"იმ გო­გომ მითხ­რა: ან თე­ატ­რი, ან მე­ო" - ზუ­რა სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ - გზაპრესი

"იმ გო­გომ მითხ­რა: ან თე­ატ­რი, ან მე­ო" - ზუ­რა სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ

ბავშვობაში მღეროდა, მერე მსახიობობა გადაწყვიტა და თეატრალური უნივერსიტეტიც დაამთავრა, დღეს კი - თეატრის მსახიობია. ერთი კვირის წინ მისი კინოდებიუტი შედგა ლევან ანჯაფარიძის ახალ ფილმში - "მტერი ჩემი - ძმა ჩემი!" კინოთეატრებში ახლა საპრემიერო დღეებია. ნამუშევარი აფხაზეთის ომის თემაზეა, სადაც ზურა სულხანიშვილი მთავარ როლს თამაშობს და არცთუ ურიგოდ.

როგორც რეჟისორი და პროექტის მონაწილეები ამბობენ, მხოლოდ ზნეობრივი მაგალითებით, პატიებითა და რაღაცის დათმობით შეიძლება მწვავე კონფლიქტის დარეგულირება, რისი უტყუარი მაგალითიც არის მთელი ფილმი...

ზურა სულხანიშვილი:

- ვცდილობდი, ჩემი გმირის ტკივილი გადმომეცა, თუმცა, მხოლოდ ის ხომ არ არის ტრაგედიის მსხვერპლი?! აფხაზეთის ომში მსგავსი პრობლემა ბევრ ადამიანს ჰქონდა, როგორც ქართველებს, ისე - აფხაზებს... ამიტომაც ვცდილობდი, გმირის დარდი, სევდა მაყურებლისთვის მეჩვენებინა.

- გილოცავ, ეს შეძელი...

- თუ ასეა და ხალხმა იგრძნო, განიცადა ის უბედურება, რაც ამ ადამიანს წამიერად დაატყდა თავს (ამ პერსონაჟს დედა, ძმა, მეუღლე და შვილი (ჩვილი) აუფეთქეს), მაშინ ბედნიერი ვიქნები. ჩემი, როგორც მსახიობის მიზანიც ხომ ის არის, რომ გმირის ამბავი მაყურებლამდე სწორად მივიტანო.

- შენს გმირს მოტყუებით, აფხაზი ძმადნაფიცის სახელით "საჩუქარი" (პაკეტში ჩადებული ნაღმი) მიუძღვნეს, რასაც მის თვალწინ, ოჯახის განადგურება მოჰყვა... თუმცა, ფილმის ფინალში ირკვევა, რომ ძმადნაფიცს, თავისი საოცარი ჟესტით აპატია, მიუტევა...

- ის მთელი ფილმის მანძილზე, ფეხით დიდ გზას გადის, რათა "საჩუქარი" დაუბრუნოს და ფილმის მთელი ინტრიგაც ეგ არის: არც ერთ ეპიზოდში არ ირკვევა, თუ რა აქვს გუდაში, რომელიც მხარზე აკიდებული მოაქვს. არადა, გუდაში მისი ძმადნაფიცის ახალშეძენილი, ნანატრი შვილისთვის აკვანი მიაქვს...

ალბათ, ათასში ერთი კაცი თუ შეძლებს ასეთი რამის გაკეთებას... როგორ ძალიან უნდა გჯეროდეს ადამიანის, რომ თუნდაც, ასეთი დიდი ტრაგედიის შემდეგ, ასე მოიქცე? ჩემს გმირს ეს უნარი და ასეთი რწმენაც აღმოაჩნდა...

- შენი უშუალო პარტნიორები ტატო ჩახუნაშვილი და ალეკო ბეგალიშვილი არიან. ამ უკანასკნელის გმირს კი, უღირსი საქციელისთვის, სასიკვდილოდ იმეტებ. რას გვეტყვი პარტნიორებზე?

- როგორც ადამიანი, ორივე ბრწყინვალეა - ტატოც, ალეკოც... ჩვენი გაცნობა ამ ფილმით მოხდა. ერთმანეთს კინოსტუდიაში, რეპეტიციებზე ვხვდებოდით. თუ ადამიანთან კარგი ურთიერთობა არ გაქვს, მასთან პარტნიორობას ვერ შეძლებ, ნამუშევარი ყალბი იქნება... პარტნიორს უნდა ენდობოდე. გამიმართლა, ჩემთვის ტატო და ალეკო ბრწყინვალე პარტნიორები არიან...

ამ ფილმით ჩემი კინოდებიუტი შედგა და თუ ამოცანას თავი კარგად გავართვი, ეს იმიტომ, რომ პარტნიორები მხარში მედგნენ. მნიშვნელოვანია ასევე, გადამღებ ჯგუფთან ურთიერთობა. გეტყვით, რომ დაძაბული ვიყავი, რადგანაც თავად თემაა საპასუხისმგებლო...

- პირადად შენთვის, რა არის აფხაზეთი?

- ეს არა მარტო ჩემთვის, ნებისმიერი ქართველისთვის მძიმე თემაა... აფხაზეთის ომმა ბევრი უდანაშაულო ადამიანი შეიწირა. დავკარგეთ მიწა, ერთად გაზრდილი ხალხი ერთმანეთის პირისპირ იარაღით დადგა. ამ ძმათა ომში ბევრმა უცხო ქვეყანამაც დიდი როლი ითამაშა და ისარგებლა კიდეც. ჰოდა, დავრჩით ასე, - ნაწილი იქით და ნაწილი - აქეთ...

- ოდესმე აფხაზეთში ყოფილხარ?

- აფხაზეთი არასდროს მინახავს. ომი რომ დაიწყო, პატარა ვიყავი, მაგრამ სოციალური ქსელით ურთიერთობა მაქვს აფხაზ ახალგაზრდებთან, ჩემი ასაკის ადამიანებთან, რომლებიც სოხუმში ცხოვრობენ. უნდა ვთქვა, რომ თბილი ურთიერთობაა ჩვენ შორის... იმედი მაქვს, ჩემი თაობა და უკვე შემდგომიც, გონს მოეგება, როგორღაც დავალაგებთ სიტუაციას. თუ ამ მიმართულებით ფილმი პატარა როლს ითამაშებს, ბედნიერი ვიქნები. რეჟისორიც ხომ ამაზე ფიქრობდა, როცა ფილმის გადაღება გადაწყვიტა...

- ფილმში პირველად ლევან ანჯაფარიძემ გადაგიღო... რას გვეტყვი ბატონ ლევანზე?

- კი, ის ჩემი ნათლიაა კინოში და მეშინოდა, მისთვის იმედი არ გამეცრუებინა. ბევრი იწვალა, ვიდრე პროექტი დასრულდებოდა. იცით, რომ მთავარი პრობლემა ყოველთვის ფინანსებია, მაგრამ ბოლოს, როგორც იქნა, ხალხი გვერდით დაუდგა. მან მთავარი როლი მისცა ადამიანს, რომელსაც კინოში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა და 100-პროცენტიანი ნდობა გამომიცხადა. ლევან ანჯაფარიძე რომ პროფესიონალია, ამას ჩემი თქმა არ სჭირდება. ვიდრე მე დავიბადებოდი, თეატრალურში ჩავაბარებდი და კინოსა და თეატრის აზრზე მოვიდოდი, ის უკვე კარიერაშემდგარი და თავისი ფილმებით ცნობილი იყო. მისი "ორმაგი სახე" არა მხოლოდ საქართველოში იციან. პირადად მე, ძალიან ძმაკაცურად, მეგობრულად, ადამიანურად, მთელი გულით მიმიღო. აქვე გეტყვით, რომ ერთი როლი მისი ვაჟის, გიორგი ანჯაფარიძის ფილმში მაქვს ნათამაშევი. მაშინ პირველ კურსზე ვიყავი. ფილმს "კარები" ერქვა, რომელიც საპატრიარქოს დაკვეთით, ნარკომანიაზე გადაიღო. ჰოდა, გიორგის წყალობით გავიცანი ბატონი ლევანი...

- ზურა, ბევრმა სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები" გაგიცნო. ცოტნე ცოტაშვილის მოძღვარი, მისი ბორდის წევრი იყავი, რომელიც ლამის სულ თან დაჰყვებოდა...

- მდუმარე მოძღვარი გახლდით, უსიტყვოდ ვმონაწილეობდი და ცოტაშვილს, საარჩევნო კამპანიისას, თან დავყვებოდი. ისე, ცოტა უცნაური კი იყო მამაო ბორდში, მაგრამ ეს ჩვენი რეალობაა. სამწუხაროდ, ასეთი რაღაცებიც ხდება... იცით, ბევრს მართლა მოძღვარი ვეგონე. მაგალითად, მცხეთაში გადაღება გვქონდა. მოგეხსენებათ, ტაძრებთან ხალხი სულ ტრიალებს და ჩემს დანახვაზე თავს ხრიდნენ, - დაგვლოცეო. უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი. უჭირდათ დაჯერება, რომ მსახიობი ვარ. უმეტესად, ასაკოვანი ადამიანები მთხოვდნენ დალოცვას... სერიალში მუშაობა მთელი სეზონი გაგრძელდა და ამით ცხადია, კამერასთან მუშაობის დიდი გამოცდილება მივიღე.

- რას გვეტყვი იმ თეატრზე, სადაც მუშაობ...

- ცხოვრებაში არ მითქვამს, თეატრში ვმუშაობ-მეთქი და ვერც იმას ვამბობ, რომ მსახიობი ვარ; ჩვენი დიდი მსახიობების ფონზე ესეც მეუხერხულება... თეატრ "გლობუსის" მსახიობი ვარ; იმ თეატრის, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. ჩვენი რეჟისორი სანდრო მრევლიშვილია. თეატრალურ უნივერსიტეტში მისი სტუდენტი გახლდით. მოგეხსენებათ, "გლობუსი" თავიდან "მეტეხის თეატრი" იყო. შემდეგ ბატონ სანდროს სახლში ჰქონდა თეატრი, იქვე, მეტეხის ტაძართან. მერე ალექსანდრეს ბაღში საკუთარი ხელით ააშენა ხის კონსტრუქცია, მაგრამ წინა მთავრობამ მას ეს თეატრი წაართვა და თუ არ ვცდები, იქ კიკბოქსინგის დარბაზი გახსნეს, ახლა კი ნამდვილი ტუალეტია... ამჟამად რუსთაველის 19-ში ვართ, ამავე სახელწოდების თეატრში და მაყურებელთან უფრო ახლო კონტაქტი გვაქვს, მათგან სულ რაღაც, 2-3 მეტრი გვყოფს...

სანდრო მრევლიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ გზაზე დამაყენა. თუ დღეს პროფესიაში რამეს ვაკეთებ, მისი დამსახურებაა. მისი მადლიერი ვარ.

- წლების განმავლობაში ანსამბლ "გვირილაში" მღეროდი, არა?

- კი და ყოველთვის სიამაყით ვიხსენებ იმ წლებს, ფერადი, ლამაზი პერიოდი იყო. 90-იანებში, როდესაც ხალხი საქართველოდან ვერ გადიოდა, ანსამბლთან ერთად, მთელი ევროპა და აზია მოვიარე, რაც ჩემი პედაგოგის, ქალბატონი ერნა წიფურიას დამსახურებაა. მადლობა მას, რომ ბავშვობა გამიფერადა და კარგი მოსაგონარი დამიტოვა. 9 წელი ვმღეროდი, იქ გავიზარდე. ყოველ წელს ფილარმონია მაყურებლით ივსებოდა, კონცერტები გვქონდა. პრეზიდენტის ნაძვის ხეზე, კანცელარიაშიც ყოველწლიურად ვმონაწილეობდით. ვიყავით ლაურეატები, სხვადასხვა სახის სიგელი და ჯილდო გვაქვს მიღებული.

"გვირილას" შემდეგ, შემოთავაზება მქონდა ბრწყინვალე ადამიანისგან, ვოკალის პედაგოგ გივი წულუკიძისგან, რომელთანაც 2 წელი დავდიოდი ვოკალზე. მოკლედ, სანამ თეატრალურში ჩავაბარებდი, საოპერო მიმართულებით ვმუშაობდი, მაგრამ მერე მუტაციის პერიოდი დამიდგა და შევაჩერე მეცადინეობა. მსახიობობაც ყოველთვის მიზიდავდა და ამიტომ გადავწყვიტე, ბედი თეატრალურ უნივერსიტეტში მეცადა. სპექტაკლებშიც მიწევს სიმღერა. მაგალითად, წარმოდგენაში - "სკამი", "შენ ხარ ვენახის" საგალობელს ვასრულებთ... ახლა ვფიქრობ, გავაქტიურდე. მომღერალმა ნინო ღავთაძემ თავისი ძველი სიმღერის შესრულება შემომთავაზა, რომელსაც თვითონ და დედაჩემი ბავშვობაში, როგორც მეგობრები, მღეროდნენ. მოკლედ, არანჟირება უკვე კეთდება და მინდა, კლიპი გადავიღო. სიმღერაზეც ვერ ვამბობ უარს, ამის გარეშე არ შემიძლია...

- შეყვარებული არ ხარ?

- არა, შეყვარებული არ ვარ... თუმცა, ხელოვანი ყოველთვის შეყვარებულია, სხვაგვარად ვერაფერს შექმნის. ურთიერთობა მქონდა ადამიანთან, რომელმაც მითხრა: "ან თეატრი, ან მე, გადაწყვიტე!" ავდექი და მივატოვე... მსახიობობა ისეთი პროფესიაა, თუ მეორე ნახევარი მხარში არ ამოგიდგა, ცხოვრება გაგიჭირდება.

- სულ წვერით რატომ დადიხარ?

- მომწონდა წვერი და რაც სკოლა დავამთავრე, მხოლოდ ერთხელ მომიწია გაპარსვამ, როცა ჯარში ვიყავი (იღიმის)... იყო პერიოდი, რომ გრძელ თმასაც ვატარებდი. მერე თავს უხერხულად ვგრძნობდი, დაჟინებით რომ მიყურებდნენ; ვერ იგებდნენ, მოძღვარი ვიყავი თუ არა. ჰოდა, ბოლოს თმა შევიჭერი, წვერი - დავიტოვე...

- შენს გეგმებზე რას გვეტყვი?

- თეატრში სეზონი უკვე დაიხურა, მაგრამ გარკვეულ სპექტაკლებზე რეპეტიციები მაინც გვაქვს. მე და ჩემი მეგობარი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას ვაპირებთ. კარგი სცენარი დაგვიწერა მეგობარმა, თეა ინასარიძემ. 10 სერიაა, სათავგადასავლო კომედიაა.

ლალი ფაცია