"უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც გვაბედნიერებს" - მიშა ბაღათურია შეყვარებულია - გზაპრესი

"უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც გვაბედნიერებს" - მიშა ბაღათურია შეყვარებულია

ცნობილი და წარმატებული წყალბურთელი, მიშა ბაღათურია შეყვარებულია. მან რჩეულის ვინაობა არ გამიმხილა, მაგრამ მითხრა, რომ მისი შეყვარებული მედიასფეროში მუშაობს. "ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს. წარმატებაც მიგემია და წარუმატებლობაც, მაგრამ ფარ-ხმალს არასდროს ვყრი", -ამბობს სპორტსმენი.

-რას ნიშნავს შენთვის ბედნიერება და ახლა თუ გრძნობ თავს ბედნიერად?

-დიახ, ბედნიერი ვარ. ჩემთვის ბედნიერება სიმშვიდე, ჯანმრთელობა, კარგი განწყობაა. კიდევ, დასახული მიზნების მიღწევა და სიყვარული.

-შეყვარებული ხარ?

-გამოგიტყდებით და, შეყვარებული ვარ.

-ვინ არის შენ რჩეული?

-მისი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ერთმანეთი 2 წლის წინ გავიცანით, დავმეგობრდით და მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა.

-რა პროფესიისაა?

-მედიასფეროში მუშაობს.

-ჟურნალისტია?

-არა, ჟურნალისტი არ არის (იცინის).

-ბედნიერი ადამიანი ჩუმად უნდა იყოს, ამაზე ბევრი არ უნდა ილაპარაკოსო, -ამბობენ. ამ მოსაზრებას ეთანხმები?

-ბედნიერ ადამიანს ისედაც ეტყობა, რომ სხვანაირად გამოიყურება, ცხოვრება უხარია და ა.შ. იმის აფიშირება კი, რაც გაბედნიერებს, აუცილებელი არ არის.

-ოდესმე, წარუმატებლობა თუ გიგემია?

-რა თქმა უნდა, წარუმატებლობა მიგემია და მინდა გითხრა, რომ ძალიან რთულია ამის ატანა. მსგავსი რამ ალბათ, ყველას გამოუცდია. წარუმატებლობა ხომ ცხოვრების თანამდევია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარცხმა უნდა შეგაშინოს. მიზნისა და წარმატებისკენ სვლის უნარს არასდროს ვკარგავ.

-ვიღაცის ან რაღაცის გამო, თუ გაგიკეთებია ისეთი რამ, რაც არ მოგწონს?

-საბედნიეროდ, არასდროს ვაკეთებ იმას, რისი კეთებაც არ მსიამოვნებს. იძულებით ვერაფერს გავაკეთებ.

-რომ გქონდეს შანსი, შეცვალო მხოლოდ ერთი დეტალი შენს ცხოვრებაში, რას შეცვლიდი?

-რაიმე დეტალზე ვერ დავკონკრეტდები... თუმცა, ბევრ ადამიანს, ვინც ახლა ჩემ გვერდით არ არის, უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობდი.GzaPress

-ყოველთვის გჯერა საკუთარი თავის? უსმენ გულის კარნახს?

-საკუთარი თავის რწმენის გარეშე ცხოვრება უინტერესო იქნება. რა თქმა უნდა, საკუთარი თავის რწმენაც მაქვს და პატივისცემაც. გულის კარნახსაც ვუსმენ ხოლმე.

-შენ ირგვლივ მოვლენებს სრულყოფილად აკონტროლებ?

-ყველაფრის კონტროლი შეუძლებელია. იმას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ვაკონტროლებ.

-ცხოვრებისეული წინააღმდეგობების წინაშე ფარ-ხმალს იოლად ყრი?

-არა. ვფიქრობ, ბრძოლის უნარის დაკარგვა სუსტ ადამიანებს ახასიათებთ, მე კი ფსიქოლოგიურად ძლიერი და გაწონასწორებული ვარ.

-როგორ ფიქრობ, საკუთარი საქმიანობით ადამიანებისთვის სიკეთე მოგაქვს?

-დიახ, ვთვლი, რომ ჩემს საქმიანობას სიკეთე მოაქვს. ჯანსაღი ცხოვრების წესს ვუწევ პოპულარიზაციას! დღის უმეტეს დროს ვარჯიშში ვატარებ, ვცდილობ სწორად ვიკვებო და ა.შ.

-დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიგყავს?

-თუ ვხვდები, რომ საქმე, რომელიც დავიწყე, არ გამომდის, იმას რა თქმა უნდა, შუა გზაზე მივატოვებ. თუმცა, ვიდრე ასე მოვიქცევი, ბევრს ვფიქრობ, ვაანალიზებ... მუშაობა იმაზე, რაც მაინც არ გამოგივა, დროის უზაროდ ფლანგვაა.

-გაიხსენე ის, რაზეც ოდესღაც ოცნებობდი და არ აგისრულდა...

-ვოცნებობ, მყავდეს შვილი, მაგრამ ჯერჯერობით, არ მყავს. იმედია, ეს ოცნება ამიხდება...

-რომ შემოგთავაზონ სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წასვლა, როგორ მოიქცევი?

-ცენტრალურ ევროპაში ან კუბაში სიამოვნებით ვიცხოვრებდი.

-შეიძლება, ვიღაცას შენგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს, მაგრამ მასთან ურთიერთობა მაინც სასიამოვნო იყოს შენთვის?

-კი, რა თქმა უნდა! ჩემს მეგობრებს ძირითადად, ჩემგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და ეს ბუნებრივიცაა. რაც მეტი განსხვავებული აზრია შენ ირგვლივ, მით უფრო საინტერესოა ურთიერთობები.

-რომელს ისურვებდი იყო: უბედური გენიოსი, თუ ბედნიერი სულელი?

-დამაფიქრა ამ კითხვამ... ვიცი, რომ ნამდვილად არ მინდა, სულელი ვიყო, მაგრამ არც ის მსურს, უბედური გახლდეთ...

-ისურვებდი ისეთივე მეგობარს, როგორიც თავად ხარ?

-თავის ქებას არ დავიწყებ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემნაირი მეგობრის ყოლას ვისურვებდი.

-ხშირად გიჩნდება სურვილი რაღაც ახლის შესწავლის?

-მიზანდასახული ადამიანი ვარ. მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები და ყოველთვის ვცდილობ, ახალ-ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინო საკუთარ თავში. ახლა ძალიან მინდა, კარგად ვისწავლო გიტარაზე დაკვრა. ასევე, მსურს კარგად ვცეკვავდე. იმედია, მოვიცლი ამისთვისაც. სწავლა გვიან არასდროს არის.

-ყველაზე მეტად, რის გამო ხარ სამყაროსადმი მადლიერი?

-სამყაროსადმი თუ უფლისადმი?

-თუნდაც, ორივესი...

-კმაყოფილი ვარ, რომ ჯანმრთელი გახლავართ და გვერდით მყავს ისეთი ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვარ და რომლებიც მიყვარს -ეს ყველასა და ყველაფერზე მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ სრულყოფილ ადამიანად იგრძნო თავი.GzaPress

-როგორ ფიქრობ, შესაძლებელია სიმართლის გაგება ბრძოლის გარეშე?

-რა თქმა უნდა, მთავარია, გაინტერესებდეს სიმართლე...

-შენი ყველაზე დიდი შიში რეალობა გამხდარა?

-დიახ, ვყოფილვარ ასეთ რეალობაშიც.

-ადამიანების გაცნობა და დაახლოება სიამოვნებას განიჭებს?

-გააჩნია ადამიანსაც. საინტერესო პიროვნების გაცნობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის სასიამოვნოა.

-რა არის შენი ბავშვობის დროინდელი, ყველაზე ბედნიერი მოგონება?

-ბევრი ასეთი მოგონება მაქვს. თუმცა, ყველაზე სასიამოვნოდ მახსენდება პერიოდი, როდესაც მთელი ოჯახი ერთად ვიყავით: ბებიები, ბაბუები, დედა, მამა, ბავშვები ერთ დიდ სახლში ვცხოვრობდით.

-თუ ჯერ კიდევ არაფრისთვის მიგიღწევია, დასაკარგი არაფერი გაქვს. ასეა?

-ადამიანს დასაკარგი რაღაც ყოველთვის გაქვს. ამიტომ, უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც გვაბედნიერებს.

-ახლა წინ მილიონი დოლარი რომ დაგიწყონ და გითხრან, -ეს აიღე, სანაცვლოდ კი შენს საქმიანობაზე უარი თქვიო, როგორ მოიქცევი?

-ფულის გამო ყველაფერს ვერ გაყიდი. პირადად მე, ვერც საყვარელ საქმიანობაზე ვიტყვი უარს.

-თუ ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, რატომ გვეშინია მათი დაშვების?

-შეცდომების დაშვების არ მეშინია და ამიტომაც ვუშვებ კიდეც... შეცდომების გარეშე ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი იქნებოდა. მთავარია, ადამიანმა გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვას და სხვები არ დააზარალოს.

-რა ან ვინ გიყვარს უფრო მეტად და ის, რაც ბოლოს გააკეთე, გამოხატავდა ამ სიყვარულს?

-ჩემი ოჯახი, მეგობრები, შეყვარებული მიყვარს და ყოველი ჩემი მოქმედება მათ მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავს.

-მბრძანებლობა, სხვებზე ზეწოლა, კრიტიკულობა, მოუთმენლობა, სიზარმაცე -გაქვს რომელიმე ეს თვისება?

-კი, ყველა ეს თვისება მაქვს და ვებრძვი კიდეც მათ. მჯერა, როცა ადამიანს რაღაცის სურვილი აქვს, მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

სოფო ჭონიშვილი