კრისტი ყიფშიძეს ასაკის მატების არ ეშინია - "ძნელია, როცა ბევრი ტანსაცმელი გაქვს" - გზაპრესი

კრისტი ყიფშიძეს ასაკის მატების არ ეშინია - "ძნელია, როცა ბევრი ტანსაცმელი გაქვს"

ყველაფერი ნელ-ნელა ილექება ადამიანის ცნობიერებაში და გემოვნებაზე აისახება", - ამბობს მოდელი კრისტი ყიფშიძე, რომელიც წაკითხულითა და ნანახით თურმე, არასდროს კმაყოფილდება.

- ბავშვობაში თქვენთვის ყველაზე საყვარელი რომელი წიგნები იყო?

- მგონია, რომ ბავშვობაში ყველას ზღაპრები უყვარს და წიგნთან შეხება მეც ზღაპრებით დავიწყე... რუსული სკოლა დავამთავრე. რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურა წაკითხული მაქვს, მაგრამ უფრო მეტად, რუსულ და უცხოურ ლიტერატურას ვიყავი ჩაღრმავებული. ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი მწერლებიც მყავდა... ვფიქრობ, რაც უნდა ბევრი წავიკითხო და ვნახო, ამით არასოდეს ვკმაყოფილდები. სულ უფრო და უფრო მეტის გაგება და ნახვა მსურს ხოლმე. როდესაც ახალს აღმოვაჩენ, მოვისმენ და გავიგებ, ეს ჩემზე გავლენას ახდენს, ძალიან მსიამოვნებს! ბავშვს თავიდანვე უნდა ჩამოუყალიბდეს გემოვნება სწორი აღზრდით. თუმცა, ბუნებრივადაც უნდა ჰქონდეს გემოვნება!

- როგორ ფიქრობთ, გემოვნებაზე კამათი წყლის ნაყვას ჰგავს?

- ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენო, სინამდვილეში კი, ყველაზე მეტს სწორედ ამაზე დაობენ... სულ იმაზეა კამათი, ვის რა აცვია, უხდება თუ არა და ასე შემდეგ... ვიღაცისთვის შეიძლება, მე ვიყო გემოვნებიანი, ვიღაცისთვის - არა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გემოვნება არ მაქვს! ყველას თავისებური ხედვა გვაქვს!

- რომელი ქვეყნებია თქვენთვის უფრო მიმზიდველი?

- ყველა ქვეყანა თავისებურად მიმზიდველია. როდესაც უცხო ქვეყნიდან ბრუნდები, ერთგვარი გავლენის ქვეშ ხარ და ეს დიდხანს მიგყვება... საჭიროც არის, ადამიანი მოგზაურობდეს და სულ განვითარების გზაზე იყოს... მე მაგალითად, ძალიან მიყვარს და არასოდეს მეზარება პარიზში წასვლა. იქ ჩასულს, გაპრანჭული ქალაქი გხვდება! ნიუ-იორკი ძალიან თავისუფალია! ჩადიხარ და საერთოდ ვერ გრძნობ, რომ სტუმარი ხარ, თითქოს ყველაფერი შენია... უკიდეგანო თავისუფლების შეგრძნება გაქვს და ამავდროულად, ყველაფერი მაქსიმალურად მოწესრიგებულია! ლონდონი ცოტა უფრო სნობურია, არისტოკრატიული... შენ თუ გაქვს თვისება, სიტუაციას ყველგან მოერგო, ესეც არაჩვეულებრივი რამაა... ხომ ამბობენ, - სადაც ჩადიხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო!.. მე მაგალითად, თავს არ ვკარგავ, მაგრამ რაღაცნაირად მომწონს, სადაც ჩავდივარ, იქაურ ცხოვრების სტილს რომ ვირგებ. არ მიყვარს ტურისტულად სადმე წასვლა, როცა სია აქვთ ჩამოწერილი, ესა და ეს ღირსშესანიშნაობა აუცილებლად უნდა ვნახოო... არის რამდენიმე ქალაქი, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი, თუნდაც - სამუდამოდ! GzaPress

- მოდის სფეროს წარმომადგენლებს ძალიან ხიბლავთ იტალია... თქვენ რას იტყოდით?

- იტალია ალბათ, ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ ვყოფილვარ. მე თვითონაც მიკვირს, ეს როგორ მოხდა, მაგრამ ალბათ, როცა საჭირო იქნება, ამ ქვეყანაში მაშინ მოვხვდები. ჩემი ოცნების ქვეყნები იტალია და იაპონიაა. ამ ორ ქვეყანაზე შეყვარებული ვარ! იაპონიის დიდი თაყვანისმცემელი ვარ ბავშვობიდან. ყოველთვის მომწონდა მათი კულტურა ნებისმიერი მიმართულებით: ძალიან მაღალ დონეზე აქვთ სისუფთავის კულტურა! ტექნიკასა და გამოგონებებზე აღარ ვლაპარაკობ! ძალიან დიდი ესთეტიკაა არქიტექტურაში, სახლის დიზაინში, მინიმალიზმი და აბსოლუტურად არაფერი ზედმეტი! მათი კიმონოები და ხალათები უსაზღვროდ მხიბლავს, მაქვს კიდეც!

ოცნებად მქონდა, მენახა ინდოეთი და ავისრულე, იქ ალბათ, ყველაფერი დავათვალიერე, რაც სანახავი იყო... ნამდვილი კონტრასტების ქალაქია მუმბაი. მიდიხარ ჭუჭყიან ადგილას და კინოშიც რომ ვერ ნახავ, ისეთი სურათი იშლება თვალწინ: ადამიანები ცხოვრობენ მუყაოს სახლებში. არიან მშივრები, შიშვლები, ზოგს ფეხი არ აქვს, ზოგს - ხელი... მერე მარცხნივ გადაუხვევ და ულამაზესი, ზღაპრული სასახლე დგას...

- თქვენი აზრით, სად ცხოვრობს ყველაზე გემოვნებიანი ხალხი?

- შეიძლება, ბევრი შემომედავოს, პარიზში ძალიან ბევრი ტურისტია და იქ აღარ არიან ნამდვილი ფრანგებიო, მაგრამ მაინც, პარიზი მგონია ყველაზე გემოვნებიანი... საფრანგეთის სხვა ქალაქებში გავლით ვარ ნამყოფი და კარგად არ ვიცი, სად რა ხდება. ისე ლამაზად არსად და არც ერთი ვიტრინა არ არის გაფორმებული, როგორც პარიზში! იქ რომ ჩადიხარ, ისეთი აურა სუფევს, რომ ყოველ წამს გაქვს სურვილი, გაიპრანჭო...

რაც შეეხება ჩაცმულობას, მე არ ვარ ნამყოფი და ამბობენ, რომ მილანში საოცარი გემოვნებით შემოსილი ხალხი დადის... საერთოდ, რაც უნდა ძვირად ღირებული სამოსი გეცვას, შეიძლება, გვერდით მდგომმა დაგჩრდილოს. ამით იმის თქმა მსურს, რომ მთავარია, რა რასთან გაცვია და რა სიტუაციაში!

- თბილისში გემოვნებიანად აცვიათ?

- ძალიან ბევრი უცხოელი მყოლია სტუმრად და განსაკუთრებულად მახსოვს მათი კომპლიმენტები, - რა ლამაზად აცვიათ და რა დახვეწილი ხალხიაო... ჩვენ ხშირად გვიყვარს თვითკრიტიკა, - ვაიმე, შავი ფერი ჭარბობსო, მაგრამ შავი არაფერ შუაშია... ისე უნდა გეცვას, როგორც გსიამოვნებს! ჭრელებიც შეიძლება, იმდენად უაზროდ შეუხამო, რომ ყველაფერი გააფუჭო! თბილისში ზუსტადაც, ძალიან გემოვნებიანად აცვიათ!

არ შემიძლია არ ვახსენო დიზაინერი - დემნა გვასალია! ძალიან მეამაყება, რომ ეს ადამიანი ქართველია. ის ყოველთვის მომწონდა და ვფიქრობდი, როგორი ნიჭიერია-მეთქი... მან ძალიან გვასახელა! დაარღვია ბევრი სტერეოტიპი და დაამტკიცა თავისი მიმდინარეობა! ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აელაპარაკებინა სრულიად მსოფლიო. ერთგვარი რევოლუცია მოახდინა და ამიტომაც წამოვიდა დიდი ბუმი ქართველ დიზაინერებზე. საქართველოში ყველა დიდი სიამოვნებით ჩამოდის!GzaPress

- სამოსის შერჩევას დიდ დროს ანდომებთ ხოლმე?

- ძნელია, როცა ძალიან ბევრი ტანსაცმელი გაქვს... ყოფილა მომენტი, სარკის წინ ვმდგარვარ და მთელი საათი მიფიქრია, რა ჩამეცვა. ამას ჯობია, მხოლოდ ერთი გამოსასვლელი კაბა გქონდეს... ისე, ჩემი ყველაზე საყვარელი ჩასაცმელი ხალათი და "შლოპანცებია" (იცინის)...

- როგორი აქსესუარები გხიბლავთ?

- ამ მხრივ ამოჩემება მახასიათებს! თუ სამკაული შემიყვარდა, შემიძლია, წლობით ვატარო. ძალიან მინდა, ოდესმე იმის საშუალება მქონდეს, რომ საიუველირო ხაზი გავაკეთო. მინდა, გალერეა მქონდეს, სადაც ახალგაზრდა და ნიჭიერი მხატვრების ნახატები გაიყიდება... არც ტანსაცმლის ხაზი მინდა, არც რესტორანი, ყველაზე მეტად გალერეაზე ვოცნებობ!

- საქართველოში სამწუხაროდ, ასაკის მატების გვეშინია... 60 წელს გადაშორებულ ქალბატონებს ნაკლებად აქვთ ხალისი წავიდნენ სილამაზის სალონებსა თუ კაფეებში...

- ასაკის მატების ოდნავაც არ მეშინია! ნამდვილად არ არის ბევრი ფული საჭირო იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე, ეს მინიმალური დანახარჯითაც შეიძლება. მე მაგალითად, არ მიყვარს სალონში ჯდომა... მანიკიურსაც სახლში ვიკეთებ - მყავს ქალბატონი, რომელიც სახლში მოდის და მიკეთებს... თმას რაც შეეხება: ერთ ზომაზე შევიჭერი, ვმკურნალობ და სალონებს აღარ ვეკარები... თმის თემა ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის, ისეთი პრობლემები შემექმნა ხშირი ჩარევისგან. ბოტოქსი და მსგავსი რაღაცები ჯერჯერობით არ მჭირდება. 40 წლის ვხდები და ახლა ასეთი ვარ, ძალიან მაინტერესებს, როგორი ვიქნები 50 წლის და შემდეგ...

არ მიყვარს ექსპერიმენტები! ცისფერი ლინზები მაჩუქეს და რომ გავიკეთე, მეგონა, მე არ ვიყავი და სარკიდან სხვა ადამიანი მიყურებდა.

- როგორი სახლია თქვენთვის საცხოვრებლად სასიამოვნო?

- ალბათ, მიქსი... არც ძალიან თანამედროვე და არც ძალიან ბევრი ანტიკვარი... აუცილებლად უნდა იყოს ნათელი! მთავარია, სახლის კარგ ადგილზე მდებარეობა... ამჯერად მშობლების სახლში ვცხოვრობ. საკუთარი სახლია, სადაც მანქანების ხმაური არ შემოდის და ძალიან მშვიდად ვარ. ჩემი სახლი რომ მექნება, მას კიდევ უფრო სხვანაირად მოვაწყობ! ძალიან მიყვარს ღია ფერები და წარმოუდგენელია იქ ვიცხოვრო, სადაც წითელი, მუქი შინდისფერი და მსგავსი ფერებია... საერთოდ, ყველა ფერი მიყვარს, განსაკუთრებულად კი თეთრი და შავი... თეთრი ყველაზე ლამაზი, ძალიან კეთილი და ჯანმრთელი ფერია! მიყვარს ასევე, ჟოლოსფერიც. სხვათა შორის, ტატუ მაქვს და რაც ჩემებური ახსნით იმას ნიშნავს, რომ ვარდისფერ აურაში ვარ!

მანანა გაბრიჭიძე