ავთანდილ ცქვიტინიძე - "ყოველთვის ეტყობა ადამიანს, რა აქვს მიწებებული..." - გზაპრესი

ავთანდილ ცქვიტინიძე - "ყოველთვის ეტყობა ადამიანს, რა აქვს მიწებებული..."

"არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან უხდებათ მასიური, გადატვირთული აქსესუარები, ზოგიერთს კი პირიქით, რაც უნდა მცირე ზომის აქსესუარი ეკეთოს, თითქოს ზედმეტია... ამ შემთხვევაში, ადამიანს თუ ძალიან უყვარს აქსესუარი, ალბათ, მინიმალურად უნდა გამოიყენოს! ყველას ყოველთვის ეტყობა, რა აქვს მიწებებული, რადგან ის ვერანაირად ვერ ჯდება მის ვიზუალურ და სულიერ ჰარმონიაში", - ამჯერად, დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე გვესაუბრება საკუთარ გემოვნებაზე...

- ძალიან ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. რომლებია თქვენთვის უფრო მიმზიდველი?

- ყველა ქვეყანას თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს... როცა პირველად ვიყავი რომში, მგონი, იქ ყველაფერი შემიყვარდა. აბსოლუტურად სხვა ემოციები მქონდა ვენეციაში. ხომ ორივე ერთი ქვეყანაა, მაგრამ სულ სხვადასხვა შთაბეჭდილება დამრჩა... "ჩემი" ქალაქი პარიზია! მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებრივი ურთიერთობებით დაიწყო - ჩვენებებით, შოურუმებით, შეგუება დამჭირდა მილანთან! იქაც მაქვს "ჩემი" კუთხეები, მაგრამ არის მომენტები, როდესაც შენს თავს იჭერ იმაში, რომ სხვაგან ყოფნა უფრო გიხარია... როდესაც პირველად ვიყავი ნიუ-იორკში, ვიგრძენი, იქ ჩემთვის ძალიან ბევრი ემოცია იყო, მაგრამ რამდენიმე ჩასვლის შემდეგ მივხვდი, ნიუ-იორკი ჩემთვის ბევრია, ის ჩემი არ არის!

ძალიან მინდა, იაპონიაში გემრიელად წავიდე და არა - ოთხი-ხუთი დღით. ჩემთვის ძალიან საინტერესო ქვეყანაა... საერთოდ, მიყვარს, საზღვარგარეთ მომზადებული რომ მივდივარ. ამას მაშინ უფრო ვახერხებ, როდესაც ოჯახის წევრებთან ერთად, დასასვენებლად მივემგზავრები. არ მიყვარს ქვეყნის მხოლოდ ტურისტის თვალით ცქერა და ადგილობრივებს ყოველთვის რაღაცას ვეკითხები. უცხო ქვეყანაში პირველი ჩასვლა ყოველთვის ტურისტულია, არ ხარ ადაპტირებული და თითქოს, ინერციით მოქმედებ, აუცილებლად სანახავი ადგილები უნდა დაათვალიერო, მეორე ჯერზე და შემდეგში უკვე რაღაც "შენსას" ეძებ. GzaPress

- რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება? როგორ ფიქრობთ, სად ცხოვრობენ ყველაზე გემოვნებიანი ადამიანები?

- არ შეიძლება ამ კუთხით თემის განხილვა ქვეყნების მიხედვით... ვერ ვიტყვით, რომ თუნდაც საქართველოში, ყველა გემოვნებიანია. ქვეყანაში ყველა საუკეთესოდ ჩაცმული ვერ იქნება და ეს არც არის სავალდებულო... მილანსა თუ პარიზში, ყოველთვის მოდის კვირეულების დროს მიწევს ჩასვლა და შესაბამისად, იქ განსაკუთრებულად გამოწყობილ ხალხს ვხედავ, თუნდაც, კაფეებსა და ქუჩებში... ეს მოდის კვირეულის დროს ხდება, თორემ სხვა პერიოდში ასე ვერ იქნება! და კიდევ, დაკვირვებული ვარ, რომ მაგალითად, თუ მილანში ის აცვიათ, რაც კონკრეტულად იმ სეზონზეა აქტუალური, ლონდონში უფრო ეტყობათ ინდივიდუალურობა და სითამამე ჩაცმაში.

- ამბობენ, რომ თბილისში ადრე უფრო გემოვნებიანად იცვამდნენ...

- ვერავის დავეთანხმები, თითქოს ჩაცმის კულტურას რამე დააკლდა საქართველოში! გემოვნებაში ნამდვილად არ მოვიკოჭლებთ! ასე მგონია, ქართველების 90 პროცენტი დახვეწილი და პრეტენზიული იბადება! როცა პრეტენზია გაქვს საკუთარ თავთან, ყოველთვის ცდილობ, რისი შესაძლებლობაც გაქვს, იმის მაქსიმუმი გამოიყენო! ძალიან მომწონს ქართველების გემოვნება, განსაკუთრებულად - ახალგაზრდების! მომწონს რომ ვხედავ, ბიჭებმაც დაიწყეს თავის მოვლა! თავის მოვლაში ვგულისხმობ ვარჯიშს, თანამედროვე ჩაცმულობას და იმის გაცნობიერებას, რომ ეს ყველაფერი არ "ტეხავს"...

- მათ რაიმეს ხომ არ ურჩევდით?

- არ მიყვარს რჩევების მიცემა იმიტომ, რომ თავადაც არავის რჩევას არ ვითვალისწინებ!

- როგორი სახლია თქვენთვის საცხოვრებლად სასიამოვნო?

- ამ შემთხვევაში, დიზაინს არა აქვს მნიშვნელობა! მთავარია, სახლში იყოს დადებითი აურა და სუფევდეს ის ატმოსფერო, რაც ოჯახის წევრებს კრავს. მოწონებით შეიძლება, ბევრი რამ მომწონდეს, მაგრამ ყველას თავისი საკუთარი გემოვნება აქვს. კარგია, როცა ჩართული ხარ სახლის მშენებლობაში, ინტერიერის მოწყობაში და ნივთების შეძენაშიც მონაწილეობ... ისე, საკუთარ თავს ვატყობ, რომ მომწონს სინთეზი - ძალიან თანამედროვე და ძალიან კლასიკურის. მომწონს ნივთები ისტორიით, ოღონდ, არ უნდა იყოს ძალიან ბევრი!

- როგორი მანქანები მოგწონთ?

- ეს ის თემაა, რომელშიც აბსოლუტურად ვერ ვერკვევი! არ მაქვს რაღაც მანიაკალური გადახრა, რომ მანქანები ხშირად უნდა ვცვალო! თუმცა, მხოლოდ გადაადგილების საშუალებაც არ არის! ავტომობილში კომფორტულად და დაცულად უნდა ვიყო. ალბათ, ამიტომაც მომწონს დიდი მანქანები. სპორტული ტიპის და დაბალი მანქანები დაძაბულობას იწვევს ჩემში.

- დასვენების სეზონია... რომელია თქვენთვის უფრო კომფორტული - მთა თუ ზღვა?

- ჩემთვის მნიშვნელოვანია, კარგად დავისვენო და რაღაც პერიოდი მოვწყდე მუდმივ ურთიერთობებს. დაღლას ვერ დავარქმევ, მაგრამ ასეთი ურთიერთობებით ადამიანი დაცლილი ხარ და გჭირდება აბსოლუტური გათიშვა რეალობისგან, რათა ენერგია მოიკრიბო... ჰარმონიაში უნდა იყოს - ოჯახი, სამსახური, კოლექციები, ურთიერთობები... ძალიან მიყვარს უშუალო ურთიერთობები და ამას დიდი ენერგია მიაქვს! ამიტომ ისე უნდა დავისვენო, რომ კარგად გამოვიძინო და არ მქონდეს განსაკუთრებული აქტივობები. დასვენება ჩემთვის არ არის გართობა! როცა ვისვენებ, მინდა, ყველაფერი ლამაზი იყოს, მშვიდი და კომფორტული - ამით ვიღებ ენერგიას!

- საქართველოში ამის საშუალება რამდენად გეძლევათ?

- ძალიან იშვიათად ვისვენებ საქართველოში! აქ დასვენება უკვე დისკომფორტია, ურთიერთობებს იწვევს... არ მინდა მკითხველმა ცუდად გამიგოს, მაგრამ როდესაც პერსონის მიმართ დიდი ინტერესია, ადამიანებს ვერ ეტყვი, ახლა თქვენთვის არ მცალია, დასვენება მინდაო... ურთიერთობების მხრივ, წლის ნებისმიერ სეზონზე ძალიან გახსნილი ვარ (რაც ჩემი ერთგვარი პრობლემაც არის), მაგრამ როცა ვისვენებ, მსურს, ყველაფერს მოვწყდე და ამის უფლება ყველა ადამიანს აქვს!

- კულინარიაზე ვისაუბროთ... რომელი ქვეყნის სამზარეულოა თქვენთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი?

- ბავშვობასა და სტუდენტობაში თავადაც ვამზადებდი სხვადასხვა კერძს, შემდეგ უკვე ვეღარ და აღარ!.. ძალიან მიყვარს გემრიელი საჭმელი და ამ შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის სამზარეულოა. გააჩნია, რა განწყობაზე და რა ტიპის დიეტაზე ხარ! ვიკვებები ჯანსაღად, ზომიერად და წონას მუდმივად ვინარჩუნებ. არ ვაძლევ თავს უფლებას, მოვეშვა.

- როგორი წიგნები მოგწონთ?

- ბავშვობაში ამ მხრივ, თითქოს სტანდარტია და ყველას ერთნაირად აქვს საყვარელი წიგნები, რადგან თავად არ წყვეტ, რა უნდა წაიკითხო... შემდეგ რაღაც უფრო გიტაცებს. ახლა ჩემი შვილის თაობას თანამედროვე ლიტერატურა აქვს, რომელმაც ძალიან შეცვალა მათი მსოფლმხედველობა. მე მაგალითად, დაახლოებით 13 წლამდე, ჩემით არ ვეძებდი, თუ რა უნდა წამეკითხა. იყო სტანდარტი: "ბურატინოს თავგადასავლიდან" დაწყებული, ზღაპრებისა და სავალდებულო საკითხავი წიგნების ჩათვლით. მე კი კითხვას ხატვა მერჩივნა... შემდეგ ძალიან გამიტაცა დეტექტივებმა. ჩემი პირველი შეხება დეტექტივთან აგათა კრისტის ნაწარმოებები იყო. მერე გადავერთე კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებებზე. მისი წიგნები რამდენჯერმე წავიკითხე და დავიწყე რაღაც ფრაზების ამოღება, ჩანიშვნა... ბოლო დროს ძალიან გამიტაცა ცნობილი ხალხის ბიოგრაფიებმა. მომწონს, როცა ვკითხულობ, თუ როგორ დაიწყო და განვითარდა მათი ცხოვრება. დიზაინერია, მხატვარი თუ ფილოსოფოსი - ყველა მაინტერესებს, მერე კი ჩემსა და მათ ისტორიას შორის პარალელებს ვავლებ... ალბათ, ის ასაკი დამიდგა, როდესაც ადამიანს ძალიან მოსწონს ბიოგრაფიების კითხვა.

მანანა გაბრიჭიძე