"მარ­ტინ იდენს ვგა­ვარ" - გზაპრესი

"მარ­ტინ იდენს ვგა­ვარ"

ფართო საზოგადოება იცნობს, როგორც მომღერალს და ქორეოგრაფს. ბოლო ნამუშევრის "სიყვარულის არმია" გამო, ის ბევრმა გააკრიტიკა, ზოგმა გააშარჟა. პაატა კი ამბობს, რომ ამჟამად ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომლის ტექსტი უფრო ინტელექტუალური და პოეტურია, მაგრამ მასში გამძაფრებულია ეროტიკული პასაჟები.

- კონცერტებზე ხშირად გამოვდივარ, ეს კი დიდ შრომას და დროს მოითხოვს, ამ მიზეზით ბოლო პერიოდში აქტიურად ვეღარ ვკითხულობ. სკოლის, სტუდენტობის და შემდგომ წლებში მართლა ბევრს ვკითხულობდი. თანამედროვე ცხოვრებაში ინტერნეტს და ტელევიზიასაც დიდი დრო მიაქვს. სამწუხაროდ, ახლა არაფერს ვკითხულობ.

პაოლო იაშვილის "ფერადი ბუშტები" ის ნაწარმოებია, რომელმაც დღემდე წაკითხული წიგნებიდან ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა. აქ ავტორი პარიზში ყოფნის პერიოდს და მოწყალების ერთ-ერთ მთხოვნელ ადამიანთან ურთიერთობას აღწერს. შემდეგ ჩამოდის თბილისში და აქაც ხვდებიან მსგავსი ადამიანები. მათ შორის ძალიან საინტერესოდ აქვს პარალელები გავლებული. ბევრ განსხვავებას ხედავს და ძალიან საინტერესო შედარებები მოჰყავს.

ბოლოს ასევე ძალიან მომეწონა ფამუქის "თოვლი", ეს წიგნი სავსეა პოლიტიკური პასაჟებით და მოვლენებით.

თავის დროზე დიდი გავლენა იქონია ჯეკ ლონდონის გმირმა მარტინ იდენმა, ამავე სახელწოდების რომანიდან. ეს პერსონაჟი ნათელი მაგალითია, დიდი იმედგაცრუებისა და ტკივილის შემდეგ, როგორ უნდა წამოდგეს ფეხზე ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ ეს თვისება არის ჩემს ხასიათში, მარტინ იდენს ვგავარ.

წიგნების გმირები რეალურ სამყაროში რომ არსებობდნენ, კონსტანტინე გამსახურდიას თამარი ("მთვარის მოტაცებიდან") შემიყვარდებოდა. რიგი საკითხების მიმართ მისი დამოუკიდებლობა, პოზიცია, გამბედაობა მომწონს. ეს პერსონაჟი არის "მესიჯი" ქალბატონებისთვის, როგორები უნდა იყვნენ ისინი. თამარის მსგავსი ქალი შემხვედრია თუ არა? კი, ასეთი დედაჩემია.

პროფესიით ექიმი ვარ. პროფესიულ არჩევანზე გავლენა გარემომ იქონია. მამა პატიმარი იყო, დედა ლაბორატორიაში მუშაობდა. მე და ჩემი და სკოლის შემდეგ დედასთან სამსახურში მივდიოდით, ზოგჯერ იქ ვრჩებოდით, გაკვეთილებს ვამზადებდით და მერე სახლში ერთად ვბრუნდებოდით.

ექიმობა ერთ-ერთი ღვთიური პროფესიაა. ბუნებით ამ პროფესიასთან ახლოს ვარ. 4 წელი "სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ცენტრში" ვმუშაობდი. თან იმ პერიოდში, გერმანიასა და პოლონეთში აქტიურად მქონდა გასტროლები, მორიგეობა ხშირად მიცდებოდა. ბოლოს, იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. არადა, ურგენტულ თერაპიას ვსწავლობდი, რაც დიდი გამოცდილება იყო.

- ლეგენდარული იბნ სენა ამბობდა: "ექიმს პირველ რიგში სჭირდება ..., მეორე რიგში - ბალახი, მესამე რიგში - რკინა". დაასახელე გამოტოვებული სიტყვა.

- ტკბილი სიტყვა. მედიცინაში ამას დეონტოლოგია ჰქვია, რომელიც ჩემი აზრით, მედიცინის საფუძველია. როცა პაციენტთან შედიხარ, შენი მისდამი დამოკიდებულება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებელია ექიმის არასწორმა დამოკიდებულებამ, მისი ავადობა გაართულოს.

- ეს ორგანო ადამიანის წონის დაახლოებით 3%-ს შეადგენს. მოიხმარს მთელი ორგანიზმის ჟანგბადის 20%-ს და კალორიების 20%-ს. რაზეა ლაპარაკი?

- ფილტვები?

- ცდები.

- შესაძლოა, ტვინი იყოს.

- დიახ. რის შესახებ ამბობდა დეკურსელი, ის სიმდიდრის ქალიშვილი და სიღარიბის დედააო?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ადამიანის ერთ-ერთ თვისებაზეა ლაპარაკი.

- ერთგულებაზე?

- არა.

- ვერ ვხვდები.

- სიზარმაცეზე ამბობდა. ადამიანის ამ ორგანოს 24 კუნთი აქვს და სწრაფად მოძრაობა შეუძლია.

- გული?

- ცდები.

- ბარძაყის კუნთები?

- არა.

- მითხარი აბა, რომელი?

- ენა. XVIII-XIX საუკუნეებში რუსეთში პოპულარული იყო ჩაის სერვიზი ორ პერსონაზე, რომელსაც ფრანგული სახელწოდება "ტეტ ა ტეტ" ჰქონდა. რა ლათინურ სახელს ატარებდა, ამავე პერიოდის ფაიფურის სერვიზი ერთ პერსონაზე?

- არ ვიცი.

- "ეგოისტი". არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ინდოეთის ერთ-ერთ შტატში ჩატარდა აქციები ხურდა ფულის გაუქმების მოთხოვნით. რომელი სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები?

- ადამიანები, რომლებიც მოწყალებას ითხოვდნენ.

- "ქალი? მიყვარს, მიყვარს ქალი/ ღვინოც, მაგრამ არა ქარხნის,/ პურიც, ოღონდ არა ფურნის,/ პური - თონის,/ ღვინო - ჭურის,/ ქალი - მსგავსი გაზაფხულის". ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- მუხრან მაჭავარიანი. პოეზია მიყვარს. ლექსებს ბავშვობიდან ვწერ. იყო პერიოდი, როცა ჩემი ლექსები ხაშურის და გორის პერიოდულ გამოცემებში იბეჭდებოდა.

დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია, მუზა გაჩერდა. ბოლოს მხოლოდ 2 სიმღერის ტექსტი დავწერე, რომელმაც საზოგადოებაში ასეთი დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ერთ-ერთია "სიყვარულის არმია". ფრაზას "უნდა შემოვიდე ამაღამ შენში" - დიდი ხმაური მოჰყვა. როცა ჩასაწერად ვემზადებოდი, ჩემსა და არანჟირების ავტორს შორის იყო პოლემიკა, ეს სიტყვები პროვოკაციულიაო. მიუხედავად ამისა, პროვოკაციაზე მაინც წავედი.

- რატომ იყო ეს შენი პიარის ნაწილი?

- ასეთი ჩანაფიქრი არ მქონია. ერთ-ერთი ბოლო სიმღერა ოჯახში ძალადობის თემას მივუძღვენი. იმ პერიოდისთვის და დღესაც, ეს თემა ძალზე აქტუალურია. ბევრ ქალს კლავენ ეჭვიანობის ნიადაგზე, მაგრამ რა? ვიმღერე და მორჩა, კრება დარჩა მხიარული. ამ თემას არავინ გამოხმაურებია. "სიყვარულის არმიაზე" კი ბევრი ქილიკობს, არ ველოდი. მაინც მგონია, რომ ამ ყველაფრის უკან ადამიანების გარკვეული ჯგუფი დგას.

- მტრები გყავს?

- არ ვიცი, ეს აგრესია საიდან გაჩნდა? მე როგორც შემოქმედი, სისხლსავსე ცხოვრებით ვცხოვრობ. არავის ვერჩი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი მომწონს, არსებობს კოლეგიალობა, რომელსაც არ ვივიწყებ.

- რომელი ცნობილი ქართველი პოეტი ამბობდა, ანგელოზი მკარნახობს, თორემ ლექსების წერისთვის სად მცალიაო?

- გალაკტიონი.

- რა ჰქვია იაპონიის ეროვნულ დროშას?

- არ ვიცი.

- პინომარუ ("მზის წრე"). წარსულში ქმრის მოღალატე ცოლებს შუბლს უდაღავდნენ, რათა მისი უღირსი საქციელის შესახებ ყველას სცოდნოდა. სწორედ მაშინ გაჩნდა და დღემდე არსებობს ვარცხნილობის ფორმა.

- "ჩოლკა", არა?

- რა თქმა უნდა. 1911 წელს ლეონარდო და ვინჩის "ჯოკონდა" მოიპარეს. ერთ-ერთ ეჭვმიტანილად ცნობილი ესპანელი მხატვარი იყო მიჩნეული. დაასახელე იგი.

- ვერ გეტყვი.

- პიკასო. 7 საოცრებიდან ერთ-ერთი - არტემიდეს ტაძარი ამ ადამიანმა დაწვა, მისი მიზანი იყო, სახელი გაეთქვა მთელ ქვეყანაზე, მაგრამ კანონის ძალით, ვინც მის სახელს ახსენებდა, სიკვდილით სჯიდნენ. მიუხედავად ამისა, ისტორიამ მისი სახელი მაინც შემოგვინახა.

- ჰეროსტრატე.

- არსებობს მხედველობის ნაკლი, რომლის დროსაც ადამიანი ფერებს კარგად ვერ არჩევს. დაასახელე ინგლისელი მეცნიერი, რომელსაც მხედველობის ეს ნაკლი ჰქონდა და რომელმაც პირველმა აღწერა იგი. შემდგომში მხედველობის ამ ნაკლს მისი სახელი დაერქვა.

- დალტონიზმი. ეს დაავადება დალტონმა აღწერა.

- რა ერქვა ავაზაკს, რომელიც იესო ქრისტეს დასჯის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

- ბარაბა.

- ეს ცეკვა კუბაში აფრიკელი ფერადკანიანების მიერ იქნა შეტანილი, ევროპაში კი ცნობილმა ინგლისელმა პედაგოგმა პიერ ლაველიმ შეიტანა. 1925 წლამდე ნიუ-იორკში ამ ცეკვას საერთოდ არ აღიარებდნენ, მერე კი ღამის კლუბები დაიპყრო. მიგანიშნებ, მას "სულის გზას" უწოდებენ. დაბადების თარიღად 1913 წელია მიჩნეული. რომელ ცეკვაზეა ლაპარაკი?

- რუმბა.

- დღეს მას შეყვარებულთა არისტოკრატიულ ცეკვას უწოდებენ, მაგრამ მის ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ ამერიკაში ევროპიდან ემიგრირებული ღარიბების და მონების ცეკვა იყო. პაპმა ბენედიქტე XV-მ ის აღვირახსნილ ცეკვად გამოაცხადა და აკრძალა. რომელ ცეკვაზეა ლაპარაკი?

- (ფიქრობს).

- მიგანიშნებ, ბუენოს-აირესში ყოველ წელს ამ ცეკვის ფესტივალი იმართება, იქ არის მისი სახელობის მუზეუმი, რომელიც 2003 წელს გაიხსნა.

- ტანგო.

- დიახ. როდის აღნიშნავენ ტანგოს საერთაშორისო დღეს?

- არ მახსოვს.

- 11 დეკემბერს. ამ დღეს დაიბადა ტანგოს ცნობილი შემსრულებელი კარლოს გორდელი. კოკო შანელი ამბობდა, რომ ხელები ქალის სავიზიტო ბარათია, ყელი - პასპორტი, ქალის სხეულის რომელ ნაწილს უწოდებდა ის საზღვარგარეთის პასპორტს?

- მკერდს.

- ინგლისის რომელი ქალაქიდან იყვნენ ლეგენდარული "ბითლზის" წევრები?

- ლივერპულიდან.

- დაბოლოს, დაასრულე მონიკა ბელუჩის ცნობილი გამონათქვამი: "სილამაზე ქალისთვის პრობლემად გადაიქცევა ორ შემთხვევაში, როდესაც ის არ გაქვს და როდესაც..."

- ვერ დავასრულებ.

- "...მის გარდა არაფერი გაქვს".

თამუნა კვინიკაძე