ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი და უარი სარფიან შემოთავაზებებზე - გზაპრესი

ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი და უარი სარფიან შემოთავაზებებზე

ჯულიანა ბარ-გნარი პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" ეთერში გასვლის შემდეგ, სულ ცეკვავს, მხოლოდ ერთი სეზონი გამოტოვა. პოპულარობასთან ერთად, მან მაყურებლის დიდი სიყვარულიც მოიპოვა. "ის ჩემთვის მართლა აღმოჩენაა", - ამბობს წლევანდელ მეწყვილე მსახიობ გიორგი ბახუტაშვილზე და იმასაც დასძენს, რით არის გიორგი მისთვის გამორჩეული და საინტერესო.

- პროექტში მოხვედრამდე გიორგის შორიდან ვიცნობდი, როგორც მსახიობს. ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. საქმეს ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. როცა ახალ ცეკვაზე ვმუშაობთ, ინტერნეტში უყურებს, როგორი მანერებია საჭირო, როგორი ხასიათი და ა.შ. ანუ ცეკვის შესახებ ინფორმაციას ეცნობა. საქმეს პროფესიონალი მოცეკვავესავით უდგება, რაც უდავოდ, დასაფასებელია. ნომრის კარგად შესრულებაში მსახიობური ნიჭიც ეხმარება. ამ სიღრმეში მეც ძალიან ჩამითრია. შეიძლება ბევრი იშრომო, რეპეტიციებზეც კარგად იცეკვო, მაგრამ ის წუთი რომ დადგება, როცა მაყურებელსა და ჟიურის თავი უნდა მოაწონო, სწორედ მაშინ რაღაც მოხდეს შენში და თავი სათანადოდ ვერ წარმოაჩინო. ძალიან რთულია ყველაფრის სწორად გაკეთება, როცა ამ საქმის პროფესიონალი არ ხარ. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მომზადებას. უნდა ისწავლო, როგორ გაეთიშო ყველაფერს, როგორ მოახდინო გონების მობილიზება. ყველა ჩვენს ცეკვას ვუყურებთ, ვაფასებთ და ვაანალიზებთ.

- საკუთარ თავზე, ყველაზე ხშირად, რა გესმის?

- მესმის, რომ "რბილი" და პოზიტიური ადამიანი ვარ. ერთი შეხედვით, შესაძლოა, მართლა ასეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ ვინც კარგად მიცნობს, ვერ იტყვის, რომ რბილი ხასიათი მაქვს, განსაკუთრებით საქმესთან დამოკიდებულებაში. მაქვს უნარი, ადამიანს ხასიათი შევუწყო. თუ ვგრძნობ, ჩემი სირბილეა საჭირო, ასეთიც ვხდები, მაგრამ ეს არასდროს ხდება ხელოვნურად.

- საკუთარი თავისადმი ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ხარ?

- ძალიან. რამე თუ არ გამომდის, ყოველთვის ვცდილობ, ჩემს თავში ვიპოვო მიზეზი. სხვას ვერ შეცვლი. ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავის შეცვლა შეუძლია.

- თუმცა, საკუთარ თავში ამის ძალას ყველა ვერ პოულობს.

- მე ვცდილობ, უფრო ძლიერი გავხდე, მეტად მაღალი ხარისხი ვაჩვენო, არასდროს ვკმაყოფილდები მიღწეულით და არ ვჩერდები იმ შედეგზე, რომელიც მაქვს.

- ეს რაც შეეხება ცეკვას. ცეკვის მიღმაც რომ ვილაპარაკოთ, იმავეს იტყვი?

- საკუთარ თავზე მუშაობა ძალიან მიყვარს. ვგრძნობ, ჩემს ცხოვრებაში დადგება ისეთი პერიოდი, როცა საკუთარ თავზე სამუშაოდ მეტი დროის გამონახვას მოვახერხებ. სულ მაქვს განცდა, რომ მომავალში რაღაც კარგი უნდა გავაკეთო. შინაგანად ვგრძნობ, როგორ უნდა განვავითარო ჩემი თავი.

- შედარებით დიდ მიღწევად რას მიიჩნევ, რომელიც საკუთარ თავთან მუშაობის შედეგად გამოგივიდა?

- ვცდილობ, არ ვიყო ფეთქებადი. ადრე რამე თუ არ მომეწონებოდა ან მეწყინებოდა, ეგრევე ემოციას გამოვხატავდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, გავაანალიზე, რომ ეს კარგი თვისება არ არის. დღეს იმპულსურად აღარ ვმოქმედებ.

- ემოციების მართვა ისწავლე?

- ძალიან რთულია, მაგრამ ეს სირთულე დავძლიე.

- ნიღბის ტარება თუ გიწევს ხოლმე?

- ვცდილობ, ნიღაბი არც ერთ შემთხვევაში არ მოვირგო. ძალიან დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელები არიან და არ თამაშობენ. როცა ბავშვებს ვამეცადინებ, მათაც ვასწავლი, იყვნენ ბუნებრივები. გულწრფელობა და ბუნებრიობა შეუფასებელი რამ არის.

- როცა გრძნობ, სხვები "გეთამაშებიან", როგორ იქცევი?

- ვიღებ ადამიანს ისეთს, როგორსაც საკუთარ თავს მთავაზობს. ბოლო დროს ძალიან ახლოს არავის ვუშვებ, მომავალში შესაძლო იმედგაცრუებისგან თავს წინასწარ ვიზღვევ, ფრთხილი გავხდი. დროთა განმავლობაში ვისწავლე, რომ ადამიანებისგან არანაირი ქმედება არ უნდა გამიკვირდეს, მოულოდნელობა არ უნდა იყოს. ამიტომ მირჩევნია, ჩემ გვერდით ის ადამიანები იყვნენ, რომელთა იმედიც მაქვს.

- ყველაზე მძაფრი შენში რისი სურვილია?

- სიახლე ყოველთვის დიდ სტიმულს მაძლევს. არ მიყვარს ერთ ადგილზე გაჩერება, ერთფეროვნება. პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" იმიტომაც მიყვარს, რომ ყოველი გამოსვლის მერე უნდა იფიქრო შემდეგ გამოსვლაზე, პარტნიორზე, იმიჯზე... შენს თავს ყოველ კვირას უნდა დაუმტკიცო, რომ ძლიერი ხარ. გუშინ რომ კარგად იცეკვე, ეს უკვე წარსულია, მთავარია, დღეს რას აკეთებ? შენს თავს არ უნდა მისცე მოდუნების უფლება. ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.

- შენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- ბუნებაში გასვლა. საქართველოში ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია, სადაც ნამყოფი არ ვარ.

- ყოველდღიურობას როგორ ილამაზებ? "პატარა სიხარულები", რომელსაც საკუთარ თავს ჩუქნი, რა არის?

- შოპინგი. მიყვარს ეს პროცესი და წამიერად მახარებს. ჩემი შრომა ძალიან ბევრს რუტინად ეჩვენება, მაგრამ ჩემთვის რუტინა ნამდვილად არ არის. დღის ბოლოს იმდენად დიდ პოზიტივს ვიღებ, ვერ აღვწერ. ისე რომ მოხდეს და რაღაც მიზეზის გამო, ერთი დღე ვერ ვივარჯიშო, საღამოს დიდი დისკომფორტი მექნება. ვარჯიში განტვირთვააა და არა - დაღლა.

- საკუთარ გარეგნობაში რამეს შეცვლიდი?

- ჯერ არა. ყოველთვის ვცდილობ, ვიყო ფორმაში და არ დავკარგო ინდივიდუალურობა.

- რამე ისეთი თუ არსებობს, რაც მოინდომე და ვერ ისწავლე?

- მაგალითად, პროფესიონალურად ხატვა. ჩემთვის ვხატავ, ვერთობი, ფანქრით ხატვა მიყვარს. მოყვარული მხატვარი ვარ და დიდი სურვილი მაქვს ვიარო პედაგოგთან, პროფესიონალ დონეზე ვისწავლო. ზუსტად ვიცი, ჩემს ცხოვრებაში ეს ეტაპი აუცილებლად დადგება. ტანსაცმლის დიზაინიც ძალიან მაინტერესებს. შეუმდგარი დიზაინერი ვარ.

- როდის იბნევი?

- როცა რაღაც გულზე ძალიან მხვდება, როცა გულს მტკენენ და არ შემიძლია ეგრევე ვუპასუხო, ამ დროს თითქოს ჩემში ვიკეტები, ვიბნევი და არ ვიცი, რა გავაკეთო. ცოტა დრო რომ გავა და ემოცია გამივლის, მერე ვხვდები, როგორ უნდა ვიმოქმედო.

- რთული მდგომარეობიდან გამოსავალს როგორ პოულობ? ამ დროს შენთვის საუკეთესო წამალი რა არის?

- უნდა განვმარტოვდე, გონების მობილიზება მოვახდინო, გავერკვე სიტუაციაში და ვიპოვო სწორი გზა. ამ დროს საქმის კეთებაც მშველის. მოკლედ, ცეკვა ყველაფერში მშველის.

- მარტო ცხოვრობ?

- ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. მშობლები და ძმა მყავს. "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-3 სეზონი იყო, როცა და გარდამეცვალა. ეს ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია. ის 37 წლის იყო, მემკვიდრეც არ დარჩენია. დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა.

- ბოლოს რის გამო იტირე, გახსოვს?

- ჩემი ატირება რთული არ არის. ვტირი, როცა მიხარია, როცა კარგ ფილმს ვუყურებ, როცა მწყინს...

- დაშვებულ შეცდომებს ხშირად იხსენებ?

- პერიოდულად მახსენდება.

- სხვის შეცდომებზე რამე გისწავლია?

- ვცდილობ, მაგალითად გამოვიყენო სხვისი შეცდომა, მაგრამ უმეტესად, საკუთარ გამოცდილებებზე ვსწავლობ.

- რისკზე ხშირად მიდიხარ?

- ფრთხილი მეტად ვარ, ვიდრე რისკიანი. რაც იქნება, იქნება-მეთქი, - ასე ვთქვა და შედეგზე არ ვიფიქრო, ასეთი რამ არ არსებობს. ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს და სარფიან შემოთავაზებებზეც მითქვამს უარი, მხოლოდ იმიტომ, რომ გულს არ ნდომებია. როცა ჩემს ინტუიციას არ დავუჯერე, ყოველთვის ვინანე.

- გულისა და გონების ჭიდილი ხშირად გაქვს?

- არც ისე, გულისა და სხვების აზრის ჭიდილი უფრო მაქვს.

- ამ დროს როგორ იქცევი?

- ჩემი გულისა და გონების კარნახი ყოველთვის ემთხვევა. ჩემი გული სწორი გზით მატარებს.

- თავისუფლება რა არის?

- ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თუ რამეს არ ვაკეთებ, ეს ჩემი ცხოვრებისეული პრინციპია, რომელსაც არასდროს გადავახტები იმის გამო, რომ ვიღაცას იმაზე მეტად თავისუფალი მოვეჩვენო, ვიდრე ვარ.

- კომპლექსები გაქვს?

- ამაზე უკვე ვიმუშავე, მე ხომ ჩემს თავზე მუშაობა ძალიან მიყვარს. სულ ვცდილობ, სხვა ადამიანებსაც დავეხმარო, დავაძლევინო კომპლექსები და თავდაჯერებულობა ავუმაღლო.

- გისმენ და შენში მოცეკვავესთან ერთად, ფსიქოლოგიც "ცხოვრობს".

- ამბობენ, კარგი ფსიქოლოგი ვარ.

- სიყვარული რა არის?

- აბა, ეს როგორ ავხსნა? ყველაფერია.

- შეყვარებული ხარ?

- კი (იცინის) არა, არ ვარ.

- პირველად რომ შეგიყვარდა, ემოციას როგორ გამოხატავდი?

- ძალიან სასაცილო ვიყავი, სულ "დავფრინავდი". ამ დროს დიდი სტიმულიც გეძლევა, ყველაფრის კეთება შეგიძლია.

- საკუთარ თავს შეკითხვებს ხშირად უსვამ?

- პერიოდებს გააჩნია.

- პასუხი ყველა კითხვაზე იცი თუ უპასუხო კითხვებიც გაქვს?

- ყოველთვის ყველა კითხვაზე ვიცი. ჩემთვის მთავარია, საკუთარ თავთან მართალი ვიყო.

- ბედისწერა არსებობს?

- მჯერა, რომ არსებობს.

- ამაში რამ დაგარწმუნა?

- იმ შემთხვევებმა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში სხვადასხვა დროს მომხდარა.

- ჯიუტი ხარ?

- კი. ვჯიუტდები, როცა მეჯიუტებიან. როცა არ უნდათ ჩემი აზრის გაგება. არ მიყვარს, როცა არ მისმენენ. თავად ყოველთვის კარგი მსმენელი ვარ.

- დაბოლოს, რას გვეტყვი?

- ყველას ბედნიერებას, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე