ბექა ლემონჯავას გარდასახვა "მძევლებიდან" "ჩემი ცოლის დაქალებამდე" - გზაპრესი

ბექა ლემონჯავას გარდასახვა "მძევლებიდან" "ჩემი ცოლის დაქალებამდე"

მიუხედავად ასაკისა, ბექა ლემონჯავას შემოქმედებით ბიოგრაფიაში, როლების სიმცირე ნამდვილად არ შეინიშნება. იღებენ ფილმებში, სატელევიზიო სერიალებში, თამაშობს თეატრში... აღმოჩნდება თუ არა გრიშა კაკაჩიას შვილი, ამას ახლო მომავალში გავიგებთ. როგორ შექმნა საკუთარი პერსონაჟი ფილმში "მძევლები", რის გამო იღებს საყვედურებს და რას გააკეთებდა, ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1991 წლის 6 თებერვალი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...სამხედრო. მამა სამხედროა და შესაძლოა, გავლენის ბრალი იყო. მერე რაღაცები გადაფასდა და იმ წელს, სკოლას რომ ვამთავრებდი, მსახიობობის სურვილი გამიჩნდა. მქონდა რთული პერიოდი, როცა უსაქმოდ ვიყავი, მაგრამ ამ არჩევანის გამო, არასდროს მინანია.

- ჩემზე ამბობენ...

- ...სულ წითელი ქუდი რატომ ახურავსო? წითელქუდას მეძახიან - ზაფხულშიც და ზამთარშიც ეს ქუდი მახურავს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ძალიან კარგი საცოლე, ოჯახი, მეგობრები... ჩემი საცოლე ანო ჩხატარაშვილია. ის ახლა ესპანეთშია, ინტერიერის დიზაინის პროფესიას ეუფლება.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ძალიან მიჭირს, რომელიმე თვისება დავასახელო.

- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ზარმაცი ვარ.

- არ მჩვევია...

- ტყუილების თქმა, ეს არ გამომდის.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...მგონია, რომ ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. "მძევლების" გადაღება იყო ის პერიოდი, როცა საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ რაღაცის გაკეთება შემეძლო. იყო სცენები, როცა დავრწმუნდი, რომ პროფესია სწორად მაქვს შერჩეული.

- "მძევლებში" მოვხვდი...

- ...კასტინგის გზით. გავიგე, რომ რეზო გიგინეიშვილი ფილმის გადაღებას აპირებდა, მაშინ 2013 წელი იყო. სანამ ფილმში მოვხვდებოდი, საკმაოდ გრძელი გზა გავიარე, დიდი კონკურენცია იყო. თვითმფრინავის ბიჭების თემა არის ის, რაც საქართველოში ძალიან ბევრს აინტერესებს, დღემდე აქტუალურია. საზოგადოების ნაწილი ამართლებს თვითმფრინავის ბიჭების მოქმედებას, ნაწილი - არა. ფილმშიც არ არის გამოკვეთილი, ეს ადამიანები გმირები იყვნენ თუ ტერორისტები და არც უნდა ყოფილიყო, ამაში რეჟისორსა და სცენარისტს ვეთანხმები.

- გადასაღებ მოედანზე მუშაობის პროცესი იყო...

- ...ძალიან საინტერესო, იქიდან გამომდინარე, რომ მსახიობების უმრავლესობისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო. რეზო გიგინეიშვილთან მუშაობა კომფორტულია. რაც შეეხება ჩემს პერსონაჟს: მე კონკრეტულად რომელიმე პიროვნების როლს არ ვასრულებ. ჩემს პერსონაჟში იმ თაობის რამდენიმე სახეა თავმოყრილი.

- გმირის ხასიათს ჩავწვდი...

- ...რეჟისორის დახმარებით. ფილმში ზურა მქვია, ის გავლენიანი მამის შვილია. მამის გავლენა მასზეც საგრძნობია, მაგრამ უნდა, ეს არ შეიმჩნიოს. ცდილობს, "გამოსული" ტიპი იყოს და თავისი პროტესტიც გამოხატოს, მაგრამ მამის გავლენის გამო არ გამოსდის.

მამების თაობის ახალგაზრდის როლი შევასრულე. ვინმე კონკრეტული პროტოტიპი არ მყოლია, მაგრამ სანამ გადაღებები დაიწყებოდა, სულ შესწავლის პროცესში ვიყავი; როგორი იყო იმ პერიოდის ახალგაზრდების საუბრის ტემბრი და მანერა. მაშინ იმ ჟარგონებს არ იყენებდნენ, რასაც დღეს ჩემი თაობა იყენებს. მამების თაობასთან სწორედ ამ საკითხებზე მქონდა საუბარი. მამა ბევრ რამეში დამეხმარა. გადასაღებ მოედანზე კოსტიუმებით, მხატვრობით, დეკორაციით, განათებით - იმ პერიოდის გარემო იმდენად კარგად იყო შექმნილი, სულაც არ იყო რთული როლში შესვლა და იმის დაჯერება, რასაც ვაკეთებდი. გარემომ ძალიან იმოქმედა. ახალგაზრდა მსახიობები, ვინც ამ ფილმში ვთამაშობთ, ვცდილობდით, გადაღებების შემდეგ დრო ერთად გაგვეტარებინა - ესეც როლზე მუშაობაში გვეხმარებოდა.

თვითმფრინავის ბიჭების თემაზე ზღვა მასალა არსებობს. არქივებში დაცულ მასალებს გავეცანი, დაკითხვის ოქმები წავიკითხე. მე შედარებით მარტივი როლი მქონდა, იმ გაგებით, რომ კონკრეტულ პიროვნებას არ ვასახიერებდი. არ ვიყავი "თვითმფრინავის ბიჭი". შემეძლო, რეჟისორის მითითებით, ჩემი აზროვნებით მემოქმედა, სხვებს მეტი პასუხისმგებლობაც ჰქონდათ. ვფიქრობ, მსახიობებმა თავი კარგად გაართვეს საქმეს და ეს დიდწილად, რეჟისორის დამსახურებაა.

ფილმი ეკრანზე რომ ვნახე, ცოტათი სხვა მოლოდინი მქონდა. გარკვეული სცენები ამოჭრილია და დამენანა, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ ეს კინოს შემადგენელი ნაწილია. რეჟისორმა და მემონტაჟემ ის დატოვეს, რაც ამ ამბის კარგად გადმოცემას სჭირდებოდა. კონკრეტულმა ხაზებმა უკანა მხარეს გადაინაცვლა. მაყურებლისგან მთლიანობაში, ბევრი დადებითი შეფასება მოვისმინე, რაც მახარებს.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- ...აქაც კასტინგის გზით მოვხვდი. "მძევლების" ჩვენებაზე კასტინგმენეჯერი, ეკა მჟავანაძე მოვიდა. ტელევიზიაში დამიბარეს, სადაც კასტინგი გავიარე და მალევე მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს. ჩემს გმირზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, არც მაქვს უფლება ვილაპარაკო და არც ვიცი, როგორ განვითარდება მისი ცხოვრება, გრიშა კაკაჩიას შვილი მართლა ვიქნები თუ არა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ მომდევნო სერიებში აქტიურად გამოვჩნდები.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...მანქანის ტარება, სიბეჯითე მაკლია.

- მეზარება...

- ...კარადის დალაგება. ცოტათი უხერხულია, დედა რომ გილაგებს და ეს მაშინ ხდება, როცა ძალიან მეზარება.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...როცა ყურადღების ცენტრში ვარ. ინტერვიუების მიცემის მრცხვენია, მაგრამ გავაცნობიერე, რომ ეს ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია, აუცილებელია. ჩემი არჩევანი რომ იყოს, მშვიდად ცხოვრება მირჩევნია.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...სიზარმაცე რომ არა, მეტს ვისწავლიდი.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ის მემართება, რაც ახლა მჭირს, უხერხულობის განცდა მაქვს. გულის სიღრმეში შექება ალბათ სასიამოვნოა, მაგრამ რასაც მეუბნებიან, იმას ზოგჯერ ვერ ვიჯერებ.

- პატიება შემიძლია...

- ...ყველაფრის. მთავარია, ორივე მხრიდან გააზრება მოხდეს. თავადაც მეშლება რაღაც და ბოდიშსაც ვიხდი - ეს სირცხვილი არ არის.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ის, რომ იგივე შეცდომა აღარ დავუშვა და ვცდილობ, გამოვასწორო.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ეს იშვიათად ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ფიცხი ხასიათი მაქვს. წონასწორობიდან შეიძლება, სრულიად უმიზეზოდაც გამოვიდე. ასეთ მდგომარეობაში არაადეკვატური ვარ. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, ხომ არ გამეხსნა ისეთი ადგილი, სადაც ადამიანებს ექნებოდათ შესაძლებლობა, გაბრაზებულ გულზე მოსულიყვნენ, ჭურჭელი დაელეწათ და ამაში თანხა გადაეხადათ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ესპანეთში, ჩემს საცოლესთან ერთად. ბილეთის ფული არ მაქვს, თორემ წავიდოდი, მენატრება.

- სიყვარული ეს...

- ...ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობაა. ამ გრძნობის გარეშე როგორ უნდა იცხოვრო, ვერც წარმომიდგენია.

- პირველად შემიყვარდა...

- ...4 წლის წინ.GzaPress

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დაგვეკარგე, რატომ აღარ მირეკავო? მეც კითხვას ვუბრუნებ, - შენ რატომ არ მირეკავ? ეს მეგობრების მხრიდან სტანდარტული მოთხოვნაა.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...არ ვიქნებოდი ბიძინა და "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტში ხეებს არ გადავრგავდი. ბევრი ფული რომ მქონდეს, ცოტას დავიტოვებდი, დანარჩენს სხვებს დავურიგებდი. სამსახიობო ხელოვნებას დავეუფლებოდი, ფილოსოფიას შევისწავლიდი.

- თავისუფლება არის...

- ...სიყვარულივით მნიშვნელოვანი რამ არის. ვთვლი, რომ თავისუფალი ადამიანი ვარ, უბრალოდ, არის მომენტები, როცა შეზღუდვებს საკუთარ თავს ვუწესებ.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვფიქრობ, ვუკრავ გიტარაზე ან მძინავს. განმარტოების სურვილი პერიოდულად სულ მიჩნდება.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვიღებ ალკოჰოლს, ამით ვერთობი, ხასიათს არ მიცვლის, რაღაცებზე მაფიქრებს და მერე ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდები.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...წითელქუდა და მგელს ველოდები.

- ვჯიუტდები, როცა...

- ...უმიზეზოდაც ვჯიუტდები.

- ვრისკავ...

- ...იშვიათად.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...წლების წინ მეუბნებოდნენ, მსახიობი არ გამოხვიდეო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...დიდი მადლობა შენ და თქვენი ჟურნალის მკითხველს.

თამუნა კვინიკაძე