ვინ არის "ენდი ნარსია" - ფსიქიატრიული საავადმყოფოდან დაწყებული სიყვარულის ამბავი და სპონტანური ჯვრისწერა - გზაპრესი

ვინ არის "ენდი ნარსია" - ფსიქიატრიული საავადმყოფოდან დაწყებული სიყვარულის ამბავი და სპონტანური ჯვრისწერა

ეკრანზე მისი პერსონაჟის გამოჩენას მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდა, "ჩემი ცოლის დაქალებში" ენდი ნარსიას როლს მსახიობი ლექსო ჩემია ასრულებს. ლექსო მესხეთის თეატრის დასის წევრია. ამბობს, რომ საკუთარ პერსონაჟს არაფრით ჰგავს. მაყურებელი ენდის ნამდვილ ზრახვებს სავარაუდოდ, მომდევნო სეზონში გაიგებს. როგორ მოხვდა სერიალში, ჰგავს თუ არა პერსონაჟს, როგორ დაოჯახდა და ვინ არის მისი რჩეული? - ამ ყველაფერს ლექსო თავად მოგვითხრობს.

- სოხუმში დავიბადე და 5 წლამდე იქ ვიზრდებოდი. მოგეხსენებათ, მერე რაც მოხდა და ჩვენც იძულებული გავხდით, აფხაზეთი დაგვეტოვებინა. თავდაპირველად ფოთში ვცხოვრობდი, შეიძლება ითქვას, რომ ფოთის თეატრში გავიზარდე, შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. პერიოდულად სხვადასხვა თეატრთან ვთანამშრომლობდი. მესხეთის დრამატულ თეატრში შემთხვევით მოვხვდი, სპექტაკლში ერთი მსახიობი უნდა შემეცვალა. ისე მოხდა, რომ მეხუთე სეზონია, ამ თეატრში ვთამაშობ. მეუღლესთან და 6 წლის შვილთან ერთად, თეატრში ვცხოვრობ. თბილისშიც ხშირად გვიწევს თამაში. დავდივართ გასტროლზე სხვადასხვა ფესტივალზე. თეატრალურში ქეთი დოლიძის ჯგუფში ვიყავი, 2008 წელს დავამთავრე. კასტინგებზეც ნაკლებად დავდივარ, ამ მხრივ აქტიურობით არ გამოვირჩევი. თეატრი საოცარი ადგილია, ერთხელ რომ მოიწამლები, მერე სულ იქ ყოფნა გინდა. არადა, მსახიობმა ბევრი რამ უნდა სცადოს, კასტინგებზეც იაროს. სხვადასხვა ჟანრში მუშაობა პროფესიულად ძალიან ზრდის. GzaPress

- "ჩემი ცოლის დაქალებში" როგორ მოხვდი?

- ეკა მჟავანაძემ დამირეკა, - სერიალში ახალი პერსონაჟი, ენდი ნარსია შემოდის, ის მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენია და ხომ არ სცდიო? დაემთხვა, იმ დღეს თბილისში ვიყავი. პერსონაჟის სახელი და გვარი რომ გავიგე, სიცილისგან გადავბჟირდი. მერე კასტინგზე მივედი, ვცადეთ და რა გამოგვივიდა, ამას მაყურებელი იტყვის.

- მეორე დილით უკვე პოპულარულმა გაიღვიძე?

- (იცინის) გუშინ საღამოს გამოვჩნდი ეკრანზე და ინტერვიუსთვის პირველმა თქვენ დამირეკეთ. სამწუხაროდ, თეატრში რამდენ ხანსაც უნდა ითამაშო, არ გამოჩნდები, მაგრამ საკმარისია, ერთხელ გნახონ ეკრანზე და უკვე პოპულარული ხარ, მით უმეტეს, როცა ასეთ პოპულარულ სერიალში ითამაშებ. ცოტა ხნის წინ "სივს" ვავსებდი. სცენაზე იმდენი როლი მაქვს ნათამაშები, ყველა რომ ჩამომეწერა, ადგილი არ მეყო, მაგრამ ეს ხომ კონკრეტულ სეგმენტზეა გათვლილი.

- ენდი ნარსია საზოგადოებამ როგორ მიიღო?

- სოციალურ ქსელში უჩვეულო აქტიურობაა, მათ შორის, ემიგრანტებიც არიან. უმრავლესობა კეთილი სურვილებს მწერს, უარყოფითი შეფასებებიც წავიკითხე.

- მაგალითად?

- რატომღაც, არტისტს პერსონაჟთან აიგივებენ ხოლმე. ზოგადად, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და მომავალში ვეცდები, "გატარება" ვისწავლო, მსგავსი რამ არ წავიკითხო.

- გადაღების პროცესი როგორი იყო?

- კასტინგზე რომ მივედი, მეცვა შორტები, მეკეთა საყურე და ეკა მჟავანაძემ დანახვისთანავე მითხრა, - ისეთი მოხვედი, როგორიც ენდი ნარსია არ უნდა იყოსო. მერე იქ პიჯაკი და პერანგი ჩავიცვი. სინჯი მე და ქალბატონმა ეკამ გადავიღეთ. ზუსტად 2 საათში დამირეკა და მითხრა, - გადაღებულ მასალას უკვე ვუყურეთ, გილოცავ! როლზე დამტკიცებული ხარო. გაცნობისა და სუფრის სცენის გადაღება თბილისში გვქონდა. ხუმრობდნენ, ისეთი "ზმანით" მოხვედი, მაქსიმეს ძმაკაცს უფრო ჰგავხარ, ვიდრე ენდი ნარსიასო. კვაზისთან პირველ შეხვედრაზე დაძაბულობა უნდა იგრძნობოდესო. ვინც მიცნობს, ყველა დამეთანხმება, რომ ძალიან კომუნიკაბელური და უშუალო ვარ, საჭირო დაძაბულობა ვითამაშე, მეორე სცენისას კი ჩემი თავისუფლება უფრო იგრძნობოდა. თვითკრიტიკულობა მჩვევია, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ. ჩემი აზრით, როცა არტისტი დაიჯერებს, რომ მან უკვე მწვერვალებს მიაღწია და პროფესიული ზრდა აღარ სჭირდება, მისი კარიერა დასრულებულია.GzaPress

- ენდი სინამდვილეში როგორია?

- ამ გმირის ხასიათი და ნამდვილი ზრახვები სავარაუდოდ, შემდეგ სეზონზე გამოიკვეთება. ახალგაზრდა კაცს, რომელსაც აქვს ბიზნესი და ცოლი მაინც გარიგებით მოჰყავს, თან - ორსული გოგო, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ დიდი ინტრიგაა ჩადებული და არა - ერთი ნახვით შეყვარების ამბავი. მე ხომ წინასწარ არაფერი ვიცი და შეიძლება, მის ინტერესში კვაზის ბიზნესი შედის. ამას ბარბარეც ხვდება, რომ ენდი მისი ფულითაა დაინტერესებული.

- შენს ოჯახზე მიამბე. როგორც მითხარი, 6 წლის შვილი გყავს.

- დიახ, მყავს ძალიან საყვარელი 6 წლის თომა. ჩემი მეუღლე - ანი ხუბუტია პროფესიით ფსიქოლოგია, მაგრამ 5 წელია, მესხეთის თეატრში თამაშობს. პროფესია შეიცვალა, ხელოვნებაში თავით გადაეშვა და ლამის ჩემზე მეტ როლს თამაშობს.

- ერთმანეთი სად გაიცანით?

- ეს ამბავი 12 წლის წინ მოხდა. ჩვენ ერთმანეთი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გავიცანით. ანა მაშინ სტუდენტი იყო და მოხალისედ მუშაობდა. მე და ჩემი ორი მეგობარი მეთერთმეტეკლესელ ბავშვებთან ერთად, სპექტაკლზე ვმუშაობდით. ეს იყო ინტეგრირებული სპექტაკლი, სადაც დისპანსერის ბენეფიციარებიც თამაშობდნენ. მანამდე სულიერად დაავადებულთათვის პოეზიის საღამოებიც გავმართეთ. მოგვიანებით, ეს სპექტაკლი ახმეტელის თეატრშიც ვითამაშეთ, აქცენტს საზოგადოებაში არსებულ არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე ვაკეთებდით. ჰოდა, სწორედ მაშინ გავიცანი ანა.

- და თქვენი სიყვარულის ამბავი დაიწყო.

- რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ჩემს გმირს სერიალში, ანა ერთი ნახვით არ შემყვარებია. თუმცა, ერთი ნახვით მოწონება ნამდვილად იყო, რომელიც მალე სიყვარულში გადაიზარდა. სანამ ჯვარს დავიწერდით, მანამდე 3 წელი შეყვარებულები ვიყავით.

- მისი მშობლებისთვის ანას ხელი არ გითხოვია?

- არა, ენდის არაფრით ვგავარ.

- მეგრული იცი?

- კი. ფოთში ვიზრდებოდი, მაგრამ იქ მეგრულად არ ლაპარაკობენ. მარტვილში სოფელი მაქვს, თამაკონი ჰქვია. ბავშვობაში იქ რომ დავდიოდი, მეგრული ვისწავლე. ამ სოფელთან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს. სოხუმში ეზოში თამაში სხვადასხვა ეროვნების ბავშვებთან ერთად მიწევდა და იქ ყველანი რუსულად ვლაპარაკობდით.

ერთ ზაფხულს მე და ანა თამაკონში, მეგობრებთან ერთად ვისვენებდით. უეცრად გადავწყვიტეთ, მარტვილის მონასტერში ავსულიყავით და ჯვარი დაგვეწერა, მაგრამ საამისოდ შესაფერისი სამოსი არ გვქონდა. მე დახეული ჯინსითა და კედით ვიყავი. მარტვილის რომელიღაც მაღაზიაში ვარდისფერი კაბა ვიპოვეთ, რომელიც მერე ჩვენ თავად გადავაკეთეთ, დავჭერით, ნარჩენებისგან ბაფთა გავიკეთე, კედის ზონრად გამოვიყენე. ასეთი იყო ჩვენი სპონტანური ჯვრისწერის ამბავი. ანას იქ მეგობარი გოგო არ ჰყავდა და მისი მეჯვარეც ბიჭები იყვნენ. ახლა მე, ანა და თომა მესხეთის თეატრში ვცხოვრობთ, პერიოდულად თბილისში ჩამოვდივართ. თეატრში ცხოვრებას თავისი ხიბლი აქვს. ჩვენ გარდა, 530-კაციანი "ზალა" არავის აქვს. თომა კულისებში იზრდება.GzaPress

- მას წლების შემდეგ, ბევრი საინტერესო მოგონება ექნება, არა?

- ვთვლი, რომ თომას ყველაზე საინტერესო ბავშვობა აქვს. თეატრში ისე მივედი, მსახიობი არავინ მყავდა. ბედნიერი ვიქნებოდი, თეატრში რომ გავზრდილიყავი. თომას ყველა წამყვან რეჟისორთან რეპეტიციაზე "მწვანე ბარათი" აქვს, ყველას "ასისტენტია", აზრს ეკითხებიან. ამ თეატრში წლის განმავლობაში, 6-9 პრემიერაა. მსახიობებს საქართველოში წამყვან რეჟისორებთან მუშაობის ფუფუნება გვაქვს.

- ვიცი, რომ ამჟამად მუშაობ სპექტაკლზე, სადაც მთავარ როლს ზურაბ ანთელავა ასრულებს. თქვენი ტანდემი სერიალში უკვე ვიხილეთ, სცენაზე რა ხდება?

- თვის ბოლოს უნდა გამოვიდეს სპექტაკლი "საეჭვო პიროვნება", რომელსაც მალხაზ ასლამაზაშვილი დგამს. ერთ-ერთ მთავარ როლს ბატონი ზურა თამაშობს. მე კი ვხუმრობ, - ბარბარიკასთან დაკავშირებულ ამბებს კვაზისთან აქ მოვაგვარებ-მეთქი. ამ სპექტაკლში გამომძიებლის როლს ვასრულებ.

- მარიშკა ჯავახაძე პროფესიით მსახიობი არ არის, როგორი პარტნიორია?

- მას პირველად გადასაღებ მოედანზე შევხვდი და ეგრევე ცოლობა ვთხოვე (იცინის). ნანუკა გულუაც არ არის მსახიობი, მაგრამ ვიცი, რომ ბარბარიკა და დოჩი მაყურებელს ძალიან უყვარს. მარიშკასთან მუშაობა კომფორტული იყო. მარიშკა ბათუმში უფრო კარგად გავიცანი, ამ ქალაქში 2 დღე მოგვიწია ყოფნამ. ზღვა ჩემთვის ძალიან მშობლიურია: ჯერ იყო სოხუმი, მერე ფოთი...

- აფხაზეთიდან რა გახსოვს?

- რომ წამოვედი, პატარა ვიყავი, მაგრამ კარგი მეხსიერებით გამოვირჩევი. მახსოვს ჩემი უბანი, "ბერეგი" და მარადონა, რომელიც სულ იქ დადიოდა, გაწეწილი თმით და დიდი, მძიმე ქვები ეკიდა. სოხუმში მარადონას ყველა იცნობდა. თქვეს, რომ ახალახან გარდაიცვალა.

როგორც ვიცი, ჩვენს სახლში ახლა ვიღაც ცხოვრობს. მჯერა, ადრე თუ გვიან დადგება ის დღე, როცა სოხუმში დაბრუნებას შევძლებთ. ახლახან ძალიან სიმბოლური და კარგი საჩუქარი მივიღე. მაისურზე სოხუმის "ბერეგია" გამოსახული და ქვემოთ აწერია - "ჩემია". სოხუმი ხომ ჩემია და თან, გვარად ჩემია ვარ.

თამუნა კვინიკაძე