"ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ცხოვ­რე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ უნ­დო­და ..." გე­ლა ჩარ­კ­ვი­ა­ნი ოჯახსა და მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე - გზაპრესი

"ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ცხოვ­რე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ უნ­დო­და ..." გე­ლა ჩარ­კ­ვი­ა­ნი ოჯახსა და მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე

გელა ჩარკვიანს მოგზაურობის თემაზე სასაუბროდ დავუკავშირდი და სხვადასხვა ქვეყნიდან გამოყოლილი შთაბეჭდილებების გარდა, ბოლოდროინდელ სიახლეებზე, თავის წიგნებზე, ირაკლისა და მის შვილებზე გვესაუბრება:

მოგზაურობა და მისი მთავარი კომპონენტები

- მოგზაურობა ახლა უკვე ბევრისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ინტერნეტმა კი ისეთი სიტუაცია შექმნა, შეგიძლია სახლში იჯდე და ყველაფერი ნახო. ჩემს დროში მოგზაურობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კულტურის საჭირო ელემენტების გადმოღების თვალსაზრისით. მარკო პოლო ჩინეთიდან 25 წლის შემდეგ დაბრუნდა და ევროპას ჩინური ცივილიზაცია გააცნო. რომ არა მისი წიგნი, ვერაფერს გაიგებდნენ, რადგან სხვა ტექნოლოგიური საშუალებები არ არსებობდა.

მოგზაური არ ვიყავი, თუმცა, ბევრგან ვარ ნამყოფი, უმეტესად, მივლინებაში მგზავნიდნენ. აშშ-ში 40-ჯერ ვარ ნამყოფი, ევროპის ყველა ქვეყანაში არაერთგზის, ასევე ავსტრალიაში, ტაილანდში, ზოგან კი - არც ერთხელ.

მოგზაურობისას ჩემთვის რამდენიმე რამაა საინტერესო - ბუნება, არქიტექტურა, რადგან პროფესიით არქიტექტორი ვარ, ქუჩის ატმოსფერო, სამზარეულო და სასმელი. ამ თვალსაზრისით, ყველა ქვეყანა სხვადასხვაგვარად საინტერესოა. ბუნების თვალსაზრისით კი ჩემთვის ყველაზე გამორჩეული სვანეთია. პირველად უშგულში 1990 წელს ავედი, ჩარკვიანების გვარი წარმოშობით იქიდანაა. ამას წინათ გამოაცხადეს, ჩარკვიანების კოშკი ჩამონგრეულაო და ძალიან არ მესიამოვნა.

გეოგრაფიული გადაცემა კულტურებზე

- მოგზაურობაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ გადაცემა, რომელიც 18 წლის განმავლობაში - 1976 წლიდან 1994 წლამდე მიმყავდა პირველ არხზე - "გლობუსი". ჩემამდე, მისი წამყვანი გეოგრაფი გახლდათ და გადაცემაც გეოგრაფიული იყო, მე კი გადავწყვიტე, აქცენტი ქვეყნების კულტურაზე, მათ განსხვავებულობაზე, ურთიერთგავლენაზე გამეკეთებინა და ბევრ ადამიანს, ვინც ჩემს გადაცემებს უყურებდა, ეგონა, რომ ყველა იმ ქვეყანაში ვიყავი ნამყოფი - მთელი მსოფლიო გაქვთ მოვლილიო, მეუბნებოდნენ (იცინის). მე კი ამ ყველაფერს ლიტერატურაზე დაყრდნობით ვამზადებდი, აბა, იმდენი მოგზაურობის საშუალება სად ჰქონდა ტელევიზიას ან ვინ გაგიშვებდა?

ერთმანეთის მსგავსი ქალაქები

- ევროპის ქვეყნებს დავარცხნილ ქვეყნებს ვეძახი, ცხოვრების სტანდარტი მაღალია და მათ შემდეგ სხვაგან რომ მიდიხარ, ამ დიდ განსხვავებას აშკარად გრძნობ. ეს შტატებსაც ეხება. მახსოვს, იქიდან მექსიკაში რომ ჩავედი, მეხამუშა. ევროპაში სულ სხვა ცივილიზაციაა. პატარა ქვეყნები, მაგალითად, ლუქსემბურგი, ბელგია, დანია ძალზე კომფორტულია, ჰავაც კი - არც ცივა, არც ძალზე ცხელა. არქიტექტურისა და ატმოსფეროს თვალსაზრისით ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ნიუ-იორკმა, მანჰეტენზე პირველმა გავლამ. აბსოლუტურად სხვა ცივილიზაციაა. დღეს ამგვარი რაღაცები - ცათამბჯენები, სხვაგანაც არსებობს. შანჰაიში მანჰეტენივით შენობები სულ რამდენიმე წელიწადში აშენდა. იგივეა, ტოკიოში. მართალია, ითვლება, რომ იაპონელებმა თავიანთი კულტურა კარგად შეინარჩუნეს და ამავე დროს, დასავლური ტექნოლოგიებიც აითვისეს, მაგრამ ტოკიოში, გინზაში ყოფნისას გგონია, მანჰეტენზე ხარ (იცინის). ეთნოგრაფიული ელემენტები, გლობალიზაციის მიუხედავად, ყველა ქვეყანაშია შემორჩენილი. საერთოდ, განსაკუთრებული შიში გლობალიზაციისა გამართლებულად არ მიმაჩნია. კულტურული დიფუზია ახალი ამბავი არ არის, ყოველთვის ხდებოდა.GzaPress

ზღაპრიდან "გადმოსული" ინდოეთი

- ინდოეთი დამამახსოვრდა. 1968 წელს, პირველად გავფრინდი ინდოეთში და მთვარიან ღამეში უცებ ჰიმალაის ქედი მთლიანად დავინახე. მონუსხულივით შევცქეროდი, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მოგზაურობისას დიდი მნიშვნელობა აქვს წინასწარ შეძენილ შენს ცოდნას. ჩემთვის ინდოეთი აბსოლუტურად სხვა სამყარო იყო. მეხსიერებაში ზღაპარივით ჩამრჩა. მახსოვს, კალკუტაში ხალხს ქუჩაში ეძინა და ასეთი რამ პირველად ვნახე. ქალებს იქ ძირითადად სარი ეცვათ, ევროპული ტანსაცმელი ნაკლებად. მაშინ ასე იყო. ქუჩაში ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა, ნახავდით, მაგალითად, ფაკირებს, რომლებიც სხედან და კობრას აცეკვებენ, როგორც ზღაპარშია, შთაბეჭდილება საოცარია, რადგან ჩვენ ყველა ზღაპრებით ვიზრდებით და მერე, უცებ ამას რეალობაში ხედავ. სხვათა შორის, იქ ქალაქებში რაიონები იყო, სადაც მაიმუნები ცხოვრობენ. მახსოვს, ერთი მაიმუნი მათხოვრობდა კიდეც (იცინის), ხელი გამომიშვირა და რაღაცას მთხოვდა. ინდოეთმა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. იქ ჩაის საკითხებზე ვიყავით ჩასული და ბევრი რამ შევისწავლეთ. ჩაი ინდოეთში შემიყვარდა, მანამდე არ ვსვამდი.

"სამი თბილისი" ძველი და ახალი შენობებით

- ამ ზომის ქალაქებზე თუ ვისაუბრებთ, თბილისი ერთ-ერთი ულამაზესი და გამორჩეულია. იმ მშენებლობებით, რაც დღეს აქაა, აღშფოთებული არ ვარ, მაგრამ ნამდვილად არ მომწონს, თუკი ეს ძველ ქალაქსა და ცენტრალურ ქუჩებს შეეხება. მაგალითად, "იმელის" უკან რომ შენობაა, ჩემთვის ცოტათი მიუღებელია, სხვაგან - კი, ბატონო, ყოფილიყო. ურბანიზებული თბილისი მომწონს. ჩემი აზრით, სამი თბილისი უნდა იყოს - ძველი, XIX-XX საუკუნის და ძალიან თანამედროვე თბილისი. ახალ შენობებს კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია აქვთ - საბჭოთა დროს აშენებული ცუდი დასანახი საცხოვრებელი სახლები უნდა გადაფარონ და დამალონ. იმათ რომ ვუყურებ, გული მიწუხს. მოკლედ, თუკი, ქალაქის იერსახეს აშკარად არ ამახინჯებს, რაც მეტი გაკეთდება თბილისში, მით უკეთესი, გამიხარდება.

- რომელ ქალაქს შეადარებდით თბილისს?

- მიფიქრია ამაზე. ქვებექ სიტის, კანადაში, აშშ-ში - პიტსბურგს, იქაცაა ფუნიკულიორი და რესტორანი, ოღონდ უფრო დაბალზე. პანორამული რელიეფი სან-ფრანცისკოსაც აქვს.

ფარული მზერა და "კოსიაკით" გამოხატული ინტერესი

- სხვადასხვა ქვეყანაზე საუბრისას და მოგზაურობისას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანების გამომეტყველებას. მაგალითად, ნიუ-იორკში, ტოკიოში ხალხს გაუცხოებული გამომეტყველება აქვს. საერთოდ, ულტრათანამედროვე ქალაქებში ასეა, არავინ გიყურებს, ნაკლებად წინწასულ ქალაქებში კი გიყურებენ (იცინის). ირანში, მეშხედში რომ ვიყავი, ქალაქში გამოვედი და ყველა მიყურებდა. ერთ რამ არ გავითვალისწინე: ირანში ისლამური რევოლუციის შემდეგ, მამაკაცები ჰალსტუხს არ იკეთებდნენ, მე კი ფერადი ჰალსტუხი მეკეთა (იცინის). მეშხედში ყველა შავებში შემოსილი იყო, ქალებიც, თუმცა, ცნობისმოყვარეობა არ აკლდათ და ინტერესით იყურებოდნენ (იცინის). მაშინ შედარებით ახალგაზრდა ვიყავი და უფრო შემეხედებოდა კიდეც (იცინის). სამხრეთის ქვეყნებში უფრო გრძნობ ყურადღებას, ჩრდილოეთის ქვეყნებში უფრო შეფარვით გიყურებენ, შენ ამას ვერც ამჩნევ. მერე აღმოაჩენ, რომ შეუმჩნევიხარ. ქალი აქ ერთ წამზე მეტხანს არ გიყურებს, რადგან დიდხანს თვალებში ყურება უტაქტობად მიიჩნევა. სხვათა შორის, მანდილოსნები მოსკოვის ქუჩებში უფრო ინტერესდებიან. ქალი როცა ჩაგივლის და ბოლომდე თვალს არ გაშორებს, ამას "კოსიაკი" ჰქვია და რაღაცას ნიშნავს.

ოჯახური დასვენება და მივლინებები ედუარდ შევარდნაძესთან ერთად

- როცა შევუღლდით, მე და ნანა ჩემს სოფელში - ქორენიშში წავედით. დიდი ფული არ გვქონდა, თანაც, მარტო გვინდოდა ყოფნა და 10-12 დღე იქ გავატარეთ, მერე მამაჩემი და სხვებიც შემოგვიერთდნენ. კარგი დრო იყო. ჩვენი სახლის გარშემო სიმინდი იყო დარგული და ქარი რომ დაუბერავდა, შრიალებდა, ნანას კი ეშინოდა, ეგონა, ვიღაც მოდისო, მეც გამოვიღებდი ბაბუაჩემის თოფს და ასე დავდგებოდი ხოლმე (იცინის). ამის გამო, ღამე თითქმის არ გვეძინა და დილისკენ თუ ჩაგვეძინებოდა. ახლა ესეც კარგი გასახსენებელია. ზაფხულში, შვილებთან ერთად, ყოველთვის წყნეთში დავდიოდით, ლიკანში, საგზურებს გვაძლევდნენ, საკუთარი აგარაკი არ გვქონდა. მერე ზღვაზე მივდიოდით, უფრო - გაგრაში. კარგად ვისვენებდით. საბჭოთა პერიოდში საზღვარგარეთ მოგზაურობა, მით უმეტეს, მეუღლესთან ერთად, ზღაპარი იყო. სულ ეშინოდათ, იქ არ დარჩენილიყავი. ვინ გაგიშვებდა? ტურისტულად მხოლოდ ერთხელ, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვიყავით. შევარდნაძესთან მუშაობის პერიოდში ბევრს ვმოგზაურობდით. საუკეთესო სასტუმროებში ვცხოვრობდით, თავისუფალი დრო ნაკლები გვქონდა, მაგრამ ერთ დღეს მაინც ყოველთვის ვუთმობდი ქალაქის დათვალიერებას.

"ირაკლის სულ სახლში დაბრუნება უნდოდა"

- სამოგზაუროდ ერთად არ ვყოფილვართ საზღვარგარეთ. ერთხელ დამხვდა გერმანიაში. მოსკოვში უკვე არეული ჰქონდა ურთიერთობა ყოფილ მეუღლესთან და დამირეკა, წასასვლელი არსად მაქვს, გერმანიაში ჩავალ და ცოტა ხანს "ვიბრადიაგებო". პრინციპში, "ბრადიაგობა" შემოქმედებით ადამიანს რაღაცას აძლევს, ჯეკ ლონდონი, მაქსიმ გორკი "ბრადიაგობდნენ", ამიტომაც, არაფერი ვუთხარი. მეგობარ გოგონასთან ერთად იყო. რაღაცით ხომ უნდა გაეტანათ თავი და ალბათ ეს "ბრადიაგობა" იმაში გამოიხატებოდა, რომ რომელიმე რესტორანში მივიდოდნენ, დაუკრავდნენ, იმღერებდნენ და ამაში გასამრჯელოს აიღებდნენ. მე რომ ჩავედი, დამირეკა და ინგლისურად მელაპარაკა, მეორე დილით მომადგნენ - ირაკლი, ეს ქართველი გოგონა, ერთი ინდოელი ბიჭი და ერთიც - სომეხი. ვისაუბრეთ. ცივილიზებულ ცხოვრებაში დაბრუნება არ უნდოდა, ისევ იმ ცხოვრების გაგრძელება სურდა. რესტორანში შევიყვანე, ყავა დავალევინე და მერე, ჩემივე მანქანით, რომელიც მემსახურებოდა, ავტოსტრადაზე გავიყვანე, დიდ თეთრ ქაღალდზე ბერლინი ეწერათ, სადაც ავტოსტოპით უნდა წასულიყვნენ. ირაკლი მხოლოდ მანდ მყავს ნანახი საზღვარგარეთ. ლონდონში რამდენჯერმე იყო, თუმცა, საერთო ჯამში, მას ბევრი არც უმოგზაურია, აშშ-ში, მგონი არც იყო ნამყოფი. ირაკლი დიდხანს ვერსად ჩერდებოდა, რაღაც პერიოდის მერე, სულ სახლში დაბრუნება უნდოდა. ორი თვე რომ გავიდოდა, რეკვას იწყებდა, ვხვდებოდი, რომ მალე გამოჩნდებოდა.

"ბლექ სი არენაზე" კონცერტის ჩატარება ზაზა შენგელიასა და აჩიკო გულედანის იდეაა, მათ მითხრეს ამის შესახებ. 15 აგვისტო საზღვაო სეზონის პიკია, იქ ბევრი ხალხია და ჩემთვის მხოლოდ სასიხარულოა, როცა ირაკლისთან დაკავშირებული კონცერტები ტარდება. მით უმეტეს, როდესაც მის ნაწარმოებებს სხვები ასრულებენ. ირაკლის მუსიკა და ლიტერატურა ინტერპრეტაციას ექვემდებარება, მრავალი შრე აქვს და ყველა თავისებურად აღიქვამს. მის ნაწერებს როცა ვკითხულობ, ყოველ ჯერზე რაიმე ახალს აღმოვაჩენ ხოლმე.

გაგიკვირდებათ და ლონდონში შემხვედრია ისეთი ქართველები, რომლებმაც არც ენა იცოდნენ, არც რაიმე კავშირი ჰქონდათ დასავლეთთან და ასეთი ადამიანები მეუბნებოდნენ, აქედან წამსვლელი და იქ დამბრუნებელი არ ვარო, - არ მინდა იქანაო... დასავლეთი მთელი თავისი დადებითი მხარეებით ძალიან ახლოა ჩემთან, მაგრამ ცხოვრებაში აზრად არ მომსვლია, იქ სამუდამოდ დავრჩენილიყავი. როცა ვიღაცას ეკონომიკურად უჭირს და ოჯახს ინახავს, ეს სხვა თემაა.

გვარის ერთადერთი გამგრძელებელი - მაქსიმე ჩარკვიანი და პატარა ნანასთვის დაწერილი სიმღერები

- მაქსიმესთან, რა თქმა უნდა, მაქვს კავშირი. 31 წლისაა, მუშაობს, კლიპებს აკეთებს. მაქსიმეს ადრე ქართველი მეუღლე ჰყავდა, ახლა დაოჯახებული არ არის, თუმცა, ძალიან მინდა, ეს ნაბიჯი გადადგას, გვარის ერთადერთი გამგრძელებელი სწორედ ისაა. რაც შეეხება პატარა ნანას, ისეთ ასაკშია - 14 წლისაა, ახლა უნდა დაიწყოს შემოქმედებითი აქტივობა. ახალ სკოლაში გადავიდა - ამერიკულ აკადემიაში. იქ სერიოზული სწავლებაა. როცა ლონდონში ვცხოვრობდით, იქაურ სკოლაშიც ძალიან მოსწონდათ პედაგოგებსა და თანაკლასელებს. აქტიური ბავშვი იყო. სიმღერაზე ირაკლისავით გადარეული არ არის. ორი სიმღერა მაქვს მისთვის მოფიქრებული და მინდა, ჩემთან ერთად იმღეროს. პატარაობისას რაც ვიმღერეთ, იმის ჩანაწერიც არსებობს ტელევიზიაში. მერე, რატომღაც მიანება თავი და ახლა დიდი სურვილი მაქვს, ისევ მოინდომოს.

თამთა დადეშელი