ნუკრი კაპანაძის დაგროვილი სათქმელი... - "ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი და მგონი, დროში ვერ ვეტევი" - გზაპრესი

ნუკრი კაპანაძის დაგროვილი სათქმელი... - "ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი და მგონი, დროში ვერ ვეტევი"

მომღერალი ნუკრი კაპანაძე 10 ივნისს სოლო კონცერტისთვის ემზადება. საღამო ერთ-ერთ კლუბში გაიმართება, სადაც მას პარტნიორობას პიანისტი ნინო გულიაშვილი გაუწევს. შესრულდება ძველი, კარგად ნაცნობი სიმღერები და ახალი, მსმენელამდე ჯერარმისული ბალადები. ქალბატონი ნუკრი შემოქმედებითი სიახლეების, წარსულისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრა.

ახალი რეპერტუარი და სამზადისი კლუბური საღამოსთვის

- საკმაოდ დიდი, მრავალფეროვანი რეპერტუარი დამიგროვდა. სამწუხაროდ, დღესდღეობით არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი მსმენელის წინაშე ხშირად გამოვიტანო. საკუთარი თავის "გარეკლამება" არ შემიძლია, ამ კუთხით ინერტული ვარ; თუ არ შემომთავაზებენ, ინიციატივას ვერ გამოვიჩენ... ამისათვის მენეჯერი უნდა გყავდეს, მსგავს საკითხებს ის აგვარებდეს, მაგრამ ამ კულტურამ ჩემში ვერ შემოაღწია. ბაზარი პატარაა, ფინანსებია საჭირო, გარკვეულ კონცერტებს უნდა ატარებდე, დაფინანსებას იღებდე და მერე უკვე შეძლებ მენეჯერის აყვანასაც, მეტად აქტიურობასაც. დიდი დრო მაქვს, რაც ძალიან მაწუხებს, რადგან სიმღერა, რომელსაც წერ, მღერი, დღესვე უნდა მოასმენინო აუდიტორიას. მიდევს სიმღერები, რომლებიც 3-4 წლის წინ არის დაწერილი და მსმენელამდე ჯერ კიდევ არ მისულა. თუმცა, შემდეგ, ის სიმღერა ცვლილებასაც განიცდის და ისე ირგებ, როგორც შენთვის უფრო ახლო, მისაღებია, მაგრამ მაინც ჯობია, დაწერისთანავე გამოიტანო, რადგან მასში იმ დროის სათქმელი დევს. სიმღერა ხომ შენი შინაგანი მდგომარეობაა და ის სიტყვები, რომელსაც ირჩევ, შენი სათქმელია. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ კონცერტები ხშირად არ ტარდება.

- როგორ გაითავისეთ კლუბური ატმოსფერო, ის გარემო? რამდენად კომფორტულად იგრძნობთ იქ თავს?

- შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდეს, რომ კონცერტს ამჯერად კლუბში ვმართავ, მაგრამ შეუძლებელიც არაფერია. უბრალოდ, რეპერტუარი ისე უნდა შეარჩიო, რომ იმ გარემოსა და სიტუაციას მოუხდეს, იქ მოსულმა ადამიანმაც ისიამოვნოს და მომღერალმაც კომფორტულად იგრძნო თავი. ზოგადად, ძალიან მიყვარს ადამიანებთან კონტაქტი. დიდი სცენის პლუსები გასაგებია, მაგრამ ისიც ძალიან საინტერესოა, როცა მსმენელი ასე ახლოს გყავს და მათ ემოციას უკეთ ხედავ, ესაუბრები. ბალადებია, რაღაცას ჰყვები, ამიტომ მინდა, რომ მაყურებელს ვუყურო და ეს ყველაფერი ისე მოვუყვე. მინდა, ჩემი თავი ასეთ სიტუაციაშიც დავინახო.

ცოცხალი მუსიკა - ვოკალი და როიალი

- დიახ, აქ არანაირი ფონოგრამა არ იქნება, მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი იჟღერებს - როიალი, რომელზეც ნინო გულიაშვილი დაუკრავს. იმ კომპოზიტორების სიმღერებს შევასრულებ, რომელიც აქამდეც არაერთხელ მიმღერია: ვაჟა აზარაშვილი, ნუნუ დუღაშვილი, ნუნუ გაბუნია, ნინო ჩხიკვაძე, რომელთანაც ვთანამშრომლობ. მოკლედ, რეპერტუარს ისე დავაწყობ, რომ ხასიათები იცვლებოდეს. ნინო ჩხიკვაძის ახალი სიმღერაც შესრულდება, პრემიერა შედგება.

წინასაკონცერტო ეიფორია და მღელვარება

- ეს სიმღერები იმდენადაა გამჯდარი ჩემში, რომ ბევრი რეპეტიცია ნამდვილად არ სჭირდება და მღელვარებაც ალბათ, ნაკლებია. როდესაც მიკროფონთან დგები, ყველაფერი თავისით მოდის და თვითონაც ვერ ხვდები, ისე მიდის ყველაფერი თავის რიტმში. წინასწარ არ ვფიქრობ. იმპროვიზაციები იქნება და შესაძლოა, რაღაცები გზადაგზა შევცვალო, ზოგჯერ რომელიმე სიმღერის შესრულებას განსაკუთრებულად მთხოვენ ხოლმე და შეიძლება, ასეც ვიმღერო.

წარმატებული პროექტი რუსთაველის თეატრში

- ეს ჩემთვის მართლაც, ყველაზე მთავარი და სერიოზული კონცერტი იყო. ორი წლის წინ, აპრილში ჩავატარეთ. კომპოზიტორი ნინო ჩხიკვაძე გახლდათ, პიანისტი კი ნინო გულიაშვილი და 11 ახალი სიმღერა შესრულდა - ორი როიალი და ვოკალი. კონცერტს "რეპეტიცია" დავარქვით - ვგიჟდებით რეპეტიციაზე. ამის შემდეგაც, შემოქმედებითი კუთხით, სულ სიახლეების ძიებაში ვართ, ახალ სათქმელს ვეძებთ, ახალ სიმღერებს ვქმნით, წინ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს.

თვითმყოფადობა და საკუთარი ხელწერა სიმღერაში

- სიმღერასთან ჩემი ცხოვრების დაკავშირება იმდენად სპონტანურად მოხდა, რომ ამაზე ნაფიქრიც არ მქონდა. პირველი გამოსვლა, პირველი ტაში, პირველი კომპლიმენტი, სითბო - თანდათან სერიოზულ ინტერესში გადაიზარდა. მაყურებელი ყოველთვის გელოდება, რას გამოიტან. ისეთი სიმღერებიც მაქვს, რომელიც ჩემს სახელთანაა დაკავშირებული, ჩემთან ასოცირდება და ეს ძალიან სასიამოვნოა; რამდენიმე მათგანი ჩემთვისაა დაწერილი, ძველები ჩემს სტილში აღვადგინე და ა.შ. მომღერალს თავისი სახე, ბგერა, შესრულების მანერა უნდა ჰქონდეს, თვითმყოფადი იყოს, რაც სხვებისგან გამოგარჩევს. ვფიქრობ, ამ ყველაფრით ჩემი პატარა, მოკრძალებული ადგილი მაქვს ამ სფეროში.

პირველი ნაბიჯები სცენაზე

- პირველად კვარტეტში ვიმღერე - "თაიგული", ამას დუეტები მოჰყვა, მერე - სოლო, რაც ადვილი გადასაწყვეტი არ იყო. შესაძლოა, გუნდში კარგად მღეროდე, მაგრამ სოლისტად არ ვარგოდე და პირიქით, გუნდში პარტნიორი ვერ იგრძნო და ხმებში ვერ იმღერო. სხვადასხვა სპეციფიკაა. ასე თუ ისე, ჩემი სოლო კარიერა მაინც შედგა.

ლაღი ბავშვობა და ტექნიკური განათლება

- ბავშვობა ჩემთვის სილაღეა. ბებია, სოფელი, ბედნიერი წლები. სამწუხაროდ, დრო ძალიან მალე გადის და გული მწყდება, რომ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი და მგონი, დროში ვერ ვეტევი. სასაცილო ბავშვი ვიყავი, პირველობა მიყვარდა, ყველაფრის თავმჯდომარე და უფროსი უნდა ვყოფილიყავი, ოქმების წერა მომწონდა და კიდევ კარგი, რომ ისეთად არ დავრჩი (იცინის). ახლა რომ ვფიქრობ, ის აქტიურობა, შესაძლოა, ცოტა გამაღიზიანებელიც ყოფილიყო. ახლა ზედმეტი აქტიურობა არ მიყვარს. "გეპეი" დავამთავრე, პროფესიით ქიმიკოსი ვარ. თუმცა, მაშინ "სტუ" ნამდვილი ხელოვნების სკოლა იყო. ძალიან ბევრი მომღერალი გაიზარდა იქ, შემოქმედებითი ცხოვრება გვქონდა. სწორედ იქიდან დაიწყეს კომპოზიტორებმა ჩემი მიწვევები და როგორც სოლო მომღერალი, ასე მოვედი აქამდე. სხვათა შორის, პრაქტიკაზე ხის გადამმუშავებელ ქარხანაშიც მიმუშავია, მოჭრილი ხეების რაოდენობის დათვლა გვევალებოდა. დილით 7 საათზე მივდიოდი ხოლმე, არც ერთი წუთის დაგვიანება არ შეიძლებოდა, ყინვაში სიარული კი ძნელი იყო.

ყველაზე წარმატებული კონცერტი

- შემოქმედებითი კუთხით, რუსთაველის თეატრში ჩატარებული "რეპეტიცია" ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო, რადგან მანამდე, ამ პროექტზე წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვიმუშავეთ და ყოველმხრივ გააზრებული, დაფიქრებული იყო, კარგად დამუშავებული ყოველი ბგერა და აკორდი, იმპროვიზაცია... ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია, ბალადური ჟანრის სიმღერები, სადაც ამბებს ვყვები.

ცხოვრების რთული პერიოდი

- ჩემს ცხოვრებაში სირთულის გარეშე არაფერი ხდება და ეს ყველაფერი შემდეგ სიმღერაში აისახება. სწორედ ამიტომ უნდა იყოს კონცერტები ხშირად, რომ არ "დავიხრჩო"; როცა სათქმელი ყელში გაწვება, გინდა გადმოადინო. სცენა ის ადგილია, რომელიც უზომოდ მიყვარს. მგონი, რთული პერიოდი უფრო მეტი იყო... ზოგიერთ მონაკვეთს ნამდვილად ამოვიღებდი, ალბათ არანაირად არ მესაჭიროებოდა, მაგრამ რას ვიზამთ, შენი გზაა, შენი გადასატანია და იმ რთული სიტუაციიდან თავადვე უნდა გამოხვიდე. ალბათ, ყველაფერი უნდა მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში, რომ სათქმელი ყოველთვის გქონდეს. შემდეგ კი, რა თქმა უნდა, აღმავლობა და უკეთესი პერიოდი მოჰყვება.

"ვნანობ..."

- ბევრ რამეს ვნანობ... მაგალითად, შეიძლებოდა, ფუნდამენტური განათლება მიმეღო მუსიკაში. მართალია, მუსიკოსებთან თანამშრომლობას უპრობლემოდ ვახერხებ, მაგრამ კიდევ უფრო ერთ ენაზე ვისაუბრებდით. ჩემი ალღოთი, ინტუიციით, გემოვნებით რაღაცას ვახერხებ, მაგრამ ვთვლი, რომ უკეთესი იქნებოდა განათლების მიღება. ბავშვისა და მოზარდის ტვინი ყველაფერს უფრო აქტიურად ითვისებს, მერე კი მაინც გგონია, რომ გვიანია.

პირადი ცხოვრება

- არაფერი შეცვლილა. აღმოჩნდა, რომ სიმღერაა ჩემი პირადი ცხოვრებაც და ყველაფერიც (იცინის).

- მეუღლესთან დაშორების პერიოდი რთული გადასატანი იყო?

- სწორედ ამ პერიოდზე ვამბობ, რომ არ იყო საჭირო... საერთოდ რომ არ ყოფილიყო, ბევრად უკეთესი იქნებოდა. არანაირად არ მინდა უკან მოვიხედო.

ქართული შოუბიზნესი და მომავლის გეგმები

- ვერ ვიტყვი, რომ შოუბიზნესი ყვავის, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცას ახერხებენ, სულ აქტიურები არიან, კონცერტები აქვთ და ეს ძალიან კარგია. სწორი პიარით მუშაობენ და ეს მნიშვნელოვანია. მე ბაზარზე არასდროს გამითვლია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ვნახოთ, ხვალ და ზეგ რა იქნება. ჩვენს ტრიოს კიდევ ბევრი გეგმა აქვს, ჩვენ არ ვჩერდებით.

თამთა დადეშელი