ბრძოლა საკუთარ თავთან და განცდა, როცა ყველა ნაბიჯი ავანტიურაა - როგორ ანაზღაურებს შვილთან ურთიერთობის დეფიციტს გიორგი ბახუტაშვილი - გზაპრესი

ბრძოლა საკუთარ თავთან და განცდა, როცა ყველა ნაბიჯი ავანტიურაა - როგორ ანაზღაურებს შვილთან ურთიერთობის დეფიციტს გიორგი ბახუტაშვილი

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები", როგორც მაყურებლის მიერ გაგზავნილი "ესემესებით", ასევე ჟიურის შეფასებით, ერთ-ერთი ლიდერია. ამბობს, რომ შრომა უკვალოდ არ იკარგება. ამ პროექტში ზოგჯერ, საკუთარ თავს ებრძვის, რამაც ძალიან გააძლიერა.

გიორგი ბახუტაშვილი:

- ყველაფერს თავისი დროს აქვს. ამ პროექტიდან ადრეც მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ხან სხვა ტელევიზიასთან

დადებული კონტრაქტი არ მაძლევდა ამის საშუალებას, ხანაც დროის უქონლობა იყო მიზეზი.

- სურვილი გქონდა?

- ამაზე ბევრსაც არ ვფიქრობდი, რადგან ვიცოდი, მაინც ვერ შევძლებდი. წელს იყო შესაძლებლობა და დავთანხმდი. მსახიობისთვის ყველა ნაბიჯი ავანტიურაა.

- რატომ?

- როცა მაყურებლის განწყობა უკვე მოპოვებული გაქვს, შეიძლება, ახალი საქმე დაიწყო და არ გაამართლოს.

- ეს გაშინებდა?

- ეგეთი რამეები არ მაშინებს. ამიტომაც დავთანხმდი და მალე აღმოჩნდა, რომ მაყურებელმა მხარი დამიჭირა. უღრმესი მადლობა მათ თანადგომისთვის. არის კიდევ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი რამ, რის გამოც დავთანხმდი.

- რას გულისხმობ?

- ვგულისხმობ იმას, რომ ჩემს თავს ძალიან ვებრძვი. ვფიქრობ, ადამიანს საკუთარ თავთან ბრძოლა ძალიან აძლიერებს. მგონია, რომ ჩემი მთავარი კონკურენტი ჩემი თავია. რასაც მაყურებელი პირდაპირ ეთერში ნახულობს, მხოლოდ ეგ ხომ არ არის? ძალიან ბევრი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ კარგი წუთნახევრიანი გამოსვლა გქონდეს, თან, მოსამზადებლად მხოლოდ 1 კვირა გაქვს.

- საკუთარ თავში ყველაზე მეტად, რას ებრძვი?

- ზოგჯერ არის მომენტი, როცა ისეთი დაღლილი ვარ, მაქვს განცდა, რომ საჭესთანაც ვერ დავჯდები, რათა სახლამდე მივიდე. ასეთ დროს სარეპეტიციოდ წავსულვარ და ათჯერ მაინც მიცეკვია - საკუთარ თავთან ასეთი ბრძოლები, დროთა განმავლობაში, ძალიან მაძლიერებს.

- მორიგი ტურისთვის მზადების პროცესი როგორია?

- პირველი ეტაპი მუსიკის შერჩევაა: ხან ჩვენ ვარჩევთ, ხან გვირჩევენ. მერე მოძრაობებს ვსწავლობ. ხანდახან სულ რაღაც 3 დღეში იდგმება ნომერი, რაც ძალიან რთულია.

- ხასიათის უკეთ გასაგებად, აღსაქმელად და მერე მაყურებლისთვის გადასაცემად, ცეკვის ისტორიას ეცნობი? ყველა ცეკვა ხომ ამბავს გადმოგვცემს.

- რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია და ხან ჯულიანას ვეკითხები, ხან ინფორმაციას ინტერნეტში ვკითხულობ. ეს ხასიათის შექმნაში ძალიან მეხმარება. შესაძლოა, ცეკვის დროს მოძრაობა გააკეთო, მაგრამ მაყურებელზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინო, ხასიათი ვერ უჩვენო. როცა სცენაზე დგახარ, აუცილებლად, რაღაც ამბავს უნდა მოვყვე, რაშიც ჩემი პროფესია ძალიან მეხმარება.GzaPress

- შენ და ჯულიანა ფავორიტებში ხართ. ასეთ წარმატებას ელოდი?

- ზუსტად ვიცი, არანაირი შრომა უკვალოდ არ იკარგება. შეიძლება, შედეგი სასურველი არ იყოს, მაგრამ შრომა ყოველთვის ჩანს. ვიცოდი, საქმეს სწორად და მთელი გულით თუ მივუდგებოდი, შედეგი გვექნებოდა. ამას, რა თქმა უნდა, ვგრძნობდი, მაგრამ რამდენიმე გამოსვლის შემდეგ, თავადაც გაკვირვებული ვიყავი...

- საკუთარი თავით?

- საკუთარი თავით და ნომრით. სცენაზე ისეთი მომზადებული ვერასდროს გადიხარ, რომ ბოლომდე დარწმუნებული იყო, ყველაფერს კარგად გააკეთებ. 3 დღეში შეუძლებელია ასე მოემზადო. რომ გადიხარ, ცეკვა ხან კარგად გამოგდის, ხან - საშუალოდ, ხან - ცუდად.

- ჟიურის შეფასებებიდან გამორჩეულად რომელიმე ფრაზა თუ დაგამახსოვრდა?

- ერთხელ თეა დარჩიამ მითხრა, - ხშირად, მოცეკვავეებს შეუძლიათ გარისკონ და სახიფათო მოძრაობა გააკეთონ, მაგრამ მე ის მიკვირს, შენ ასეთი დაავადება საიდან გაქვსო? მესიამოვნა. საერთოდ, რასაც ხელს ვკიდებ, ყველაფერს გულით ვუდგები და ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო.

- მეგობრები როგორ გგულშემატკივრობენ?

- კაფეში იკრიბებიან, ჩემს გამოსვლას უყურებენ, მესიჯებს მიგზავნიან...

- დარბაზში არ მოდიან?

- არა. არ მიყვარს, როცა იქ ვინმე ჩემი ახლობელი ზის.

- რატომ იძაბები?

- ეს მომენტი კონცენტრირებაში მიშლის ხელს. არც ვიცი, როგორ ავხსნა; მაწუხებს, მირჩევნია მარტო ვიყო.

- თეატრში თამაშის დროსაც იგივე განცდა გაქვს?

- დიდად არ ვგიჟდები, მაგრამ ჩემთვის უფრო კომფორტულია, თუ იქ არ იქნებიან.

- შენდამი ემოციას ქუჩაში შემხვედრი, რიგითი მაყურებელი თუ გამოხატავს?

- სანამ ამ პროექტში ჩავერთვებოდი, საზოგადოება მანამდეც მეტ-ნაკლებად მიცნობდა. ახლა ჩემი მისამართით სითბოს ახალი ტალღა წამოვიდა. თითქოს სხვა კუთხიდან გამიცნეს და ეს მათთვის სასიამოვნოა, რა თქმა უნდა - ჩემთვისაც.

- როგორი მოლოდინი გაქვს, ფინალში იცეკვებ?

- დიდი სიამოვნებით ვიცეკვებ და იმედია, ამას შევძლებ. ფინალამდე თვეზე მეტია დარჩენილი. ვნახოთ, რა მოხდება. ჯერ აუტსაიდერიც არ ვყოფილვარ.

- მაყურებლის ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ ფინალში შენ და ირაკლი მაქაცარია დარჩებით.

- ისე მოხდა, რომ "ესემესებითა" და ჟიურის შეფასებებით, ჯერ ლიდერები ვართ, მერე რა მოხდება, ეგ არავინ იცის.

- შენს შვილზე, ბეაზე მიამბე. როგორი მამა ხარ?GzaPress

- მასთან ურთიერთობის დეფიციტი მანამდეც მქონდა, სანამ ცეკვას დავიწყებდი და ახლა ხომ სახლში უფრო იშვიათად ვარ. როცა შინ გახლავართ, მას სძინავს. სხვათა შორის, ურთიერთობის დეფიციტი მასაც აქვს, მაგრამ პერიოდულად, ყველაფრის ანაზღაურებას რაღაცნაირად ვახერხებთ. მე თუ მძინავს და მას გაეღვიძა, მეფერება. შეიძლება, უკვე გაიზარდა და ემოციას უფრო მეტად გამოხატავს. როცა ეკრანზე მხედავს, უხარია. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ჩემს შემდეგ რომელი კონკურსანტიც გამოდის, ჩემები ვეღარ უყურებენ, რადგან დამთავრებისთანავე ბეა ითხოვს, გადაახვიონ, რომ ისევ მამას უყუროს.

ყურადღებიანი მამა ვარ. შემიძლია, ბეას დედასავით მოვუარო. უბრალოდ, ამის საჭიროება არასდროს ყოფილა, რადგან დედამისიც გადასარევად უვლის. შეიძლება, ყოველ წუთს ვერ ვხედავ, მაგრამ დისტანციურად სულ ჩართული ვარ და ვიცი, სად არის, რას აკეთებს...

- პარტნიორების გაცვლის ტურში სალომე ჭაჭუასთან იცეკვე. მასთან მუშაობის პროცესი როგორი იყო?

- ნებისმიერ სფეროში პროფესიონალთან მუშაობას არაფერი სჯობს, ძალიან მარტივია. ადამიანთან, რომელიც თავის საქმეს პატივს სცემს, საქმიანი ურთიერთობა იოლია. გამორიცხულია გიღალატოს, ის თავის თავს და საქმეს არ უღალატებს. სალომე რომ პროფესიონალია, ეს უკვე ათასგზის დაამტკიცა. მასთან ურთიერთობა კომფორტული იყო. ასეთ დროს ყველანაირი სირთულე შეიძლება დაიძლიოს. ჯულიანა არაჩვეულებრივი პარტნიორია, ძალიან მეხმარება, ერთად ბევრ დროს ვატარებთ.

- "იმედზე" ახალი შოუ - "მეგობრები" დაიწყო, სადაც ერთ-ერთი თანაწამყვანი ხარ. შენთვის ესეც გამოწვევაა, არა?

- რა თქმა უნდა, გამოწვევაა. გადაცემა წამიყვანია, მაგრამ იუმორისტულ ჟანრში მუშაობა ჩემთვის ნამდვილად, სიახლეა. ჯერჯერობით უცხოა, მაგრამ ვცდილობ, მეტად გავითავისო. ზოგიერთმა ეპიზოდმა გაამართლა, თავადაც კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ არც ის გამომრჩენია, რომ "ყურადღება მისაქცევი" მომენტებიც იყო.

- შენი სამომავლო გეგმა როგორია? ფილმებიდან, სერიალებიდან შემოთავაზება ხომ არ მიგიღია?

- ამ ეტაპზე ვარ "ცეკვავენ ვარსკვლავებში", ვმუშაობ გადაცემაზე, თეატრებში სპექტაკლები მაქვს და აღარ ვიცი, დრო როგორ გადავანაწილო. დღის გეგმას გონებაში ვალაგებ... ზაფხულის პერიოდისთვის ფილმებიდან მაქვს შემოთავაზებები. ჯერ კონკრეტულ პროექტებზე ლაპარაკი ზედმეტია, ყველაფერი დასალაგებელია, არ ვიცი, რა და როგორ მოხდება. "ცეკვავენ ვარსკვლავები" 7 ივლისს მთავრდება და იმედია, ეს პროექტი ჩემთვისაც ამ დღეს დასრულდება.

თამუნა კვინიკაძე