"მსახიობები ტაკიმასხარები ვართ" - გზაპრესი

"მსახიობები ტაკიმასხარები ვართ"

მსახიობი გიორგი გაგლოევი აღიარებს, რომ თავისი მრავალფეროვანი ბიბლიოთეკიდან წიგნების დაახლოებით 30% აქვს წაკითხული. ძალიან მოსწონს ილია ჭავჭავაძის "განდეგილი". იტაცებს ისტორიული ნაწარმოებები და მათ ეკრანიზაციებსაც სიამოვნებით ნახულობს. დაინტერესებულია უარყოფითი ლიტერატურული პერსონაჟების განსახიერებით...

- სამწუხაროდ, დღესდღეობით წიგნს ჩემს ცხოვრებაში პირველი ადგილი არ უჭირავს, რადგან ისეთი რიტმით ვცხოვრობ, ხშირად კითხვის საშუალება არ მაქვს. მიმაჩნია, ადამიანის ცხოვრებაში წიგნი პირველს თუ არა, მეორე ადგილს მაინც უნდა იკავებდეს, რომ განათლებულები, ერუდირებულები ვიყოთ.

- საკუთარი სურვილით, პირველად რომელი წიგნი წაიკითხე, გახსოვს?

- შინ საბავშვო ბიბლიოთეკა გვაქვს. საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა იქიდან რომელიღაც წიგნი წავიკითხე... მას შემდეგ, რაც ასე ვთქვათ, ჩემი შეგნებული ცხოვრება დაიწყო, პირველად კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" წავიკითხე. ეს ნაწარმოები დაახლოებით შვიდჯერ მაქვს წაკითხული. ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ასევე, მახსოვს, პირველად რომელი პიესა წავიკითხე: ეს იყო გიორგი ერისთავის "გაყრა". ფაქტობრივად, პირველი წაკითხვისთანავე წარმოვიდგინე, როგორ შეიძლებოდა სცენები დადგმულიყო...

- "დიდოსტატის მარჯვენა" შენთვის ასეთი შთამბეჭდავი რატომ არის?

- ეპიზოდები მომწონდა. შემდეგ გადავწყვიტე, მისი ეკრანიზაცია მენახა. ფილმის ნახვის მერე, ხელმეორედ წავიკითხე, რომ კიდევ გამეანალიზებინა, ჩემეულად შემეხედა... ამ ნაწარმოების რამდენჯერმე წაკითხვისას ადამიანი კიდევ სხვა რამეს აღმოაჩენ, ყველაფერს ხვდები და წვდები, ფილმის ნახვის შემდეგ კი მივხვდი, რომ წიგნში, ჩემი წარმოსახვით დანახული "დიდოსტატის მარჯვენა" უფრო სხვანაირია - უფრო კარგია, ვიდრე ფილმში გადმოცემული. რეჟისორსა და მსახიობებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ. უბრალოდ, როცა წიგნს კითხულობ, შენს წარმოსახვაში კადრები სულ სხვანაირადაა...GzaPress

- შენი აზრით, ფილმის - "დიდოსტატის მარჯვენა" რომელი გმირი ჰგავს ამავე სახელწოდების წიგნში აღწერილ პერსონაჟს?

- შორენა. შორენა კოლონკელიძის როლს ქალბატონი ლალი ბადურაშვილი თამაშობს. ძალიან ლამაზი ქალბატონი გახლავთ. ფილმის პერსონაჟებიდან წიგნში აღწერილ გმირებს ვინც მივამსგავსე, ერთადერთი, შორენა იყო. დანარჩენებს რაც შეეხებათ, ჩემს წარმოსახვაში ისინი სრულიად სხვანაირები იყვნენ.

- როგორც მახსოვს, ლიტერატურულ ნაწარმოებში შორენა ქერათმიანია...

- ფილმი შავ-თეთრია და მსახიობი ქერაა, შავთმიანი თუ ცისფერთვალება, ამის აღქმა გაჭირდებოდა. ჩვენ კავკასიელები, შავგვრემანები ვართ. მართალია, კონსტანტინე გამსახურდიამ სხვაგვარად კი აღწერა, მაგრამ პირადად მე, შორენა ქალბატონი ლალის გმირს მივამსგავსე და რა ვქნა?

- საერთოდ, ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციები მოგწონს?

- არ მომწონს: შეიძლება, ეკრანიზაციებს რაღაც აკლდეს ან გადამეტებული იყოს. ისე, ბოლოს ზღაპრის - "ლამაზმანი და ურჩხული" ეკრანიზაცია ვნახე და ემოციებს ვერ ვფარავდი, ძალიან მაგარი ფილმია! პრემიერაზე კინოთეატრში ვიყავი. არ დაგიმალავ, რუსული გახმოვანებით ვნახე... ყველაფერი მომეწონა: კოსტიუმირება, მსახიობების თამაში, 3D ეფექტები... დადებითი შთაბეჭდილებებით დამუხტული წამოვედი.

- საკუთარ თავს რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს ამსგავსებ?

- მასხარას. მოგეხსენებათ, ბევრ ნაწარმოებში არიან ასეთი პერსონაჟები - მეფის მასხარები (იცინის). იუმორითა და სიცილ-ხარხარით, ისინი მეფეს ყველაფერს ეუბნებოდნენ. ჩემი პროფესიაც დაახლოებით ასეთია: ადამიანებს იუმორით ვაჩვენებთ იმას, რისი დანახვაც არ სურთ. მსახიობები ტაკიმასხარები ვართ და სხვადასხვა "ხაზით" ვმუშაობთ, მაგალითად - ზოგი ტრაგიკოსია, მე კი ტაკიმასხარა ვარ.

- თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეცნობი?

- არა, სამწუხაროდ. ეს ჩემი ძალიან დიდი სირცხვილია. ვიცი, გამკიცხავს და გამრიყავს ერი... იცი, რას ვეცნობი? "ჩარაკრაკებული" და "ჩაჭიდებული" ვარ რელიგიის ისტორიას. რატომღაც, ეს თემა ძალიან მაინტერესებს. საერთოდ, ეკლესიის ისტორიებზე "ჩასაფრებული" ვარ - მართლმადიდებლურ თუ კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას ვეცნობი.

- რამდენი ხანია, რაც ამ თემით ხარ დაინტერესებული?

- ძალიან დიდი ხანია, მაინტერესებს საპატრიარქოები, მათი ისტორიები, რანგირება - იერარქიულად რომელი რომლის შემდეგ დგას, რომელ ქვეყანას რომელი პატრიარქი ჰყავს - სახელები და წოდებები ზეპირად ვიცი, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს.

- კონკრეტული მიზეზი არსებობს, რამაც რელიგიით შენი დაინტერესება გამოიწვია?

- რატომღაც, ბავშვობიდან მაინტერესებს. თავდაპირველად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გავეცანი, შემდეგ - რუსეთის, საქართველოსი... მერე აღმოსავლური, მართლმადიდებლური ქვეყნების ისტორიის გაგება მომინდა... "მივყევი" და ბოლოს მივხვდი, ბევრი ქვეყნის შესახებ, ბევრი რამ ვისწავლე.

- რა განსაკუთრებული ინფორმაცია შეიტყვე, რამაც გაგაოცა?

- არაფერს გავუოცებივარ. უბრალოდ, გული მწყდება, რომ რანგირებით რუსეთის ეკლესია საქართველოზე წინ დგას, უკანონოდ. ჩვენი ეკლესია უნდა იყოს თანასწორთა შორის უპირატესი.

- ქართველ კლასიკოს მწერლებს კარგად იცნობ?

- ვერ ვიტყვი, რომ კარგად, მაგრამ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე ვგიჟდები. ერთი შეხედვით თითქოს მარტივია - რა მოხდება, რომ ხემ, ფოთოლმა, ირემმა ილაპარაკოს? მაგრამ ამ ყველაფერში, ადამიანის ისეთი სახეებია ნაჩვენები, რომ კითხვისას უამრავი ნაცნობი გმირი წარმოგიდგება თვალწინ, ამიტომ ვაფასებ. ვაჟას ნაწარმოებები მთელმა ერმა უნდა იცოდეს ისევე, როგორც ბევრი სხვა ცნობილი მწერლის. გალაკტიონიც ძალიან მიყვარს, ილია ჭავჭავაძეზე აღარ ვისაუბრებ... უბრალოდ, ვაჟას ნაწარმოებებში ის მომწონს, რომ ავტორი უსულო საგნებს ცოცხალი ადამიანებივით ალაპარაკებს და ეს ყველაზე მაგარია!

- რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის განსახიერება განსაკუთრებულად ხომ არ გინდა?

- არა, არც ერთის. საოცნებო როლის შესახებ ბევრჯერ უკითხავთ, მაგრამ ჩემთვის ყველა როლი საინტერესოა. უბრალოდ, უარყოფითი გმირების თამაში მიყვარს - ეს "ხაზი" მომწონს. პირველი ნაწარმოები, საიდანაც უარყოფითი გმირი შემიყვარდა, "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" იყო - კლოდ ფლოროს მიმართ ძლიერი ანტიპათიით გახლდით განწყობილი. ეს უარყოფითი გმირი ბავშვობიდან მახსოვს და გულში ჩარჩენილი ამიტომ მყავს, თორემ ისე, განსაკუთრებულად არც ერთი ლიტერატურული პერსონაჟის განსახიერება არ მინდა.

- ოდესმე ასაკისთვის შეუსაბამო ლიტერატურული ნაწარმოები წაგიკითხავს?

- მახსოვს, პატარა ვიყავი, როცა "ვეფხისტყაოსნის" სტროფებს მასწავლიდნენ - მე არ ვკითხულობდი, მაზეპირებინებდნენ. ისედაც რთული ნაწარმოებია, მით უმეტეს - მცირეწლოვანი ბავშვისთვის. ნეტავ, რატომ მასწავლიდნენ?.. შემდეგ სკოლაში, როცა სასკოლო პროგრამით "ვეფხისტყაოსნის" საზეპიროების სწავლას გვავალებდნენ, მივხვდი, თანაკლასელებთან შედარებით, სწავლა მიადვილდებოდა.

- შენი საყვარელი ლიტერატურული ჟანრი რომელია?

- ისტორიული ნაწარმოებები მომწონს, მაგალითად, "მეფე არტურის ხმალი". ცოტათი მითური, ლეგენდებზე დაყრდნობილი ისტორიული წიგნები მიყვარს - საინტერესო ილუზიას მიქმნის. რასაც ვკითხულობ, მაშინვე წარმოვიდგენ ხოლმე - ყველაფერს გონების თვალით ვხატავ და ვსახავ... სხვათა შორის, კინოთეატრში "მეფე არტურის ხმალიც" ვნახე.

- ოდესმე, რომელიმე წიგნის წაკითხვა გინანია?

- სკოლაში რაღაცის სწავლას რომ მაიძულებდნენ და ვსწავლობდი, ამას ვნანობ. ზოგადი განათლება აუცილებელია, მაგრამ ჰუმანიტარული საგნები უფრო მიყვარდა და გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა, გრამატიკა კარგად ვიცი. ალგებრა, გეომეტრია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია - ჩემთვის ჩინურზე "უარესი" იყო. თავს სულ ამით ვიმართლებდი: რა საჭიროა, მსახიობმა ქიმია და ფიზიკა ისწავლოს-მეთქი?

- თავად ხომ არ გიცდია ლიტერატურული ნაწარმოების შექმნა ან იქნებ, დღიურს აწარმოებ?

- არა, სამწუხაროდ, ნიჭი არ მაქვს, რომ რაიმე კარგი დავწერო. მე მხოლოდ "ფეისბუკზე" სტატუსებითა და ვიდეოებით გამოვირჩევი, ხანდახან (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი