"ვერ გავიგე, კაცებს რა უნდათ..." - შეცვალა თუ არა სიყვარულმა ნინო შავგულიძე - გზაპრესი

"ვერ გავიგე, კაცებს რა უნდათ..." - შეცვალა თუ არა სიყვარულმა ნინო შავგულიძე

აღიარებს, რომ მისი მცდელობა, განსაკუთრებულად გამოიყურებოდეს, ხშირად კრახით სრულდება. წონასა და ოჯახის შექმნასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უტაქტობად მიიჩნევს... "ქალურ-დიასახლისურ" შეკითხვებზე მსახიობი და ტელეწამყვანი - ნინო შავგულიძე გვპასუხობს.

- აუცილებელია, რომ მეტ-ნაკლებად, ყველა ადამიანმა საკუთარი თავი სექსუალურად აღიქვას. თვითშეფასების ამაღლება პარტნიორზეა დამოკიდებული.

- შენს სექსუალურობას როგორ წარმოაჩენ - ჩაცმულობით თუ სხვა რამით?

- არა, სექსუალურობას ჩაცმულობით არასოდეს გამოვხატავ, პირიქით - მოკრძალებული ტანისამოსი მიყვარს. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ განწყობას თვალები ასხივებს.

- როცა გეუბნებიან, სექსუალურად გამოიყურებიო, ეს შენთვის სასურველი ქათინაურია?

- რა თქმა უნდა, ადამიანისთვის ნებისმიერი კომპლიმენტი სასურველია (ქალი იქნება თუ კაცი, მნიშვნელობა არა აქვს). ყოველ შემთხვევაში, შეურაცხყოფად არ აღვიქვამ.

- მელანქოლიური ფიქრები რამდენად ხშირად გაწუხებს?

- ბოლო დროს, საერთოდ აღარ აწუხებს. ზედმეტად რეალისტი გავხდი და ასეთ ფიქრებს ჩემს ცხოვრებაში შემოჭრის საშუალებას არ ვაძლევ. თუ მაინც შემოიჭრა, აუცილებლად ვცდილობ, დადებითზე გავამახვილო ყურადღება და არა - უარყოფითზე. რა თქმა უნდა, პრობლემა თითქმის ყველა ადამიანს აქვს: ზოგს - მეტი, ზოგს - ნაკლები და შესაძლოა, ვიღაცას საერთოდ არ ჰქონდეს, მაგრამ მაინც მელანქოლიური იყოს. ვცდილობ, ნებისმიერი სტრესის, დაბრკოლების მიუხედავად, თავი გავაკონტროლო. თუკი მელანქოლიური განწყობა მაინც დამეუფლა, ეს მხოლოდ რამდენიმე საათს გასტანს, შემდეგ უკვე მეგობრები მეხმარებიან, რომ ყველაფერი კარგად იყოს.

- განწყობის გასაუმჯობესებელი, შენეული მეთოდი თუ გაქვს?

- ყოველთვის ვამბობ, რომ თუკი ცუდ განწყობაზე ხარ, მელანქოლიამ შეგიპყრო ან სტრესული სიტუაცია გადაიტანე, ყოველთვის კარგია, ამ ყველაფერს მოთმინებით შეხვდე. უნდა გაიაზრო, რომ ეს დროებითია და ხვალ აუცილებლად, უკეთესი დღე იქნება. ყველაზე კარგი ხერხი გამოძინებაა: ტვინს რომ "გათიშავ", "დარესტარტდება" და გამოძინების შემდეგ, ხელახლა მუშაობას დაიწყებს, ყველაფერი დალაგდება... აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა ნაბიჯი არ უნდა გადადგა - ჯერ უნდა გამოიძინო და ყველაფერი მერე გააკეთო.

- ცხოვრებაში ყველაზე მეტად, რა გაბედნიერებს?

- საკუთარი თავის საქმეში რეალიზება. ყველაზე მეტად ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც საქმეს კარგად გავაკეთებ.

- სიყვარულმა შეგცვალა?

- კი. საერთოდ, ფასეულობების გადაფასებას ადამიანებს შორის ნებისმიერი ურთიერთობა იწვევს. შეიძლება, ნებისმიერ წამს "გაიზარდო", შეიცვალო, ბევრ კარგ რაღაცას მიხვდე... გააჩნია, როგორ ხალხთან ურთიერთობ. მაქსიმალურად ვცდილობ, ისეთ ადამიანებთან მქონდეს ურთიერთობა, ვინც მეც "გამზრდის" და თავადაც რაღაცაში დავეხმარები. ამიტომ ურთიერთობა, მით უმეტეს - სასიყვარულო, ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი იქნება, რომ პარტნიორი ყველამ სწორად შეარჩიოს.

- სასიყვარულო ურთიერთობაში რაიმე დათმობაზე წასულხარ?

- არა მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობაში. მთავარია, ჩემს პრინციპულ ღირებულებებს არ ვეწინააღმდეგებოდე, საკუთარ თავს და შემდეგ, სხვასაც არ ვუღალატო. სხვა მხრივ, ადამიანი ნებისმიერ რამეს დათმობ, თუ გიღირს.GzaPress

- საყვარელ ადამიანთან ყველაზე ხშირად, რა საკითხზე კამათობ?

- აბსოლუტურად ყველაფერზე. საერთოდ, ნებისმიერ საქმეზე კამათი მიყვარს, რადგან მგონია, ასეთ დროს ჭეშმარიტება იბადება. ცხარე კამათი არ გვაქვს, არ ვჩხუბობთ, გარკვეული საკითხების მიმოხილვა კი პირიქით - საინტერესოა.

- გაბუტულხართ, მაგალითად, რამდენიმე დღით?

- კი, რა თქმა უნდა. წყვილის ურთიერთობაში არის ეტაპები, როდესაც რამდენიმედღიანი გაბუტვა საჭიროც გახლავთ. ხანდახან ერთმანეთისგან დასვენება აუცილებელია. ნებისმიერი ადამიანების ურთიერთობაში მისაღებია, რომ რამდენიმე დღით ცალ-ცალკე იყვნენ.

- როცა მამაკაცზე განაწყენებული ხარ, შესარიგებლად პირველი ნაბიჯის გადადგმა შეგიძლია, მიუხედავად იმისა, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობ?

- რა თქმა უნდა. ცოტა არ იყოს, საბავშვო ბაღის დონის ურთიერთობაზეა საუბარი, როცა გოგო ბიჭს ელოდება ან პირიქით... პირველ ნაბიჯს ვინ გადადგამს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, საუბრით, დანაშაულის გააზრებით, აღიარებით მოხდეს იმის განხილვა, რაც მოხდა...

- რამ შეიძლება მოთმინებიდან გამოგიყვანოს?

- ცილისწამებამ. ყველას ვერ მოეწონები და ეყვარები, მაგრამ იმის გამო, რომ ადამიანი არ მოგწონს, უფლება არ გაქვს, საკუთარი ფანტაზიით, მასზე რაღაც შეთხზა და იფიქრო, რომ ის ცუდის ჩამდენია. მით უმეტეს, ამის სახალხოდ ლაპარაკის უფლება არ გაქვს... აი, ასეთ შემთხვევაში შემიძლია, წონასწორობა დავკარგო.

- და ასეთ დროს რას აკეთებ?

- შეიძლება, 1-2 ხმამაღალი სიტყვა ვთქვა. "მოჩხუბარი ელემენტი" არ ვარ. კონფლიქტურ სიტუაციებს ვერიდები... ადამიანს რომ ვეტყვი, - ეს ასე არ არის-მეთქი და არ "გავუტარებ", ეგ ყველაზე დიდი აფექტური მდგომარეობა მგონია.

- გყავს დაქალები, რომელთა გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენლად გეჩვენება?

- გოგონებსა და ბიჭებს ვერ გამოვყოფ, რადგან ორივე სქესის წარმომადგენელთან ვმეგობრობ... დიახ, ჩემი მეგობრების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. მათთან ერთად ვერთობი, სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობ... ეს კომუნიკაცია ყველა ადამიანისთვის ჰაერივით საჭიროა!

- ნინო, როგორი კულინარი ხარ?

- ძალიან კარგი. ამ შემთხვევაში, თავმდაბალი ვერ ვიქნები, რადგან სამზარეულოში ფუსფუსი, ათასგვარი კერძის გამოგონება, სადილის მომზადება, საყვარელი ადამიანებისა და მეგობრების მასპინძლობა, დიასახლისობა ძალიან მიყვარს. გურმანი ვარ!

- მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა სად გადის?

- კუჭზეც გადის, კი... ყველა მამაკაცი ინდივიდუალურია. კაცები ხომ ამბობენ, - ქალებს რა უნდათ, ვერ გავიგეთო. მე ის ვერ გავიგე - კაცებს რა უნდათ?

- გარეგნობაზე ზრუნვას რამდენ დროს უთმობ?

- დროს დიდი სიამოვნებით დავუთმობდი, მაგრამ ყველაფერი, რაც გარეგნობაზე ზრუნვას უკავშირდება, საკმაოდ ძვირად ღირებულია: ჩაცმა, კანისა თუ თმის მოვლა, სპა-სალონში სტუმრობა... შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ცუდად არ გამოვიყურებოდე, მაგრამ საშუალება რომ მქონდეს, ბევრად უკეთ ვიქნებოდი.

- რას გააკეთებდი? განსაკუთრებულად რა გინდა - რაიმე კოსმეტიკური საშუალება, პროცედურა, სამოსი...

- სამოსი მინდა. ჩემი გარდერობი რომ გამოაღოთ, მიხვდებით, რომ საზაფხულო ტანსაცმელი მჭირდება. თუმცა, ბებიაჩემი კი მეუბნება, ამდენი ტანსაცმელი რად გინდაო (იღიმის)?... როცა ყოველდღე ტელევიზიაში ყოფნა გიწევს, ახალი ტანსაცმელიც გჭირდება. ცალკე ფუფუნებაა, რომ სალონებში სტუმრობის საშუალება გქონდეს, თორემ ძალიან კარგი პროცედურები არსებობს, რითიც ისიამოვნებ და შედეგიც არ დააყოვნებს - ბევრად უფრო გაკაჟებული იქნები.

- მომაბეზრებელ შეკითხვებს გისვამენ?

- იყო პერიოდი, როცა მეკითხებოდნენ, როდის თხოვდებიო? ახლა მგონი, ხელი ჩაიქნიეს. ალბათ, ასეთ ადამიანებს შინაბერა ვგონივარ (იცინის).

- ღიზიანდებოდი, როცა ასეთ კითხვას გისვამდნენ?

- შეიძლება, იყო დრო, როცა მაღიზიანებდა, მაგრამ არ მახსოვს... ყველაზე დიდი უტაქტობა მგონია, როცა მეუბნებიან, რომ გავსუქდი ან გავხდი და მეკითხებიან, - არ გათხოვდიო? მაგრძნობინებენ, რომ აუცილებლად უნდა გავთხოვდე, უკვე დროა... ვინც მსგავს შეკითხვას მისვამს, ის ადამიანი უტაქტოა და ამიტომაც, მებრალება.

- როგორ ფიქრობ, გათხოვებისთვის ოპტიმალური ასაკი არსებობს?

- ყველას თავისი ოპტიმალური ასაკი აქვს. შეიძლება, 25-30 წლისა მიხვდე, რომ ცხოვრება ერთ ადამიანს უნდა დაუკავშირო. ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია, როდესაც თავისუფლებას თავადაც იზღუდავ და შენს მეორე ნახევარსაც უზღუდავ. უხეშად ვამბობ, მაგრამ ასეა. ოჯახის შექმნა დიდი პასუხისმგებლობაა და ამისთვის ზოგი შეიძლება, 40 წლის ასაკში იყოს მზად, ზოგი - 50-ის, ზოგი 25-ის... ეს ინდივიდუალურია.

- პაემანზე წასასვლელად როგორ ემზადები?

- ძალიან დიდხანს ვემზადები. თუ ძლიერი სურვილი მაქვს, კარგად გამოვიყურებოდე, რატომღაც, ჩემი მცდელობა სულ კრახით მთავრდება. ყოველდღიურად უკეთ გამოვიყურები, ვიდრე გამოპრანჭული. პაემნისთვის მზადება იმით იწყება, რომ გარდერობთან ვდგები და ოთხივე სეზონის სამოსი თუ ფეხსაცმელები გამოლაგებული მაქვს. სამოსის ერთმანეთთან შეხამებას მთელ საათს ვანდომებ, შემდეგ მაკიაჟს ვიკეთებ. მერე აღმოჩნდება, რომ ჩემი მაკიაჟი შერჩეული ტანსაცმლისთვის შეუსაბამოა; ვიხდი, სხვა სამოსს ვირგებ... ამასობაში, ვხვდები, რომ მაკიაჟია კაბასთან შეუსაბამო და მაკიაჟს ვიშორებ... საბოლოო ჯამში, პაემანზე ყოველდღიურ ფორმაში მივდივარ, რომ მშვიდად ვიყო (იცინის). გამოპრანჭვა ხანდახან გამომდის, ხანდახან - არა.

- დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო, საყვარელი ადამიანისგან საყვედური მიგიღია?

- არა. ყველას თავისი საქმე აქვს და ისიც აბსოლუტურად გასაგებია, რომ თავისუფალი დრო ყველას უნდა ჰქონდეს, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ყოფნისთვის. დატვირთულ სამუშაოს საყვარელი ადამიანის უკმაყოფილებაც რომ ემატებოდეს, ეს ორივესთვის სტრესული იქნებოდა. ჩვენ ერთმანეთის სამუშაო განრიგს აბსოლუტური გაგებით ვეკიდებით.

ეთო ყორღანაშვილი