"რა­დი­კა­ლუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მე­ში­ნი­ა" - ლი­კა ქორ­ქი­ას ყვე­ლა­ზე დი­დი მო­ტი­ვა­ცია და ბრძო­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის - გზაპრესი

"რა­დი­კა­ლუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მე­ში­ნი­ა" - ლი­კა ქორ­ქი­ას ყვე­ლა­ზე დი­დი მო­ტი­ვა­ცია და ბრძო­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის

ტელეწამყვანი ლიკა ქორქია ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობს. პროფესიით ექიმია და არ არის გამორიცხული, მომავალში ამ სფეროშიც ვიხილოთ. რის გამო იღებს საყვედურებს, რას ნანობს, რისი ეშინია და რა განცდა ეუფლება, როცა საჯაროდ აქებენ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1988 წლის 31 ივლისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი. ეს სურვილი ავისრულე, ყბა-სახის ქირურგი ვარ, მაგრამ არასდროს მიმუშავია. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ. ექიმი თუ ხარ, მაღალი დონის პროფესიონალი უნდა იყო. ჩემი კარიერა სხვა მიმართულებით წავიდა. მივხვდი, პროფესიას იმდენ დროს ვეღარ ვუთმობდი, რაც საჭირო იყო. თუმცა, მივიღე ძალიან კარგი განათლება და მომავალში არაფერს გამოვრიცხავ. ეს საქმე მოითხოვს ძალიან დიდ შრომას, მაგრამ ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

- ჩემზე ამბობენ...

- ...საკუთარ თავზე სულ კარგი მესმის და ეს რომ ვთქვა, უხერხულია. ცუდი არასდროს არაფერი გამიგია. ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია, რომ ამბობენ, ყურადღებიანი ვარ და ეს ნამდვილად ასეა!

- ბედნიერი ვარ...

- ...ყოველ დილით, როცა თვალს ვახელ, ვიღვიძებ და ვიაზრებ, რომ ახალი დღე დაიწყო. ყოველი დღის დასაწყისი დიდი ბედნიერების მომტანია. პოზიტიური იქნება თუ არა, ეს უკვე ჩემზეა დამოკიდებული. რასაც ადამიანი ვერ აკონტროლებს და ის რაღაც ხდება, ეს უკვე ბედნიერების მომნიჭებელია. რის გაკონტროლებაც შეიძლება, უკვე შენს ხელშია და ბედნიერებისთვის უნდა იბრძოლო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ერთგულებაა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...როცა ადამიანს ურთიერთობაში ერთხელ ეშლება, აღარ მაქვს სურვილი, მას შანსი მივცე და რადიკალურ გადაწყვეტილებებს ვიღებ. ადამიანებთან ურთიერთობაში მაქსიმუმს გავცემ და მინიმალურს ვითხოვ. როცა ამასაც ვერ ვიღებ, ამ შემთხვევაში მეორე, მეათე ცდა და შანსი, ჩემივე გამოცდილებით, არ არის გამართლებული.

- არ მჩვევია...

- ...ჭორაობა სხვის პირად ცხოვრებაზე.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო პირველი კასტინგი, როცა 14 წლისა ტელევიზიაში ამიყვანეს.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...რადიკალური გადაწყვეტილებების მეშინია, ალბათ იმიტომ, რომ ექიმი ვარ და ბევრ რამეს ზედმიწევნითი სიზუსტით ვუყურებ. ჩემს გარეგნობაში ნაკლებად, მაგრამ ცვლილებას ორგანიზმში შევიტანდი. თეთრი შურით მშურს ადამიანების, რომლებიც გემრიელად მიირთმევენ საყვარელ კერძებს და წონაში არ იმატებენ; გურმანები რომ არიან და არასდროს სუქდებიან. რაღაცას დავიმართებდი, მეც რომ ამ ადამიანების კატეგორიაში მოვხვედრილიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ჯანმრთელობისთვის არც ეს არის სანატრელი. გურმანი ვარ და მუდმივად თავის გაკონტროლება მიწევს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ერთხელ რომ დარწმუნდები, ადამიანი სანდო არ არის, მეორედ არ უნდა ენდო.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...ვაგვიანებ. უმეტეს შემთხვევაში, ჩემი დღის რეჟიმი ძალიან დატვირთულია. ზოგჯერ ქალაქში არსებული მოძრაობის გამო, ვერ ვახერხებ გადაადგილებას. ყოფილა შემთხვევები, მანქანიდან გადმოვსულვარ და გზა ფეხით გამიგრძელებია, უფრო მალე რომ მივსულიყავი.

- ვნანობ...

- ...ბევრ რამეს. განსაკუთრებით არასწორად დახარჯული დროის გამო ვნანობ, მიუხედავად იმისა, რომ დროის შეგრძნება მაქვს და ყოველ წუთს მაქსიმალურად ვუფრთხილდები.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მრცხვენია, მაგრამ ძალიან მიხარია. დროთა განმავლობაში მივხვდი, როცა მაქებენ, მერე საოცრად მოტივირებული ვარ. ეს ჩემთვის სტიმულის მომცემია. როცა არ მაქებენ, საკუთარ თავში ვიკეტები. გადის ცოტა დრო, მოტივაცია მაინც მეძლევა, მაგრამ მირჩევნია, ეს მოტივაცია შექებისგან მქონდეს.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ..."თუს" გარეშე შემიძლია. ორი ადამიანის ურთიერთობაში დამნაშავე ერთი არასდროს არის. არც პირად და არც სხვა ურთიერთობაში ცალმხრივი დამნაშავე არ არსებობს. როცა მეშლება, ბოდიშის მოხდა შემიძლია და როცა სხვა იხდის ბოდიშს, ვიღებ. როცა ვინმე სინანულს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, ეს კარგია. ზოგჯერ არის მომენტები, როცა ვპატიობ, მაგრამ მისკენ გული არ მიბრუნდება. ეს ის არის, რასაც ჩემში ვერ შევცვლი.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...პერიოდულად ვიხსენებ, ზოგჯერ იუმორით. იმასაც ვხვდები, რომ საკუთარ შეცდომებზე ბევრი ვისწავლე.

- შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ცხოვრება, არადა, შემეძლო, იგივე სხვის შეცდომებზე მესწავლა, მაგალითი ამეღო.GzaPress

- ბოლოს ვიტირე...

- ...ფილმის ნახვისას. ჩემი ატირება ძნელი არ არის, ძალიან მგრძნობიარე ვარ. საზოგადოებაში თავს ვიკავებ ცრემლებისგან, მაგრამ უპატრონო ძაღლებზეც კი მეტირება.

- ვიბნევი, როცა...

- ...ძალიან დამოუკიდებელი ვარ. პატარა რომ ვიყავი, ჩემში დაბნეულობა "დავბლოკე". გადავწყვიტე, რაც მაბნევდა, ყველაფერი დამევიწყებინა.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სახლში და ვისვენებდე. ურთულესი დღე იყო, დილით ადრე გავიღვიძე, მერე რამდენიმე გადაღება სხვადასხვა ლოკაციაზე მქონდა.

- სიყვარული ეს...

- ...არის ის ძალა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს დიდ მოტივაციას, ცხოვრების ხალისს. შეიძლება საპირისპირო სქესის წარმომადგენელი არ გიყვარდეს, მაგრამ ხომ არსებობს ოჯახის წევრების, მეგობრების სიყვარული და ეს უკვე ბედნიერებაა. როცა პირად ცხოვრებაშიც დიდი სიყვარული გაქვს, გგონია, რომ ამ დროს შენში ყველაფერი ბოლომდე ამაღლებულია. სულ მგონია, რომ სიყვარული ადამიანის ორგანოა, ისევე, როგორც გული, რომლითაც იბადება.

- ახლა ჩემს პირად ცხოვრებაში...

- ...რა ხდება, ვერ გეტყვი. ამ საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულება მაქვს. მეგობრებსაც კი ვთხოვ, თუ აუცილებელი არ არის, ამ თემაზე არ ვილაპარაკოთ. პირადი ცხოვრება იმიტომაა პირადი, რომ ის საჯარო არ უნდა გახადო.

- ვეპრანჭები...

- ...პირველ რიგში, საკუთარ თავს და მერე - ყველა ადამიანს. პრანჭვაში ვგულისხმობ იმას, რომ მაქვს სურვილი, ადამიანებზე მოვახდინო ისეთი გავლენა, რომ მათ ჩემზე დადებითი წარმოდგენა ჰქონდეთ.

- ვრისკავ...

- ...იშვიათად.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დაგვიანების გამო.

- თავისუფლება...

- ...ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა. თავისუფალი ან ხარ, ან არა. საბჭოთა პერიოდმა თავისებური გავლენა იქონია თავისუფლების აღქმაზე. ამ მხრივ, თაობებს შორის დამოკიდებულება იცვლება.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ჩვენს ქვეყანაში დიდი ფულის მქონე ადამიანების მისამართით, საზოგადოების მხრიდან საყვედურები ხშირად გაისმის. ამბობენ: ამას რატომ არ აკეთებს? იმას რატომ არ აკეთებს?.. მართლა მაინტერესებს, მე რომ ბევრი ფული მქონდეს, რას გავაკეთებდი? არავინ იცის, ამ დროს ადამიანებს რა ემართებათ. ჩემზე ძალიან მოქმედებს სოციალურად დაუცველების მდგომარეობა, ჩვენ გვერდით მყოფებს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ და საშუალება არ აქვთ, საკუთარ თავს მიხედონ. გული მიჩუყდება მოხუცებზე, რომელთა ასაკის მეც გავხდები და შეიძლება, იგივე პრობლემა შემექმნას, რაც მათ აქვთ. ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს, მაქსიმალურად ვეცდებოდი, ჩემთვის პირადი სიამოვნებები მომეკლო და ამ კატეგორიის ადამიანებს დავხმარებოდი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს კარგია გამოძინება.

- მეშინია...

- ...საყვარელი ადამიანების დაკარგვის. ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები ჩვენთვის ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრე და ბედნიერებაა. სამწუხაროდ, ადამიანებს არ გვაქვს ისეთი ძალა, რომ რაღაცებს წინ აღვუდგეთ.

- ბედისწერის...

- ...ნაკლებად მჯერა. მე მჯერა იმის, რომ ცხოვრება ჩვენზეა დამოკიდებული. შენს ხვალინდელ დღეს თავად ქმნი და საკუთარ ქცევებზეც პასუხისმგებელი ხარ.

- ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ...დედა, ჩემი და და რამდენიმე ახლო მეგობარი. საკითხების მიხედვით მყავს გადანაწილებული და ვიცი, აზრი რომელს რა შემთხვევაში უნდა ვკითხო. მათ ძალიან ვენდობი.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ მე და ჩემს დას ბაბუამ გვითხრა, ქუჩაში ხელგამოწვდილ ადამიანს თუ დაინახავთ, არ იფიქროთ, ის ვინ არის, რომელი ეროვნების წარმომადგენელია, აქვს თუ არა ფული, შეკრულია თუ არა ვინმესთან, მართლა უჭირს თუ არა... როდესაც ადამიანი დახმარებას გთხოვთ, მას უნდა დაეხმაროთო. ეს სიტყვები ჩემთვის წესად იქცა. GzaPress

- დაბოლოს...

- ...თითოეულს გისურვებთ იყოთ ჯანმრთელები, ბედნიერები, გახარებულები. ჩვენი ყველაზე დიდი საფიქრალი ჩვენი ქვეყანაა, ცუდი თუ კარგი მოვლენები ჩვენს ხვალინდელ დღეზე პირდაპირ აისახება. მალე ყველას ბედნიერ და ერთიან საქართველოში გვეცხოვროს.

თამუნა კვინიკაძე