ბრძო­ლა - ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად - გზაპრესი

ბრძო­ლა - ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად

"არავის ვუყურებ, როგორც კონკურენტს. საკუთარ საქმეს ვაკეთებ"

ახალგაზრდა მუსიკალური შემსრულებელი - სოფო საჟინიანი ბავშვობიდან მღერის. ამჟამად, "X ფაქტორში" მეორედ მონაწილეობს. ამბობს, რომ მისთვის ეს ბოლო კონკურსი იქნება...

- პროექტში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ყველაფერი დაძაბულობის გარეშე მიმდინარეობს - კარგი სიტუაციაა. კონკურსანტები ყოველგვარი ცუდი ემოციისგან თავისუფალი ვართ. ბევრს ვმუშაობთ და მონდომებულები გახლავართ, რომ მაყურებლებს კარგი შოუ ვუჩვენოთ.

- სოფო, სექსუალური იმიჯი შენთვის რამდენად ბუნებრივია?

- რაც ვარ, ეს ვარ. თავის მოვლა და სილამაზე ძალიან მიყვარს... ამ იმიჯში თავს ბუნებრივად ვგრძნობ.

- იმიჯი სპეციალურად შოუსთვის შეიცვალე?

- არა, "X ფაქტორში" მონაწილეობაზე არც ვფიქრობდი, კონკურსზე გასვლა ბოლო წამს გადავწყვიტე. საერთოდ, იმიჯს ხშირად ვიცვლიდი და ახლაც, ჩემი ერთ-ერთი იმიჯი მოვირგე. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია.

- სოფო, "X ფაქტორში" შარშანწინაც მონაწილეობდი. ამ ხნის განმავლობაში, ვიდრე პროექტში მეორედ ცდიდი ბედს, რას საქმიანობდი?

- ვსწავლობდი, ვმღეროდი, ვვარჯიშობდი...

- რას სწავლობდი?

- იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, სტაჟირებაც გავიარე...

- მახსოვს, "ნუცას სკოლაშიც" მონაწილეობდი...

- კი და გავიმარჯვე კიდეც, 2012 წელს. მაშინ 17 წლის ვიყავი. ჟიურის რჩეული გახლდით. სწორედ იქიდან დაიწყო ჩემი აქტიური სასიმღერო კარიერა.

- "ნუცას სკოლაში" გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ მუსიკალური კარიერა დამოუკიდებლად გაგეგრძელებინა და კონკურსანტის ამპლუაში აღარ გეცადა ბედი?

- ჰო, ალბათ, საკმარისი არ აღმოჩნდა, სამწუხაროდ. ალბათ, ჩემი ბრალიცაა... "X ფაქტორი" ჩემთვის ბოლო კონკურსი იქნება, რადგან მიმაჩნია, რომ როდესაც ადამიანი ამხელა გამოცდილებას იღებ, მერე სირცხვილიც იქნება, რომ სადმე სხვა კონკურსშიც გახვიდე. ახლა უკვე "ჩემი" უნდა შევქმნა, თუკი მინდა, რომ მომღერლის კარიერა მქონდეს.GzaPress

- 2015 წელს, როცა "X ფაქტორი" დატოვე, ძალიან განიცადე?

- ვერ ვიტყვი, დეპრესია მქონდა-მეთქი, მაგრამ გული დამწყდა. ახლა ხალხი პირად შეტყობინებებს მიგზავნის: მაშინ სოფო კარგად მოიქცა, რომ გაგაგდო, შე მახინჯოო და ა.შ. ასეთ რაღაცებზე მეცინება. რა უნდა ვთქვა? ვისთვის რა დამიშავებია? ჩემი ცხოვრებისთვის ვიბრძვი, მით უმეტეს, არასოდეს არსად მყოლია ვინმე, ვინც მაგალითად, იტყოდა, - ჩემიანია, გაუშვითო. ყოველთვის მარტო ვიყავი, მარტო ვიბრძოდი.

- "X ფაქტორში" მეორედ მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება რამ მიგაღებინა?

- დედამ მითხრა, - მონაწილეობა არ გაბედოო, მაგრამ მე ამის დიდი სურვილი მქონდა. რეალურად, გულსა და ინტუიციას მივენდე.

- რას ფიქრობდი, მაყურებლები ხელმეორედ როგორ მიგიღებდნენ? შენი მოლოდინი გამართლდა?

- ჩემი აზრით, გამართლდა - ტყუილს ვერ ვიტყვი, ხალხს კარგი რეაქცია ჰქონდა და ნაკლებს არც ველოდი, ჩემს მაკიაჟთან დაკავშირებულ კომენტარებს თუ არ ჩავთვლით: ეს გოგო ცარიელი მაკიაჟიაო, - წერდნენ...

- პროექტში კონკურენტებისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ?

- კონკურენტები - არა, ჩემი მეგობრები არიან. არავის ვუყურებ, როგორც კონკურენტს. საკუთარ საქმეს ვაკეთებ. მაქვს მიზანი, რომ მაყურებლებს ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობა ვუჩვენო. საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის კრიტიკულად განწყობილი ვარ. სხვას არ ვაკრიტიკებ - არ მაინტერესებს, ვინ, ვის, რა, როგორ... ისინიც ანალოგიურად იქცევიან. მიხარია, რომ ყველანი ძალიან კარგები არიან.

- შენი აზრით, ყველაზე ძლიერი კონკურსანტი ვინ არის?

- მთელი სულითა და გულით ბავშვებს ვგულშემატკივრობ, განსაკუთრებით - გრიგოლს.

- როგორ ფიქრობ, შარშანწინაც ისეთი იმიჯი რომ გქონოდა, როგორიც ახლა გაქვს, ეს ფაქტი პროექტში შენი ყოფნის ხანგრძლივობაზე იმოქმედებდა?

- სოფო ძალიან კარგად მოიქცა, როცა პროექტიდან გამიშვა, რადგან მაშინ ისეთი სირთულეებისთვის მზად არ ვიქნებოდი, როგორსაც ახლა ვუმკლავდები. ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ მოხდა. "X ფაქტორში" მონაწილეობის შემდეგ, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. უფრო სხვანაირად დავიწყე აზროვნება და პროექტი ისე დავტოვე, არ დავბოღმილვარ, - რატომ გამომიშვა-მეთქი? უბრალოდ, მშვიდად ცხოვრება გავაგრძელე და ერთ მშვენიერ დღეს პროექტში მონაწილეობა ისევ გადავწყვიტე.

- რას გრძნობ, როცა სცენაზე გადიხარ?

- ვიდრე გავალ, ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ სცენაზე დავდგები თუ არა, მართლა ყველაფერი მავიწყდება - მთლიანად სიმღერაში "ვეფლობი".

- ყველაზე მეტად, ჟიურის რომელი წევრის შეფასებას ელოდები ხოლმე?

- აბსოლუტურად ყველა მათგანის შეფასება უმნიშვნელოვანესია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ წაიკითხავენ. უბრალოდ, მართლა ასეა. ნებისმიერი კონკურსანტისთვის ჟიურის თითოეული წევრის კომენტარი მნიშვნელოვანია. ეს ხალხზეც მოქმედებს.

- რომელიმე შეფასება განსაკუთრებულად ხომ არ დაგამახსოვრდა?

- არა. რჩევების (არა მხოლოდ ჟიურისგან) გათვალისწინებას ყოველთვის ვცდილობ. საერთოდ, კრიტიკის აღქმა შემიძლია, ოღონდ ჯანსაღ კრიტიკას ვიღებ და არა - არაადეკვატურს. ობიექტური კრიტიკა მნიშვნელოვანია - უკეთესობისკენ "შემოგატრიალებს".

- პოპულარობა კომფორტულია?

- ჩვეულებრივია. არ მაწუხებს, პირიქით - ძალიან სასიამოვნოა. დღე ისე არ ჩაივლის, რომ ხალხთან ერთად ფოტო არ გადავიღო: სახლიდან გასვლისას, მაღაზიაში შესვლისას...

- ყველაზე მეტად, ვინ გგულშემატკივრობს?

- დედა, რომელიც ძირითადად, მაკრიტიკებს. ჩემით კმაყოფილი არასოდესაა.

- დედა პროფესიით ვინ არის?

- კოსმეტოლოგი გახლავთ, მაგრამ მუსიკალური განათლებაც აქვს. სიმღერაში თავად მამეცადინებს ხოლმე.

- კიდევ, ვინ არიან შენი ოჯახის წევრები?

- მამა, ძმა, ბებო... ხუთნი ვართ. ბედნიერი ოჯახი გვაქვს. სხვათა შორის, ბებოც მღეროდა. მას საოპერო ხმა აქვს. სულ უნდოდა, მომღერალი ყოფილიყო.

- საყვარელი ადამიანი გყავს?

- არის ადამიანი, ვისაც შემიძლია, დავეყრდნო.

- რას გულისხმობ?

- ერთმანეთთან დიდი მეგობრობა გვაკავშირებს, ალბათ - მეგობრობაზე მეტიც...

- ანუ შეიძლება, ეს ურთიერთობა ძლიერ სიყვარულში გადაიზარდოს?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან დაკვირვებული ვარ: არ მინდა, ვინმე ახლოს მოვუშვა, შემდეგ კი იმედი გამიცრუვდეს.

- შეყვარებული ყოფილხარ?

- ადრეულ ბავშვობაში. ისეთი არაფერი ყოფილა, რომ ჩემს ცხოვრებაზე ზეგავლენა მოეხდინა.

- კარგი. "X ფაქტორში" შენი მონაწილეობის უმთავრესი მიზანი რა არის?

- რა თქმა უნდა, გამარჯვება ყველას გვინდა, მაგრამ ჩემი უმთავრესი მიზანი მაყურებლების სიყვარულის მოპოვება გახლავთ. მინდა, გამიცნონ, როგორი პიროვნება ვარ. ჩემი აზრით, როცა ხალხს უყვარხარ, მერე ცხოვრებაში ყველაფერს კარგად გააკეთებ.GzaPress

- ხალხის სიყვარულის მოპოვება რთულია?

- ძალიან რთულია. შეუძლებელია, ყველას უყვარდე, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს თუ უყვარხარ, ჩათვალე, რომ გამარჯვებული ხარ.

- პროექტში ნებისმიერი შედეგისთვის მზად ხარ?

- რა თქმა უნდა. პანიკას არასოდეს დავიმართებ. ცხოვრებაში ყველაფრისთვის მზად ვარ.

- როგორც ვიცი, ბავშვობიდან მღერი...

- კი, თვეების ვიყავი, სიმღერა რომ დავიწყე. სცენაზე პირველად 4 წლისა დავდექი და მახსოვს, წითელი კაბა მეცვა... 4-დან 13 წლამდე სტუდია "ირაოში" ვიზრდებოდი. მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე. სულ ვმღეროდი, კონკურსებში ვმონაწილეობდი... ჩემთვის პირველი მასშტაბური კონცერტი "მელოდია 2007" იყო. მაშინ 13-14 წლის ვიყავი. თამრიკო გვერდწითელის "თოჯინები" ვიმღერე. ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა. სხვათა შორის, ეს სიმღერა საბჭოთა კავშირში "დაბლოკეს", რადგან ორაზროვანი ტექსტი აქვს და მისი ჩანაწერიც არ არსებობდა. თამრიკო გვერდწითელის უახლოესმა მეგობარმა მამეცადინა.

- ბავშვობიდან მუსიკალურ სფეროში ტრიალებ. მიუხედავად ამისა, იურისტის პროფესია აირჩიე. რატომ?

- მამა იურისტი გახლავთ. გადავწყვიტე, მეც იურისტი ვყოფილიყავი. მუსიკალური კარიერის განვითარებასაც ვაპირებ - მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ქართული სიმღერების ჩაწერა მინდა - ისეთის, ხალხს რომ მოეწონება. მინდა, მარტივი და ლამაზი მელოდია იყოს...

- წარმატებას გისურვებ! დასასრულ, რამის თქმა ხომ არ გინდა?

- ჩემს გულშემატკივრებსა და იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი სიმღერა მოსწონთ, ვთხოვ, იაქტიურონ და პროექტში მხარი დამიჭირონ.

ეთო ყორღანაშვილი