჭვი, რომ პროექტში მონაწილეობაზე უარი თავად კი არ თქვი, არამედ უარი გითხრეს?

- საერთოდ ასე ხდება: როცა წინა სეზონში რამდენიმე მოცეკვავე არ მონაწილეობდა, ყველას ეგონა, რომ მათ უარს ეუბნებოდნენ. შეიძლება, ჩემზეც ამიტომ გაუჩნდათ ეჭვი, რომ არ მიმიწვიეს. პროექტის წარმომადგენლებს მართლა უნდოდათ, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა მიმეღო. არ მსიამოვნებს, რომ უარი ვთქვი, მაგრამ რა ვქნა? საერთოდ, ყველამ იცის, რომ ეს პროექტი ძალიან მიყვარს. ყველა ინტერვიუში ვამბობ, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" ჩემთვის ბევრი გააკეთა. ტელეკომპანია "იმედის" მადლიერი ვარ. თუკი შემდეგში მიმიწვევენ (იმედია, ასე იქნება), აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, რატომაც არა?! მინდა, იმ ადამიანს მივმართო, ვინც "ფეისბუკის" პირადი გვერდი გამიტეხა: მეორედ ასეთი რამ აღარ გააკეთო!

- მზიკო, რას გვეტყვი ნინო ნადირაძე-კუზანოვას ნათქვამზე, რომელიც შენ გეხებოდა - ამხელა ფილარმონია ქალი თუ ამ ბავშვზე ვიეჭვიანებდი, პირიქით, ერთი ორად უნდა გაზრდილიყო სიმაღლეშიო?

- თვითონ ჩემზე ძალიან მაღალია? ეგ სანამ საკადრისს არ მიიღებს, არ მოისვენებს.

- მგონი, იუმორით ამბობს...

- იუმორი თავისთვის შეინახოს, ძალიან ცუდად ხუმრობს. ჩემთან არ არის საჭირო ასეთი "იუმორები".

- რით დაიწყო თქვენ შორის პასუხი, პასუხის პასუხი... რამ გაგაღიზიანა?

- ჩემ შესახებ სატელევიზიო ეთერში თქვა, - გუგას გაგდებული ჰყავდა ფეხებშუა (ვეფხვი და მოყმესავით), ზემოდან გადამჯდარი იყოო. ძალიან ცუდად თქვა. კულტურულად არ უთქვამს. პირველ რიგში, ამით თავის ქმარს მიაყენა შეურაცხყოფა და მერე - მე. ჩემი საქმე საერთოდ არ არის, რომ ქმარი ფულს აძლევს, მერე კი ურიგდება, თუ რას აკეთებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ცუდად თქვა: მე ფეხებშუა გაგდებული არავის ვყოლივარ. შეიძლება ეთქვა, "პადერჟკაში" ჰყავდა გადაწვენილიო... ბევრმა ადამიანმა მისი ნათქვამი ცუდად მიიღო. მკითხეს: შენ და გუგას რამე გქონიათო? ეგღა მაკლია, მართლა, რა, მიუხედავად იმისა, რომ გუგას დიდ პატივს ვცემ.

- თავად გუგასთან გისაუბრია ამ თემაზე?

- არა, მაგრამ ვაპირებ, რომ ვკითხო: რა უნდა მის ცოლს? დამანებოს თავი! მე არ ვეხები არანაირად.

ეთო ყორღანაშვილი