რო­ბერ­ტო მა­ვა­ნი: "ვცდი­ლობ, სი­უ­ჟე­ტებ­ში იყოს იუმო­რი და არა ირო­ნი­ა" - გზაპრესი

რო­ბერ­ტო მა­ვა­ნი: "ვცდი­ლობ, სი­უ­ჟე­ტებ­ში იყოს იუმო­რი და არა ირო­ნი­ა"

ლევან კვარაცხელიას საზოგადოების დიდი ნაწილი რობერტო მავანის ფსევდონიმით იცნობს. ამჟამად პროექტზე "შინაურები" მუშაობს. წერს სცენარს და ამზადებს სახალისო სიუჟეტებს. ამბობს, რომ აქტიური მკითხველი არც ერთ ასაკში არ ყოფილა, ხოლო "ემილის თავგადასავალი" ის წიგნია, რომელმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

- "შინაურები" თითქმის იგივე ფორმატია, როგორ გადაცემაზეც "ჯიდიესში" ვმუშაობდით. ბენდი და მუსიკალური ნომრები დაემატა. "ჯიდიესი" უფრო ახალგაზრდული ტელევიზიაა, "იმედს" ყველა თაობის მაყურებელი ჰყავს. ამას ვითვალისწინებთ, გვინდა "შინაურები" ყველა თაობის მაყურებლისთვის საინტერესო იყოს. მე ძველებურად ვმუშაობ სცენარზე და ვამზადებ სახალისო სიუჟეტებს. ყოველთვის ვცდილობ, სიუჟეტებში იყოს იუმორი და არა ირონია.

სკოლაში ყველა საგანს თანაბრად ვსწავლობდი, ოდნავ გამორჩეულად ქართული და მათემატიკა მომწონდა.

დიდი ხანია, საერთოდ არაფერი წამიკითხავს. დღის განმავლობაში იმდენად დაკავებული ვარ, შინ დაბრუნების შემდეგ, კითხვას როგორც კი ვიწყებ, ეგრევე მეძინება.

ძალიან კარგი მკითხველი ბავშვობაშიც ნაკლებად ვიყავი, სტუდენტობის წლებშიც მხოლოდ იმ საგნებს ვსწავლობდი, რასაც დავალებად მაძლევდნენ. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დავამთავრე.

ლიტერატურული პერსონაჟები ჩვენ გვერდით რომ არსებობდნენ, რომელთან ვიძმაკაცებდი, ამაზე პასუხის გაცემა ძალიან მიჭირს. ბავშვობაში ვინმეს რომ ეკითხა, შესაძლოა, ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟები დამესახელებინა "ემილის თავგადასავალმა" ჩემში მძაფრი ემოცია გამოიწვია, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ვერც იმას ვიტყვი, ქალი პერსონაჟებიდან რომელი შემიყვარდებოდა. ძალიან ცუდი მეხსიერება მაქვს, რაც ემოციურია და მძაფრ შთაბეჭდილებას ახდენს, ისიც კი ერთი თვის შემდეგ აღარ მახსოვს. წაკითხულ ნაწარმოებებთან მიბრუნებაც არ მჩვევია.

ფილმებს უფრო ვიმახსოვრებ, შესაძლოა, ვიზუალური მეხსიერება უფრო კარგი მაქვს. ტელევიზიას ძალიან დიდი დრო მიაქვს, სცენარისტი ვარ და შეიძლება პროფესიული ინტერესის გამო, რომელიმე სერიალის 400 სერიაც კი ვნახო.

პოეზია დიდად არ მიყვარს. ლექსი სცენარისთვის - არაერთხელ, ისე არასდროს დამიწერია.

წიგნი არასდროს მომიპარავს, სურვილიც არ გამჩენია. საერთოდ, არასდროს არაფერი მომიპარავს, მაგრამ ჩემთვის მოუპარავთ, ეს კარგად მახსოვს.

საოჯახო ბიბლიოთეკის გამდიდრებაზეც არ ვზრუნავ, დაინტერესებული ნაკლებად ვარ. ბავშვობაშიც არ მქონდა მისწრაფება, ბევრი წამეკითხა, მაშინ წიგნის სამყაროში მეგზურობასაც არავინ მიწევდა, მაგრამ სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში კარგად ვსწავლობდი.

- რას თვლიდა ყველაზე დიდ სისულელედ ბერნარდ შოუ, რაც ორ ერთმანეთზე შეყვარებულ ადამიანს შეიძლებოდა გაეკეთებინა?

- ზუსტი პასუხი არ ვიცი, მე რას ვფიქრობ, გითხრა?

- დიახ.

- ქორწინება.

- ბერნარდ შოუც ასე ამბობდა. ქორწინებას თავადაც სისულელედ თვლი?

- არა, სისულელე ნამდვილად არა მგონია, ლოგიკით გამოვიცანი.

- ქრისტეს ამ მოციქულმა მანამდე არ დაიჯერა უფლის ხორციელი აღდგომა, სანამ მაცხოვარს ხელით არ შეეხო. რომელ მოციქულზეა ლაპარაკი?

- თომაზე.

- რომელი ქართველი პოეტი მონაწილეობდა რუსეთის დაპყრობით ომებში ჩრდილოეთ კავკასიაში?

- გრიგოლ ორბელიანი.

- ფრანგული ანდაზის მიხედვით, ღმერთი როგორ ადამიანებს უღიმის?

- სავარაუდო პასუხები არ შეიძლება?

- დათრგუნვილს, გამბედავს, მოწყენილს თუ მხიარულს?

- ჩემი აზრით, გამბედავს.

- დიახ. რადგან სკოლაში მათემატიკა გიყვარდა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ უნდა გაგიჭირდეს. ოჯახში მამის, დედის და შვილის წლოვანებათა ჯამია 60. მამის წლოვანება დედისა და შვილის წლოვანებათა ჯამის ტოლია. რამდენი წლის არიან მამა, დედა და შვილი?

- 30, 25, და 5.

- ეს ინგლისელი მწერალი ქალი I მსოფლიო ომის დროს მოწყალების დად მუშაობდა. მას დეტექტიური ჟანრის 60-მდე ნაწარმოები აქვს შექმნილი. რომელ მწერალზეა ლაპარაკი?

- რომელიმე ნაწარმოები რომ დამისახელო, მივხვდები.

- მისი მოთხრობების მთავარი გმირია ერკიულ პუარო.

- აგათა კრისტი.

- არსებობს თუ არა ისეთი ციფრი, რომლის ასოების რაოდენობა ზუსტად იმდენია, რამდენსაც ეს ციფრი გამოხატავს?

- მადროვე (პაუზის შემდეგ) 4.

- "ამ მდუღარეგადასხმულ ჩემს ბიოგრაფიაში - წერს ერთ-ერთი მწერალი, - ვერც ერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე, რაც არ იყო, რას გამოძებნი. ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის უთქვამს - "მწერლის აკადემია უბედური ბავშვობააო" - ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემია", - დაასახელე, რომელი მწერალია ამ სიტყვების ავტორი?

- ოტია იოსელიანი.

- XX საუკუნის 80-იან წლებში ამერიკაში გამოვიდა "სუნების წიგნი". ვისთვის იყო ეს წიგნი განკუთვნილი?

- პარფიუმერიის შემქმნელებისთვის.

- ცდები, ძაღლებისთვის იყო განკუთვნილი. "მე რომ დავიბადე, დღე იდგა ქუში,/ იმერეთს ხატავდა ტყემლების ფუნჯი,/ ბედი ცვალებადი დამყვა მარტივით,/ ბედი ერთდროულად რთულიც მარტივიც". - ვინ არის ამ სტროფის ავტორი?

- შოთა ნიშნიანიძე.

- გიბრალტარის სრუტეში არის კუნძული, რომლის გვერდის ავლაც სრუტის გადალახვისას ანტიკურ ხანაში შეუძლებელი იყო. ამით კარგად სარგებლობდნენ ადგილობრივი მცხოვრებნი და ყველას გადასახადს ახდევინებდნენ. რა ერქვა ამ კუნძულს?

- არ ვიცი.

- ტარიფი. წმინდა იოანე ოქროპირი ამ სასმლის შესახებ ამბობს: "იმისთვის მოგვეცა, რომ ვიხაროთ და არა იმისთვის, რომ უმსგავსოდ მოვიქცეთ, იმისთვის, რომ ვიცინოთ და არა იმისთვის, რომ დაგვცინონ, ჯანმრთელობის განსამტკიცებლად და არა სნეულების შესაძენად. სხეულის გასამაგრებლად და არა სულის მოსაუძლურებლად".

- ღვინო.

- ისააკ ნიუტონის 300 წლის აღსანიშნავად დიდ ბრიტანეთში გამოუშვეს საფოსტო მარკა, რა იყო მასზე გამოსახული?

- ვაშლი იქნებოდა.

- როგორი?

- წითელი.

- რომელ წიგნზე ხდება საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია?

- კონსტიტუციაზე.

- ნოდარ დუმბაძის რომელი ცნობილი გმირია გოგი თუშურაშვილი?

- არ ვიცი.

- კუკარაჩა. მოგზაურები ოდითგანვე ცდილობდნენ, სასმელი წყალი ვერცხლის ჭურჭლით ეტარებინათ. რატომ?

- წყალი არ ფუჭდება დიდი ხნის განმავლობაში.

- მოგზაურობა გიყვარს?

- ძალიან.

- დრო და საშუალება რომ გქონდეს, სად იმოგზაურებდი?

- სამხრეთ ამერიკაში.

- იქ ყველაზე მეტად რა გიზიდავს?

- პირდაპირ გითხრა? ადამიანები, განსაკუთრებით - ქალები. ეგზოტიკური, ცოტათი ექსტრემალური მოგზაურობა გამომივიდოდა.

- ექსტრიმის მოყვარული ხარ?

- კი.

- ალბათ გსმენია, რომ ამ დროს ადამიანის ორგანიზმში ადრენალინი გამოიყოფა.

- რა თქმა უნდა, ეს ვიცი.

- რომელი ჯირკვალი გამოყოფს ადრენალინს?

- არ ვიცი.

- თირკმელზედა. "მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში - ქართულ სამოთხეში. მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავია, როგორც თბილისში", - წერდა საქართველოში მოგზაურობის შემდეგ ეს ფრანგი მწერალი.

- ალექსანდრე დიუმა.

- მარგარიტა გოტიეს, რომლის პროტოტიპიც იყო დიუმას საყვარელი მარი დიუპლესი, ჩვენ ვიცნობთ, როგორც...

- ქალს კამელიებით.

- რომელ დრამატურგს ეკუთვნის ცნობილი ოპერები: "სამგროშიანი ოპერა" და "გალილეო"?

- ბერტოლდ ბრეხტს.

- ლაკონიაში ჩაკეტილი სპარტელებისთვის ფილიპე მაკედონელს მიუწერია: თუ მოვედი, ძირფესვიანად ამოგთხრითო. რა უპასუხეს ლაკონიელებმა?

- არ ვიცი.

- მათი პასუხი ძალზე ლაკონიური იყო.

- იმდენად ლაკონიური, რომ ერთი სიტყვაა?

- დიახ. სულ ორასოიანი სიტყვაა.

- არ ვიცი.

- "თუ". ამ ცხოველს 15 წუთის მანძილზე 200 ლიტრი წყლის დალევა შეუძლია.

- აქლემი.

- 1931 წელს, მწერალთა ფედერაციამ ეს მწერალი თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხეს. "ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით თავადაზნაურული იდეოლოგიის, შოვინიზმის და "შავი ჩოხის" ტრადიციის დასაცავად". დაასახელე ეს მწერალი.

- კონსტანტინე გამსახურდია.

- დაბოლოს, დაასრულე შარლ დე გოლის ცნობილი გამონათქვამი: "ყოველთვის აირჩიე ყველაზე ძნელი გზა, რადგან აქ კონკურენტებს..."

- ვერ დავასრულებ.

- "...ვერ შეხვდები".

თამუნა კვინიკაძე