სად დაიკარგა რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად და როგორ გადაურჩა სტამბოლში მომხდარ ტერაქტს... - გზაპრესი

სად დაიკარგა რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად და როგორ გადაურჩა სტამბოლში მომხდარ ტერაქტს...

"ბავშვობაში დასასვენებლად ყოველ ზაფხულს, ოჯახთან ერთად დავდიოდი. ჩვენი გასვლა იწყებოდა კოჯრიდან და ბორჯომში გრძელდებოდა. მაშინ ზღვის კურორტებს იშვიათად ვსტუმრობდით", - იხსენებს მომღერალი რატი დურგლიშვილი. როგორ დასვენებას ანიჭებს დღეს უპირატესობას, რატომ მიდის დასასვენებლად მარტო, რომელი ქვეყნების სამზარეულო ხიბლავს და როგორ გადაურჩა სტამბოლში, ღამის კლუბში მომხდარ ცნობილ ტერაქტს? - ამ ყველაფერს თავად გვიამბობს.

- იმ პერიოდში, როცა დასასვენებლად მშობლებთან ერთად დავდიოდი, მამას ანსამბლი ჰყავდა. სხვადასხვა ფესტივალი ტარდებოდა და ჩვენც ყველგან მივდიოდით. რაჭაში, ამბროლაურის რაიონში გვაქვს სოფელი და იქაც ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით. რაჭა, სვანეთი და მთლიანად ეს ქვეყანა საოცრებაა. ვეღარ ვითვლი, იმდენ ქალაქში ვარ ნამყოფი, მსოფლიო მოვლილი მაქვს და მსგავსი სილამაზე არსად არასდროს მინახავს.

- ის პერიოდი გაიხსენე, დასასვენებლად მშობლების გარეშე პირველად რომ წახვედი.

- მშობლების გარეშე პირველად ბულგარეთში, ფესტივალზე ვიყავი ძმასთან ერთად და მაშინ დაახლოებით 15 წლის ვიქნებოდი. ის პერიოდი კარგად მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსით ვიმგზავრეთ, გზას 2 დღე და ღამე მოვუნდით, ხელები და ფეხები ყველას დასივებული გვქონდა. დავიღალეთ, მაგრამ დიდად არ მოგვიწყენია, მოცეკვავე მეგობრებთან ერთად ვიყავით და სიმღერა თუ ცეკვა-თამაში არ მოგვკლებია.

ადამიანი პირველ რიგში, კარგად საკუთარ ქვეყანას უნდა იცნობდეს. ჩემი მშობლების დამსახურებით, საქართველოს ყველა კუთხეში ნამყოფი ვარ. დადგა პერიოდი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა და ქალაქი ვნახო. ვფიქრობ, მოგზაურობა ადამიანის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

- თინეიჯერობის წლებში "პახოდებში" დადიოდი?

- ერთი პერიოდი დავდიოდი, მაგრამ დღეს რომ მითხრა, კარვით სადმე წადიო, ვერ წავალ.

- რატომ?

- კარავში ცხოვრება თავისებური დისკომფორტია, იქ არ არის შხაპი, თავს სათანადოდ ვერ იწესრიგებ. როცა თავისუფალი 2-3 დღე გამომიჩნდება, ბორჯომში ჩავდივარ. საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ყოფნისას, მაქვს შეგრძნება, რომ საკუთარ სახლში ვარ.

რეგიონებში ადამიანები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან.

- რით განსხვავდებიან?

- თუნდაც, გარეგნულად. ახლა ჩემ წინ რომ დააყენო მეგრელები, იმერლები, კახელები, გამოვიცნობ, რომელი რომელი კუთხიდანაა. ყველას აერთიანებს იუმორის საოცარი გრძნობა. ყველა მხარეში თავისებურად და საინტერესოდ ხუმრობენ... მეგრული ეზოები ხომ ცნობილია, იქ ეზოს ყველა უვლის. შარშან რაჭაში ვიყავი და გაოგნებული დავდიოდი, ერთი ქაღალდის ნაგლეჯიც არსად ეგდო. ჩემი თინეიჯერობის წლებში ძალიან რთული პერიოდი იყო. არსებული განუკითხაობის გამო, მშობლებს მარტო გაშვების ყოველთვის ეშინოდათ და მათ ანგარიშს ვუწევდი.GzaPress

- ახლა ხშირად მოგზაურობ, არა?

- შეძლებისდაგვარად ვახერხებ. ტურს ვგეგმავ, რა დამრჩა სანახავი კონკრეტულ ქვეყანაში, რომელი ქალაქები არ მინახავს და მივდივარ. მოკლე ხანში, ბევრი ქალაქის ნახვა რომ მოასწრო, ამის საუკეთესო საშუალება გემით მოგზაურობაა. ახალ ქალაქში ჩადიხარ, ფოტოებს იღებ, ათვალიერებ, სუვენირებს ყიდულობ და საღამოს 6 საათზე ისევ გემზე ბრუნდები. რესტორანში მიირთმევ, მერე გადადიხარ კლუბში ან საკონცერტო დარბაზში და ერთობი, თან მოგზაურობ.

- აზიის ქვეყნები ნაკლებად გიზიდავს?

- ძალიან მაინტერესებს. მალდივის კუნძულებზე მოგზაურობა ოცნებად მაქვს გადაქცეული.

- დღემდე ნანახ ქვეყნებს შორის, შენზე წარუშლელი შთაბეჭდილება რომელმა მოახდინა?

- იტალიამ. დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა. საკუთარ წარსულს ძალიან უფრთხილდებიან. პომპეის ისტორია ყოველთვის მაინტერესებდა. რომ ჩავედი და მოედანზე დავდექი, იქ მომხდარმა ამბებმა თითქოს, კინოკადრივით ჩაიარა. ის ხომ ერთ დროს ყველაზე განვითარებული სავაჭრო ცენტრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი ვულკანმა დაფარა, ყველაფერი ისე გააკეთეს, რომ გარემო პირველყოფილი ფორმით შეენარჩუნებინათ. ვულკანმა ადამიანებიც ხომ დაფარა, ჩონჩხები კედლებშია დარჩენილი.

- უცხო ქვეყანაში ჩასვლისას, ბუნებრივია, იმ ქვეყნის სამზარეულოსაც აგემოვნებ. გამორჩეულად, რომელიმე კერძი თუ დაგამახსოვრდა?

- სამზარეულო ძალიან მაინტერესებს, ნაციონალურ კერძებს ყოველთვის ვაგემოვნებ. ესპანური სამზარეულო გამორჩეულად დამამახსოვრდა. ძალიან მიყვარს რვაფეხა, რომელსაც ესპანეთში გემრიელად ამზადებენ. მოხარშულ კარტოფილთან ერთად მოგართმევენ, წიწაკა აქვს მოყრილი. ესპანეთში რომ ჩავდივარ, პირველად ამ კერძს მივირთმევ.

იაპონიაში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ იაპონური კერძებიც გამისინჯავს და მომწონს. ზოგადად, თევზის მოყვარული ვარ. ბერძნული სამზარეულოც გემრიელია. იქ ერთხელ დავაგემოვნე კერძი, რომლის სახელიც არ ვიცი: ხორცის ნაჭერზე იყო ნაწლავი შემოხვეული. ამ მხრივ ძალიან ცნობისმოყვარე ვარ. არასდროს მიჭამია გველისა და ბაყაყის ხორცი, ვერასდროს შევჭამ ტარაკანს და ბუზს.GzaPress

- მოგზაურობის დროს, რომელიმე კერძის მომზადება ისწავლე?

- ზოგადად, გემრიელ კერძებს ვამზადებ, მაგრამ ძალიან მეზარება. კულინარიას კულინარი უნდა ემსახუროს. მოწონების შემთხვევაში, ქებას არ დავაკლებ, შემიძლია, ფეხებთან გავუგორდე (იცინის).

- დასასვენებლად ვისთან ერთად დადიხარ?

- მარტო დავდივარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. პირველი მიზეზი, რის გამოც მარტო დავდივარ, ისაა, რომ ფიქრისთვის ბევრი დრო მრჩება. იქ შემიძლია, ზღვის სანაპიროზე გავიდე და მთელი წლის გეგმა ჩამოვწერო. ძალიან კომუნიკაბელური ვარ. შესაბამისად, მოგზაურობის დროს მარტო არ გახლავართ. გემზე ჩემსავით მარტო წამოსული მოგზაური ბევრია და იქ ერთმანეთს ვუმეგობრდებით. მოგზაურობის დროს გაცნობილ ადამიანებს დღემდე ვეკონტაქტები. ახლახან ესპანეთში ორი წარმატებული კომპანიის გავლენიანი პირები გავიცანი.

- მოგზაურობას თან ახლავს სახალისო თავგადასავლები. რას გაიხსნებ?

- მე და მაკა ზამბახიძე რიგაში რომ ვიყავით, ერთ დღეს იურმალაში კონცერტის საყურებლად წავედით. საჭესთან მე ვიჯექი. უკან რომ ვბრუნდებოდით, გზა აგვერია. რიგას ავცდით. ვიარეთ, ვიარეთ... ღამე იყო. მაკამ ტირილი დაიწყო, თან საკონცერტოდ ლამაზ კაბაში იყო გამოწყობილი. 5 საათი გზას ვეძებდით, მანქანას ნავიგაცია არეული ჰქონდა და ადამიანიც არ შეგვხვდა, რამე რომ გვეკითხა. ჯოჯოხეთი იყო... მიუხედავად ამ შემთხვევისა, გეტყვით, რომ ძალიან კარგი ორიენტაცია მაქვს, კომპასივით ვარ. იმ საღამოს რა დამემართა, არ ვიცი. ბოლოს, 5-საათიანი სიარულის შემდეგ, მანქანა მოვატრიალე, ტვინში ჩემი "კომპასი" ჩავრთე და რიგაში მშვიდობიანად დავბრუნდით. როცა მეგობრებთან ერთად ვარ, ყველა მე დამყვება: ვიცი, რომელ მხარეს არის სასტუმრო, რომელ მხარეს არის კვების ობიექტი, გასართობი ცენტრი და ა.შ.

- მოგზაურობას ხიფათიც ახლავს, არა?

- ახალ წელს მშობლებთან ერთად, ანტალიაში ვიყავი. ახალი წლის შესახვედრად სტამბოლში, კლუბ "რეინაში" უნდა წავსულიყავი, მაგრამ დედამ მთხოვა, - ნუ წახვალ, ჩვენთან ერთად იყავიო. მშობლებთან დავრჩი. იმ ღამეს იმ კლუბში ცნობილი ტერაქტი მოხდა. ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ იმ კლუბში უნდა ვყოფილიყავი და დილით უამრავი შეტყობინება დამხვდა, ყველა ისტერიკულად მწერდა: სად ხარ? როგორ ხარ? როცა გავიგე, რაც მოხდა, მერე გავაანალიზე, რას გადავურჩი და დიდი სტრესი გადავიტანე... მშობლებთან ერთად სტამბოლში 5 თვე ვცხოვრობდი. მამას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და იმკურნალა. ცუდი პერიოდი დაგვემთხვა, ბევრი ტერაქტი მოხდა.

- ბატონი ვაჟა ახლა როგორ არის?

- უფლის წყალობით, უკვე კარგად არის. ძალიან კარგ კლინიკაში ვიყავით, კარგი ექიმი შეგვხვდა. თბილისში მკურნალობას სხვაგვარი მეთოდით აპირებდნენ. რაც მთავარია, პრობლემა მოგვარდა, ძალიან კმაყოფილები ვართ.

- წინ ზაფხულის ცხელი დღეებია, დასვენებას სად გეგმავ?

- საზღვარგარეთ ერთი ტური უკვე დაგეგმილი მაქვს. 2-3 დღე ბარსელონაში ჩავალ, მერე დავიწყებ 10-დღიან ტურს გემით. ბევრი ქალაქის მონახულებას შევძლებ. აგვისტოს დასაწყისში უკვე იქ ვიქნები და შუა რიცხვებში დავბრუნდები. შემდეგ ბათუმში წავალ, ეს ქალაქი ძალიან მიყვარს. ახალგაზრდული ქალაქია, ჩემი სამგობრო იქ არის. ამ ზაფხულს რაჭასა და ბორჯომსაც უნდა ვესტუმრო.GzaPress

- დასვენების შემდეგ ალბათ, აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას დაუბრუნდები.

- შეიძლება ითქვას, რომ ჩემი გონება დასვენების დროსაც სულ მუშაობს. ახალი კლიპი საზოგადოებამ უკვე ნახა და მიხარია, რომ ძალიან ბევრი დადებითი შეფასება მოვისმინე. ბოლო დროს, გამიჩნდა სურვილი, ვიდეორგოლისთვის რაღაც კადრები თავად გადავიღო. სცენარზე მეგობართან ერთად ვმუშაობ. საქმის მცოდნე ადამიანებს ჩემი გადაღებული კადრები რომ ვუჩვენე, მოეწონათ. საინტერესო ხედვა გაქვსო. მხატვარი ვარ და შეიძლება, ამის ბრალია.

გუშინ ერთ საინტერესო კადრს გადავაწყდი: გმირთა მოედანზე მანქანით ვმოძრაობდი. ჩემ წინ მოტოციკლეტიანი ბიჭი მიდიოდა. მოსახვევში ისე ლამაზად შევიდა და მზეც ისეთი მხრიდან ანათებდა, რომ ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა გამოვიდა. მზე ჩადიოდა, დრო დავიმახსოვრე და იქნებ ეს კადრი გადავიღო კიდეც. ეს თუ მოვახერხე, მერე მართლა ვიტყვი, რომ რაღაც შემძლებია.

თამუნა კვინიკაძე