ნონა გაფრინდაშვილი: "3 ქორწილი მქონდა" - ჭადრაკის დაფა, ოჯახი და კულინარია - გზაპრესი

ნონა გაფრინდაშვილი: "3 ქორწილი მქონდა" - ჭადრაკის დაფა, ოჯახი და კულინარია

ნონა გაფრინდაშვილის ცხოვრების გზა სავსეა წარმატებებით. მუდამ თან სდევდა იშვიათი მარცხის სიმწარე, მომავალ შეხვედრამდე დათვლილი წუთების სულსწრაფობა და წესად ქცეული გამარჯვების სიხარული. ის პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში. ამ დიდ წარმატებას 21 წლის ასაკში მიაღწია, მერე კი ეს სიხარული კიდევ ოთხჯერ განიცადა. იმდენი პრიზი აქვს მიღებული, ადამიანს სათვალავი აგერევა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტიტულებს შორის უმთავრესი - ხალხის სიყვარულიც დამსახურებულად მოიპოვა.

სტრატეგია, გამოწვევები, ჭადრაკის დაფასთან მოფიქრებული და შემდეგ ათასგზის გამოცდილი, გონივრული სვლები - ეს მისი წარმატების დღეს უკვე გათქმული საიდუმლოა.

ჩვენი შეხვედრის ადგილი ჭადრაკის სასახლეა. ინტEრვიუს ჩასაწერად სიმბოლურად, ჭადრაკის დაფას მივუსხედით. დიალოგი მე დავიწყე, "თეთრებით თამაში" მერგო.

რით ჰგავს ჭადრაკის დაფა ცხოვრებას? როგორია მეფეების, დედოფლების, პაიკების როლი? როგორ ცხოვრობს დღეს ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი? - ამ ყველაფერზე ქალბატონი ნონა თავად მოგვითხრობს.

- ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, გმადლობთ, რომ გამონაკლისი დაუშვით და ინტერვიუზე დამთანხმდით.

- ჟურნალისტებს შეხვედრებზე მართლაც იშვიათად ვთანხმდები, თქვენ ძალიან მიზანდასახული ყოფილხართ.

- ვფიქრობ, ეს თვისება თქვენს ხასიათშიც დომინანტი იქნება.

- ეს თვისება ბავშვობიდან მქონდა. ვცდილობდი, რასაც ხელს მოვკიდებდი, კარგად გამეკეთებინა. ბიჭების გარემოცვაში ვიზრდებოდი, 4 უფროსი ძმა მყავდა. ზუგდიდში მთელი ქუჩის ბავშვები ჩვენთან იკრიბებოდნენ. თოჯინები არ მაინტერესებდა, რასაც ბიჭები თამაშობდნენ, მეც იმას ვთამაშობდი. ფეხბურთიც მაშინ შემიყვარდა. კარშიც ხშირად ვიდექი. ბიჭებთან შეთანხმება მქონდა და რადგან გოგო ვიყავი, ამის გამო ჩვენ შორის დანდობა არ უნდა ყოფილიყო. ჭადრაკს რომ თამაშობდნენ, ვუყურებდი და ისე ვისწავლე. უფროსი ძმა კარგად თამაშობდა. ხშირად მეუბნებოდა, - მოდი, დაჯექი, გასწავლიო. ნიჭი ბევრ ადამიანს აქვს, მაგრამ რაღაც დონეს შეიძლება მიაღწიო და გაჩერდე.

- დიდი წარმატების მისაღწევად რა არის საჭირო?

- აუცილებლად უნდა გქონდეს ჯანმრთელობა, კარგი ნერვული სისტემა, მიზანდასახულობა და სპორტული ხასიათი. აქედან ერთი კომპონენტიც რომ ამოაგდო, გამორიცხულია, მწვერვალებს ვერ დაიპყრობ.

ბიჭებთან ყოველთვის ჩემი გამქონდა. ჭადრაკში ტურნირებს ვაწყობდით, ბოლო ადგილზე არასდროს გავსულვარ. იმ პერიოდში ჩემი ძმები რიგრიგობით, ზუგდიდის ჩემპიონები ხდებოდნენ. საკმაოდ კარგად თამაშობდნენ, მაგრამ როგორც კი უმაღლეს სასწავლებლებში მოეწყვნენ, თავიანთ პროფესიას მიჰყვნენ, ჭადრაკი კი მათთვის გართობა იყო.

- ოჯახში სანატრელი გოგო იყავით?

- ოთხი ბიჭის შემდეგ, ბუნებრივია, გოგოს დაბადება ოჯახში დიდი სიხარული იყო. ამიტომ ჩემი თბილისში გამოშვება ძალიან უჭირდათ. მაშინ ზუგდიდში გოგონებისთვის ჭადრაკის წრე არ არსებობდა. ჩემი დეიდა და ბიძა თბილისში ცხოვრობდნენ, მათ მემკვიდრე არ ჰყავდათ. როცა ნახეს, ჭადრაკს კარგად ვთამაშობდი, ჩემებს არაერთხელ უთხრეს, - გამოუშვით, ჩვენთან იცხოვროსო.

ჭადრაკში გოგონების წრეები მხოლოდ დიდ ქალაქებში იყო. თბილისში, მაშინდელ პიონერთა სასახლეში ჭადრაკის განყოფილება ძალიან კარგად მუშაობდა.

1953 წელს, ბათუმში საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა. ზუგდიდიდან ბიჭთა გუნდი მიდიოდა, მაგრამ აუცილებელი იყო, გუნდში ერთი გოგო ჰყოლოდათ. ზუგდიდის მაშინდელი ხელმძღვანელობა საგონებელში ჩავარდა, არ იცოდნენ, ვინ აეყვანათ. ყურმოკრული ჰქონდათ, გაფრინდაშვილების ოჯახში ერთი გოგო ჰყავთ, რომელიც ჭადრაკს თამაშობსო, მაგრამ როგორ ვთამაშობდი, არ იცოდნენ. ჩემი უფროსი ძმა მაშინ სტუდენტი იყო, მის მომდევნოს კი ვაჟების გუნდში პირველ ნომრად უნდა ეთამაშა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ მე წავედი შეჯიბრებაზე და ჩემი ძმა არ წამოვიდა - უმაღლეს სასწავლებელში აბარებდა, ემზადებოდა და დროის უქონლობა მოიმიზეზა. მე კი გუნდის წევრებს მატარებელში ვეცნობოდი.

- მატარებელში ჭადრაკი რომ ეთამაშეთ და უმრავლესობას მოუგეთ, ეს ის მგზავრობა იყო, არა?

- კი, ყველა გაკვირვებული დავტოვე. სერიოზული ბრძოლა გვქონდა, გუნდმა კარგი შედეგი უჩვენა. იმ ასპარეზობაზე პიონერთა სასახლის მწვრთნელი, ვახტანგ ქარსელაძე ჩემით დაინტერესდა და მშობლებს შემოუთვალა, თბილისში გამოუშვითო.

თბილისში 1954 წლის შემოდგომაზე ჩამოვედი. ერთ წელში უკვე მქონდა გარკვეული წარმატებები, დიდებში თბილისის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავედი. 1956 წლიდან კი ასპარეზობებზე პირველი ადგილების აღება დავიწყე. ამ საქმემ ძალიან გამიტაცა. მსოფლიოს ჩემპიონი 21 წლის ასაკში გავხდი.

- საკუთარ თავზე ბევრს შრომობდით?

- რა დროც იყო სავარჯიშოდ გამოყოფილი, იმ პერიოდში ვმეცადინეობდი. თავისუფალ დროს ბილიარდს ვთამაშობდი.

- სპორტის რომელი სახეობები გიტაცებთ?

- ფეხბურთის დიდი მოყვარული ვარ. ტელევიზიას ნაკლებად ვუყურებ, ვკითხულობ პრესას და სპორტული ასპარეზობებიდან ვუყურებ იმას, რაც მსიამოვნებს.

ჩოგბურთი და ბილიარდი მიყვარს. ახლა პატარა რომ ვიყო, ჭადრაკთან ერთად, სნუკერსაც აუცილებლად ვითამაშებდი, პროფესიულ დონეზე გავყვებოდი. ადრე ამერიკანკას უფრო ხშირად ვთამაშობდი. სნუკერი, ისევე, როგორც ჭადრაკი, სტრატეგიაზეა აგებული, ამიტომ მიტაცებს. ჭადრაკში თუ სვლები არ გათვალე, გეგმა თუ არ გაქვს, გამარჯვებები ვერ გექნება.

- პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, ვილჰელმ სტეინიცი ამბობდა: ჭადრაკი უნებისყოფო ადამიანების თამაში არ არისო. ეთანხმებით?

- რა თქმა უნდა, ვეთანხმები. ერთხელ ერევანში, მამაკაცებს შორის, ჩემპიონატი ტარდებოდა და მე სტუმრის სტატუსით მიმიწვიეს. იქ ფიზკულტურის ინსტიტუტის ფსიქოლოგიური განყოფილების წარმომადგენლებმა მოჭადრაკეებს ტესტი ჩაგვიტარეს. ჩემი და ტალის (ცნობილი რუსი დიდოსტატი მიხეილ ტალი) პასუხები ერთმანეთს დაემთხვა. ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო, - "რა გირჩევნიათ, 2 ყაიმი თუ ერთი მოგება და ერთი წაგება?" ჩემი პასუხი იყო: "ერთი მოგება და ერთი წაგება". პარტიას რომ წავაგებდი, ერთი სული მქონდა, როდის დავჯდებოდი სათამაშოდ. არავითარ შემთხვევაში ყაიმზე არ ვფიქრობდი. ძალიან ძლიერი მოჭადრაკეები, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონი კაცებიც კი წაგების შემდეგ, პარტიას ძალიან მოზომილად თამაშობდნენ.GzaPress

- თქვენ?

- ვცვლიდი სისტემებს. დღესაც ჩემი სვლები მაქვს, გადაადგილებებს ვაკეთებ. ეს ადამიანის ხასიათს, სტილს განსაზღვრავს. ზოგიერთი კომპიუტერით ემზადება.

- თქვენ კომპიუტერს არ ეთამაშებით?

- არა, ეგ ჩემი საქმე არ არის, კომპიუტერთან დროს არ ვკარგავ. თან დამაქვს "აიპედი", რომელშიც ვუსმენ მუსიკას, ვკითხულობ წიგნებს...

- ჭადრაკის დაფასთან სრულიად მარტო როცა რჩებით, ის განცდა, თქვენს სამყაროში მყოფს რომ გეუფლებათ, რას შეგიძლიათ შეადაროთ?

- ხელოვანი თავის ნამუშევარს რომ უყურებს და სიამოვნებს, ასეთ სიამოვნებას მანიჭებს სვლებზე ფიქრი. კომპიუტერი რა არის? მოჭადრაკეების მიერ ნათამაშები უკვე გარჩეული და შერჩეული სვლებით თამაშებია. დაფასთან საკუთარი იდეების მოძებნას, ჭადრაკში ძველი თაობის წარმომადგენელმა ბორისენკომ მიმაჩვია. ამ ადამიანმა ჩემში ჭადრაკისადმი დამოკიდებულება შეცვალა. პროფესიონალ მოჭადრაკეს სვლის ყველა ვარიანტი დამუშავებული უნდა ჰქონდეს. უნდა იცოდე ეს ფორმულა, მაგრამ ამავე დროს, იდეების განხორციელებაც უნდა შეგეძლოს. მე ვიცი სვლები, რომლებიც 30 წელია, არ გამომიყენებია, მაგრამ თუ დამჭირდება, აუცილებლად გავიხსენებ. სხვათა შორის, ასეთი შემთხვევა არაერთხელ მქონია.

- ჭადრაკმა რა გასწავლათ? რა კვალი დატოვა თქვენს აზროვნებაზე, ხასიათზე?

- ყოველთვის მოწესრიგებული ვიყავი, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც წარმატებები ერთმანეთს მიეწყო. მე არასდროს დამჭირვებია ფსიქოლოგი. ტური ცუდად დამიწყია, მაგრამ საკუთარი თავისთვის მიშველია. 76 წლის ვარ და დღემდე ვთამაშობ. ჭადრაკი ჩემი სამყაროა.

- თქვენი კომფორტის ზონაა, არა?

- რა თქმა უნდა, მე დღესაც მოწინააღმდეგეს ჩემს იდეებს ვახვევ თავს და ვიმარჯვებ. ემოციებით ვარ დატვირთული. შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლეს ჭადრაკით ვიხანგრძლივებ. სანამ ეს გრძნობა მექნება, უნდა ვითამაშო.

- ჭადრაკის თამაში სტრატეგიაზეა აგებული. ყოველი სვლა უნდა გათვალო. მაინტერესებს, ეს თვისება რეალურ ცხოვრებაშიც თუ გაქვთ და საერთოდ, რით ჰგავს ცხოვრება ჭადრაკის დაფას?

- როგორც ჭადრაკის დაფაზეა შეცდომა სახიფათო, ისეა ცხოვრებაშიც. დაფაზე ყველას ჩვენი არმია გვყავს, ასეა ცხოვრებაშიც. ცოტათი განსხვავებული, მაგრამ ახლოს დგას. ჩემი ხასიათი აქ მომწიფდა, აქ ჩამოვყალიბდი. ძალიან სერიოზული გავლენა ჰქონდა იმ გარემოს, სადაც გავიზარდე. ჩვენ კულტურაშიც და სპორტშიც საოცარი თაობა გვყავდა. ჭადრაკში ქართველებს ლამის ნახევარსაუკუნოვანი დიდების პერიოდი გვქონდა. 11 ოლიმპიური ოქრო მაქვს, ზოგიერთს - 9, ზოგიერთს - 7. ასეთი რამ ბევრ უფრო განვითარებულ და მრავალრიცხოვან ქვეყნებში არ არსებობს. დღეს მსოფლიოს ჩემპიონობას ვერ დავიქადნით, მაგრამ ევროპის ჩემპიონი გვყავს - ნანა ძაგნიძე. გუნდურში ხან ოქროს ვიღებთ, ხან - ვერცხლს, ბრინჯაოს, მაგრამ იმ წარმატებების ფონზე, რაც იყო, ეს გაფერმკრთალებულია.

- ჭადრაკის ფიგურებიდან გამორჩეულად რომელიმე გიყვართ?

- ყველა ფიგურა მიყვარს, რომელიც მოგებას მომიტანს. წლების წინ, სუნამოები გამოუშვეს: "დედოფალი ნონა" და "პაიკი ნანა" ალექსანდრია. ნანამ იკითხა, რატომ პაიკიო? ეს დედოფალში გამსვლელი პაიკიაო, - უპასუხეს.

აქ ყველაზე პატივსაცემი მეფეა, ყველაზე მეტი დედოფალს შეუძლია, მაგრამ დანარჩენ ფიგურებსაც თავისი როლი და დანიშნულება აქვთ. პაიკი გადის ბოლომდე. მას შეუძლია, მეფე გააცოცხლოს.

- თქვენს ოჯახზე მიამბეთ.

- ჩემი მეუღლე პროფესიით ექიმი და ამავე დროს, საკავშირო კატეგორიის მსაჯი გახლდათ. ერთმანეთი ბაქოში გავიცანით, მე მომამაგრეს, როგორც ქართველს. მერე ისიც საქართველოში დაბრუნდა, კარგი ურთიერთობა გვქონდა, ერთმანეთს ვხვდებოდით. ოჯახი 29 წლის ასაკში შევქმენი. ორსულობის პერიოდს თამაშში ხელი არ შეუშლია. მეუღლე დიდი ხნის წინ გარდამეცვალა. 1 შვილი და 2 შვილიშვილი მყავს.

- როგორი ქორწილი გქონდათ?

- 3 ქორწილი გვქონდა: ერთი ქორწილი ჩემმა ოჯახმა გადაგვიხადა, მეორე - მეუღლის ოჯახმა და მესამე ქორწილი ჩემმა ძმამ, ზუგდიდში გადაიხადა.

- ჭადრაკის დაფის ფორმის ტორტი გქონდათ?

- არა, ჩვეულებრივი, ტრადიციული ქორწილი გვქონდა, მოჭადრაკეები კი მრავლად იყვნენ.

- თქვენი მემკვიდრეები ჭადრაკს თამაშობენ?

- შვილი თამაშობს და შვილიშვილებმა მხოლოდ სვლები იციან. ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს: ჩემი ძმები, მათი შვილები, შვილიშვილები... გავმრავლდით, მაგრამ არც ერთი ჭადრაკს არ თამაშობს. ამბობენ, გენეტიკით ბევრი რამ გადადისო, ჩვენებს სხვა ინტერესები აქვთ, დაძალებით კი ვერავის ვერაფერს დააძალებ... ჩემი ვაჟი, როგორც მოყვარული, საკმაოდ კარგად თამაშობს.

- გარდა იმისა, რომ წარმატებული მოჭადრაკე ბრძანდებით, აქტიური მოქალაქე ხართ. "სახალხო კრებაზე" გკითხავთ - ამისკენ რამ გიბიძგათ?

- ბევრ პოლიტიკურ პარტიას უნდოდა მსგავსი ფორმატის გაერთიანების ჩამოყალიბება. საკნების აქცია ხომ გახსოვთ? საკნები რომ დაშალეს და ეს დიდი წინააღმდეგობის ტალღა შეაჩერეს, მაშინ თითქოს, პოლიტიკური ცხოვრება ჩაკვდა და უცბად მოება თავი ამ კრების შექმნას. თავმჯდომარედ ისე ამირჩიეს, არც შემითანხმეს. ვიცოდით, ქვეყანაში რაც ხდებოდა და პროტესტი აუცილებელი იყო. ძალიან მიჭირდა ტრიბუნასთან მისვლა, საჯარო გამოსვლები ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ იძულებული ვიყავი, გამოვსულიყავი. მაშინ ბაზარში ხშირად დავდიოდი (ბოლო რამდენიმე წელია, ოჯახის წევრები აღარ მიშვებენ) და რომელ დახლთანაც უნდა მივსულიყავი, ყველგან პატარა მიტინგივით იმართებოდა. ყველა ყველაფერში იყო გარკვეული და კითხვებს მისვამდნენ. ეს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი იყო. როცა ხელისუფლება შეიცვალა, ვთქვი, რომ გასაკეთებელი გავაკეთე და ჩემი პოლიტიკა მორჩა.GzaPress

- თქვით, ბაზარში დავდიოდიო. როგორი კულინარი ხართ?

- აქტიური მოჭადრაკე რომ ვიყავი, მაშინ მოჭადრაკეებს შორის მგონი, გამონაკლისი ვიყავი, ვინც ოჯახში კერძებს ამზადებდა. ზოგმა მხოლოდ სალათის მომზადება იცოდა. დედა მყავდა ძალიან კარგი კულინარი, მას ვუყურებდი, ვაკვირდებოდი, რას როგორ ამზადებდა და მისგან ყველაფერი ვისწავლე. მხოლოდ, ცომეულს იშვიათად ვამზადებდი, "ბლინჩიკს" თუ არ ჩავთვლით, რომელიც ჩემს ოჯახში ყველას უყვარს.

- დღეს თქვენი ყოველდღიურობა როგორია?

- ზოგჯერ მთელი დღე გაწერილი მაქვს, ზოგჯერ კი საქმე ნაკლებია და ასეთ დროს ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს: ჩოგბურთი, სნუკერი მიყვარს, ვუყურებ ჩემპიონატებს.

- ჭადრაკის სასახლეში შემოსვლისას, რომელიც თქვენს სახელს ატარებს, თვალში გვხვდება ერთადერთი ვარსკვლავი, რომელსაც ასევე, თქვენი სახელი და გვარი აწერია. ამას რომ ხედავთ, რა განცდა გეუფლებათ?

- სასიამოვნოა, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ზოგჯერ მავიწყდება, რომ სასახლის წინ ჩემი ვარსკვლავია. ძალიან მომწონს დიდების მუზეუმები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მინახავს. რამდენი ღირსეული ადამიანი გვყოლია და ყველას ვარსკვლავი რომ გავხსნათ, ძალიან ბევრი დაგროვდება, ამიტომ ვამართლებ დიდების მუზეუმების არსებობას, არავინ დაიჩაგრება და ეს უფრო სამართლიანი იქნება. ამ ვარსკვლავის გახსნა მე არავინ მკითხა. როცა გავიგე, ვიკითხე, - რად გინდოდათ-მეთქი? განდიდების მანია არასდროს მქონია.

- დაბოლოს, რას ურჩევთ ახალგაზრდა მოჭადრაკეებს?

- თუ უნდათ კარგად ითამაშონ, აუცილებელია, მიეჩვიონ ფიქრს. იფიქრონ, რატომ ასე არ თამაშობენ, რატომ ამ სვლას არ აკეთებენ? იდეები როდის მოდის? - როცა ფიქრობ! ჭადრაკში მეტი სიღრმეში ჩასვლაა საჭირო, თუ გინდა, რომ დიდ სიმაღლეზე ახვიდე.

თამუნა კვინიკაძე