სპორტსმენი, რომელსაც გემრიელი კერძების მომზადებაც შეუძლია - გზაპრესი

სპორტსმენი, რომელსაც გემრიელი კერძების მომზადებაც შეუძლია

რაგბის თამაში 15 წლის ასაკში დაიწყო, ამჟამად კი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი - ლაშა ლომიძე ქართული სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. 2012 წელს, საფრანგეთში გუნდ "მონტპელიეს" შემადგენლობაში ჩაირიცხა, 2 წლის შემდეგ, ასევე ფრანგულ - "ბეზიერსში" გადავიდა, რამდენიმე თვეში კი ახალ სეზონს "ლონდონ აირიშთან" ერთად დაიწყებს. წარმატებული სპორტსმენი, თურმე, კულინარიისგან სულაც არ არის შორს და მარტო ცხოვრებისას, მისთვის საყვარელი კერძების მომზადებაც ისწავლა.

ოკეანისპირა სტელენბოსი და მშვიდი დასვენება სახლშიGzaPress

- ივნისის თვეში ნაკრების თამაშები იწყება და ამერიკაში, კანადასა და არგენტინაში გავემგზავრებით, ამის მერე კი სეზონს უკვე ახალ გუნდთან ერთად ვიწყებ - "ლონდონ აირიშთან" კონტრაქტს მოვაწერე ხელი. როცა ვარჯიშებსა და თამაშებს შორის დასვენება გვაქვს, ძირითად დროს სახლში ვატარებ, წყნარად, მშვიდად, ფილმების ყურება მიყვარს, მუსიკის მოსმენა, წიგნების კითხვა; თუ უცხოეთში ვარ, ქართულ გადაცემებს, სერიალებს ვუყურებ; სხვათა შორის, თავისუფალ დროს, კერძების მომზადებაც მიყვარს. საზღვარგარეთ, სადაც უნდა ჩავიდეთ, კვირის განმავლობაში ერთი დღე მაინც ყოველთვის გვაქვს გამოყოფილი, რომ ქალაქი, იქაური ღირსშესანიშნაობები დავათვალიეროთ. ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ჩემთვის სამხრეთი აფრიკა იყო, სადაც სამი თვე ვიცხოვრე (მაშინ 19 წლის ვიყავი). სამხრეთ აფრიკის საუკეთესო აკადემიაში სასწავლებლად გამგზავნეს. კეიპტაუნთან, ძალიან ლამაზ ქალაქში - სტელენბოსში (სტელლენბოუსცჰ) ვიყავი. ოკეანისპირა კურორტი იყო და იქ საუკეთესო დრო გავატარე. ფიჯის კუნძულებზეც მაგარი იყო. თამაშები გვქონდა, სეზონის ბოლო ტურნირი გახლდათ და გადაღლილები ვიყავით, ამიტომ ცოტას ვვარჯიშობდით და მეტს ვისვენებდით. ეს პერიოდიც კარგად მახსენდება.

გურმანი სპორტსმენი და კულინარია, როგორც თავშესაქცევი საქმე

- კულინარია და გემრიელად ჭამა ძალიან მიყვარს, გურმანი ვარ. ქართული სამზარეულო ყველაზე მეტად მომწონს და უცხოეთში ყოფნის დროს, მენატრება ხოლმე. ყველანაირი ხაჭაპური მიყვარს და მე თვითონაც ვამზადებ ნებისმიერს. საქართველოში გამომცხვარს, ვერაფერი შეედრება. ფრანგული და იტალიური ყველით ისეთი კარგი ხაჭაპური არ გამოდიოდა, როგორიც ქართული ყველით მზადდება. სუშიც მიყვარს და ამასაც კარგად ვაკეთებ. წვნიანების გარდა, თითქმის ყველა ქართული კერძი მიყვარს. ამ ყველაფრის გაკეთება როცა დამჭირდა, მაშინ ვისწავლე, დედისა და მეგობრების დახმარებით. საფრანგეთში ყოფნის დროს, სხვა გამოსავალი არც მქონდა, ახლა კი ამ პროცესით ძალიან ვერთობი. თუმცა, არც კულინარიული ექსპერიმენტები მიყვარს და არც ეგზოტიკური კერძების გასინჯვა. ხორცეულსა და ცომეულს, ბურგერებს უფრო ვეტანები...

გემრიელი და წყნარი გართობა

- ძირითადად, მე და ჩემი გუნდელები სადმე მივდივართ ან ერთმანეთს შინ ვსტუმრობთ. დიდი წვეულებების მოყვარული არ ვარ. თბილისში, მეგობრებთან ერთად ხშირად ყოფნას, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ. თამაშის მერე, ისევ და ისევ გუნდელებთან ერთად, სადმე ბარში ან რესტორანში თუ ამოვყოფ ხოლმე თავს. ჩემი "გართობა" ჭამაა (იცინის). ხმაურიანი გართობები, კლუბები აღარ მომწონს. ერთი პერიოდი ღამის ცხოვრება მიყვარდა, მაგრამ ბოლო დროს აღარ მიზიდავს.

აშშ, ნიუ-იორკი - სასურველი ადგილი

- ამერიკაში ვიცხოვრებდი სიამოვნებით და იქაც სპორტში ვცდიდი ბედს. ამ ქვეყანაში თანამედროვე ცხოვრებაა, თავისუფლება, სხვანაირი რიტმი. ადრე ერთი თვე იუთას შტატში ვცხოვრობდი. ნიუ-იორკში არ ვარ ნამყოფი და ძალიან მაინტერესებს.

ზომიერი დიეტა საჭირო ნივთიერებებით, კარგი ძილი და ვარჯიში

- ზოგჯერ ზომიერი დიეტის დაცვა გვიწევს, მაგრამ ძალიან შეზღუდულებიც არ ვართ. როცა ფორმაში ხარ, კვირაში ერთხელ შეგიძლია, თავს უფლებს მისცე და ბურგერი იქნება თუ პიცა, ჭამო და ისიამოვნო. განსაკუთრებული დიეტა არ გვაქვს. ზომიერებაა საჭირო და კვების რეჟიმი, რომ ორგანიზმმა საჭირო ნივთიერებები მიიღოს. ცხიმიც აუცილებელია, რომ კუჭი არ გამოშრეს, პრობლემები არ შეგექმნას. ვარჯიშის მოყვარულ ადამიანებს, ცხადია, სწორ კვებას ვურჩევ, რეჟიმში ყოფნასა და კარგად გამოძინებას - ეს აუცილებელია. სპორტული ცხოვრება და სიჯანსაღე ძალიან მნიშვნელოვანია. სპორტი, რაგბი ჩემთვის ყველაფერია, ეს ჩემი ცხოვრების წესია.

თამთა დადეშელი