"ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ" - რის გა­მოს­წო­რე­ბას ცდი­ლობს ანა მჭედ­ლი­ძე - გზაპრესი

"ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ" - რის გა­მოს­წო­რე­ბას ცდი­ლობს ანა მჭედ­ლი­ძე

ანი მჭედლიძე საზოგადოებამ სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო. ანა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტია, ბევრი ოცნება აქვს და ბევრსაც შრომობს, რათა ყველა მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიოს.

- თამამად შეგიძლია თქვა, რომ ამწამს ბედნიერი ხარ?

- დიახ, ნამდვილად ბედნიერი ვარ, რადგან გვერდით მყავს საყვარელი ადამიანები, რომლებიც ჩემს ცხოვრებას აფერადებენ და ალამაზებენ...

- ბედნიერი ადამიანი ჩუმად უნდა იყოსო, - ამბობენ. ამ აზრს ეთანხმები?

- ვფიქრობ, როცა ბედნიერი ხარ, ამის გამოსახატად სიტყვები საჭირო არ არის, მაგრამ ვერც დამალავ: თუ ადამიანი ბედნიერია, მას ეს ისედაც, ყოველთვის ეტყობა.

- ოდესმე წარუმატებლობა გქონია? ამის გამო დეპრესიაში ჩავარდნილხარ?

- წარუმატებლობა, რა თქმა უნდა, მეც მიგრძნია. თავისთავად, ძალიან რთულია ამ ეტაპის გავლა, თანაც ისე, რომ ფარ-ხმლის დაყრის სურვილი არ გაგიჩნდეს, მაგრამ ისიც ვიცი, მარცხთან შეგუებას თავიდანვე თუ არ მივეჩვევი, მერე უფრო გამიჭირდება. ყოველთვის ვცდილობ, დაბრკოლებას მსუბუქად შევხედო და ამაზე ბევრი არ ვიფიქრო. დეპრესიაში არასდროს ვვარდები. ვთვლი, რომ ძლიერი ადამიანი ვარ, არ მაქვს სუსტი ფსიქიკა.

- როგორ ფიქრობ, სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" რომ თამაშობ, ეს გამართლებაა?

- დიახ, ნამდვილად გამართლებაა. კასტინგი გამოაცხადეს და მივედი. შემდეგ დამირეკეს და გადაღებებზე დამიბარეს - ასე აღმოვჩნდი ამ სერიალში.

- და ამან, გარდა პოპულარობისა, კიდევ რა შეგძინა?

- პოპულარობასთან ერთად, ამ სერიალში გამოჩენამ ახალი მეგობრები და პროფესიული გამოცდილება შემძინა.

- ამბობ, რომ შეყვარებული არ გყავს. გაგვიმხილე, როგორი მამაკაცები მოგწონს?

- მხიარული, ჭკვიანი და ზრდილობიანი მამაკაცები იქცევენ ჩემს ყურადღებას.

- მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, ხშირად ვაიძულებთ თავს ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს... პირადად შენ, რისი კეთება არ მოგწონს?

- ყველანაირად ვცდილობ, არ გავაკეთო ის, რისი კეთებაც არ მინდა. იძულებით მუშაობა, საშინელებაა.

- რომ გქონდეს შანსი, შეცვალო მხოლოდ ერთი დეტალი შენს ცხოვრებაში, რას შეცვლიდი?

- ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და ეტაპებს არასოდეს შევცვლიდი. ისე, რა თქმა უნდა, დეტალებს გამოვასწორებდი. შევეცდებოდი, რაღაცები არ დამზარებოდა და უფრო მეტი მეშრომა იმისთვის, რისი მიღწევაც გულით მინდა...

- წარმოიდგინე, რომ ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რა ტიპის სამსახური გაგხდიდა მდიდარს?

- ჩემი საქმის კეთება დიდ ბედნიერებას მანიჭებს და თუ გამამდიდრებს კიდეც, ამის საწინააღმდეგო არაფერი მექნება (იღიმის).

- გულის კარნახს ხშირად უსმენ?

- თუ მოხდა ისე, რომ საკუთარი თავის არ მჯერა, ზუსტად მაშინ ვუსმენ გულს და მგონი, რაღაცებს სწორადაც მკარნახობს.

- რამდენად აკონტროლებ ყველა იმ მოვლენას, რაც შენს ცხოვრებაში ხდება?

- ბოლომდე ვაკონტროლებ... ჩემი ცხოვრების ყველა ნაბიჯს ისე ვაკონტროლებ (ხანდახან ზედმეტადაც კი), რომ შემდეგ, რაიმე სანანებელი არ გამიხდეს...

- ცხოვრებისეული წინააღმდეგობების წინაშე ფარ-ხმალს იოლად ყრი?

- გააჩნია სირთულესა და სიტუაციას. ვცდილობ, ჩემს სისუსტეებს გადავახტე, საკუთარ თავს ვაჯობო და ეტაპობრივად, ნელ-ნელა გადავლახო ეს წინააღმდეგობები.

- დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიგყავს თუ ხშირად, შუა გზეზეც მიგიტოვებია?

- თუ იმ საქმით, რასაც ვაკეთებ, დაინტერესებული არ ვარ, შეიძლება მივატოვო კიდეც, მაგრამ ასეთი რამ იშვიათად ხდება...

- გაიხსენე ის, რაზეც ოდესღაც ოცნებობდი და არ გაგიკეთებია...

- ბავშვობიდან მოგზაურობაზე ვოცნებობდი. მიყვარს, როცა ოცნებები ხდება.GzaPress

- რომ შემოგთავაზონ სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წასვლა, სად ისურვებდი თავის დამკვიდრებას?

- სამუდამოდ არსად წავიდოდი. ახლა საქართველოს ნამდვილად ვერ დავტოვებ. თუმცა, რომ გეკითხა: აქ რომ არ დაბადებულიყავი, მაშინ სად ინატრებდი დაბადებასო? გეტყოდი, - ინგლისში-მეთქი.

- შეიძლება, ვიღაცას შენგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს, მაგრამ ის მაინც, სასიამოვნო ადამიანად მიგაჩნდეს?

- თუ საკუთარ შეხედულებებს თავზე არ მომახვევს, რატომაც არა! უინტერესო იქნება ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყველა შენს შეხედულებას იწონებს და საკუთარი აზრი არ გააჩნია.

- რომელს ისურვებდი რომ იყო: უბედური გენიოსი თუ ბედნიერი სულელი?

- ბედნიერ გენიოსს ავირჩევდი - ეს არის საუკეთესო ვარიანტი (იღიმის).

- ისურვებდი ისეთივე მეგობარს, როგორიც თავად ხარ?

- ვისურვებდი, რომ ჩემნაირი არაპუნქტუალური მეგობარი არ მყავდეს. ამ ბოლო დროს, ძალიან მოვინდომე და ამ ჩემი ცუდი თვისების გამოსწორება ვცადე.

- მეგობრები ამის გამო ხშირად გსაყვედურობენ?

- დიახ და ამიტომაც ვცდილობ, რომ გამოვსწორდე. აღარ მინდა, მათი საყვედურები მოვისმინო.

- ხშირად გიჩნდება სურვილი, რაღაც ახლის შესწავლის?

- ახლის შესწავლის სურვილი ყოველთვის მაქვს. ძირითადად, მაინც ხელოვნების განხრით გავიღრმავებდი ცოდნას. საინტერესო რაღაცების ათვისება ძალიან მიყვარს და თუ ამის შანსი მაქვს, უარს არ ვამბობ.

- ყველაზე მეტად, რის გამო ხარ სამყაროსადმი მადლიერი?

- რომ მყავს არაჩვეულებრივი ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები.

- რომელს აირჩევ: ძველი მოგონების წაშლას თუ ახლის მოპოვებას?

- ძველი ხომ ჩემი ცხოვრებაა, რომელიც მიყვარს. ამიტომ, არაფერს წავშლიდი... ბევრი ახალი და საინტერესო ცხოვრებისეული ფაქტის მოპოვებას შევეცდებოდი.

- შესაძლებელია სიმართლის გაგება ბრძოლის გარეშე?

- სიმართლის გაგებისთვის ბრძოლა საჭირო არ არის, გონიერება უფრო მნიშვნელოვანია.

- შენი ყველაზე დიდი შიში რეალობა გამხდარა?

- დიახ. შტეფსელების მეშინოდა და მეშინია დღესაც... ჰოდა, ერთხელ "მინუტკა" ხელში ამიფეთქდა. წარმოვიდგინე, რომ დენმა დამარტყა და მოვკვდი.

- ადამინების გაცნობა და მათთან დაახლოება სიამოვნებას განიჭებს?

- რა თქმა უნდა და განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ურთიერთობა საინტერესოდ წარიმართება.

- რა არის შენი ბავშვობის დროინდელი, ყველაზე ბედნიერი მოგონება?

- ახლა რაც გამახსენდა, იმას გეტყვი. 5 წლის ვიყავი, მამამ "დენდი" მიყიდა და მახსოვს, ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი.

- თუ ჯერ კიდევ არაფრისთვის მიგიღწევია, დასაკარგი არაფერი გაქვს. ასეა?

- არა, ასე არ არის. ყოველთვის არის რაღაც დასაკარგი და მას გაფრთხილება სჭირდება. დაკარგულის დაბრუნება ძნელია.

- არსებობს ადამიანი, ვისაც თვალდახუჭული ენდობი?

- დიახ, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ვენდობი.

- გაყიდდი შენი ცხოვრების 10 წელს მსოფლიო აღიარებაზე?

- არა. არ მოვიკლებ ახლობლებთან ერთად გასატარებელ 10 წელს, არაფრის და არავის გამო.

- თუ ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, რატომ გვეშინია მათი დაშვების?

- იმიტომ, რომ ხშირად, ადამიანი სიტუაციის მსხვერპლი ხდება.

- რას გააკეთებდი შენს ცხოვრებაში სხვანაირად, თუ გეცოდინებოდა, რომ ამის გამო შენიშვნას არავინ მოგცემდა?

- ბალეტის მთავარ პარტიებს ვიცეკვებდი: გედს ან ჟიზელს (იცინის).

- მბრძანებლობა, სხვებზე ზეწოლა, კრიტიკულობა, მოუთმენლობა, სიზარმაცე - გაქვს რომელიმე ეს თვისება?

- ყველაზე მეტად, ჩემში ალბათ, კრიტიკულობაა.

სოფო ჭონიშვილი