კითხ­ვა, რო­მელ­მაც ზა­ალ კუპ­რაშ­ვი­ლი და­აბ­ნია - გზაპრესი

კითხ­ვა, რო­მელ­მაც ზა­ალ კუპ­რაშ­ვი­ლი და­აბ­ნია

- ბავშვობაში საკითხავ ლიტერატურას დედა მირჩევდა. ხან ვუჯერებდი, ხან - არა. როცა ფეხბურთის თამაში მინდოდა, გული ეზოსკენ მიმიწევდა.

ჩვენ ქუთაისში ვცხოვრობდით, ბიძაჩემი ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. ბავშვობაში სპექტაკლებზე ხშირად დავდიოდი, სულ მაინტერესებდა, კულისებში რა ხდებოდა, იქ როგორი სამყარო იყო.

ქუთაისში "კავეენს" ვთამაშობდი, თბილისშიც მომიწია თამაშმა, სცენაზე ყოფნა ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი. სამწუხაროდ, ეს პროფესია ამ ქვეყანაში დაუფასებელია, არც ერთ პროფესიას არ ვაკნინებ, მაგრამ დღეს მეეზოვეს მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე - მსახიობს.

ამჟამად თელავის თეატრში ვთამაშობ, ხშირად გვაქვს გასვლითი სპექტაკლები. თელავის თეატრისთვის ძალიან ბევრს აკეთებს სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი. ყველანაირად ცდილობს, თავის მსახიობებს მაქსიმალურად კარგი პირობები შეუქმნას. თეატრში ბევრი რამ შეიცვალა, გარემონტდა და მადლობა იმ ადამიანს, ვინც ამ ყველაფერზე იზრუნა.

წაკითხულ ნაწარმოებებს ხელმეორედ იშვიათ შემთხვევაში ვუბრუნდები. შექსპირის "ვენეციელი ვაჭარი" ორჯერ წავიკითხე. ლიტერატურული პერსონაჟები ჩვენ გვერდით, რეალურ სამყაროში რომ არსებობდნენ, დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი ალექსანდრე დიუმას ედმონდ დანტესთან. მან არაფრისგან შექმნა ყველაფერი. მისი სტრატეგია მისაბაძია, მიზანმიმართულად გათვლილი ნაბიჯებით ისე იარა, ჩემზე შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა.

ქალი პერსონაჟებიდან რომელი შემიყვარდებოდა, ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს. ფილმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვთქვა, რომ ანა კარენინა შემიყვარდებოდა, რადგან სოფი მარსო ძალიან მომწონს.

ჩემი საყვარელი წიგნია "დათა თუთაშხია".

ვზრუნავ საოჯახო ბიბლიოთეკის გამდიდრებაზე, წიგნებს შვილისთვის ვაგროვებ, ჯერ 2 წლის არის, მაგრამ წიგნებისადმი ინტერესს უკვე ამჟღავნებს, ილუსტრაციებით ერთობა. მინდა, მომავალში კარგი მკითხველი იყოს.

- რომელია თბილისში ყველაზე გრძელი პროსპექტი?

- აკაკი წერეთლის სახელობის, არა?

- ცდები.

- ვაჟა ფშაველას პროსპექტი უფრო დიდია?

- დიახ. ვინ არის ტექსტის ავტორი სიმღერისა - "ტრიალებს", ფილმიდან - "ვერის უბნის მელოდიები"?

- მუსიკის ავტორი გოგი ცაბაძეა.

- ტექსტის ავტორს გეკითხები.

- ვერ ვიხსენებ.

- მორის ფოცხიშვილი. როგორც ლადო გუდიაშვილი იგონებს, 1919 წელს რუსთაველის თეატრის სარდაფში პოეტებმა კაფე გახსნეს, სადაც იკრიბებოდნენ, ახალ ლექსებს კითხულობდნენ, იქვე გამოდიოდნენ იმ დროისთვის ცნობილი მუსიკოსები და მოცეკვავეები. რა ერქვა ამ კაფეს?

- ვიცი, გავიხსენებ (ფიქრობს), "ქიმერიონი".

- "სჯობს უყოლობა კაცისა ... ყოლასა", რომელი სიტყვა გამოვტოვე შოთა რუსთაველის ამ ცნობილ აფორიზმში?

- "...მომდურავისა ყოლასა". სწორად მახსოვს?

- დიახ. "სულ უბრალო სოფელს მაშინ გაუვარდება სახელი, თუ იქ დიდი ვაჟკაცი დაიბადა", - რომელი ნაწარმოების ეპილოგში წერს ამ სიტყვებს მიხეილ ჯავახიშვილი?

- "არსენა მარაბდელი".

- რომელ ქართულ ფილმშია გამოყენებული გრიგოლ ორბელიანის მუხამბაზი - "გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ"?

- "ქეთო და კოტეში".

- ეს მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. ზემო სვანეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 5068 მეტრ სიმაღლეზე. რომელ მწვერვალზეა ლაპარაკი?

- შხარაზე.

- ოტო ბისმარკის ცნობილი გამონათქვამის მიხედვით, ყველაზე მეტს ტყუიან ომის დროს, ნადირობის შემდეგ და რის წინ?

- არ ვიცი, არჩევნების წინ ხომ არა?

- დიახ.

- მართალია, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მაგის მეტი რა გვინახავს?

- ჟირაფს მეტი კისრის მალა აქვს თუ ბეღურას?

- ბეღურას.

- 1655 წელს საფრანგეთის პარლამენტი შეეცადა, ლუდოვიკო XIV-ისთვის შეეცვლევინებინა პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. რა ბრძანა მეფემ?

- არ ვიცი.

- "სახელმწიფო ეს მე ვარ". სად არის დაკრძალული ერეკლე II?

- მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.

- ვინ არის "უძინართა მზის" რეჟისორი?

- თემურ ბაბლუანი.

- ფრინველთა ოჯახის რომელი წევრია მგალობელი?

- იადონი, ბულბული...

- მე გეკითხები: მამალი ფრინველები გალობენ თუ დედლები?

- დედალი ფრინველები...

- ცდები.

- რას ამბობ, მამლებს რა ამღერებთ? დედალმა უნდა უმღეროს მამალს, რომ დაატკბოს.

- რას იჭრიდნენ ძველი ბერძნები გლოვის ნიშნად?

- თმას.

- "რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს..."

- ...(მაწყვეტინებს) "რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!/ იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,/ ამ სიყვარულზე ვესაუბრები./ ვეტყვი თუ როგორ გვიყვარდა ძველად,/ ჩვენ ტრფიალება წრეგადასული/ თუ როგორ გაქრა ოცნება ყველა/ და მოგონებად დარჩა წარსული"...

- ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- ლადო ასათიანი. პოეზია მიყვარს. რამდენიმე ლექსი ზეპირად მახსოვს.

- რომელი ოკეანის აუზშია ბარენცის ზღვა?

- არ ვიცი.

- ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეს ეკუთვნის. ფეხბურთი გიყვარს?

- ბავშვობაში მიყვარდა, ახლა - ნაკლებად.

- რომელ ქალაქშია "მარაკანას" სტადიონი?

- მექსიკაში, არა?

- რიო-დე-ჟანეიროში. 1966 წელს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისისა და არგენტინის ნაკრები გუნდების შეხვედრისას ინციდენტი მოხდა: გერმანელმა მსაჯმა ერთ-ერთ ფეხბურთელს მოედნის დატოვება უბრძანა. მოთამაშემ გერმანული ენა არ იცოდა და მოედანზე თამაში გააგრძელა. ამის შემდეგ ფეხბურთში ახალი წესები შემოიღეს. რა სიახლეზეა ლაპარაკი?

- წითელი და ყვითელი ბარათების გამოყენებაზე.

- დიახ. რომელ ქრისტიანულ დღესასწაულს აღვნიშნავთ 28 აგვისტოს?

- მარიამობას.

- ინგლისის რომელ ქალაქში ჩატარდა პირველი მატჩი რაგბიში?

- არ ვიცი.

- ქალაქ რაგბიში. სპორტის ეს სახეობაც ამ ქალაქის სახელს ატარებს. ფარნავაზ მეფე, დავით აღმაშენებელი, ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II, - ამ მეფეებიდან რომლის ძეგლი არ დგას დედაქალაქში?

- ერეკლე II-ის.

- რომელია ყველაზე მრავალრიცხოვანი პოლიტიკური პარტია მსოფლიოში?

- არ ვიცი.

- ჩინეთის კომუნისტური პარტია. რა ერქვა ბიბლიური აბრაამის ცოლს?

- არ მახსოვს.

- სარა. ალკოჰოლთან "მეგობრობ"?

- გადასარევად. გამორჩეულად ღვინო მიყვარს.

- "არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და კითხვას შორის, მე მგონი ის, რომ ორივეს ეგრედ წოდებულ პიროვნების თავისუფლებასთან მივყავართ, ოღონდ ერთი - მიშვებული, აგდებული და ულამაზო თავისუფლებაა, უპასუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი - შემართებული, გამოცდილი და ყოვლისშემძლე, ამაღლებული". გურამ დოჩანაშვილის რომელ ცნობილ ნაწარმოებში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?

- ძალიან მეცნობა და გახსენება მიჭირს.

- კაცი...

- "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", არა?

- დიახ. ღვინის სმასა და კითხვას შორის რაიმე საერთოს თავად თუ პოულობ?

- სანამ ბოლომდე არ გახვალ, ვერც ერთს თავს ვერ ანებებ.

- ყველა თვე, გარდა თებერვლისა, 30 ან 31 რიცხვით მთავრდება. რომელ თვეშია 29 რიცხვი?

- თებერვალში.

- მხოლოდ თებერვალში?

- ასე არ არის?

- დაფიქრდი, ძალიან დაიბენი...

- (იცინის) სიტყვების თამაშით დამაბნიე, 29 რიცხვი ყველა თვეშია.

- "მე ბებია, ილიკო და ილარიონი" გავიხსენოთ, რა ერქვა საზიარო ძროხას?

- ფაქიზო.

- რამდენი წლის იყო თამარი, მეფედ რომ აკურთხეს?

- 12 წლის.

- დაბოლოს, დაასრულე დოსტოევსკის ცნობილი გამონათქვამი: "თუ გინდათ, კარგად გაიცნოთ ადამიანი, მიაქციეთ ყურადღება არა იმას, თუ როგორ ტირის, ან როგორ აღელვებს კეთილშობილური იდეები, დააკვირდით, როდესაც ის..."

- ვერ დავასრულებ.

- "...იცინის".

თამუნა კვინიკაძე