"ჯეჯელავაც კარგად გამომივიდა, ნაბადივით მოვიგდე მხრებზე" - "მოძრავი ფილარმონია" და მეგობრული პაროდიების ხიბლი - გზაპრესი

"ჯეჯელავაც კარგად გამომივიდა, ნაბადივით მოვიგდე მხრებზე" - "მოძრავი ფილარმონია" და მეგობრული პაროდიების ხიბლი

"ჟურნალ "გზიდან" ხართ? თქვენი ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდა ჩემი ფოტო, როცა ზურაბ ჟვანიას თოჯინას ვახმოვანებდი. ჯერ გარეკანზე ვხვდებოდი, მერე ბოლოკანზე და ახლა, შუაკანზე ვარ! თავის დროზე ფეხბურთს ვთამაშობდი, მეკარე ვიყავი. მწვრთნელი გურამ გვანცელაძე მეუბნებოდა, - მეკარე მოედანს უნდა აკონტროლებდეს, მოთამაშეებს დავალებებს აძლევდეს და მუდმივად ლაპარაკობდესო. მეც ასე ვიქცეოდი. მეგობრები ხუმრობენ ხოლმე, იმდენი ილაპარაკა, რომ ბოლოს ფილარმონიაში აღმოჩნდაო", - მითხრა ბესო ბერულაშვილმა და მერე, ბევრი სხვა ამბავიც გაიხსენა.

"მოძრავი ფილარმონია"

- კომპანია "მოძრავი ფილარმონიის" საშუალებით, უფასო კონცერტებს ვმართავდით რეგიონებსა და თბილისის გარეუბნებში. მავთულხლართებთან გავმართეთ კონცერტი, როცა იქითა მხარეს ავტომატიანები იდგნენ. ამაზე დიდი სიხარული რა უნდა იყოს, როცა ჩადიხარ და ხალხს ეფერები? მათგან ისეთ სიყვარულს გრძნობ, რომ მერე განშორება გიჭირს. კონცერტის დაწყებამდე შინაურულად ვსაუბრობთ. ზოგჯერ გვეუბნებიან: ჯერ არ დაიწყოთ, შვილო, ძროხას მოვწველითო და ჩვენც, ვპასუხობთ, - კაი, გენაცვალეო. ხშირად ისეთ ადგილებში გამოვსულვართ, სადაც არც სცენაა და არც - კულისები. ჩარგალთან ახლოს, სოფელ მაღაროსკარში სკოლის ჩამონგრეული კიბე იყო ჩვენი სცენა. ხანდახან იმაზე ვფიქრობდით, რომ არ გადავვარდნილიყავით. აი, იქ იდგა და მღეროდა ლეგენდა კაცი, თემურ წიკლაური. თბილისის გარეუბნებში გამართულ კონცერტებს "თბილისური საღამოები", ხოლო რეგიონებში გამართულს - "მონატრება" დავარქვით. ზოგან, ხალხი ხეებზეც იჯდა. წარმოიდგინეთ, უნდა წამოვიდეს ადამიანი შორი გზიდან, მოვიდეს ფილარმონიაში, იყიდოს 25-ლარიანი ბილეთი და თან, მარტო ხომ არ წამოვა? ჩვენ კიდევ, თავად მივდივართ მათთან. ღია ცის ქვეშ, ეზოში უფასო კონცერტს გავმართავთ და მოვესიყვარულებით კიდეც.

პაროდიები სიყვარულით GzaPress

- სხვა ადამიანების ხმის მიბაძვით, ბევრი გამიბია მახეში, მათ შორის: მოქმედი პარლამენტარები, მინისტრები და ა.შ. პაროდიის კეთებისას, პირველად მიმიკას ვიჭერ და მერე მოდის და მოდის... დიდხანს სიცოცხლე და სიკეთე ბატონ გია ვოლსკის, ძალიან მიყვარს. ჩვენ ხომ პაროდიებს მეგობრულად ვაკეთებთ. ჯეჯელავაც კარგად გამომივიდა, ნაბადივით მოვიგდე მხრებზე. გარეგნობითაც ხომ ვგავარ? ჯეჯელავას პაროდიაზე, მიმიკა პირველად როცა დავიჭირე, სელფი გადავიღე და გია ბაღაშვილს გავუგზავნე, - ვინ არის-მეთქი? ლამის სიცილით მოკვდა (იცინის); ჭოლას პაროდია იმდენად კარგი იყო, რომ მისი შვილი დარბაზში იჯდა და ვერ მიხვდა, მამამისი რომელი იყო. ზურაბ ჟვანიას ხმით სად აღარ დამირეკავს. ერთი "დაულაგებელი" ძმაკაცი მყავს, ნარკოტიკის მოხმარებაზე რამდენჯერმე დაიჭირეს. ოჯახი ფულს გადაიხდიდა - გამოუშვებდნენ. თანხა რომ შემოელიათ, მამამისმა მთხოვა და ორჯერ დავეხმარე. მესამედ უკვე მომერიდა პოლიციის უფროსის შეწუხება - მეგობარი კი არის, მაგრამ ჩემზე ასაკით უფროსი კაცია და მოვიფიქრე: ჟვანიას ხმით დავურეკე. იცოდა, რომ პაროდიებს ვაკეთებდი და მეგონა, მიხვდებოდა, მაგრამ ვერ მიცნო. გამოუშვეს ჩემი მეგობარი, რომელსაც გამოდის, რომ დათვური სამსახური გავუწიე. წლების შემდეგ პოლიციის უფროსს სიმართლე გავუმჟღავნე... ზვიად გამსახურდიასთან ერთადერთი შეხვედრა არ დამავიწყდება: იგი ყაზბეგში, ბიძაჩემის ოჯახს ესტუმრა. დედით მოხევე ვარ და იმ დროს მეც იქ ვიყავი. ქალბატონმა მარინა ჯიქიამ უთხრა: იცით, ბატონო ზვიად, ეს თქვენს პაროდიებს აკეთებსო. ჩამივარდა ენა, 16 წლის ვარ, კომპლექსები მქონდა. ზვიადს გაეღიმა.

როსტომ ბერულაშვილი

- დათო როსტომაშვილი და მე ხშირად ვეშლებით ერთმანეთში. ერთხელ მაღაზიაში შევედი და ვიღაცამ თქვა: ვაიმე, ჩვენი საყვარელი მსახიობი, დათო როსტომაშვილი მოვიდაო. ვიფიქრე, რომ დათოც შემოვიდა და ვათვალიერებ, სადაა როსტომაშვილი? ეს თეთრი და ქათქათა კაცი, აბა, როგორ ვიქნები დათო? ის ჩემზე ამბობს, "რიჟა" ტყუპისცალი მყავსო. ამას წინათ ისრაელში იყო. წმინდა გიორგის საფლავის მონახულებისას ქართველები უნახავს, რომლებიც დათოს აღფრთოვანებით შეხვდნენ. ერთი წივილ-კივილი რომ ამტყდარა, ვიღაცას უკითხავს, - რა ხდება, ვინ მოვიდაო? - როსტომ ბერულაშვილი მოვიდაო! - ვიღაცას უთქვამს...

ანეკდოტები...

- შუაღამეს ციხიდან თუ დამირეკავს ვინმე, იმას მოვუყვები ანეკდოტს, მაგრამ ვიღაცა გაზულუქებულსა და ბოდიშს ვიხდი, "გამაძღარს" კაი მრავალსართულიან კახურს მივაყოლებ. სართულების გარდა, ტომებიც ვიცი (იცინის). ზოგი "ბლატაობს" და რაც უფრო მალე გადავა "შე ჩემაზე" (კიდევ ბოდიშს გიხდით), ჰგონია, მაგარი ბიჭია ანდა მოურიდებლად გეტყვიან, მაგალითად: კახი კავსაძის ტელეფონი მომეცი, მინდა დავურეკოო. ვის უნდა დაურეკო, შენი ტოლია თუ სწორი?

შემხვედრია ადამიანი, რომელსაც ანეკდოტი ვერ გაუგია და ისეთიც, ანეკდოტს მოჰყვება და ვერაფერს გაიგებ. თუმცა, მაინც უნდა მოუსმინო: იბლუყუნებს, მაგრამ შეიძლება, კაი რაღაცას მოჰყვეს. ჩვენ რისთვისა ვართ? იმ ანეკდოტს ე.წ. ნავაროდკებს გავუკეთებთ და ქსელში გავუშვებთ.

ბოლოს გაგონილი ანეკდოტი ძალიან მომეწონა. ყვარლის სკოლაში მასწავლებელი გაკვეთილს ატარებს და კითხვას სვამს: სად დაიბადა ილია ჭავჭავაძეო? ჯერ ქართველმა რომ არ იცოდეს ამაზე პასუხი, სირცხვილია, მაგრამ ყვარლელმა რომ არ იცის, ეს უკვე კატასტროფაა, ხომ? ჰოდა, ეს ბავშვები ჩუმად სხედან. მასწავლებელი ბრაზობს და შეკითხვას რამდენჯერმე იმეორებს. მერე ყველას ემუქრება, ახლა ორიანებს დაგიწერთო. როგორც იქნა, ერთმა ასწია ხელი და თქვა, - ილია დაიბადა ახალსოფელშიო. - დაჯექი, სამიანი. ორს იმიტომ არ გიწერ, რომ რაიონს არ გააცილეო (იცინის). ძალიან ლამაზი სოფელია ახალსოფელი, იქ გადაიღეს ფილმი "სიყვარული ყველას უნდა".

გა, გა, გა...

- შვილი მირეკავს: "მამა, იცი, რა მოხდა?" ცოტა შემეშინდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სანდრომ ლექსი ისწავლა. უფროსი შვილიშვილი მაშინ წლისა და სამი თვის იყო. რა ლექსი-მეთქი? - გამიკვირდა, ჯერ კარგად ვერც ლაპარაკობდა. - მოდი და ნახეო. ოო, ცრემლები მომადგა, ბავშვი ყველაფერში მემსგავსება, როგორც პიპინია იტყოდა, "ვეს ვ მენია". მოკლედ, ოცამდე მეგობარი შევკრიბე და გაიშალა სუფრა. ალექსანდრე შემოიყვანეს, ჩაირთო კამერები, ფოტოგადაღება მიდის. ყველანი ველოდებით ლექსის დაწყებას. ჩემმა შვილმა ბავშვს საწოვარა გამოაძრო: აბა, დედიკო, დავიწყოთო და ამბობს: "გუსი, გუსი..." სანდრომ გააგრძელა - "გა, გა, გა". მორჩა ლექსი! "გა, გა, გა"-ს გამო 20 კაცი ვაქეიფე (იცინის). ამან, ბარათაშვილის "მერანი" რომ ისწავლოს, ორი რესტორანი არ ეყოფა-მეთქი, - მერე ვამბობდი. ახლა მშვენიერი ლექსებიც იცის, ფეხბურთსაც თამაშობს და ცოტათი მბაძავს კიდეც. არ მინდა, მომბაძოს, სჯობს ფეხბურთი ითამაშოს.

გივი და კახი GzaPress

- გივი ბერიკაშვილი არაჩვეულებრივი, უკეთილშობილესი ადამიანი, ჩვენი აღმზრდელი, სინდისი, ნამუსი, გული, ერთგულება, სიყვარული - ერთი სიტყვით, ჩვენთვის ყველაფერი იყო. ბატონი გივი ჩემი მოუშუშებელი ტკივილი იქნება, ვიდრე ვიცოცხლებ. ძალიან მეცოდება ბატონი კახი, როგორი ძმაკაცი მოუკვდა, დღე და ღამე ერთად იყვნენ. ამათი დუეტის ყურებას ხომ არაფერი სჯობდა, რეპეტიციებზე ვხოხავდით ხოლმე. საოცრად ავსებდნენ ერთმანეთს: ორმეტრიანი არანორმალური ენერგიის მქონე კახი და ჩია ტანის, დარბაისელი გივი. ბოლო პერიოდში ბატონი გივი ავადმყოფობდა და ასეთ დროს ბატონი კახი ყველა საქმეს გადადებდა, მის გვერდით გაჩნდებოდა. რა თქმა უნდა, გივის სანახავად საავადმყოფოშიც მობრძანდა. ჩვენ ქვემოთ ვართ, არ შეიძლება ზევით ასვლა. ბატონ კახის უარი ვერ უთხრეს და ავიდა. რეანიმაციაში რა ხდება? მძიმე ავადმყოფები არიან და ზოგი რაზეა მიერთებული და ზოგიც - რაზე. ბობოქარი კახი გივის თავს დააცხრა: რა დროს წოლაა, ადექი, ტო! მერე კიდევ რაღაცა მიაყარა. ექიმები ვერ ეუბნებიან, რომ ხმადაბლა ილაპარაკოს. - გივი, ადექი, ტო, დროზე გამოდი, მე მარტომ რა ვაკეთოო? გივიმ, - კარგიო, - უთხრა, ამისი თავი აქვს? დასვენება უნდა, წამალი მიიღო, ეძინება. ბატონი კახი უმეორებს სიტყვებს და "ააფეთქა" საავადმყოფო. როგორც იქნა, წასვლა გადაწყვიტა და უთხრა: ხვალ ვერ მოვალ, სპექტაკლი მაქვს, ზეგ აქა ვარ. აბა, შენ იცი ბერიკ! - კარგი, წადი. - გეუბნები, ტო, ზეგ აქა ვარ! - გავიგე, კარგი. - არა, იქნებ ვერ გაიგე? - გავიგეეეე, - ესეც ლამის გაგიჟდეს. დილით გივი იღვიძებს და რას ხედავს, მის გვერდით კახი წევს, თავი სიზმარში ჰგონია. რა მოხდა? ბატონი კახი საავადმყოფოს კიბეზე ჩამორბოდა, აუსრიალდა ფეხი და კიბეზე იფრინა. ისე დაიჟეჟა, გივის გვერდით მიუწვინეს. ყველა სიცილით იგუდებოდა. წარმოიდგინეთ, როგორია, პალატაში შედიხარ, სადაც გივი და კახი ერთად არიან. პაციენტები მათ სანახავად მიდიოდნენ, მართლა ასეაო?

ნანული ზოტიკიშვილი