"ძვალი ისევ პირში ჩავაბრუნე და თამაში დავიწყე..." - როგორ გააჩუმა დარბაზში მსხდომი მაყურებელი ჯანო იზორიამ - გზაპრესი

"ძვალი ისევ პირში ჩავაბრუნე და თამაში დავიწყე..." - როგორ გააჩუმა დარბაზში მსხდომი მაყურებელი ჯანო იზორიამ

ბავშვობიდან უყვარდა სიმღერა, ცეკვა, ეზოში კონცერტების გამართვა და პროფესიის არჩევაზეც ბევრი არ უფიქრია, მსახიობი გახდა. გალში დაიბადა და ფოთში გაიზარდა. აფხაზეთზე გიჟდება, ფოთს კი ცხოვრების ნაწილად მიიჩნევს, ისევე, როგორც მსახიობობას. ოცნებობს, ფოთი ამსტერდამის მსგავსი ქალაქი გახდეს და წლების შემდეგ საკუთარი თეატრი სწორედ აქ შექმნას. მისი დასვენება არის საქმე, საქმე და კვლავ საქმე! ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეეძლოს, ჯანო იზორია ისევ მსახიობის პროფესიას დაეუფლებოდა.

ბანკეტი, სადაც არავინ ცეკვავდა

- მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2013 წელს, ფილმ "კომას" მთელი შემოქმედებითი ჯგუფი წავედით. ჩემთვის საამაყო და ძალიან შთამბეჭდავი მომენტი იყო, როდესაც პირველად წითელ ხალიჩაზე ჩემს პედაგოგთან, ბატონ რეზო ჩხეიძესთან ერთად გავიარე. დროდადრო ვჩერდებოდით, ფოტოებს გვიღებდნენ. თან, ჩემი მაესტრო თავისი სტუდენტობის ამბებს მიყვებოდა. დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ბანკეტი გაიმართა. მიხალკოვი და მისი კოლეგები მშვიდ გარემოში ისხდნენ, ახალგაზრდები კი იქვე ვერთობოდით. ხალხი სვამდა, მაგრამ არავინ ცეკვავდა. ჩემზე ალბათ, გრადუსმაც იმოქმედა და საცეკვაო მოედანზე გავვარდი. ყველამ ყურადღება მომაქცია, მერე ხალხმა წრე შემომარტყა და ისინიც აცეკვდნენ. ჩემი მეგობრები ჩემთან ერთად ერთობოდნენ. ამ დროს, დისკოთეკის ციმციმა განათების ფონზე ყავარჯნიანი კაცი, ბატონი რეზო ჩხეიძე დავინახე. იდგა, იღიმოდა და მოძრაობით მუსიკას ჰყვებოდა. მასთან მივედი და მითხრა: მირჩევნია, თქვენთან ვიყო და შენ გიყუროო.

"უნდა ითამაშო..."

- ბავშვობაში კრივზე დავდიოდი. მამას უნდოდა, რომ მოკრივე ვყოფილიყავი, მე კი თან მინდოდა, თან - არა. მიყვარდა ეზოში კონცერტების გამართვა. შემეძლო, მთელი დღე "დრამზე" დამეკრა, რომელსაც სკამებისა და ქვაბებისგან ვაწყობდი, დასარტყამი ჯოხების ფუნქციას თხილის წნელი ასრულებდა.

მეხუთე კლასში ვიყავი, როდესაც ქალაქის მასშტაბით სკოლებში ჩატარებულ თეატრალურ კვირეულში უნდა მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ მრცხვენოდა და დავიჟინე, - არ მინდა-მეთქი. კლასის დამრიგებელმა, ლია ალასანიამ მითხრა, - უნდა ითამაშო, თუ არადა, საშემოდგომოს გამოგაყოლებო. ჩემი სკეტჩი რომ დაიწყო, ისედაც ხმაჩახლეჩილ პერსონაჟს ვთამაშობდი და ხმაურის გამო, მაყურებელს ჩემი სიტყვები არ ესმოდა. იცით, როგორ მოვიქეცი? ვითომ ყელში გაჩხერილი ძვალი პირიდან ამოვიღე და მივმართე დარბაზს, - "რა მოგივიდათ? გაჩერდით!" ბავშვებმა იფიქრეს, ასე იწყება ამბავიო და სიჩუმე ჩამოვარდა. მეც, ძვალი ისევ პირში ჩავაბრუნე და თამაში დავიწყე... ჟიურის გადაწყვეტილებით, "მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის" დამაჯილდოეს. ჩვენი სკოლის მკაცრმა დირექტორმა ხელი ჩამომართვა და პრიზი გადმომცა.

GzaPress

"გენერლის" ჩინი

- 1999 წელს მივადექი თეატრალურ ინსტიტუტს. გამოცდები ჩავაბარე და ჩავირიცხე ლეგენდარული ადამიანის, რეზო ჩხეიძის სახელოსნოში. მის ჯგუფში 12 ადამიანი მოვხვდით. ჩემ გარდა, ყველანი თბილისელები იყვნენ. ერთმანეთთან დიდი მეგობრობა, სიყვარული და ახლა უკვე, ნათელმირონობაც გვაკავშირებს... მისაღებ გამოცდას გავიხსენებ - ცნობილ მერვე აუდიტორიაში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან ნაწყვეტს ვკითხულობ. კომისიის წევრმა რეზო ჩხეიძემ ერთ მომენტში, ხელები სახეზე აიფარა. ვიფიქრე, - აი, ახლა დავიღუპე-მეთქი. სინამდვილეში, რა ყოფილა: ის ერთგვარ რაკურსს აკეთებდა თითებით, ახლო და შორ კადრებს ამოწმებდა, თითქოს კამერასთან იდგა, ისე მაკვირდებოდა. 6 ტური გადავლახე და ჩავირიცხე. მგონია, რომ გენერლის ტოლფასი ჩინი მაქვს ცხოვრებაში, რადგან მისი გაზრდილი ვარ. უდიდესი ამაგი ჰქონდა თავის სტუდენტებზე. მე შვილიშვილივით ვყავდი.

ერთხელ "კუკარაჩადან" ნაწყვეტს დგამდა, მურტალოს როლი მომცა. ფიქრობდა, რომ ეს გმირი მარტო ქუჩის ბიჭი კი არა, განათლებული და ერუდირებულიც იყო. ამიტომ, ესენინის ლექსების წიგნი მომიტანა და უნდოდა, ორი ლექსი მესწავლა. წიგნი სახლში გამატანა. ვკითხულობ, ვკითხულობ და უცებ, 50-ლარიანი ვიპოვე. წიგნი დავხურე. მინდა, მალე გათენდეს, რომ დროზე მივიდე თეატრალურ ინსტიტუტში. ძალიან ვინერვიულე. მეორე დღეს ბატონ რეზოს წიგნით ხელში გამოვეცხადე. გაუკვირდა, - არ მითხრა ახლა, ერთ დღეში წავიკითხეო. როცა ვუთხარი, წიგნში ფული დევს და ეტყობა, დაგრჩათ-მეთქი. მიპასუხა: არაფერი დამრჩენია. წაიღე ეგ წიგნი და რაც გითხარი, გააკეთეო.

რეზო ჩხეიძე ფილმისთვის - "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი", ეპიზოდებს გოდერძის უღელტეხილზე იღებდა. ბატონი რეზო რომ კამერასთან დგას, ეს უკვე ბედნიერებაა და მერე, სულს უბერავსო, რომ იტყვიან, მსახიობებს სწორედ ასე უფრთხილდებოდა. ერთ დილას გადაღებისთვის ახალციხეში მივდიოდით. იმ დილით, რატომღაც, ნაღველი ამტკივდა და ვერ ვდგები საწოლიდან, ცუდად ვარ. ოთახში შემოვიდა ბატონი რეზო: რა გჭირს, გენაცვალეო? - არაფერი, ბატონო რეზო, ნაღველი გამიღიზიანდა, მაგრამ გადაღება რომ გვაქვს, რა ვქნათ-მეთქი? - არა უშავს, რაღაცას მოვიფიქრებთო, - მივიდა კართან და თბილად ჩაილაპარაკა, - ისე, დღეს რა კარგი გადასაღები ამინდიაო... გავიფიქრე, ახლა ერთი ხელი მოჭრილიც რომ მქონდეს, მაინც წავალ-მეთქი. გაზიანი სასმლით პროცედურა ჩავიტარე და ტკივილი ცოტა შემიმსუბუქდა. ავდექი, ბატონმა რეზომ თავის მანქანაში ჩამსვა, რათა კომფორტულად მემგზავრა. ბორჯომში ექთანი მოძებნა, წამლები იყიდა და ეს ექთანი გადაღებაზე წამოიყვანა - ეს ამბავი არასოდეს დამავიწყდება.

"მეტროთი რატომ დადის?"

- პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მოხვედრამ მაფიქრებინა, რომ თუკი ადამიანს რაღაც ძალიან უნდა, აუცილებლად აუსრულდება. ამიხდა ოცნება... ერთადერთი გამოცდილება ის მქონდა, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ცეკვას რობერტ დარახველიძე მასწავლიდა. სხვათა შორის, "ქართული" და "ოსური" საკმაოდ კარგად გამოგვდიოდა და პედაგოგმა, თავის საიუბილეო საღამოზე მე და ეკა არჩაია გვაცეკვა. ჩემმა ფოთელებმა ხომ გამაოცეს სიყვარულითა და გულშემატკივრობით. სიმღერაც დამიწერეს - კოღოც კი შენი ფანიაო (იცინის). ძალიან მსიამოვნებდა, რომ ყველა კუთხიდან მყავდა გულშემატკივარი. როდესაც მეტროთი ან ავტობუსით ვმგზავრობდი, ადამიანებისგან უდიდეს სითბოს ვგრძნობდი. მეუბნებოდნენ, რომ მგულშემატკივრობენ, ზოგიერთები კი ჩურჩულებდნენ, - მეტროთი რატომ დადისო? ადრე ვთქვი და გავიმეორებ, - ბევრი ფულიც რომ ვიშოვო, დროდადრო აუცილებლად ვიმგზავრებ მეტროთი, იქ ბევრ რამეს ვიგებ და რაც მთავარია, ძალიან საინტერესო ადამიანებს ვხვდები.GzaPress

კინოს თავისებურებანი

- ბატონმა კახი კავსაძემ და მე ლევან კოღუაშვილის ფილმში "შემთხვევითი პაემნები" ვითამაშეთ. ამის შემდეგ სულ მეკითხებოდნენ, როგორი იყო მასთან ერთად მუშაობაო? არადა, გადასაღებ მოედანზე საერთოდ არ მინახავს, რადგან სხვადასხვა დროს გვქონდა გადაღებები. "ოსკარის" ნომინანტ ფილმში "მანდარინები" ძალიან პატარა, უსიტყვო როლს ვთამაშობ, მაგრამ უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ზაზა ურუშაძესა და მაღალი რანგის მსახიობებთან ერთად მომიწია მუშაობამ. სოციალურ ქსელში ფილმის წარმატების ყველა დეტალს ვიზიარებდი. ერთი-ორმა მითხრა, - რა გიხარია, შენი როლი ერთი გაელვებაა ამ ფილმშიო. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას, როდესაც ლაპარაკი "ოსკარზე" იყო? მე კი არა, იმ ადამიანებსაც უხაროდათ, რომელთა გვარები მხოლოდ ტიტრებში ჩნდება.

სერიალმა "ტიფლისი" ჩემს კარიერაში გარდამტეხი როლი შეასრულა. სერიალში უჯიშო თავადს რომ დავმსგავსებოდი, ვიზუალის შეცვლაც დამჭირდა. ჩემი გმირი ხალხს ეზიზღებოდა. ძალიან დიდი კომპლიმენტია, როდესაც მეუბნებიან, - ცხოვრებაში რა კარგი ყოფილხარო (იცინის).

საოცარი და უცნაური პროფესია

- ფილმის "გაღმა ნაპირი" პიროტექნიკოსი დათო გვასალია ჩემი გმირის სიკვდილის სცენას ამზადებს. დგას და ხელებს ისრესს, - აბა, შენ უნდა მოგკლა, ხომ? გახსნა დიპლომატი (იცინის), სადაც ულაგია საღებავები და სხვა ატრიბუტიკა. ამ ეპიზოდს ბევრჯერ ვერ გადაიღებენ, მაქსიმუმ ორი დუბლი, არც "სისხლია" უფრო მეტი და გმირის პერანგიც მხოლოდ ორია. ცოტა არ იყოს მეშინია, ინდურ კინოს არ დაემსგავსოს. სხვა ფილმებში სიკვდილის სცენებს ვაკვირდები და მსახიობის რეაქციებს ვსწავლობ. ვფიქრობ, - ტყვია რომ მომხვდება, იმ ადგილზე ხელს წავიჭერ და ნელა დავეცემი. ბუნებრივად და დამაჯერებლად მინდა მოვიქცე. ფილმის მთავარი გმირი, თედო არ იყო გაფრთხილებული ამ სცენის შესახებ. დაიწყო გადაღება, ნამდვილი ავტომატის ჯერი წამოვიდა ფუჭი ვაზნებით... სხეულზე, რამდენიმე ადგილას "სისხლმა" იფეთქა და ამის დანახვაზე ბავშვი გაგიჟდა; სწორად მოიქცა რეჟისორი, რომ არაფერი უთხრა. ბიჭმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც საჭირო იყო. მე რა დამეხმარა? მსახიობობა მართლა საოცარი და უცნაური პროფესიაა, ტყვიების სროლის ხმაზე ყურში წუილი მქონდა და "გავაკეთე" საიქიოსკენ მიმავალი ადამიანის სცენა. ხმამ ძალიან შემიწყო ხელი.

ნანული ზოტიკიშვილი