რამდენი ლარი უჯდებათ ზაფხულში დასვენება ცნობილებს - გზაპრესი

რამდენი ლარი უჯდებათ ზაფხულში დასვენება ცნობილებს

"პირველი "პაეზდკა" იყო, სადაც ბევრი ფული არ წამიღია"

"ჩემი საყვარელი მხარე მესხეთია"

'ბათუმში კომფორტულად ვგრძნობ თავს"

გადავწყვიტე გამერკვია - საზაფხულო არდადეგების გატარებას სად და როგორ გეგმავენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, რა თანხა სჭირდებათ ამისთვის და მინიმუმ, რამდენ ლარად შეძლებენ საკუთარი თავისთვის ზაფხულის არდადეგების მოწყობას?

"ნებისმიერ ფასში შეიძლება, დასვენება მოიწყო"

ხატია ბრაჭული:GzaPress

- საზაფხულო არდადეგებზე ფიქრი ცოტა ნაადრევად დავიწყე: ერთი თვის წინ პრაღაში ვიყავი, ახლახან კი სიღნაღის თეატრიდან საბერძნეთში გასტროლზე გახლდით. დღეს, გამთენიისას ჩამოვფრინდი. ათენში ვიყავი. ქალაქი არ მომეწონა, მაგრამ უძველესი ისტორიული ძეგლები ვნახე. ბერძნულმა კულტურამ ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ქართველი ემიგრანტებისგან იმხელა ემოცია მივიღე, რომ მინდა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით მივმართო: დიდი მადლობა, რომ ასეთი კარგი მაყურებლები იყავით და ამხელა სიყვარული გვაგრძნობინეთ! მსურს, ყველა მათგანს გამძლეობა, სამშობლოში მალე დაბრუნება და ყველაფერი კარგი ვუსურვო!.. დასვენების თემას რაც შეეხება, სპექტაკლი ერთ დღეს გვქონდა, დანარჩენ დღეებში კი ქალაქის დათვალიერება იყო დაგეგმილი. ვფიქრობ, ჩემი არდადეგები უკვე დაიწყო. პარალელურად, ვმუშაობ... აგვისტოში კუნძულზე დასვენება მინდა - ამბობენ, საბერძნეთში ძალიან კარგი კუნძულებიაო... ჯერ არ ვიცი, სად წავალ - არ დამიგეგმავს.

- სრულფასოვანი დასვენებისთვის საშუალოდ, რა თანხა გჭირდება?

- ნებისმიერი თანხით შეგიძლია, დაისვენო, უბრალოდ, გააჩნია - როგორ: შეიძლება, პრესტიჟულ ადგილას ვერ წახვიდე, პრესტიჟულ კაფეში ვერ დაჯდე, მაგარ სასტუმროში ვერ იცხოვრო, მაგრამ მაინც, კარგი დრო გაატარო.

- რა მინიმალურ თანხად მოგიწყვია საკუთარი თავისთვის არდადეგები?

- სხვათა შორის, ახლა, საბერძნეთში დიდი თანხით არ წავსულვარ, რადგან სასტუმროს ხარჯებს თეატრი ფარავდა. უბრალოდ, ბილეთები ვიყიდე, რაც 750 ლარი დამიჯდა იმიტომ, რომ სასწრაფოდ მომიხდა შეძენა, თადარიგი წინასწარ არ დამიჭერია. რა თქმა უნდა, სახარჯო ფულიც - 400 ევრო მქონდა. პირველი "პაეზდკა" იყო, სადაც ბევრი ფული არ წამიღია.

- უცხოეთში დასვენებას ანიჭებ უპირატესობას?

- მოგზაურობა ძალიან მიყვარს. როგორც კი საშუალება მაქვს, ვცდილობ, აუცილებლად, რომელიმე ქვეყანაში წავიდე, რადგან როცა საზღვარგარეთ გავდივარ, შინაგანად ვისვენებ, რაღაც ახალს ვხედავ...

- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვითხარი, საქართველოში დასასვენებლად საჭირო მინიმალური თანხა რამდენია?

- საქართველოში ბევრად იაფია ტრანსპორტიც, კვებაც... ნებისმიერ ფასში შეიძლება დასვენება. პირადად მე, როგორ ვიქცევი, იცი? არ მინდა, "სხვანაირად" გამომივიდეს, მაგრამ როცა მოგზაურობას, დასვენებას გადავწყვეტ, ყოველთვის მირჩევნია, ხელმომჭირნედ არ ვიყო. ისეთი დასვენება მიყვარს, როცა არაფერს ვიკლებ. დასასვენებლად წასულები, დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ რომ ჭამენ, ასე არ შემიძლია. მირჩევნია, ფული დავაგროვო და წელიწადში მხოლოდ ერთხელ წავიდე დასასვენებლად, სამაგიეროდ - კარგად დავისვენო.

"დასვენებას სანათესავოსთან სტუმრობით ვიწყებ"

ლექს-სენი:GzaPress

- საზაფხულო არდადეგები ჯერ არ დამიგეგმავს, მაგრამ ძირითადად, ოჯახთან ერთად მივდივარ ხოლმე. სავარაუდოდ, აგვისტოში დავისვენებ, რადგან ახლა ჩაწერები, გადაღებები, სხვა საქმეები მაქვს. ასე რომ, მოსაფიქრებლად წინ ჯერ კიდევ მთელი თვეა... ყოველ შემთხვევაში, დასვენებას სანათესავოსთან სტუმრობით ვიწყებ - ჩემი საყვარელი მხარე მესხეთია, შემდეგ ზღვაზე მივდივარ, მერე, თუ საშუალება მაქვს, საზღვარგარეთ - ესპანეთში ან საბერძნეთში მივემგზავრები.

- საშუალოდ, რა თანხა გიჯდებათ საქართველოში და უცხოეთში დასვენება?

- ძირითადად, მაინც ერთნაირი ხარჯია. უბრალოდ, საქართველოში საახლობლო, სამეგობრო წრე მყავს და შეღავათს მიკეთებენ, დიდი თანხა არ მეხარჯება - მხოლოდ ტრანსპორტირებისა და საკვების ფულს ვიხდი. მაგალითად, 10-დღიანი დასვენებისთვის საქართველოში თუ 1.000 ლარი მყოფნის, საზღვარგარეთ 2.000 დოლარი მინდა, მაგრამ კომფორტში სხვაობაც დიდია...

- ყოფილა შემთხვევა, რომ უსახსრობის გამო, მთელი ზაფხული თბილისში გაგიტარებიათ?

- კი, რა თქმა უნდა, ბევრჯერ. მაგალითად - შარშან და შარშანწინაც. მეტ-ნაკლებად ვცდილობთ, თბილისიდან გავიდეთ...

- როგორ ფიქრობთ, თბილისში დასვენების საშუალება არის?

- არა და იცი, რატომ? ჩემს შემთხვევაში, ადამიანი ვერ დაისვენებს: სადაც უნდა წავიდე - პარკი იქნება თუ აუზი, სამწუხაროდ, ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც ვერ აღიქვამს, რომ მეც უნდა დავისვენო და დაძაბულ გარემოში მამყოფებენ. მოკლედ, ის კომფორტი, შეგრძნება არ მაქვს, რომ აქ ვისვენებ. ეს გარემოება რომ არ იყოს, თბილისში დასვენებაც შესაძლებელია.

- ანუ პოპულარობა თბილისში დასვენებაში გიშლით ხელს?

- კი, ბატონო, ასეა.

"წელს ძალიან აქტიური ზაფხული მაქვს"

დათუნა მგელაძე:GzaPress

- საზაფხულო არდადეგები ჯერ არ დამიგეგმავს, რადგან ბევრი შემოთავაზება, გასტროლი მექნება. წელს ძალიან აქტიური, შემოქმედებითი ზაფხული მაქვს. სავარაუდოდაც ვერ ვამბობ, სად დავისვენებ.

- საერთოდ, დასვენება რა თანხა გიჯდება ხოლმე?

- დასვენებისთვის თანხა არასოდეს გამომიყვია. რამდენიც მაქვს, თუ საკმარისი არ არის, ვამატებ და მივდივარ. კონკრეტულად, ეს თანხა უნდა ვიმყოფინო-მეთქი, ასე არ არის.

- დასასვენებლად წასულს, ყველაზე მცირე, რა თანხა გქონია?

- ყველაზე მინიმალური თანხით ალბათ, სკოლის დამთავრების მერე ან სტუდენტობისას (პირველ კურსზე) დამისვენია. კონკრეტული თანხა არ მახსოვს, მაგრამ რაც მქონდა, ვიმყოფინე.

- უსახსრობის გამო, ზაფხულში თბილისში დარჩენილხარ?

- რა თქმა უნდა და ესეც სკოლის პერიოდში იყო. სხვათა შორის, აქ არცთუ ისე ცუდი დრო გავატარე.

- ძირითადად, სად ისვენებ ხოლმე?

- ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი ბათუმია. სადაც უნდა წავიდე, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა რომც მოვიარო, ყოველთვის ვცდილობ, ბათუმში რამდენიმე დღით მაინც ჩავიდე. ამ ქალაქში კომფორტულად ვგრძნობ თავს.

- ბათუმში კომფორტს რა გიქმნის?

- თითქმის მთელი ბავშვობა ბათუმში მაქვს გატარებული და ამიტომაც, ძალიან მიყვარს...

"თბილისში არასოდეს ვრჩებით..."

დავით ქაცარავა:GzaPress

- რადგან ზაფხული ჯომარდობისთვის სამუშაო სეზონია, ძირითადად, მაინც მუშაობაზე ორიენტირებული ვარ. ბუნებრივია, დასვენებაც გამომდის.

- ზაფხულის განმავლობაში, კონკრეტულად დასვენებისთვის გამოყოფილი პერიოდი არ გაქვთ?

- სამწუხაროდ, არ გამომდის. შეიძლება, აგვისტოში რაღაც მოვიფიქრო. მოგეხსენებათ, საკურორტო ადგილებში მიწევს მუშაობა. და აგვისტოში ოჯახიც მიმყავს ხოლმე დასასვენებლად.

- დაახლოებით რა თანხა გჭირდებათ სრულფასოვანი დასვენებისთვის?

- არ ვითვლი ხოლმე, მაგრამ დაახლოებით 3.000 ლარის ფარგლებში.

- გქონიათ შემთხვევა, როცა უსახსრობის გამო, თბილისში დარჩენილხართ, დასასვენებლად ვერსად წასულხართ?

- არა, თბილისში არასოდეს ვრჩებით. ყოველთვის ვცდილობთ, ქალაქიდან გავიდეთ, შეიძლება, აგარაკზე ან ჩვენს სამუშაო რეგიონში. თბილისში დარჩენა არ მიყვარს.

"პირველი "პაეზდკა" იყო, სადაც ბევრი ფული არ წამიღია"

ნინი გრძელიშვილი:GzaPress

- საზაფხულო არდადეგები დაგეგმილი მაქვს: ჯერ ბულგარეთში ვარ მიწვეული, სადაც რამდენიმე ჩვენება გაიმართება, მათ შორის ერთი - ქართველი დიზაინერის, გიორგი ტატანაშვილის. ივლისის დასაწყისში უკვე ბათუმში წასვლას ვაპირებ, სადაც "აჭარა ფეშენ ვიკი" გაიმართება. შემდეგ, დედასთან ერთად, 2 კვირით დასასვენებლად დავრჩები, მერე - დაქალებთან ერთად გავერთობი... ძირითადად, ბათუმში ვიქნები.

- საერთოდ, სად ამჯობინებ დასვენებას - საქართველოში თუ უცხოეთში?

- საზღვარგარეთ, ძირითადად, კონკურსის გამო მივდივარ, დასასვენებლად - ნაკლებად. საერთოდ, პასიურ დასვენებას ვამჯობინებ, მაგრამ ეს იშვიათად გამომდის. ძირითადად, ბათუმში ვისვენებ, ზღვაზე კი ხომ იცი, როგორი რიტმია? ცოტათი გიჟური... ზღვა ძალიან მიყვარს!.. 3-4 დღით ბაკურიანში მივდივარ - ბუნებაში უფრო მშვიდად ვარ, პასიურად ვისვენებ...

- ზაფხულში, სრულფასოვანი დასვენებისთვის რა თანხა გჭირდება?

- გააჩნია, რომელ კამპანიასთან ერთად მიწევს წასვლა. ვფიქრობ, კარგი დასვენებისთვის არც ისე ბევრია საჭირო. მთავარია, თანხა გონივრულად მოიხმარო და გადაანაწილო.

- შეგიძლია, მინიმალური თანხა დაასახელო, რომლითაც დასვენება შეძელი?

- ერთხელ ბათუმში 4-5 დღე დავისვენე და 300 ლარამდე დამეხარჯა.

- როგორ დაისვენე?

- სიმართლე გითხრა, არაფერი მომიკლია. დაქალებთან ერთად ვიყავი, კლუბებს ვსტუმრობდით და ძირითადად, გარეთ ვჭამდით... თავადაც მიკვირს - ეს თანხა საერთოდ, როგორ გვეყო? მეხუთე დღეს უკვე წამოვედით... 300 ლარად მართლა მაგრად დავისვენეთ!..

ეთო ყორღანაშვილი