"ამერიკაში ვერასდროს ვიცხოვრებ" - რატომ თქვა საკუთარ ოცნებაზე უარი გიგი ადამაშვილმა - გზაპრესი

"ამერიკაში ვერასდროს ვიცხოვრებ" - რატომ თქვა საკუთარ ოცნებაზე უარი გიგი ადამაშვილმა

30 ივნისს, "არტ ჰოლში" მომღერალმა გიგი ადამაშვილმა სოლო კონცერტი გამართა, რომელზეც სპეციალური მოწვევით მომღერალი სოფო ნიჟარაძეც იმყოფებოდა და მან გიგისთან ერთად, დუეტი შეასრულა (მოგეხსენებათ, გიგი 2016 წელს "X ფაქტორის" ფინალისტი, ხოლო სოფო მისი მენტორი გახლდათ). კონცერტს შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გიგის ფანები კი მთელი კონცერტის განმავლობაში არ ცხრებოდნენ და ხმამაღალი შეძახილებით აქტიურად ამხნევებდნენ: "გიგი, გვიყვარხარ!" 18 წლის მომღერალმა საათზე მეტი დროის განმავლობაში, ჩვენთვის საყვარელი მსოფლიო და ქართული ჰიტები შემოგვთავაზა. აკომპანირება პიანისტმა ლევან ჩხაიძემ გასწია...

- გიგი, სანამ უშუალოდ კონცერტზე ვისაუბრებთ, გვიამბეთ, როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება შემოქმედებითი კუთხით, "იქს ფაქტორში" მონაწილეობის შემდეგ? როგორც ვიცი, აქტიური საკონცერტო ტურნე გქონდათ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

- შარშან ოქტომბრიდან დავიწყე ტურნე და 22 ქალაქში ვიყავი. როცა ამდენი გულშემატკივრის ყურადღება და სიყვარული ვიგრძენი, საჭიროდ ჩავთვალე, ყოველი რეგიონი სათითაოდ მომევლო და მათ ჩემი სიმღერით მოვფერებოდი. ახალი სეზონიდან კი - სექტემბრიდან ჩემს მსმენელს სიახლეებს შევთავაზებ: სიმღერას, კლიპს. მუშაობას ბენდთან ერთად ვაპირებ და ეს კიდევ სხვა, საინტერესო სიახლე იქნება ჩემს კარიერაში. მოკლედ, დიდი გეგმები მაქვს.

- რეგიონებში კონცერტების ჩატარება ადვილი არ არის. დაფინანსება გქონდათ?

- თქვენ წარმოიდგინეთ, სპონსორი არც ერთ კონცერტს არ ჰყოლია, მთლიანად გაყიდული ბილეთების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული, რომლის ფასი მიზერული იყო, აპარატურისა და მგზავრობის ხარჯების დასაფარი. გაცნობიერებული გვქონდა, რომ რეგიონებში ხალხს კონცერტებში გადასახდელი სახსრები არ აქვს. ყველა ქალაქში ბევრი მაყურებელი იყო და ყოველ ქალაქს თავისი სპეციფიკური მსმენელი ჰყავს და სხვადასხვა ემოცია დამიტოვა. უნდა აღვნიშნო, რომ ქუთაისის ოპერის თეატრი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა: იქ საოცარი მაყურებელი იჯდა, რომელმაც ზუსტად იცის, როდის უნდა აგყვეს, როდის დაუკრას ტაში და ა.შ. მათგან დიდი სითბო მოდიოდა. ბევრი კონცერტი ახალგაზრდა მომღერლისთვის უდიდესი გამოცდილებაა, რადგან ამ "ლაივებში" ჩანს ყველაფერი, ყალიბდები, როგორც პროფესიონალი.

რაც შეეხება 30 ივნისის კონცერტს, "არტ ჰოლიდან" მიწვევა მივიღე და ცხადია, სიხარულით დავთანხმდი. თუმცა, ძალიან ვნერვიულობდი, თბილისელი მაყურებელი მაინც ბევრად უფრო კრიტიკულია. მაქსიმალურად შევეცადე, მათთვის სიამოვნება მიმენიჭებინა და თუ ეს გამომივიდა, ბედნიერი ვარ. დუეტი სოფო ნიჟარაძესთან, ჩემთვის საამაყო იყო. მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ჩემი მენტორი იყო და მიხარია, რომ დღეს ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს, დუეტი ექსპრომტად შევასრულეთ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გადავწყვიტეთ, კონცერტზეც სწორედ ის სიმღერა შეგვესრულებინა. ვფიქრობ, მაყურებელი კმაყოფილი დარჩა. სოფო ძალიან ყურადღებიანი, მეგობრული, უზომოდ თბილი ადამიანია და ძალიან მიყვარს.GzaPress

- მსგავსი ემოციური მსმენელი და ასეთი ოვაცია იშვიათად მინახავს კონცერტზე. როგორ ფიქრობ, რა განაპირობებს შენი ფანების ასეთ სიყვარულს?

- ჩემი აზრით, ყველა ადამიანს სახეზე აწერია, როგორიცაა: კარგი თვისებებიც და ცუდიც შენს ქცევაში ჩანს. ჰოდა, ალბათ რაიმე დადებითი დაინახეს ჩემში. როცა ჯერ მხოლოდ 18 წლის ხარ და თბილისში შენს კონცერტზე 600 ადამიანი მოდის, ეს პატარა ამბავი არ არის და საოცარი შეგრძნებაა, კარგი საფეხურია. საქართველო მაინც ის ქვეყანაა, სადაც ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს, არასერიოზულად გიყურებენ და ეს მეც გამოვცადე. მგონია, რომ თუ ამ ასაკშივე სწორად მიუდგები საქმეს, 25-26 წლისა უკვე სხვა საფეხურზე იდგები. შენ თვითონ თუ არ მოინდომე, თუ არ ეხვეწე და გამოჰგლიჯე ხელიდან, მარტივად არაფერი მოგივა. - პროექტში ხომ გავედი და ახლა აქეთ დამიძახეთო, - ასეთი მიდგომით ბევრი სახლში უქმად ზის. დრო გადის და ელოდებიან, როდის იმღერებენ ბარში ან სადმე, რომ საღამო დაერქვას და ფული აიღონ. ყველას პატივი უნდა სცე, ვინც შენ მიმართ ინტერესს გამოთქვამს და მადლობა უთხრა, ჟურნალისტი იქნება თუ სხვა ვინმე. ადამიანებს პატივი უნდა სცე და ხვალ, ზეგ ისინი გცემენ პატივს - მარტივი ლოგიკაა.

- რეგიონებში კონცერტს როგორი გამოხმაურება ჰქონდა?

- პირველი კონცერტი ქარელში დავაანონსე და ამაზე ბევრს გაეცინა, - რატომ ქარელი და არა - თბილისიო? რა, ეგრევე ფილარმონია უნდა დამეპყრო? როცა დამწყები ხარ, ნებისმიერი გზა უნდა მოსინჯო წარმატების მისაღწევად და როცა იმას მიაღწევ, რომ ბევრი შემოთავაზება გექნება, აი, მერე უკვე შეგიძლია დაჯდე და უამრავი ვარიანტიდან ყველაზე სასურველი ამოირჩიო. როცა 18 წლის "ღლაპი" საკონცერტო დარბაზიდან მიწვევას იღებ, ეს უკვე რაღაც კარგს ნიშნავს. მინუს შვიდ გრადუსში დამიკრავს რაჭაში, კახეთში, სადაც გათბობის საშუალება არ იყო და წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ამის ატანა ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც, მაგრამ როცა ასეთ რაღაცებს გამოცდი, მერე უფრო ტკბილია თბილ დარბაზში დაკვრა. ყველაფერი დროებითია და ერთადერთს, რასაც შრომით მიაღწევ, სახელია, რომელიც არანაირ ქაღალდად არ მიღირს.

- როგორც ვიცი, აშშ-ში გინდოდა წასვლა.

- ამერიკაში წასვლაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, მაგრამ მივხვდი, სხვაგან ვერასდროს ვიცხოვრებ. შეიძლება, წავიდე კონცერტის ჩასატარებლად, მაგრამ დიდი ხნით - ვერა.

- სწავლობ სადმე?

- არა, სკოლა დავამთავრე და არსად ჩამიბარებია. ამ ეტაპზე იმდენი საქმე მაქვს, მგონია, რომ ჯერ ვერ მოვუყრი თავს ამ ყველაფერს. თუ გადავწყვეტ, აუცილებლად კონსერვატორიაში ჩავაბარებ, სხვა პროფესიაში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია.

- შენი ჰობი რა არის?

- გეიმერი ვარ, ძალიან მიყვარს "იქს ბოქსი" და სხვათა შორის, გულშემატკივრებმა მაჩუქეს.

- კიდევ, რა უჩუქებიათ შენთვის თაყვანისმცემლებს?

- ახლა რომელი გიტარაც მაქვს, ისიც გულშემატკივრებმა მაჩუქეს. ბევრ რამეს მჩუქნიან და მინდა, ყველას თავისი წილი სიყვარული მივცე. თუ ადამიანი სითბოს მაგრძნობინებს, ორმაგად დავუბრუნებ.

- როგორი გოგონები მოსწონს ასეთ პოპულარულ ბიჭს?

- ადრე რომ ვამბობდი, ჯერ გარეგნობა უნდა მოგეწონოს-მეთქი, ბევრმა ეს არასწორად გაიგო. ამბობდნენ, თითქოს მხოლოდ ვიზუალს ვაქცევდი ყურადღებას. ეს სისულელეა! უბრალოდ, პირველ ეფექტს სწორედ გარეგნობა ახდენს და თუ არ მომეწონება, მისი სულიერებით ვერ დავინტერესდები. შეყვარებულზეა ლაპარაკი, თორემ მეგობრობაში, ცხადია, გარეგნობას არავინ ვუყურებთ. შეყვარებული ჯერ არ ვყოფილვარ და თუ მეყოლება, არც ამას დავმალავ.

- პროექტების შემდეგ, ბევრი მონაწილის ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და შემოქმედებითი კუთხით საინტერესო აღარაფერი ხდება. შენი აზრით, რაშია მათი პრობლემა?

- კონკურსების ბევრი მონაწილე აღარც კი ახსოვთ, ეს სიმართლეა. კონკურსი ერთგვარი ბიძგია და შენ უნდა გამოიყენო სწორად. გულშემატკივრების არმია რომ გყავს, მერე შედეგი უნდა აჩვენო, არ უნდა გაჩერდე; შენს კონცერტზე დასასწრები ბილეთი რომ შეიძინონ, ამისთვის ბევრი უნდა იშრომო.

- კიდევ თუ მიიღებ რომელიმე მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას?

- ვფიქრობ, არასდროს. სხვათა შორის, საბერძნეთიდან "X ფაქტორში" მონაწილეობა შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი, ვეღარ ვხედავ ამის საჭიროებას. ახლა მირჩევნია, კონცერტები გავმართო... სხვათა შორის, უკრაინულ "X ფაქტორში" ორი წლის წინ ვიყავი, თან - ენაც არ ვიცოდი. ჟიურიში ნინო ქათამაძე იჯდა და ახლაც ემოციურად მახსენდება მისი დამოკიდებულება, მიმიკები - ეს ვიდეოშიც კარგად ჩანს. მაშინ იმდენი ვინერვიულე, მეგონა, ჩემს ნამღერს არავინ მოიწონებდა. არადა, პრესის წარმომადგენლებმა დამირეკეს, - რა მაგარია, ყოჩაღო! ერთ თვეში ვიდეოს მილიონ 400 ათასი "ნახვა" ჰქონდა. გამიმართლა, სწორი სიმღერა შევარჩიე, სწორი აკომპანემენტი გავუკეთე, მაყურებელს სწორად მივაწოდე და ეს რეიტინგზეც აისახა.

- რომელი ჟანრია შენთვის ყველაზე ახლო და სამღერად სასიამოვნო?

- ჯაზი, ოღონდ, ძალიან ღრმა დონის ჯაზს ვერ ვეკარები. აკუსტიკური ჟანრი მომწონს.

- როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო ქართულ შოუბიზნესში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად?

- ადამიანობა. რა თქმა უნდა, ნორმალურად უნდა მღეროდე, რომ გითხრან, კარგი ბიჭი ხარო, მაგრამ შენი ადამიანობა მთავარია. სიყვარული, კეთილგანწყობა უნდა გქონდეს ხალხის მიმართ. მე ყველასთან ვმეგობრობ.

თამთა დადეშელი