"ეს მარ­თ­ლა არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა" - გზაპრესი

"ეს მარ­თ­ლა არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა"

"სანამ ჭიათურაში ვცხოვრობდი, ოჯახის წევრები ყოველთვის დაუზარლად ზრუნავდნენ იმაზე, რომ ბევრი მეკითხა. იმ პერიოდში მართლა აქტიური მკითხველი ვიყავი", - ამბობს მსახიობი ნიკა ნანიტაშვილი. დღეს დროის უმეტეს ნაწილს თეატრში ატარებს, ამბობს, რომ რეპეტიციებს დიდი დრო მიაქვს, მაგრამ მხატვრული ლიტერატურისთვის რამდენიმე საათის გამონახვას მაინც ახერხებს. სამაგიეროდ, მუდმივად ეცნობა პროფესიულ ლიტერატურას.

- ახლახან მეუღლის რჩევით გოგოლის "შინელი" წავიკითხე.

ოთარ ჭილაძის შემოქმედება ძალიან მიყვარს და ქალბატონმა მანანა ბერიკაშვილმა "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" მომიტანა. მცირე ზომის ნაწარმოებებს ინგლისურ ენაზეც ვკითხულობ.

ლიტერატურული პერსონაჟებიდან დიდი სიამოვნებით ვიძმაკაცებდი არამისთან. ის არ არის უბრალოდ მამაცი პიროვნება. "სამი მუშკეტერი" ხელმეორედ რომ წავიკითხე, არამისში ბევრი ისეთი თვისება აღმოვაჩინე, რომელსაც მანამდე ყურადღება ნაკლებად მივაქციე. ერთი პერიოდი ძალიან მინდოდა, მერკუციო მეთამაშა. ის არ არის უბრალო ყოჩი ბიჭი, რომელსაც ჩხუბი უყვარს. ინტელიგენტია, ცოტათი არისტოკრატიული, თავმომწონე, განათლებული და თავდაჯერებულია. მგონია, რომ მასთან მეგობრობა ძალზე საინტერესო იქნებოდა.

ქალი პერსონაჟებიდან რომელი შემიყვარდებოდა? დავფიქრდები (პაუზის შემდეგ), სპექტაკლებში მოსიყვარულე, რომანტიკული გმირის თამაში არაერთხელ მომიხდა. საკმარისი არ არის მხოლოდ გიყვარდეს, ურთიერთობაში სხვა სიღრმეა საჭირო. ძალიან მომწონს მილედი, საინტერესოა.

მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვთამაშობ სპექტაკლში "აურზაური არაფრის გამო", ამ პიესაში ბეატრიჩე ძალზე საინტერესო პერსონაჟია. მიზიდავს იმით, რომ არ არის ქალური. ნაზი, ჩემი აზრით, იმ ხასიათში, რომელიც ბეატრიჩეს მსგავს ქალებს აქვთ, ყველაზე მეტად ჩანს სინაზე და ქალურობა. გვერდით ერთი შეხედვით, "კედელი" რომ დგას, გულსა და გონებაში უფრო მეტი სიღრმე აქვს, ვიდრე ლამაზ გოგოს, რომელსაც უბრალოდ შეხედავ, მოგეწონება და მეტი არაფერი დაგაინტერესებს.

- "იმდენად მარტოსული იყო, იმდენად თავისებური და განსხვავებული, მასთან დაახლოება და გაშინაურება, მისი შეცნობა და გაცნობა, შეუძლებელი იყო. ჩაუწერია კიდეც: "თქვენ რომ გგონივართ, ის არ ვარო", - ვკითხულობთ ვახტანგ ჯავახაძის წიგნში, რომელიც ერთ ქართველ პოეტს ეძღვნება. დაასახელე ეს პოეტი.

- "თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარო", ჩემთვის ეს სიტყვები ძალზე ნაცნობია.

- მიგანიშნებ, ვახტანგ ჯავახაძემ მას წიგნი "უცნობი" მიუძღვნა.

- ვერ ვხვდები.

- მეორე მინიშნებას გეტყვი, ის პოეტი ამბობდა: ანგელოზი მკარნახობს, თორემ ლექსების წერისთვის სად მცალიაო".

- მივხვდი, გალაკტიონზეა ლაპარაკი.

- რამდენიმე წლის წინ ლონდონში კრისტის აუქციონზე 1912 წელს გამოშვებული პლაკატი 12 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ პლაკატით ყველას სასიამოვნო და უსაფრთხო მოგზაურობაში ეპატიჟებოდნენ. სად?

- არ ვიცი.

- მერე ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, ფილმიც არის გადაღებული.

- "ტიტანიკი".

- რა ჰქვია ბრიყვულად გაწეულ სამსახურს, რომელსაც განზრახული სიკეთის ნაცვლად ზიანი და უსიამოვნება მოსდევს? ეს გამოთქმა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კრილოვის იგავ-არაკი "დათვი და მეუდაბნოე" გამოქვეყნდა.

- დათვური სამსახური.

- "მარცხდებოდი და მაინც მუდამ მწვერვალზე იდექი, შენ არასდროს კარგავდი სიმაღლის გრძნობას, ამისთვის გემდუროდნენ, ამისთვის გებრძოდნენ, ვერ იქნა და ვერ დაგაჩოქეს. ბევრს სადიდებლად ეყოფა შენი დამარცხებული სპექტაკლები. შენ კი მუდამ მწვერვალებისკენ გეჭირა თვალი. ზოგჯერ ისე ამაყადაც, რომ ჩემთვის ვფიქრობდი, დამთავრდა, ის ახლა განდიდებისგან მოკვდება, მაგრამ არ მესმოდა, შენ იმ წუთშიც ისეთივე თავნება ბავშვი იყავი, როგორიც მაშინ, ეგზარქოსის პატივსაცემად რომ არ იმღერე: "წვეთი სისხლიც არ არის ჩემში არაქართული", - წერდა მაყურებელი ერთ-ერთ ქართველ რეჟისორს. დაასახელე ეს რეჟისორი.

- ორი სავარაუდო პასუხი მაქვს.

- მიგანიშნებ, ეს რეჟისორი რეპრესიების...

- ...(მაწყვეტინებს) სანდრო ახმეტელი.

- ვინ იყო მსოფლიოში პირველი მილიარდერი?

- არ ვიცი.

- როკფელერი. ის ახალგაზრდობაში ამბობდა: "ორი დიდი სურვილი მაქვს, გამოვიმუშაო მილიონი და ვიცხოვრო 100 წელი". აისრულა თუ არა მან ორივე სურვილი?

- მილიარდი გამოიმუშავა, 100 წელი იცოცხლა თუ არა, არ ვიცი..

- 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ძაღლის ჯიში, სად გაჩნდა, უცნობია. ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო იყო ინდოეთი, საიდანაც მოხვდა საბერძნეთში, იუგოსლავიაში... დიდი ხნის მანძილზე ნაკლებად პოპულარული იყო. ინტერესი 1960 წლიდან დისნეის მულტფილმის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა. რომელი ჯიშის ძაღლზეა ლაპარაკი?

- დალმატინელზე.

- ინგლისში მდებარე ეს უნიკალური სამეფო რეზიდენცია 600 ოთახისგან შედგება და მასში განთავსებული ხელოვნების ნიმუშები, მსოფლიოს მრავალი ცნობილი მუზეუმისთვისაც კი დიდი ფუფუნებაა. რომელ სასახლეზეა ლაპარაკი?

- ბუკინგემის სასახლეზე.

- იზაბელა, საფერავი, ალექსანდროული, ცოლიკაური - ვაზის ამ ჯიშებიდან, რომელს არ აქვს შავი ნაყოფი?

- ცოლიკაურს.

- რამდენ წელიწადში ერთხელ იმართება ნობელის პრემიით დაჯილდოება?

- არ ვიცი.

- წელიწადში ერთხელ. რომელი რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს კურორტი ბახმარო?

- გურიაში.

- რეგიონი არ მიკითხავს.

- ერთი წამი მადროვე, გზას გავყვები (პაუზის შემდეგ), ჩოხატაურშია.

- ვინ არის ავტორი ლექსისა "გოგოვ გნახე ფეხშიშველი"?

- არ ვიცი.

- ვაჟა-ფშაველა. რას უწოდა ლენინმა "გაზეთი ქაღალდისა და დისტანციის გარეშე"?

- ანუ ამბებს გეუბნება ქაღალდის გარეშეო? რადიოს, არა?

- დიახ. რა ერქვა ხევისბერი გოჩას შვილს?

- არ მახსოვს.

- ონისე. სადაური ავტომწარმოებელი ფირმაა "ჰიუნდაი"?

- კორეული.

- სად დაიბადა მარადონა?

- არგენტინაში. ფეხბურთზე რაც გინდა, ის მკითხე, ძალიან მიყვარს და სულ თვალს ვადევნებ.

- ეს გრანდიოზული მშენებლობა 1948 წლის 2 აგვისტოს დაიწყო და 1950 წლის 16 ივნისს დასრულდა. მეტალოკონსტრუქცია, რომელიც მშენებლობაზე დაიხარჯა, შეიძლება დედამიწის ეკვატორს ერთნახევარჯერ შემოავლო. რა აშენდა ამ წლებში?

- მარაკანას სტადიონი.

- ფეხბურთში წითელი და ყვითელი ბარათების გამოყენება რის გამო გახდა აუცილებელი და ეს წესი როდის შემოიღეს?

- (ფიქრობს) ეგ ნამდვილად არ მახსოვს.

- 1966 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისში არგენტინისა და ინგლისის ნაკრები გუნდების შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა. გერმანელმა მსაჯმა ერთ-ერთ ფეხბურთელს მოსთხოვა, მოედანი დაეტოვებინა. ფეხბურთელი მოედნიდან არ გავიდა, რადგან გერმანული ენა არ იცოდა და მსაჯის ნათქვამი ვერ გაიგო. ამის შემდეგ ფეხბურთში ახალი წესები გაჩნდა.

- ეს მართლა არასდროს დამავიწყდება. ფეხბურთს აქტიურად 1998-99 წლიდან ვუყურებ.

- სადაური იყო ეზოპე?

- ბერძენი.

- "მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,/ ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,/ როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,/ შენი ლამაზი გული მელოდეს", ვისი პოეზიიდან არის ეს სიტყვები?

- მირზა გელოვანი.

- რამდენი გქონია ხელფასი თუ 20%-ით გაზრდის და 20 ლარით შემცირების შემდეგ იგივე დაგრჩება?

- გამიზარდეს 20%-ით, მომაკლეს 20 ლარი და იგივე დამრჩა. რა გამოდის, 100 ლარი არ მქონია?

- რა თქმა უნდა. 1922 წელს, როცა ეს ცნობილი შოტლანდიელი გამომგონებელი გარდაიცვალა, მისი ხსოვნის პატივსაცემად, 1 წუთით შეწყდა ყველა სატელეფონო საუბარი. საინფორმაციო საშუალებები წერდნენ, რომ იმ დროს ამერიკაში 13 მილიონი ტელეფონი დუმდა. რომელი გამომგონებლის გარდაცვალებაზეა ლაპარაკი?

- სავარაუდოდ, ვინც ტელეფონი გამოიგონა.

- დიახ, ეს გამომგონებელი ალექსანდრე ბელი გახლდათ. კაბადოკია მისი უძველესი სახელია. სწორედ აქედან წამოვიდა წმინდა ნინო საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად. სად მდებარეობს ეს ისტორიული ადგილი?

- თურქეთში.

- "39 საფეხური", "რებეკა", "ჩიტები", "ადამიანი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა", "ფსიქო" - ვინ არის ამ ფილმების რეჟისორი?

- ალფრედ ჰიჩკოკი.

- კიბეს აქვს 9 საფეხური, შუაში რომ ვიყოთ, რომელ საფეხურზე უნდა დავდგეთ?

- მეხუთეზე.

- რომელ ქალაქში ემალებოდა გერმანელ ფაშისტებს ანა ფრანკი?

- ამსტერდამში.

- დაბოლოს, დაასრულე აგათა კრისტის ცნობილი გამონათქვამი: "ძალიან დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის..."

- ვერ დავასრულებ.

- "...ყოველთვის მართალია".

თამუნა კვინიკაძე