"მომღერალი ღიპიანი და "გასიებული" არ უნდა იყოს" - გზაპრესი

"მომღერალი ღიპიანი და "გასიებული" არ უნდა იყოს"

"X ფაქტორის" დატოვების შემდეგ, მერაბ ამზოევი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. როგორც ამბობს, თავს კარგად გრძნობს, რადგან დაძაბულ რეჟიმში ყოფნა აღარ უწევს... ის ოკეანის პირას, ხის სახლში ცხოვრებაზე ოცნებობს.

- პროექტში ყოფნისას სულ დაკავებული, დაძაბული ვიყავი. ეს დასრულდა და ძალიან მიხარია, რადგან ახლა უკვე შემიძლია, ჩემს საქმეებს (მუშაობა, მუსიკა, ოჯახი...) მივხედო.

- მუსიკასთან დაკავშირებთ, რა გეგმები გაქვს, შენი კარიერა როგორ გესახება?

- ჯერჯერობით, მხოლოდ სამსახურზე ვფიქრობ. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვიმუშაო. საკუთარი სიმღერების დაწერის არც დრო მაქვს და არც - საშუალება.

- სად მუშაობ?

- ერთ-ერთ სასტუმროში წყნარ, ლამაზ სიმღერებს ვასრულებ.

- "X ფაქტორში" მონაწილეობამ შენს ცხოვრებაში რა შეცვალა?

- დიდად არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ადამიანები მცნობენ. მიხარია, ჩემ შესახებ კარგ რაღაცებს ამბობენ, მაგრამ თავს ისე ვგრძნობ, როგორც - პროექტში მონაწილეობამდე.

- შენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბევრ ადამიანს მოსწონხარ?

- კი, ეს დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ ცხოვრებაში რამეს მივაღწიო და იმ ადამიანებს უფრო მეტი ვუჩვენო, ვინც მხარს მიჭერს, ჩემი წარმატება უხარია. მინდა, სოლო შემსრულებელი ვიყო, საკუთარი სიმღერები მქონდეს და სცენაზე ვიდგე. არ მსურს, მხოლოდ სასტუმროებსა და რესტორნებში ვმღეროდე. იმედია, საქართველოში შოუბიზნესი ისეთ დონეზე განვითარდება, რომ მომღერლებს საყვარელი საქმის კეთების საშუალება გვექნება.

- "X ფაქტორში" მონაწილეობამ შენი პროფესიონალიზმი აამაღლა?

- ვფიქრობ, გარკვეული გამოცდილება მივიღე, მაგრამ ძალიან შესამჩნევი - არა.

- შენი მენტორისგან რაიმე ისეთი რჩევა თუ მიიღე, რაც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდა და ფიქრობ, კარიერის განვითარებაში გამოგადგება?

- ის, რომ უფრო "გახსნილი" უნდა ვიყო. ისეთი რჩევები მივიღე, რაც ისედაც ვიცოდი, მაგრამ არ გამომდიოდა. სოფომ ჩემი მუსიკალური შესაძლებლობები "გახსნა" და მაჩვენა, რომ შემიძლია, უკეთესი ვიყო.

- როგორ ფიქრობ, რატომ დატოვე პროექტი? ხალხისგან საკმარისი მხარდაჭერა რატომ ვერ მიიღე?

- პროექტის დატოვების გამო ასე არ ვინერვიულებდი, ხალხს გული ძალიან რომ არ დასწყვეტოდა. თუ ფავორიტი ვიყავი და "ლაიქები" მქონდა, ზარების რაოდენობით ბოლო ადგილზე აღმოვჩნდი? ჩემი აზრით, ეს კონკურსანტისთვის ხმის მიცემის წესის ბრალია - შეგიძლია, ერთი ტელეფონიდან მაგალითად, 1000 ზარი გაუშვა - ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის ან უბრალოდ, ადამიანებს, რაღაც მიზეზების გამო, ჩემთვის ხმის მიცემა არ უნდოდათ...

- ერთ-ერთ ინტერვიუში ამის მიზეზად ეროვნებაც ახსენე...

- ჩემი ნათქვამი ცუდად გაიგეს. მე საქართველოში ვცხოვრობ, მაგრამ საზოგადოების ნაწილს უნდა, რომ პროექტში ქართველმა გაიმარჯვოს. შესაძლოა, მათ მოვწონდე კიდეც, მაგრამ რადგან ქართველი არ ვარ, ჩემს საკონკურსო ნომერზე არ დარეკონ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ნაციონალისტები არიან. უბრალოდ, დარეკვა არ უნდათ.

- ასე რატომ ფიქრობ? მუსიკალურ პროექტებში აუტსაიდერი ბევრი ქართველი ყოფილა, კონკურსი ბევრს დაუტოვებია, არ მეთანხმები?

- ინტერნეტში კარგი რეიტინგი მქონდა, მხარს ბევრი მიჭერდა. ასე რომ არ ყოფილიყო, ხმასაც არ ამოვიღებდი. გავვარდი? დიდი ამბავი... უბრალოდ, სპონსორების რჩეულებს შორისაც მეორე ადგილზე ვიყავი, სოციალურ ქსელებში მაღალი რეიტინგი მქონდა... არ ვამბობ, რომ ძალიან მაგარი ტიპი ვარ, მაგრამ რაღაც დონით, ხალხისთვის ფავორიტი ვიყავი. კონკურსზე ბოლო ადგილზე რომ აღმოვჩნდი და პროექტიდან გამიშვეს, იმ მიზეზებზე ვიფიქრე, თუ რატომ შეიძლებოდა, ასე მომხდარიყო...

- მერაბ, შენი მეუღლე - სოფოც არანაკლებ პოპულარული გახდა. ეს ფაქტი მოგწონს?

- სოფო ჩემზე პოპულარული გახდა... კი, ეს ფაქტი მომწონს. ძალიან კარგია, მაგრამ პოპულარობას შეგუება და ცხოვრებაში რაღაცების შეცვლაც სჭირდება. როცა შენი პიროვნებით ბევრი ინტერესდება, ინტერნეტში შენზე ბევრ რამეს კითხულობენ და სხვადასხვანაირად იგებენ, ცოტათი თავშეკავებული უნდა იყო, სხვა არაფერი.

- ერთმანეთზე არ ეჭვიანობთ?

- არა, არც წინათ ვეჭვიანობდით და არც - ახლა. ისეთს არაფერს ვაკეთებთ, რომ ერთმანეთში ეჭვი შეგვეპაროს.

- ისეთი უთანხმოება გქონიათ, რომ ერთმანეთს გაბუტვიხართ?

- თავისთავად, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა. მგონი, ასეთი რაღაცები ყველა წყვილის ცხოვრებაში ხდება.

- ძირითადად, რა საკითხებზე კამათობთ?

- ალბათ, უფრო საოჯახო თემებზე, მაგალითად - საჭმელი რატომ არ მოამზადა და ა.შ.

- თავად რომ მოამზადო?

- მეც ვამზადებ.

- მუსიკალურის გარდა, კიდევ რაიმე ნიჭი ხომ არ გაქვს, რაც ფართო საზოგადოებამ არ იცის?

- ნიჭი? ადამიანებისთვის ნერვების მოშლა კარგად გამომდის. როცა ვიღაც ჩემზე ან ჩემს მეუღლეზე ინტერნეტში ცუდს ამბობს, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. როცა ადამიანი სხვას ტყუილუბრალოდ შეურაცხყოფს, გასაგებია, როგორი პიროვნებაც არის. თუკი ვინმეს ჩემზე ან ჩემს მეუღლეზე რაიმე სათქმელი აქვს, მოვიდეს და პირადად მითხრას. ინტერნეტში ცუდის წერას რა აზრი აქვს? ეს უაზრო ქმედებაა.

- უცნაური შინაარსის წერილებს არ გიგზავნიან?

- ბევრი უცნაური წერილი მიმიღია, მაგრამ არც ერთს არ ვამხელ. უფლება არ მაქვს, სხვისი მონაწერი გავამჟღავნო. ჯობია, ამ თემაზე არაფერი ვთქვა.

- კარგი. სხვისთვის ნერვების მოშლის გარდა, რაიმე ჰობი გაქვს?

- მუსიკა, ვარჯიში და მეუღლესთან ერთად, ბუნების წიაღში სეირნობა ძალიან მიყვარს.

- მუსიკა ჰობია თუ ძირითადი საქმიანობა?

- ბოლო წელია, ძირითადი საქმიანობაა.

- პროფესიით ვინ ხარ?

- უმაღლესი განათლება არ მიმიღია. ბარმენი, ხმის რეჟისორი, რესტორნის მენეჯერ-ადმინისტრატორი და კაზინოში დილერიც ვყოფილვარ.

- ფიქრობ, რომ შესაძლოა, ჩამოთვლილთაგან რომელიმე საქმიანობას დაუბრუნდე?

- ჯერჯერობით, არა. ჩემი ბიზნესის წამოწყება მინდა.

- რა სფეროში?

- ბარ-რესტორნების მუშაობაში კარგად ვერკვევი. მინდა, ჩემი ბარი ან რესტორანი მქონდეს, რადგან თავიდან ბოლომდე ვიცი, ამ სფეროში რა და როგორ ხდება. კარგი იქნებოდა, ვინმე ინვესტორს დაენახა, რომ ეს მეხერხება და ყურადღება მოექცია.

- ბევრი ბარ-რესტორანია. სტუმრებს რით დააინტერესებ?

- გააჩნია, როგორი სტილისას (კარაოკე, ლაუნჯი, ევროპული რესტორანი) გავხსნი. უბრალოდ, ყველაფერი მაღალი ხარისხის იქნება: საკვები, მომსახურება, დიზაინი...GzaPress

- მერაბ, ვარჯიში რამ გადაგაწყვეტინა?

- წინათ ძალიან გამხდარი ვიყავი. როგორც თითქმის ყველამ, ვარჯიში მეც ასე დავიწყე - ერთთვიანი აბონემენტი ავიღე, მერე შევეშვი, მაგრამ ახლა ვარჯიში ისეთი ტრენდულია, რომ ისევ დავიწყე და შემიყვარდა. გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობისთვის კარგია, მინდა, ნორმალურად გამოვიყურებოდე. მომღერალი ღიპიანი და "გასიებული" არ უნდა იყოს - ბოლო დროს ასეა მიღებული.

- გარეგნობაზე დამოუკიდებლად ზრუნავ?

- ყოველთვის ვცდილობდი, ჩემებურად ჩამეცვა, ჩემებური ვარცხნილობა მქონოდა და ა.შ. ხანდახან რჩევებს სოფოც მაძლევს, მაგალითად - თმა ისე შეიჭერი, წვერი ასე გაილამაზეო... ვარცხნილობას სოფოს სალონში ვიკეთებ, რადგან ძალიან მაგარი სტილისტები ჰყავს, მაგრად მუშაობენ.

- მერაბ, დაახლოებით 10 წლის შემდეგ, შენი ცხოვრება როგორი წარმოგიდგენია?

- ერთი ოცნება მაქვს: მინდა, სადმე ოკეანესთან პატარა ხის სახლი მქონდეს, ძველებურ სტილში და მეუღლესთან, შვილებთან, შვილიშვილებთან, მშობლებთან ერთად წყნარად, მშვიდად, ბედნიერად ვცხოვრობდე. ქალაქი არ მიყვარს - აქ გაუჩერებელი მოძრაობა, სტრესია. ყველას სადღაც ეჩქარება, მირბის... ასეთი სიტუაცია მეზიზღება.

- სიმღერასთან დაკავშირებით არაფერს იტყვი?

- ვცდილობ, საკუთარი სიმღერები ქართულად დავწერო, რადგან ვფიქრობ: თუ საქართველოში ვცხოვრობთ, რატომ უნდა ვწეროთ ინგლისურად ან სხვა ენაზე?

- ხმის რეჟისორობა ახსენე, ამ პროფესიით გიმუშავია?

- პროფესიონალურად - არა, მაგრამ კარაოკეებში ვმუშაობდი, სადაც ხმის გასწორება, ყველაფრის დაბალანსება იყო საჭირო... სახლში პატარა სტუდია მაქვს, სადაც ქავერებს ვწერ. ყველაფერი ინტერნეტით შევისწავლე. ჩემი აზრით, დღესდღეობით ნებისმიერი საქმის ინტერნეტით შესწავლა შესაძლებელია.

- "X ფაქტორში" ვის გულშემატკივრობ?

- ყველანი "მევასებიან". "მიქს-ტურას" წევრებს დიდი ხანია, ვიცნობ. სანდრო, გრიგოლი, თამარი, სოფო - ყველანი პროექტში გავიცანი. მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო, რადგან იმსახურებენ, გაიმარჯვონ და ოცნებები აიხდინონ.

- სადაც ახლა მღერი, იქ თავს კომფორტულად გრძნობ?

- კი, კმაყოფილი ვარ, რადგან იმას ვმღერი, რაც თავად მინდა, ანუ ისე არ ვმუშაობ, როგორც რესტორნებში, სადაც მომღერლებს სიმღერებს უკვეთენ... მივდივარ და ჩემს პროგრამას ვასრულებ.

ეთო ყორღანაშვილი