"ი­სე­თი რამ და­მე­მარ­თა, მი­ლი­ო­ნი ქა­ლი­დან ერთს რომ ემარ­თე­ბა" - გზაპრესი

"ი­სე­თი რამ და­მე­მარ­თა, მი­ლი­ო­ნი ქა­ლი­დან ერთს რომ ემარ­თე­ბა"

როცა საქმე პროფესიის არჩევაზე მიდგა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება უნდოდა, მაგრამ ბოლოს სამსახიობო ფაკულტეტზე აღმოჩნდა. შალვა გაწერელიას ჯგუფში მოხვდა და ამ ჯგუფის დატოვება, აზრად არასოდეს მოსვლია. ხატია მელქაძე დღეს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. იღებენ ფილმებში, სერიალებში... მას ძალიან უყვარს თავისი საქმე. როლზე ფიქრი და პერსონაჟის ხასიათის ამოხსნა, სიამოვნებას ანიჭებს.

- მას შემდეგ, რაც ბავშვი გავაჩინე, საღამოობით წიგნების წაკითხვას ხშირად ვეღარ ვახერხებ. დღის განმავლობაში, სულ თეატრში ვარ, ხან რეპეტიციები მაქვს, ხან დღეში 3 სპექტაკლს ვთამაშობ.

ძალზე სასაცილო ორსულობა მქონდა, ისეთი რამ დამემართა, მილიონი ქალიდან ერთს რომ ემართება. ორსულობის პირველი 7 თვის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში მეღვიძა, 10 წუთით ვერ ვიძინებდი. თან იმ პერიოდში დაემთხვა "ჰეროკრატიის" გადაღებები, ჰიპერაქტიური ვიყავი. მიუხედავად უძილობისა, ძალიან დიდი ენერგია მქონდა, სულ კარგ ხასიათზე ვიყავი. აღარ ვიცოდი, ღამე რა მეკეთებინა, ინტერნეტში ხშირად შევდიოდი, მაგრამ სულ კომპიუტერთან ხომ ვერ ვიქნებოდი. ღამის 2 საათიდან თაროებიდან ვიღებდი წიგნებს და გათენებამდე ვკითხულობდი. ოჯახში რაც კი წიგნი არსებობდა, ყველა გადავიკითხე. ჩემი ექიმი, ცოტა გაოგნებული იყო. 7 თვის შემდეგ ღამე მეძინა, მაგრამ მაშინაც ცოტა ხნით.

ის ცოდნა, რომელიც ორსულობის პერიოდში მივიღე, რაიმე ფორმით ბავშვზეც თუ გადავა, კარგი იქნება. რა გასაკვირია, მაგრამ ჩემი შვილიც ჰიპერაქტიურია.

მწერლობაში საყვარელი ავტორი არ მყავს. ჟანრებიდან ყველაზე მეტად ფსიქოლოგია მიზიდავს. ძალიან მინდა მაგისტრატურაში ჩავაბარო და ამ მეცნიერებას ბოლომდე გავყვე, კვლევები მაინტერესებს. ადამიანებზე დაკვირვებები მიყვარს, არასდროს ვცდები. ყოველთვის ამართლებს პირველი შთაბეჭდილება. ამ დროს ადამიანი თამაშს ვერ ახერხებს.

ნაწარმოები, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, შიო გვეტაძის "მონანიებაა". ისიც კი მახსოვს, როგორი წიგნი იყო, გაცრეცილი, მოშავთეთრო გარეკანი ჰქონდა. რატომღაც მეგონა, ფილმი "მონანიება" ამ ნაწარმოების მიხედვით იყო გადაღებული, კითხვა იმიტომ დავიწყე და ხელში სულს სხვა ნაწარმოები შემრჩა. მაშინ 12-13 წლის ვიქნებოდი, იმდენად მძაფრი განცდები დამეუფლა, ნაწარმოების კითხვისას პირველად ვიტირე.

ჩვევად მაქვს, ნელი კითხვა მიყვარს. წაკითხული კარგად უნდა გავიაზრო, ზოგიერთ ადგილზე ხაზებსაც ვუსვამ, ყველა წიგნს ეტყობა, რომ ჩემი წაკითხულია. რაც მომწონს, ხელმეორედ ვუბრუნდები, ის ჩემ მიერ გახაზული ადგილებიც კონკრეტულ ამბებს თუ მაშინდელ განცდებს მახსენებს.

ლიტერატურული პერსონაჟებიდან დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი ნოდარ დუმბაძის ხატიასთან. მას ხელს მოვკიდებდი და არასდროს გავუშვებდი. ეს პერსონაჟი თავად განვასახიერე, მაგრამ მისდამი სიყვარული, უფრო ადრეული ასაკიდან მქონდა, როლზე რომ ვიმუშავე, მერე ხომ უფრო მეტად შემიყვარდა. სპექტაკლი, რაც უნდა ცნობილი ნაწარმოების მიხედვით იდგმებოდეს, რამდენჯერმე წაკითხულიც რომ მქონდეს, მას სპექტაკლზე მუშაობის დაწყების წინ, კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე სულ სხვა თვალით ვეცნობი.

რომელი პერსონაჟი შემიყვარდებოდა, ამაზე ვერ გიპასუხებ. ყოველთვის ვამბობდი, მსახიობს ცოლად არ გავყვები-მეთქი, მაგრამ ზუსტად ეს გავაკეთე. ამ თეატრში რომ მოვედი, დათო მაშინ გავიცანი. თავიდანვე გაპრანჭვა დავიწყე, ერთ დღეს მითხრა, მაინც ცოლად უნდა მოგიყვანო, ბარემ ჩემთან დარჩიო და დავრჩი, გამიმართლა.

- "საფრანგეთი, არმია, ჟოზეფინა", - რომელმა მთავარსარდლმა წარმოთქვა სიკვდილის წინ ეს სიტყვები?

- არ ვიცი, ვაიმე, მეშინია, ასეთი კითხვები უნდა დამისვა?

- რა თქმა უნდა.

- რა კარგად ვლაპარაკობდით და ეს რად გვინდა?

- პასუხი არ გაქვს?

- სულ დავიბენი.

- მიგანიშნებ, ფრანგი მთავარსარდლებიდან ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იყო, ჟოზეფინა უყვარდა.

- ნაპოლეონი?

- რა თქმა უნდა. ერთმა ბრძენმა თქვა: თუ ბევრი ფული დაკარგე, არაფერი დაგიკარგავს. თუ მეგობარი დაკარგე, ბევრი რამე დაგიკარგავს, ხოლო თუ "ის" დაკარგე, ყველაფერი დაგიკარგავს. რა არის "ის"?

- ზუსტად არ ვიცი, ჩემი აზრით, ყველაზე ცუდია, როცა ადამიანი იმედს და რწმენას კარგავს.

- ბრძენი რწმენას გულისხმობდა. რომელ სოფელში დაიბადა ნიკო ფიროსმანი?

- მირზაანში.

- ვინ შეარქვა ვაჟა-ფშაველას ეს ფსევდონიმი?

- ვერ გიპასუხებ.

- პეტერბურგში ყოფნის დროს მეგობარმა დიმიტრი ცისკარიშვილმა შეარქვა. პოეზია გიყვარს?

- ძალიან.

- "დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!/ როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,/ ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია/ და შორეული ცის სილაჟვარდე...

- ...(მაწყვეტინებს) შემოიღამებს მთის ნაპრალები/ და თუ როგორმე ისევ გათანდა, -/ ღამენათევი და ნამთვრალევი,/ დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან"... გავაგრძელო?

- მეტი საჭირო არ არის.

- გალაკტიონი ჩემი საყვარელი ავტორია. მამასაც ძალიან უყვარს. მაშინ 7 წლის ვიქნებოდი, მამას დაბადების დღე მოდიოდა და სულ ვფიქრობდი, რით გამეხარებინა, მისთვის რა საჩუქარი მიმეძღვნა, თან ფულიც არ მქონდა. ბოლოს "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში" ვისწავლე. საათის ისარი ღამის 12-ს რომ გადასცდა, მასთან მივედი და ეს ლექსი წავუკითხე. სიხარულით ლამის გაგიჟდა.

- რა ჰქვია ლომის შვილს?

- ბოკვერი.

- 1895 წელი კინემატოგრაფიის დაბადების თარიღია. რომელ ქალაქში გაიმართა პირველი კინოჩვენება?

- არ ვიცი.

- პარიზში. "მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე სიყვარულით ერთხელაც არ ამძგერებია გული, თუმცა მოჩვენებით ხშირად მომჩვენებია თავი, ტრფიალების ალი მწვავს-მეთქი, ეტყობა, ვერც ვერასდროს ვიგრძნობ ამ გულის ძგერას... ავხორცი თუ ვარ? მაშა! არ მოუტყუებიხართ, ოღონდ განა საშიშარი ვარ. ქალს დავინახავ თუ არა, როდი შევყივლებ და ვეძგერები, ჯერ არასდროს ვყოფილვარ გასამართლებული ვნებიანობის მკაცრი გამოვლინებისთვის: სრულიად ურისკოდ შეიძლება ჩემთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა, მით უმეტეს თუ ხმის მისაწვდენ ადგილზე პოლიციელი მორიგეობს", - ეს არის ერთ-ერთი ფრანგი მწერლის მიერ, შეულამაზებლად დახატული ავტოპორტრეტი. დაასახელე ეს მწერალი.

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ამბობენ, როცა ეს მწერალი გარდაიცვალა, პარიზის ყველა საროსკიპომ გლოვა გამოაცხადაო.

- მაინც ვერ გიპასუხებ. ასეთი ვინ იყო?

- გი დე მოპასანი. რა ჰქვია დღის და ღამის გათანაბრებას?

- ვიცოდი და ვერ ვიხსენებ.

- ბუნიობა. არსებობს თუ არა საქართველოში დინოზავრის ნაკვალევი?

- დიახ. წყალტუბოშია.

- სად დაიბადა ვერიკო ანჯაფარიძე?

- ქუთაისში. მეც ქუთაისში ვცხოვრობდი.

- რომელია ყველაზე პატარა კონტინენტი?

- ვერ ვიხსენებ.

- ავსტრალია. ვინ იყო ბედისა და იღბლის ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში?

- ფორტუნა.

- რომელ მეფეზე წერდა ლეონტი მროველი: "ამან განავრცო ენა ქართული და შექმნა მწიგნობრობა ქართული"?

- ფარნავაზზე.

- რა ერქვა გულივერს?

- ვაიმე! ვერ ვიხსენებ.

- ლემუელი. ფილმი "იმერული ესკიზები" გახსოვს?

- რა თქმა უნდა.

- რომელ სპექტაკლს დგამენ სოფლის სცენაზე?

- "ოტელოს".

- რამდენი შვილი ჰყავდა ილია ჭავჭავაძეს?

- (ფიქრობს) რამდენი?

- შვილი არ ჰყავდა.

- მეც ეგრე მახსოვდა და რატომ მაბნევ?

- რისი შიშია ტაქოფობია?

- არ ვიცი.

- სიჩქარის. შენ რისი ფობია გაქვს?

- ობობების მეშინია, განსაკუთრებით - გამჭვირვალე ობობების. ეგ რომ სახლში ვნახო, საცხოვრებელ ადგილს შევიცვლი.

- ვისი აფორიზმია "გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი"?

- შათა რუსთაველის.

- ნიზამი, ომარ ხაიამი, საიათნოვა: ამათგან, რომელი იყო მათემატიკოსი?

- არ ვიცი.

- ხაიამი. რომელი ფრინველი დებს კვერცხს სხვის ბუდეში?

- გუგული.

- იოსებ გრიშაშვილი "ძველი თბილისის ლიტერატურულ ბოჰემაში" წერდა: "ძველად ქალაქგარეთ მხოლოდ ორი დროის გასატარებელი ადგილი არსებობდა. მდაბიო ხალხისთვის - ორთაჭალის ბაღები და ევროპულად გაზრდილთათვის..."

- არ ვიცი.

- მუშთაიდის ბაღი. რა ერქვა ვახტანგ გორგასლის ვაჟს, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ქართლში 502-515 წლებში მეფობდა?

- დაჩი.

- დაბოლოს, დაასრულე ცნობილი ამერიკელი მწერლის, ემერსონის გამონათქვამი: "ყოველი ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა მაქვს, რაღაცით მაინც მჯობია და მე მზად ვარ..."

- მოვუსმინო ამ ადამიანს.

- "...ვისწავლო მისგან".

თამუნა კვინიკაძე