"ფაიფურის თოჯინა" "X-ფაქტორიდან" - როგორ შეიცვალა ქეთი ბერიძის გარეგნობა და შინაგანი სამყარო - გზაპრესი

"ფაიფურის თოჯინა" "X-ფაქტორიდან" - როგორ შეიცვალა ქეთი ბერიძის გარეგნობა და შინაგანი სამყარო

ახალგაზრდა მუსიკალური შემსრულებელი - ქეთი ბერიძე ტელემაყურებლებს სატელევიზიო პროექტ "ვოისიდან" ახსოვთ. ახლახან ქეთი "X-ფაქტორშიც" ვიხილეთ, ოღონდ - განსხვავებული გარეგნობით...

- "ვოისში" მონაწილეობისას დიდი სტრესი გადავიტანე. ამიტომ, "X-ფაქტორში" გასვლამდე ბევრი ვიფიქრე. შემდეგ მივხვდი, ჩვენს ქვეყანაში ეს პროექტი მომღერლისთვის ერთადერთი ნათელი წერტილია. მოლოდინმა ნამდვილად გაამართლა: "X-ფაქტორში" როგორი ბედნიერიც მივედი, ახლაც ისეთივე ბედნიერი ვარ!

- ფიქრობდი, რომ ჟიურის წევრებს ასე ძალიან მოეწონებოდი?

- რაც პროექტში მოხდა, ამის გაანალიზება ახლაც მიჭირს. საკუთარ თავზე განსაკუთრებული წარმოდგენა არ მაქვს. ამიტომ გავოცდი, როცა "4 სკამის ტურში", ჟიურის ოთხივე წევრი ფეხზე წამომიდგა. ვიტირე კიდეც... მოკლედ, მომხდარმა მოლოდინს გადააჭარბა.

- "X-ფაქტორში", მაყურებლების წინაშე აბსოლუტურად განსხვავებული იმიჯით წარდექი. იმიჯი პროექტისთვის შეიცვალე?

- ცხვირის ოპერაციის გაკეთება ჩემი ოცნება იყო. ოპერაცია გავიკეთე და მოგეხსენებათ, ასეთ დროს ადამიანი თავიდან ბოლომდე იცვლება: ბევრი სიახლე აღმოვაჩინე - როგორც ჩემს გარეგნობაში, ასევე შინაგან სამყაროში... საკუთარი თავი ახლა უფრო მომწონს. ჩემი გარეგნული ცვლილება სპეციალურად პროექტისთვის არ მომხდარა.

- წინათ როგორი იყო შენი შინაგანი სამყარო და ახლა საკუთარ თავში რა თვისებები აღმოაჩინე?

- მაგალითად, წინათ მხოლოდ როკ-ენ-როლის სტილში ვმღეროდი, ჩემი "ჩაკეტილი" სამყარო მქონდა... ახლა უფრო "გავიხსენი": აღმოვაჩინე, რომ შემიძლია, მაყურებლებს მეტი მრავალფეროვნება შევთავაზო. ცოტა არ იყოს, "მრავალკუთხოვანი" მომღერალი ვარ - მხოლოდ ერთი ჟანრი არ მაინტერესებს. ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებითაც ზუსტად იგივე მოხდა: წინათ თუ მხოლოდ შარვალი მეცვა, ახლა აღმოვაჩინე, რომ კაბაც მიხდება...

- როგორ ეჩვეოდი ახალ გარეგნობას?

- ყოველ დილით, თვალებს ვახელდი თუ არა, სარკეში ვიყურებოდი და გაოცებული დავდიოდი. ალბათ, ქალისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სარკეში ჩახედვისას, საკუთარი თავი 100%-ით მოსწონდეს. ახლა ზუსტად ამას ვგრძნობ, "ახალი" ადამიანი ვარ.

- ქეთა თოფურიამ, ვინც "ვოისში" მონაწილეობისას პრიზის სახით, ოპერაცია დაგიფინანსა, ახალი გარეგნობით გნახა?

- ქეთას პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ როგორც ვიცი, ჩემი ფოტოები ნახა და კმაყოფილია.

- გარშემო მყოფები რას გეუბნებიან, შენს გარეგნულ ცვლილებებს როგორ აფასებენ?

- მაგალითად, "X-ფაქტორში" "პატარა, ფაიფურის თოჯინა" შემარქვეს. ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ახლაც, როცა ქუჩაში მცნობენ, მეუბნებიან - ვაიმე, შენ "ფაიფურის თოჯინა" არ ხარო? ჩემთვის ეს დიდი სიახლე და ბედნიერება იყო, რადგან თოჯინის იმიჯი არასოდეს მქონია.

- ალბათ, თაყვანისმცემლებიც გაგიჩნდებოდნენ...

- კი. ასეთი კომენტარებიც ვნახე: "გამომყვები ცოლად?" "ვაიმე, ეს გოგო შემიყვარდა!.." მოკლედ, ეს პროექტი დიდი ბედნიერებაა. მან ჩემი ცხოვრება სულ სხვაგვარი გახადა.

- პროექტში შენი მონაწილეობის მთავარი მიზანი რა იყო?

- ჩემი მუსიკალური პროდუქციის პოპულარიზაცია, თვითრეალიზაცია... ახლა ბევრად მეტი შანსი მექნება, რომ რასაც ჩავწერ და გადავიღებ, უფრო მეტი ხალხი ნახავს - ხალხისგან სიყვარული დავიმსახურე. უამრავ "ესემესს" ვიღებ. სურთ, რომ არ გავჩერდე. თავის დამკვიდრებაში ეს ძალიან მეხმარება. GzaPress

- ანუ პროექტში გამარჯვება შენთვის მთავარი არ იყო?

- არა, არც ერთ პროექტში, სადაც კი ვმონაწილეობდი, გამარჯვებაზე ორიენტირებული არ ვყოფილვარ. აქცენტს იმაზე ვაკეთებდი, რომ კიდევ ერთხელ გამეგო, ხალხისთვის რამდენად მისაღებია რასაც ვაკეთებ. აბსოლუტურად უცხო ადამიანებისგან უზარმაზარი სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენი. დღეს უკვე მზად ვარ, ჩემი საქმიანობა თამამად გავაგრძელო, მსმენელებს სიახლეები შევთავაზო...

- საკმაოდ რთული ე.წ. 4 სკამის ტურის გადალახვის შემდეგ, იფიქრებდი, რომ პროექტს დატოვებდი?

- ნებისმიერ შედეგს შეგუებული ვიყავი. წინა ტურისგან განსხვავებით, ბევრი არც მიტირია, არც ისე ცუდად ვყოფილვარ... პროექტის დატოვება ჩემთვის შოკი არ ყოფილა. კი, ცოტათი გული დამწყდა იმაზე, რომ მინდოდა, ერთ "ლაივზე" მაინც მემღერა - პირდაპირი ეთერი მაინც სხვაა, მაგრამ ამით ჩემთვის არაფერი დასრულებულა, პირიქით - უფრო მეტი სტიმული მომეცა.

- შენს მეტოქეებს, ვინც პროექტში დარჩნენ, როგორ აფასებ?

- მაგდა ვასაძეს როცა ვუსმენდი, დამბურძგლა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით! ის პროექტში აუცილებლად უნდა დარჩენილიყო. სოფო საჟინიანს რაც შეეხება, მე და ის აბსოლუტურად სხვადასხვა სტილის შემსრულებლები ვართ. პრინციპში, სამივე განსხვავებულები ვიყავით... ეს უკვე გემოვნების საკითხია: მენტორმა საკუთარი გემოვნებით, პირადი გათვლებით მიიღო გადაწყვეტილება.

- შენ და მაგდა წინათაც ერთსა და იმავე პროექტში - "ვოისში" მონაწილეობდით. "X-ფაქტორში" ერთმანეთს მეტოქეებად უფრო აღიქვამდით თუ გულშემატკივრებად?

- ჩვენ ერთმანეთს ვგულშემატკივრობდით. მაგდას მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება მქონდა: წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ. მას დიდ პატივს ვცემ და მიყვარს. მაგდა ნამდვილად მაგარი მუსიკოსია.

- ოთხეულიდან შენთვის სასურველი მენტორი ვინ იყო - ის, ვის გუნდშიც მოხვდი თუ სხვა ფავორიტი გყავდა?

- მე ჩემი ორი ფავორიტი მყავდა: გიორგის ან სტეფანეს გუნდში მოხვედრა მინდოდა.

- შეგიძლია დაგვიკონკრეტო, თუ რატომ გინდოდა სტეფანეს ან გიორგის გუნდში მოხვედრა?

- წლებია, სტეფანე ძალიან მომწონს. "ვოისში" მონაწილეობის პერიოდშიც, მაიას და სტეფანეს გუნდში მოხვედრა მინდოდა. ჩემი და სტეფანეს მუსიკალური გემოვნება ერთმანეთს უფრო ემთხვევა. მაგალითად, ვიცი, რომ მას ელექტრონული მუსიკა უყვარს ისევე, როგორც - მე. ვფიქრობდი, რომ ერთად ბევრ საინტერესო ნომერს "დავდებდით"... გიორგის გუნდში ყოფნა იმიტომ მინდოდა, რომ მისი ხასიათი მომწონს. მასთან მუშაობა ჩემთვის საინტერესო იქნებოდა... სტეფანეც და გიორგიც ორიგინალური და კრეატიული მენტორები არიან.

- ლელას შესახებ რას გვეტყვი? მისი შეფასებები შენთვის რამდენად მისაღები იყო?

- სხვათა შორის, მისი მადლიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დავტოვე, მისგან მაინც დადებითი შეფასებები მივიღე. ლელა მთელი საქართველოსთვის არის "დივა". ასე რომ, მისგან დადებითი შეფასება ჩემთვის ბევრს ნიშნავს, თუნდაც - ის ფაქტი, რომ "4 სკამის ტურზე" მითხრა: დამბურძგლა, როცა მღეროდი და პროექტში შენს დარჩენასთან დაკავშირებით, ამან ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინაო... ლელა ძალიან მკაცრია. თავდაპირველად მისი მეშინოდა... თუმცა, ამავდროულად, ძალიან მეგობრული და საყვარელია.

- პროექტში გამოჩნდი თუ არა, წლების წინანდელი, შენი "ლესბოსური კოცნის" ამსახველი ვიდეო გაიხსენეს...

- ეს ამბავი მე დავივიწყე და ვისაც არ უნდა, ნუ დაივიწყებს. მას შემდეგ 6 წელი გავიდა. იმ ვიდეოს არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. როცა სადმე ვაწყდები, რეაქცია არ მაქვს. თუ იმ მიზნით "ლინკავენ", რომ ხასიათი გამიფუჭონ, ამას ვერ მოახერხებენ. კი, გული მწყდება, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ ვერაფერს შევცვლი - მაშინ 15 წლის თინეიჯერი გახლდით. რა თქმა უნდა, ახლა იმავეს არ გავაკეთებდი, მაგრამ დროს უკან ვერ დავაბრუნებ... დღეს აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ. ვისაც არ უნდა, ნუ მიმიღებს.

- იმ ვიდეოში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის იყავი...

- იმ ვიდეოში იმას ვამბობდი, რის აზრზე თავადაც არ ვიყავი. ნატურალი ვარ. ზუსტად ვიცი, რომ ბიჭები მომწონს, თუმცა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ აბსოლუტურად ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს. ჩემი მეგობრების ძირითადი ნაწილი ასეთია. ადამიანის სექსუალური ორიენტაცია ჩემთვის არაფერს ნიშნავს... იმ წუთში გააზრებული არ მქონია, ჩემს საქციელს რა მოჰყვებდა. მაშინ ჟურნალისტმა მითხრა, - რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არსად არ გამოქვეყნდებაო. მოკლედ, ჩვეულებრივი, თინეიჯერული, ბავშვური სიგიჟე ჩავიდინე. კლუბში შეპარული ვიყავი და ისე მეცვა, რომ ასაკი "მომმატებოდა". ახლა პირიქით, ისე ვიცვამ, რომ ყველას უმცროსი ასაკის ვგონივარ... 22 წლის ვხდები.

- ამჟამად, შენს პირად ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი თუ ხდება?

- ჯერჯერობით, არაფერი. თავისუფალი ვარ.

- შეგიძლია, გაგვიმხილო - რა შემოთავაზებები მიიღე?

- რამდენიმე პროექტზე მუშაობა უკვე დავიწყე. ელექტრონულ და ქავერ პროექტებთან ერთად, საავტორო მუსიკაც აუცილებლად მექნება. რამდენიმე სიმღერა დაწერილი მაქვს და აუცილებლად ვაპირებ, სტუდიაში ჩავწერო. შემდეგ, თუკი ფინანსურად გავწვდი, კლიპს გადავიღებ. იმედია, დამეხმარებიან, რომ კლიპი "იუთუბის" ფარგლებს გასცდეს...

ეთო ყორღანაშვილი