"ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან დაწყე­ბა რომ შე­იძ­ლე­ბო­დეს, ახალ­გაზ­რ­დო­ბას და­ვიბ­რუნებ­დი" - გზაპრესი

"ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან დაწყე­ბა რომ შე­იძ­ლე­ბო­დეს, ახალ­გაზ­რ­დო­ბას და­ვიბ­რუნებ­დი"

"არავინ თქვას, ისე ვიცხოვრე, სანანებლად არაფერი მაქვსო"

ცოტა ხნის წინ, ახალი წიგნის პრეზენტაცია ჰქონდა, რომელსაც "გვიან და ადრე" დაარქვა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წიგნის ავტორია, ახალი ნამუშევრის წარდგენისას ძალიან ღელავდა, რადგან მისივე თქმით, რჩეულს წარადგენდა... წიგნს დისკი ახლავს, სადაც ნანა ცინცაძის არაერთი ლექსია ამღერებული (სულ 23 სიმღერა).

ღონისძიება ხელოვნების ცენტრში - "მუზა" გაიმართა. "ეს არის რჩეული. პირველი პრეზენტაცია წიგნისა, იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც დამანახვეს, რომ სიყვარული ყველაზე დიდი რამ არის ამქვეყნად. ეს არის რჩეული ლექსების კრებული ანუ ის, რაც აქამდე შემიქმნია. უზარმაზარი საპრეზენტაციო დარბაზი წვიმიან დღეს ხალხით გაივსო, ფეხზეც იდგნენ, გასავლელი არ იყო. არავინ თქვას, რომ ეს არ არის ბედნიერება! ამქვეყნად თუ ასეთი რამ ერთხელ მაინც ხდება, ჩათვალე, რომ ტყუილა არ გიცხოვრია. ადამიანების სიყვარულს ვგრძნობ და მადლობა ამისთვის ყველას!"

- ექიმი ხართ. პროფესიით მუშაობთ?

- თერაპევტი ვარ და მთელი ცხოვრება სამედიცინო სფეროში ვმუშაობ... იმის გამო, რომ სულ მაინტერესებდა ფსიქოთერაპია, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება პაციენტთან, მუდმივად ვკითხულობდი სამედიცინო ლიტერატურას. იყო პერიოდი, როცა იატაკქვეშეთში ფროიდს ვკითხულობდით და უამრავ ცნობილ, საინტერესო ფსიქოთერაპევტის ნაშრომებს... დღეს ინტენსიურად ვმუშაობ ფსიქოთერაპიაში, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ესეც არის ერთგვარი გზა, რომელიც პროზაში მეხმარება... დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში ვმუშაობ, სადაც ადამიანებს ფსიქოთერაპიული დახმარება სჭირდებათ...

- ე.ი. თქვენი შემოქმედება ყოველთვის სამედიცინო სფეროში საქმიანობის პარალელურად მიმდინარეობდა...

- ბავშვობაში ვწერდი, მაგრამ ძალიან ჩვეულებრივად... გამოკვეთილი ჰუმანიტარი არ ვყოფილვარ, ჩემთვის ყველა საგანი ერთნაირი იყო და ფრიადოსანი გახლდით, იშვიათად მიმიღია ოთხიანი. სკოლაც მედალზე დავამთავრე და უმაღლესი სასწავლებელი - წითელ დიპლომზე, რადგან სწავლა მიყვარდა და მიყვარს... ახლა კამანის საოცრად საინტერესო ისტორიაზე ვწერ, სადაც ბერი ანდრია დაიღუპა. ის კამანში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის უძველეს ეკლესიაში მსახურობდა. არავითარი მილიტარიზმი პროზაში, მიმოხილული იქნება, დასაბამიდან თუ რა არის აფხაზეთი საქართველოსთვის... გადაწყვეტილი მაქვს, ჩემმა ნამუშევარმა მკითხველი არ დაამძიმოს, ყველაფერი წყაროებით მაქვს დადასტურებული. მუშაობას ალბათ, მალე დავასრულებ... GzaPress

- პარალელურ რეჟიმში როგორ ახერხებთ ექიმობას, მწერლობას, პოეტობას?

- ბევრი მეუბნება, შენი სახით მსახიობი დაიკარგაო. მეც ვპასუხობ, რომ ასეა, არშემდგარი მსახიობი ვარ. მედიცინაში ის მიდგომა მშველის, რომ თითოეული პაციენტი ჩემთვის მოთხრობის გმირია და არ უნდა დაგეზაროს მათი მოსმენა. 25 წლის წინ ზუსტად ამ სათაურით - "ადამიანთა სევდა" ნამუშევრის შექმნა მინდოდა, მაგრამ გოდერძი ჩოხელმა არაჩვეულებრივად დაწერა... მნიშვნელოვანია, შენ წინაშე როგორ ახერხებენ ადამიანები საკუთარი ამბის მოყოლას და შენ ხარ მსაჯულიც, ექიმიც, მსახიობიც, ფსიქოლოგიც, ფსიქიატრიც, სექსოპათოლოგიც... დაავადებების უდიდესი ნაწილი იმითაა განპირობებული, ადამიანი რამდენად სრულყოფილად და სრულფასოვნად ცხოვრობს. თუ რაიმე ისე არ არის, ეს ჩვენს ჯანმრთელობასა და საერთოდ ყველაფერზე აისახება. ყველანაირად მოწესრიგებულ ადამიანს სახეზეც ეტყობა, რომ აქვს ჯანსაღი და ნორმალური ცხოვრება. გინეკოლოგიას მიშა გიგინეიშვილი მიკითხავდა და კარგად მახსოვს მისი ნათქვამი, - ქალს სახეზე რომ შეხედავ, უნდა მიხვდე, როგორ მუშაობს მისი საკვერცხეებიო...

- მოკლედ, თქვენთვის ცხოვრება სცენაა...

- დიახ, "ჩემი ცხოვრება სცენაა, ნელ-ნელა ვსწავლობ როლებს,/ ხან კლეოპატრას ვთამაშობ, ხანაც სიცოცხლეს ვტოვებ,/ ხან თავი ისე მიჭირავს, თითქოს ფრთები მაქვს წმინდანს,/ ხან ერთი სოფლის ქალი ვარ, ვიღაცას ვუქსოვ წინდას,/ ხან პალატებში დავდივარ, დაჭრილებს ვკურნავ ხელით,/ არადა, თუკი დამჭირდა, კაცს მოვკლავ ჩემი ხელით".

მთელი ცხოვრება ერთი დიდი სპექტაკლია, ხან დრამაა, ხან - ტრაგედია, ხან - ფარსი, ხან - კომედია. თუ კარგი მსახიობი ხარ, ყველა როლს ისე უნდა მოერგო, რომ ღირსეულად იცხოვრო. როგორც შექსპირი გვეუბნება, - გამოიგონე კეთილშობილება, თუ ის არ გაგაჩნია. ყოველთვის კეთილშობილი ვერ იქნები და ეს არც არის საჭირო, მაგრამ თუ ის ადამიანი ხარ, ვისგანაც შეიძლება და უნდათ, რომ რაღაც ისწავლონ, მაშინ უფლება არ გაქვს, გრძნობებს აჰყვე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი... წლების განმავლობაში ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში ორი რუბრიკა მქონდა, რასაც სიამოვნებით ვაკეთებდი. ვარ ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი. გარდა ამისა, ქალს აქვს მოვალეობა, იყოს დედა, შვილი, მეუღლე, მეგობარი და ეს არის ის, რის გარეშეც ყველაფერი არარაობაა, ისევე, როგორც სიყვარულის გარეშეა ყველაფერი არარაობა...

- ასეთი აქტიური ცხოვრების ფონზე, შინ გიწევთ დიასახლისობა?

- სახლში ყველაფერი ჩემი ხელით არის გაკეთებული, ზამთრის მარაგიც კი. ვქსოვ, ვკერავ, ვაცხობ და ისიც უნდა გითხრათ, რომ არაპოეტურად მოწესრიგებული გახლავართ...

- გამოდის, ცხოვრების სცენაზე ბევრი როლი მოგირგიათ და ირგებთ. ადამიანები, რომლებიც პაციენტების, კოლეგების, მუსიკოსების სახით გხვდებოდნენ, მათთვის როგორი ზოგადი დიაგნოზის დასმა შეგიძლიათ?

- ჩემი პირველი პაციენტის სახელიც კი მახსოვს: 30 წლის ქალი იყო, ღალატის გამო ნევროზი ჰქონდა. თავიდან მეგონა, რომ ქმარი ღალატობდა. აღმოჩნდა, რომ საკუთარი ღალატით იყო ცუდად, რამაც მაშინ გაოცებული დამტოვა, რადგანაც ეს ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის აბსოლუტური ნონსენსი გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ჯანსაღად ვუყურებ. მერე და მერე, პაციენტებთან ურთიერთობისას მივხვდი, რომ ზოგს უნდა დაეწერა, დაეხატა, მოექსოვა და აღმოჩნდა, უმეტესობა გულუბრყვილო ლექსებს წერდა... ჰოდა, მივხვდი, როდესაც ადამიანს უჭირს, საკუთარი თავის გამოხატვა სჭირდება.

- ე.ი. ყველა წერს ლექსებს?

- წერს და ხედავთ, როგორ გასჭირვებია საქართველოს? მძიმე სურათია, თორემ, სადაც ნიჭიერებაა, წეროს ყველამ, რა მოხდა?

- თქვენთვის რა არის პოეზია?

- ეს არის ის, რაც მოსწონს ინტელექტუალს, რომელსაც არ უყვარს ლექსი - ოღონდ, ეს ჩემი განმარტებაა.

- მედიცინის თქვენეული განმარტება როგორია?

- მედიცინის გარეშე არაფერი არსებობს. მედიცინა არის ხორცის, სულის ნაწილი. პროფესიას 100-ჯერ რომ ვირჩევდე, მაინც ექიმი გავხდებოდი, ოღონდ, უფრო მეტს გავაკეთებდი მედიცინაში, იქნებოდა მეტი უძილო ღამე, მეტი - მუშაობა. არ მაკმაყოფილებს ის, რაც მედიცინაში გავაკეთე.

- რატომ ვერ შეძელით მეტის გაკეთება?

- ჯერ ერთი - ოჯახი, მეორე - არ იყო საშუალება და შესაბამისი პირობები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მატერიალურ საშუალებას. რაც მეტია ინტელექტი, მით მეტად გინდა, კარგად იცხოვრო... ძირითადად, ვმოძრაობ "მარშრუტკით", საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ჩემი საახლობლო ამას გულწრფელად განიცდის, მაგრამ ჩვენ, როგორც გონიერი ადამიანები, ვეტევით იმ ჩარჩოებში, რომლის იქითაც ფიზიკურად ვერ გადახტები, ხოლო თუ გადახტი, შეიძლება სანანებელი გაგიხდეს. ამიტომ არაფერი ღირს საკუთარი პიროვნების დანგრევად. მენტორი არ ვარ და არავის ჭკუას არ ვარიგებ, უბრალოდ, ასე ვფიქრობ... GzaPress

- ადამიანი ისეთ ცხოვრებას ირჩევს, როგორიც უნდა, მაგრამ მას ზოგჯერ განიკითხავენ...

- ჩემი თაობის ხალხი ახალგაზრდებს ხშირად განიკითხავს ისე, თითქოს ისინი ახალგაზრდები არასდროს ყოფილან. თუ ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშ ქმედებას არ სჩადის, რას ერჩით მას?! ახალგაზრდა რომ ვიყავი, არაჩვეულებრივმა გულნარა გერსამიამ, ჩემი მეგობრის - გუგა ჩიქოვანის დედამ ონკოლოგიურში მიმიყვანა, სადაც დირექტორის მოადგილე, აკადემიკოსი რეზო ვეფხვაძე დამხვდა, რომელმაც დამიძახა და მითხრა, - ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ და მინდა, ასპირანტურა შემოგთავაზოო. ფეხზე ვიდექი და სიხარულისგან სკამზე დავჯექი, მაგრამ იცით, რა ვუპასუხე? - ვიცი, ჭკვიანი რომ ვარ-მეთქი. რაც დრო გადის, მით მეტად მეცინება ჩემს ამ პასუხზე. ახლა ვიღაცამ მსგავსი რამ რომ მითხრას, - უი, რას ბრძანებთ-მეთქი, - კულტურის გამო მაინც ვიტყვი... ეგონოთ, რომ ყველაზე მაგრები არიან, გოგომ და ბიჭმა ხელი გადახვიონ, მოეფერონ ერთმანეთს, რა მოხდა? ანომალია ნუ იქნება და... თუმცა, მაინცდამაინც არც "გადახრის" მქონე ადამიანების წინააღმდეგი ვარ, თუ სახლში არ შემომიცვივდებიან და ეს საქციელი რაღაცით გამაღიზიანებელი არ გახდება.

- საზოგადოებამ გაგიცნოთ როგორც პოპულარული სასიმღერო ლექსების ავტორი... ალბათ, მტკივნეულია, რომ სასიმღერო ლექსების ავტორები დიდად არ არიან დაფასებულები...

- ამაზე მტკივნეული ის არის, რომ ახალგაზრდებს ქართული სიმღერა აღარ უყვართ. გადახედეთ თინეიჯერებს, მხოლოდ არაქართულ სიმღერებს უსმენენ. მაღალმატერიალურ ოჯახში და ცოტა "სვეტსკი" უბანში გაზრდილი ბავშვები უცხოენოვან მუსიკაზე არიან გადართულები, ხოლო მატერიალურად შეჭირვებული ოჯახები შვილებს ხალხური სიმღერის, ცეკვის წრეზე ატარებენ. მათი აღზრდა უმეტესად, ქართული სულით ხდება... ამიტომ, ეს ოჯახები ქმნიან სიტუაციას - ეროვნულობა, ქართული ტრადიცია დასანგრევი არ არის.

- როდის დაწერეთ პირველი ლექსი, რომელიც ამღერდა?

- ასპირანტურის პერიოდში. უახლესი მეგობარი, აჩიკო კაპანაძე პროფესორი, ექიმია და ერთხელ, აღდგომის დღესასწაულზე მის ოჯახში შევიკრიბეთ. ჩვენი საერთო მეგობარი, ირაკლი ჩოდრიშვილი მომიბრუნდა, გიტარაზე სიმებს ჩამოჰკრა და ასეთი ფრაზა თქვა: არ დავბერდები, არასოდეს არ დავბერდები. აბა, დაწერე რამეო? - მაცალეთ-მეთქი. სამზარეულოში გავედი, ავიღე ფურცელი, კალამი და დავწერე: "არ დავბერდები, არასოდეს არ დავბერდები,/ ჩემი ცხოვრება გარდასული წლების კვალია,/ ბევრჯერ ვეცადე, დავიწყება და ვერ შევიძელი,/ და მენატრები სიცოცხლეო, ისევ ძალიან." საყვარელი სიმღერა იყო, რომელსაც ჩვენი თაობის ჰიმნი დავარქვით. თუმცა, პირველი სიმღერა, რომელიც საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიდა, იყო პეკეს ნამუშევარი, - "არ მიყვარხარ", რომელიც ია ჩანტლაძემ იმღერა... კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი და მე სკოლელები ვართ, მაგრამ ბავშვობის მერე ერთმანეთი არ გვენახა და ჩემმა ჯუფელმა, მანანა გაბუნიამ მასთან მიმიყვანა. ჰოდა, ჩემი შემდეგი ნამუშევარი უკვე იამ და ოთარმა იმღერეს, შემდეგ ოთარმა ჩემს ლექსზე ქეთა თოფურიასთვის დაწერა სიმღერა. იყო პეკესა და ჩემს ნამუშევარზე შექმნილი "ქრისტეშობა შემოდის," შემდეგ კახა კუხიანიძის "ალერსი" და მისი არაერთი სიმღერა. ასევე, ეკა კვალიაშვილის "დაასხი" და ა.შ. ადამიანი საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა აღმოჩნდე და ეტყობა, ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა.

- რა მოგიტანათ ამ ყველაფერმა?

- პოპულარობა, სიყვარული, მაგრამ აგრესია - პოეტებისგან, რადგანაც ყველა პოეტს უნდა, მისი ლექსი ამღერდეს. თუმცა, ვინც სასიმღერო ლექსებს წერს, არ უვარგა პოეზია და ამ დროს, ვაკეთებ განცხადებას, რომ მაქვს ძალიან კარგი ლექსები, არ ვარ ფილოლოგი, ვარ არცთუ წარუმატებელი ექიმი და ასეთივე სასიმღერო ლექსების ავტორი. არ მეშინია იმის თქმის, რომ ურიგო პოეზია არ მაქვს და ამას თვითონ პოეტებიც აღიარებენ, მაგრამ ისიც ვიცი, როდესაც ადამიანი თვითკმაყოფილებას იგრძნობს, იქ მთავრდება...

- შოუბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებთანაც გითანამშრომლიათ, როგორც ექიმი, რა დიაგნოზს დაუსვამდით?

- ფსიქიკურად გაცილებით ჯანმრთელები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ლექსებს წერენ... რაც უფრო ცოტა ვართ, მით მეტია კონკურენცია. თუმცა, საქართველოში მეტ ყურადღებას აქცევენ ჩამოსულ მუსიკოსებს, გაცილებით დიდ თანხებს უხდიან, სინამდვილეში, საკუთარ ხალხსა და ადამიანებზე უნდა იფიქრონ...

- აქტიური ადამიანი და მოქალაქე ხართ, პოლიტიკურად აქტიური კი მგონი, არასდროს ყოფილხართ...

- არ ვარ და არასოდეს ვიქნები, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია პოლიტიკურ პარტიებს შორის მტრული სადემარკაციო ხაზის გავლება ანუ ის, რაც დღეს ხდება. თუმცა, იმასაც ამბობენ, დაპირისპირებულები კულისებში ერთად ჭამენ და სვამენო. თუ ასეა, მე რატომ მიშლიან ნერვებს? მე რომ ვხედავდე, რეალურად არის ძალა, რომელსაც მართლა უნდა ნდობის მანდატი, გამიხარდება. ერთი რამ ვიცი - 28 წელია, საქართველო უკან მიდის! ეს ნათქვამი, ვისაც როგორ უნდა, ისე მიიღოს...

- რას ნანობთ?

- არავინ თქვას, ისე ვიცხოვრე, სანანებლად არაფერი მაქვსო. ცხოვრება არის ყველაფრის ჯამი. ამიტომაც, რაღაც არის ცხოვრებაში სანანებელი. რომ გითხრათ, ამ წუთში შემიძლია ჩამოვთვალო და გავიხსენო-მეთქი, მოგატყუებთ. ადამიანი აღსარებაზეც რომ მიდის, წინასწარ ფიქრობს, მოძღვარს რა შეიძლება უთხრას, თუ მაინცდამაინც კაცი არ ჰყავს მოკლული და ბანკი არ გაუძარცვავს. ძნელია გაიხსენო ყველა განვლილი მომენტი... არაჩვეულებრივი მშობლები მყავდა. როგორც პიროვნებას ბევრი მომცეს. შეკრული ოჯახი გვქონდა და თუ რამეს შევცვლიდი ცხოვრებაში, ალბათ იმას, რომ უკეთესად ვყოფილიყავი... თუნდაც ის, რომ მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, მანქანა მქონოდა. 20 წლისამ ავიღე მართვის მოწმობა, მაგრამ ვერ მოვახერხე საჭეს მივჯდომოდი, ავტომობილი შემეძინა... ამქვეყნად ყველაზე ლამაზი ახალგაზრდობაა, ამიტომ, ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს, ახალგაზრდობას დავიბრუნებდი და მარტო იმით ვიქნებოდი ბედნიერი, რომ ვარ ახალგაზრდა და გასავლელი მაქვს ცხოვრების გზა. მოკლედ, დავაბრუნებდი პერიოდს, როდესაც დავდიოდი გრძელი, გაწეწილი წითელი თმით, თეთრ კანზე ჭორფლი მეყარა, მივდიოდი და მთელი ქუჩა ჩემი მეგონა. სულ მეცინებოდა, სულ ბედნიერი, გახარებული ვიყავი. დედა მეუბნებოდა, ჭკუამხიარული ხარო, მე კი ვპასუხობდი, - თუ არ არის სადარდებელი, რატომ არ უნდა ვიყო ასეთი-მეთქი?!. სარკეში რომ ვიყურები, ჩემი თავი აღარ მომწონს, თუმცა, სულ მეუბნებიან, - რა, ფიტნესკლუბში დადიხარო? - ჩემთან ერთად ირბინეთ და ფიტნესკლუბი აღარ დაგჭირდებათ-მეთქი. ვცდილობ, არავინ დავამძიმო. ყველაფერს ყოველთვის საკუთარი შრომით ვაღწევდი და ვცდილობდი, მიზნისთვის არ მიმეღწია ვინმეს ხარჯზე. ხმამაღლა ვაცხადებ, რაც გავაკეთე, დაუღალავი შრომის ნაყოფია!

- ოჯახზე რას გვეტყვით?

- იურისტებისა და ექიმების ოჯახში დავიბადე... ჩემი შვილიშვილი ახლა შვილს ელოდება, ის ჩვენს ოჯახში მეხუთე თაობის იურისტია... მეუღლე გარდაცვლილია. მყავს შვილი, სიძე, სამი შვილიშვილი და კიდევ, მეორე სიძე - შვილიშვილის მეუღლე. ბედნიერი ვარ, რომ სასწაული დისშვილ-ძმისშვილები მყავს. ძმისშვილი ჩემი პროფესიის გამგრძელებელია, უკვე ლექციებსაც კითხულობს. მიხარია, რომ ეს ჩვენი გენეტიკაა. თუ ამქვეყნად რაიმეს შეგროვება შეიძლება, ეს სიყვარული და ურთიერთობაა, სხვა ჩემს ოჯახში არც არაფერი შეგროვებულა და ეს არის ჩემი სიმდიდრე.

ლალი ფაცია