"ამ ქვეყანაში აღარც სიყვარული და არც სიკვდილი აღარ მინდა" - გზაპრესი

"ამ ქვეყანაში აღარც სიყვარული და არც სიკვდილი აღარ მინდა"

მუსიკისა და დრამის თეატრის წამყვანი მსახიობი, პოეტი, მხატვარი, "უასაკო" ხელოვანი, "მარტოსული" პირველი უიღბლო ქორწინებისა და უკანასკნელი სიყვარულის მერე - ქალბატონი მარინა ჯოხაძე საინტერესო რესპონდენტია...

მასზე დავით დოიაშვილი ამბობს: "მარი, გარდა იმისა, რომ გამორჩეულად ნიჭიერი მსახიობია, რასაც აკეთებს, ყველაფერში სწორი და მართალია! ის განსაკუთრებული მეგობარი და ადამიანია, ამიტომაც იმსახურებს არა მარტო ჩემს, არამედ მაყურებლისა და გარშემო მყოფების პატივისცემას, სიყვარულს..."

მიუხედავად იმისა, რომ მისი სამყარო აბსურდული ცნებებითაა სავსე, მაინც ერთგულია იმის, რისი დანახვაც შეუძლებელია და მხოლოდ შეგრძნებაა შესაძლებელი.

კიბის თავში ღია აივნის კარია, რომელსაც აწერია: "არაჩვეულებრივი გამოფენა". აივნის კედლებიც წარწერებითაა მოხატული. მნახველს თვალი აუცილებლად გაექცევა ამ წარწერებისგან და უნებურად კითხულობ ფრაზას: "სანამ შემოხვალ, დაფიქრდი, ვინმეს სჭირდები?" საკუთარი ხელით ნაკეთები, ჰაერში დაკიდებული ლურჯი პაწია დარაბები, ვეებერთელა პეპი გრძელწინდა და ყირამალა თოჯინა - ჭერში (ვერმოსული სიყვარულის სიმბოლო). იქვე მინაწერია: "ადამიანს ვეძებ".

აივანის შუა ადგილას სახლის კარია და ისიც გულისწამღები მოტივებით სავსე: "მგონი, სახლში ვარ", "წახვედით? წადით!", "ისევ მოხვედით? უი", "ამაშია საქმე", "ერთი სიცოცხლეა", "მე მიყვარს ჩემი ცხოვრება".

გულის კარივით, სახლის კარიც გადაკეტილია, მაგრამ თუ შეხვალთ, მერე იწყება: დირიჟაბლები, თეატრალური წარმოდგენები, ათასი ფერი, მაკეტებად გაცოცხლებული ნაწყვეტები სპექტაკლებიდან... სალაპარაკო არაფერია. ხელისგულზე გადაშლილი წიგნივითაა ყველაფერი, წაიკითხავ და უკვე გესმის, რას ნიშნავს სახლის კედლებზე მიწერ-მოწერა, მონოლოგები, დიალოგები საკუთარ თავთან; "საით მიდიხარ", "მატყუარა", "მერე რა", "მენატრებისავით", "მე დავიკარგე", "ხანდახან მინდა ვერაფერს ვხვდებოდე", "ტკივილს ვეღარ გავუძლებ", "ჩემი სიგიჟე ხარ", "ძაღლი მეყოლება", "გათენდება?", "ისევ არვტყუვდები"...

კითხვის დასმაც არაა საჭირო, ისე იწყებს ლაპარაკს:

- მიუხედავად ამ თავბრუდამხვევი სისავსისა, მაინც სიცარიელეში ვცხოვრობ. ჩემი ერთადერთი ერთგული მეგობრის, "შაკოს" იმედად ვარ (და ძაღლიც ყეფით ადასტურებს თითქოს, რომ ის მისი დიდი მეგობარია. - ავტ.)

- და მეორე სახლში რა ხდება?

- სცენაზე დგომის ორმოცი წელი მოვითვალე. ის ჩემი ყოფითი ყოველდღიურობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომაც არასდროს ვფიქრობ, რომ ორ სამყაროში ვცხოვრობ...GzaPress

- თეატრში თქვენი გამოფენა როგორ მოეწყო?

- დოი, გარდა იმისა, რომ თეატრის ხელმძღვანელია, ყველა მსახიობის ტკივილისა და სიხარულის გამზიარებელია. მან იცის, ვინ რითი სუნთქავს. ჩემი შემოქმედებისა და ხელობის გამომზეურების ამბიცია არასოდეს მქონია და ასე, ერთ დღეს, სინამდვილიდან სინამდვილეში გადაიტანა ჩემი ყველა ამოსუნთქვა. ამ სიხარულის მონიჭებისთვის მისი მადლიერი ვარ, უზომოდ მადლიერი...

- თქვენ მიერ სცენაზე ნათამაშევი უთვალავი როლიდან, რომელია ყველაზე ახლობელი, თქვენს სათქმელს რომ ამბობს?

- "ქორო" ამბობდა (ალბერ კამიუს "ქალაქი ალყაში"): "ჩვენ სხვისი ბედნიერებითაც ვიამაყებთ..." აი, ესაა ჩემი სათქმელიც (იღიმის).

- საკუთარი არ გაგაჩნიათ?

- ხანდახან ვფიქრობ, პატრიოტიზმია ბედნიერება. ადამიანმა იცი, რომ საქმე, რომელსაც ემსახურები, ფუფუნების წყარო არც ყოფილა და ვერც ვერასდროს იქნება, მაგრამ მაინც არ გინდა გაექცე ამ რეალობას, რომელიც უფრო ბედისწერაა, ბედისწერის ერთგულება კი საკუთარი თავის ერთგულებაცაა. მერე რა, რომ ამ ქვეყანაში აღარც სიყვარული და აღარც სიკვდილი აღარ მინდა...

- ადამიანს ვეძებო, - დაგიწერიათ. საინტერესოა, ვინ დაკარგეთ?

- სიყვარული უსასრულოა და უთარიღოც. ჰოდა, არ მინდა დავკონკრეტდე. მთავარია, უკვე მივხვდი, ის ადამიანები, ვინც არ ერიდებიან შენს გულის ტკენას, სიჩუმით უნდა მოკლა. ჩემი აზრით, ასეთებს სიტყვითა და ხმაურით უფრო მეტად გააძლიერებ...

- თქვენი ყოველი პასუხი მონოლოგს ჰგავს.

- "და როგორც უნდა შევეცადოთ სულის შევსებას,/ ადამიანი, სულ ყოველი მარტოსულია,/ ფიქრი, რომელიც ჩვენთვისაც კი დაფარულია,/ მაინც გვახსენებს, რომ მარტო ვართ და არ გვნებდება..."

- ბავშვის ყოლაზე არასოდეს გიფიქრიათ?

- ბავშვის აყვანაზე მიფიქრია... ჩემს ახალგაზრდობაში შვილი მხოლოდ უკანონოდ შეგეძლო აგეყვანა, რასაც არაერთი გაუთვალისწინებელი პრობლემა ახლდა. იმ დროში უპატრონო ბავშვებად ითვლებოდნენ დედობისა და მამობის უფლებაჩამორთმეულთა შვილები. რთულია, როცა იცი, რომ ბავშვი უპატრონო არაა და შენ უნდა წაიყვანო. ღირსებას რა მნიშვნელობა აქვს, მშობელი მშობელია და ამის გამოც გადავიფიქრე პატარის აყვანა. მახსოვს, ძეგვის უპატრონო ბავშვთა სახლში ერთი ვინმე ჩემად ვიგულე, მისით დავინტერესდი და მანამ, ვიდრე შეკითხვებზე პასუხს მომცემდნენ, შორიახლოდან მონაზონმა მანიშნა არაო. იმის მერე კი ავდექი და ბედს დავემორჩილე, აღარასდროს შევუპყრივარ ნაძალადევად დედობის სურვილს. GzaPress

- თქვენ მსახიობ ქალთა გუნდის - "ბენეფისი" წევრი ხართ...

- საბედნიეროდ, დიახ, ამ გუნდში მეც აღმოვჩნდი. ამ წარმატებული პროექტის ავტორიცა და დამფუძნებელიც მაია ჩაჩავა გახლავთ და მასში ჩემ გარდა, ხალხისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი მსახიობებია შეკრებილი: რუსუდან ბოლქვაძე, ეკა ჩხეიძე, ნანული სარაჯიშვილი, სალომე ყიფიანი, მანანა ტატიშვილი და სხვანი. ჩვენი ყოველი მოგზაურობა, კონცერტი და რეპეტიციაც კი, უდიდესი ზეიმია. სასიხარულოა, რომ გავამართლეთ იმედი. ის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათიცაა. მართალია, ამ ბოლო დროს უფუნქციოდ დარჩა, მაგრამ რატომ? ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს, მე - მით უმეტეს...

ლიკა ჯანანაშვილი