"მიყვარს ჩვენი ჰაერი და მგონია, სხვაგან ასე მშვიდად ვერ ვისუნთქებ" - რა ანიჭებს ბედნიერებას ნინო ოკუჯავას - გზაპრესი

"მიყვარს ჩვენი ჰაერი და მგონია, სხვაგან ასე მშვიდად ვერ ვისუნთქებ" - რა ანიჭებს ბედნიერებას ნინო ოკუჯავას

მსახიობი ნინი ოკუჯავა 4 წელია, შეყვარებულია. მან საკუთარი სიყვარულის ამბავი "გზის" მკითხველს ცოტა ხნის წინ გაანდო და ისიც აღნიშნა, რომ დაქორწინებას არ ჩქარობდნენ. თუმცა, ახლახან გავიგეთ, რომ მსახიობი იურისტ იკა კორსელზე უკვე გათხოვდა და თავს ბედნიერად გრძნობს.

- შეხედე საკუთარ თავს სარკეში და მითხარი, რამდენი წლის ხარ?

- 27-ის ვარ, მაგრამ მეუბნებიან, მაქსიმუმ 24 წლის იქნებიო. ჰოდა, მეც დავიჯერე, რომ გარეგნობის მიხედვით, გაცილებით პატარა ვარ (იღიმის).

- რა გირჩევნია, მოითმინო წარუმატებლობა თუ არასოდეს გამოცადო ის?

- ალბათ ჯობია, არასდროს გამოვცადო, მაგრამ თუ გამოვცდი, არ დავნებდები.

- თუ ცხოვრება ხანმოკლეა, რატომ ვაიძულებთ თავს ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს?

- ალბათ იმიტომ, რომ ესეც საჭიროა, ცხოვრებისეულია...

- რომ გქონდეს შანსი, შეცვალო მხოლოდ ერთი დეტალი შენს ცხოვრებაში, რას შეცვლიდი?

- ხელახლა დავიბადებოდი (იღიმის).

- წარმოიდგინე, რომ ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რა ტიპის სამსახური გაგხდიდა მდიდარს?

- ის სფერო, სადაც ახლა ვარ, ფუფუნებაა... კმაყოფილი ვარ, ბედნიერი და მდიდარიც.

- შენ აკეთებ იმას, რისიც გჯერა, თუ ცდილობ დაიჯერო იმის, რასაც აკეთებ?

- ყოველთვის ვაკეთებ იმას, რისიც მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ არ ვცდები.

- დავუშვათ, ადამიანი საშუალოდ 40 წელს ცოცხლობს. რას შეცვლიდი იმისთვის, რომ უკეთესად გეცხოვრა?

- უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესი მექნებოდა, რათა როგორმე გამეხანგრძლივებინა ეს 40 წელი და მაქსიმალურ სიამოვნებას მივიღებდი ყველა კუთხით. თუმცა, ამას ახლაც ვცდილობ.

- რამდენად აკონტროლებ ყველა იმ მოვლენას, რაც შენს ცხოვრებაში ხდება?

- ვცდილობ, ვაკონტროლო, მაგრამ გაუთვალისწინებელი მოვლენებიც ხშირია, ამის კონტროლი კი ჭირს.

- სასადილოდ ნაცნობებთან ერთად წახვედი. მოულოდნელად, ისინი იწყებენ შენი ახლო მეგობრის უსამართლოდ გაკრიტიკებას. როგორ მოიქცევი?

- ჯერ მოვუსმენ და თუ ეს კრიტიკა უსამართლოა, ჩავერევი. შევეცდები მათ დავუმტკიცო, რომ ცდებიან.

- შენი პატარა ძმის, დის ან შვილისთვის მხოლოდ ერთი რჩევის მიცემა რომ შეგეძლოს, რას ურჩევდი?

- ვეტყოდი, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და აკეთონ ის, რაც მათ ბედნიერებას მიანიჭებს, ოღონდ, ამით სხვები არ უნდა დააზარალონ.

- დაარღვევდი თუ არა კანონს საყვარელი ადამიანის გადასარჩენად?

- თუ გადარჩენაზეა ლაპარაკი, არა აქვს მნიშვნელობა, ის საყვარელი ადამიანი იქნება თუ უცნობი პიროვნება, მის გამო ყველა კანონს დავარღვევ.

- რით განსხვავდები სხვებისგან?

- სამართლიანი და უბოროტო ვარ. პატიება შემიძლია და ადამიანების მიღება ისეთებად, როგორებიც არიან. ირგვლივ ყველა და ყველაფერი მიყვარს. ვერ ვიტყვი, რომ ამ ყველაფრით სხვებისგან განვსხვავდები, მაგრამ ვასახელებ იმ თვისებებს, რაც ჩემში მომწონს და ვისურვებდი, რომ ყველას შეეძლოს მაქსიმალურად სიყვარულის, სითბოს, გვერდში დგომის, სიკეთის გაცემა.GzaPress

- გაიხსენე ის, რაზეც ოდესღაც ოცნებობდი და არ აგისრულდა.

- ოდესღაც რაზეც ვოცნებობდი, იმ ოცნებებმა ფერი იცვალეს და ახლა რაზეც ვოცნებობ, იმას ნელ-ნელა ვაღწევ კიდეც. არაფერს ველოდები, მშვიდად და მოთმინებით ვუახლოვდები დასახულ მიზნებს. ყველა ოცნების ახდენა შესაძლებელია, თუ საკუთარი თავის გჯერა და ბოლომდე დაიხარჯები.

- რომ შემოგთავაზონ სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წასვლა, სად წახვიდოდი?

- იმდენად პატრიოტი ვარ საკუთარი ქვეყნის, რომ აქედან წასვლა არ მინდა. ჩემი ჭირი მირჩევნია სხვის ლხინს. ჩემი ქვეყანა, როგორიც უნდა იყოს, ჩემია... მიყვარს ჩვენი ჰაერი და მგონია, სხვაგან ასე მშვიდად ვერ ვისუნთქებ. მიყვარს ქართველები, მიყვარს: ეს ქალაქები, სოფლები, უბნები, ქუჩები, ხეები და ყველა ის წვრილმანი, რის გარეშეც უცხო ქვეყანაში ყოფნა გამიჭირდება. ზოგისთვის ეს სასაცილოც შეიძლება იყოს, მაგრამ ვისთვის - როგორ, ვისაც წასვლა უნდა, წავიდეს, მე აქ ვრჩები!

- როცა ლიფტის ღილაკს ნერვიულად, რამდენჯერმე აჭერ თითს, მართლა გჯერა, რომ ლიფტი ასე უფრო სწრაფად მოვა?

- ლიფტში ჩაჯდომას ფეხით ასვლა მირჩევნია... შესაბამისად, ღილაკსაც იშვიათად ვაჭერ.

- რომელს ისურვებდი იყო: უბედური გენიოსი თუ ბედნიერი სულელი?

- მირჩევნია, ბედნიერი გენიოსი ვიყო. შემოთავაზებული ორი ვერსიიდან არც ერთი არ უქნია ღმერთს (იცინის).

- ისურვებდი ისეთივე მეგობარს, როგორიც თავად ხარ?

- უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან მყავს ბევრი მეგობარი და რამდენიმე მათგანი საუკეთესოა, მათში საკუთარ თავს ვხედავ.

- ყველაზე მეტად, რის გამო ხარ სამყაროსადმი მადლიერი?

- რომ დავიბადე საქართველოში, რომ მყავს საუკეთესო დედა საუკეთესოთა შორის. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე; გვერდით მყავს ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვარ და ვარ ისეთი, როგორიც ვარ.

- რომელს აირჩევ: ძველი მოგონების წაშლას, თუ ახლის მოპოვებას?

- ძველი მოგონებების წაშლა არ მინდა, ახალ-ახალი თავგადასავლები კი მომავალში მაინც მოგონებებად იქცევა....

- შესაძლებელია სიმართლის გაგება ბრძოლის გარეშე?

- სიმართლე მეძებარი ძაღლივითაა და ადრე თუ გვიან, თავად გიპოვის....

- გახსოვს დაახლოებით 5 წლის წინ რაზე იყავი გაბრაზებული?

- დიახ, მახსოვს. იცი, რაზეც 5 წლის წინ ვბრაზდებოდი, ალბათ, ახლაც გავბრაზდები. ისე, ვცდილობ, წყენა მალე დავივიწყო.GzaPress

- რა არის შენი ბავშვობის დროინდელი ყველაზე ბედნიერი მოგონება?

- ყველაზე ბედნიერად მახსენდება ის დრო, როდესაც დედა და მამა - ორივე ერთად მედგა გვერდში. მათთან ერთად გატარებული ყოველი წამი ბედნიერება იყო...

- გქონია შემთხვევა, როცა ვინმესთან ერთად, დრო სრულიად უხმოდ გაატარე და შემდეგ მიხვდი, რომ ეს საუკეთესო საუბარი იყო შენს ცხოვრებაში?

- ალბათ, ძალიან უნდა გრძნობდე ადამიანს, რომ თვალებით ან თუნდაც, დუმილით გადასცე ის, რასაც სიტყვით ვერ ან არ ამბობ. მსგავსი საუბარი მქონია... თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს საუკეთესო რამ იყო ჩემს ცხოვრებაში.

- შეიძლება დაუფიქრებლად უპასუხო კითხვას, თუ რა არის კარგი და რა - ცუდი?

- სულ ცოტა დროს თუ მომცემენ ფიქრისთვის, ამ კითხვას დარწმუნებით გავცემ პასუხს.

- ახლა წინ მილიონი დოლარი რომ დაგიწყონ და გითხრან, ეს აიღე, მაგრამ სამსახური უნდა მიატოვოო, როგორ მოიქცევი?

- სამსახურს არ მივატოვებ, პირიქით - გავაფართოებ საქმიანობას... მილიონი არც ისე დიდი თანხაა, რომ ამის გამო საქმის მიტოვება ღირდეს. თანაც, მე იმიტომ არ ვიმუშავებ და ვმუშაობ, რომ თავი ვირჩინო. ვმუშაობ იმისთვის, რომ განვვითარდე, ვიმოძრაო, რაღაც ახალი შევქმნა, მქონდეს ჩემი საქმე, საფიქრალი და არ ვიყო მოდუნებული, ვინმეზე დამოკიდებული. არა მგონია, ვიღაცის მიერ მოგდებულმა მილიარდებმა მომანიჭოს სრულფასოვანი ბედნიერება.

- გაყიდდი შენი ცხოვრების 10 წელს მსოფლიო აღიარებაზე?

- ჩემი ცხოვრების 1 წამსაც ვერ გავყიდდი, რადგან ის მე მიყვარს და მჭირდება.

- არსებობს განსხვავება ცხოვრებასა და არსებობას შორის?

- დიახ, არის განსხვავება. ცხოველებიც არსებობენ...

- თუ ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, რატომ გვეშინია მათი დაშვების?

- რადგან ერთხელ დაშვებული შეცდომით ტკივილი განვიცადეთ, აღარ გვინდა, ეს მეორედაც მოხდეს.... ვცდილობთ, თავი ავარიდოთ, რადგან უკვე ვიგემეთ დაშვებული შეცდომის სიმწარე... კარგია, თუ ვსწავლობთ მაინც. მე მინახავს ადამიანები, რომლებიც შეცდომებს არაერთხელ იმეორებენ.

- რა გიყვარს უფრო მეტად და ის, რაც ბოლოს გააკეთე, გამოხატავდა ამ სიყვარულს?

- მიყვარს, როდესაც ჩემს საყვარელ ადამიანებს გრძნობებს გადავცემ. ამას სულ ვაკეთებ, მათ მიმართ სიყვარულს გამოვხატავ. შემდეგ მათგან ვიღებ იმავეს და ეს მაცოცხლებს, სტიმულს მაძლევს.

- ცუდს უფრო იმახსოვრებ თუ კარგს?

- უნებურად, ყველაფერს ვიმახსოვრებ, კარგსაც და ცუდსაც, მერე ვცდილობ, ეს ყველაფერი გავფილტრო: კარგი მოგონებები დავტოვო და ცუდები სადმე შორს "გადავყარო".

სოფო ჭონიშვილი