"ქორწილისთვის ვემზადები..." - რატომ ასაიდუმლოებს ვიქტორია კოჩეროვა რჩეულის ვინაობას - გზაპრესი

"ქორწილისთვის ვემზადები..." - რატომ ასაიდუმლოებს ვიქტორია კოჩეროვა რჩეულის ვინაობას

მისი რჩეული პროფესიით იურისტია. წყვილს ქორწილი სექტემბერში აქვს დაგეგმილი. "ბედნიერი ვარ საკუთარი არჩევანით", - ამბობს 21 წლის ვიქტორია, რომელსაც არც მარცხი აშინებს და არც ბარიერებთან ჭიდილი.

- წარუმატებლობა ბევრჯერ გამოგიცდია?

- ჩემი აზრით, არასოდეს გამოცადო წარუმატებლობა, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება ადამიანს ცხოვრებაში დაემართოს (რა თქმა უნდა, ვგულისხმობ მცირე წარუმატებლობებს). მარცხის გარეშე ადამიანი ვერ გაიზრდება და ვერ ჩამოყალიბდება ზრდასრულ ინდივიდად... სწორედ წარუმატებლობების შედეგად ვსწავლობთ ბევრ რამეს, რათა იგივე შეცდომები არ დავუშვათ. თუ ჩვენი ცხოვრება იქნება წარუმატებლობისა და პრობლემის გარეშე, ჩვენ ყოველთვის მოვიქცევით ისე, როგორც ცხოვრებისგან განებივრებული და კაპრიზული ადამიანები იქცევიან.

- ოდესმე ისეთი რამ გაგიკეთებია, რაც არ მოგწონდა?

- ადამიანმა არ უნდა აკეთოს ისეთი რამ, რაც არ მოსწონს, მაგრამ ზოგჯერ ასე მოქცევაც გვიხდება. ყოველთვის დასახული მაქვს გარკვეული მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად, რა თქმა უნდა, მეც მიწევს ისეთი რამის კეთება, რაც დიდად არ მომწონს.

- დასახული მიზნის მისაღწევად იოლი გზა არასდროს აგირჩევია?

- იოლად ცხოვრებაში არაფერი მოდის... ზოგადად, მაქსიმალისტი ვარ და რასაც ვაკეთებ, იმ საქმეს სრული სერიოზულობით ვეკიდები. არასდროს ვცდილობ ვიღაცის ან რაღაცის ხარჯზე იოლად გამოვძვრე.

- რომ გქონოდა შანსი, შეგეცვალა მხოლოდ ერთი დეტალი შენს ცხოვრებაში, რა იქნებოდა ეს?

- გამოვიყენებდი ამ შანსს და ახლა მამა ცოცხალი მეყოლებოდა... მიუხედავად იმისა, რომ მყავს გმირი დედა, რომელმაც ერთდროულად, დედობაც გამიწია და მამობაც, ვფიქრობ, ადამიანისთვის ორივე მშობლის თანადგომა საჭიროა. მამა ცოცხალი რომ იყოს, ეს დედაჩემისთვისაც კარგი იქნებოდა; დარწმუნებული ვარ, ამით გაცილებით ბედნიერი იქნებოდა და ნაკლები ცხოვრებისეული ტვირთი დააწვებოდა.GzaPress

- წარმოიდგინე, რომ ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რა ტიპის სამსახური გაგხდიდა მდიდარს?

- უნარშეზღუდული ბავშვების დახმარება გამამდიდრებდა.

- ყოველთვის იმას აკეთებ, რისიც გჯერა?

- როგორც უკვე ვთქვი, მაქსიმალისტი ვარ. საქმეს, რომელსაც ვეკიდები, 100%-ით ვასრულებ, ამის მიზეზი კი სწორედ ის არის, რომ ბოლომდე მჯერა ჩემი საქმის.

- დავუშვათ, ადამიანი საშუალოდ 40 წელს ცოცხლობს, რას შეცვლიდი იმისთვის, რომ უკეთესად გეცხოვრა?

- ალბათ, უფრო ადრე გავიცნობდი ჩემს საქმროს; უფრო ადრე გავაჩენდი შვილებს, რათა მათი აღზრდისათვის და სწორ გზაზე დაყენებისათვის მეტი დრო მქონოდა.

- შეგიძლია გვითხრა, ვინ არის შენი საქმრო?

- გადავწყვიტე, რომ მისი ვინაობა ქორწილამდე არ გავამჟღავნო.

- ქორწილი როდისთვის გაქვთ დაგეგმილი?

- სექტემბერში გვექნება.

- ერთმანეთი სად გაიცანით?

- ერთმანეთი წელიწად-ნახევრის წინ, მეგობრების წრეში გავიცანით და მალევე გავხდით შეყვარებულები.

- რით შეძლო მან შენი გულის მოგება?

- თვალებით, გამოხედვით, საკუთარი დადებითი თვისებებით, ყურადღებით, მზრუნველობით და რაც მთავარია, ადამიანობით.

- რამდენად აკონტროლებ ყველა იმ მოვლენას, რაც შენს ცხოვრებაში ხდება?

- ცხოვრება ძალიან საინტერესოა... ცხოვრებისეული მოვლენების კონტროლს ვერავინ შეძლებს და რომც შეგვეძლოს, ეს არ იქნებოდა სწორი. ჩემი აზრით, ადამიანმა დღევანდელი დღით უნდა იცხოვროს და ეცადოს, ღირსეულად მიჰყვეს ცხოვრების დინებას.

- საკუთარ მეგობარს ან ძალიან ახლობელ ადამიანს ცხოვრებისეული გამოცდილებიდან რა რჩევას მისცემდი?

- ერთმა ჩემმა ბრძენმა მეგობარმა მომცა რჩევა, რომელსაც ყოველთვის გავუმეორებ ჩემს შვილებს: ცხოვრებაში უმიზეზოდ არაფერი ხდება. თითოეული მოვლენა (გინდ დადებითი, გინდ - უარყოფითი) ადამიანის სასიკეთოდ ხდება. დადებითი მოვლენები კარგ ხასიათზე გვაყენებს, ხოლო უარყოფითი ცხოვრებისეულ გაკვეთილებს გვაძლევს. შესაბამისად, საჭიროა ადამიანი ღირსეულად შეხვდეს როგორც კარგ, ისე ცუდ მოვლენებს და არასოდეს დანებდეს.

- საყვარელი ადამიანის გადასარჩენად კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენ?

- რა თქმა უნდა, ჩავიდენ.

- აუხდენელი ოცნება გაქვს?

- სხვათა შორის, ამ მხრივ ძალიან მიმართლებს. ვერ ვიხსენებ ისეთ სანუკვარ ოცნებას, რომელიც ჯერ არ ამსრულებია.

- რომ შემოგთავაზონ სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წასვლა, სად წახვიდოდი და რატომ?

- მე საქართველოშიც კარგად ვარ. მიმაჩნია, რომ ჩემი სამშობლო, თავისი ხალხით, კულტურითა და მენტალიტეტით, საუკეთესოა მთელ მსოფლიოში.

- როცა ლიფტის ღილაკს ნერვიულად, რამდენჯერმე აჭერ თითს, მართლა გჯერა, რომ ლიფტი ასე უფრო მალე მოვა?

- მჯერა იმიტომ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ლიფტის ღილაკი გაფუჭებულია და შესაძლოა, ერთი დაჭერით სიგნალი არ მიეწოდოს ლიფტის მექანიზმს. შესაბამისად, დროის დაკარგვისაგან თავის დაზღვევის მიზნით, სჯობს, 2-3-ჯერ მაინც დავაჭიროთ ლიფტის ღილაკს თითი.

- ისურვებდი ისეთივე მეგობარს, როგორიც თავად ხარ?

- რა თქმა უნდა, ვისურვებდი.

- შენი ახლობელი ადამიანი საცხოვრებლად უცხოეთში რომ წავიდეს, როგორი რეაქცია გექნება?

- თუ სხვა ქვეყანაში ის წარმატებას მიაღწევს, მაშინ მირჩევნია, წავიდეს. XXI საუკუნეში კომუნიკაცია არ ჭირს. ინტერნეტით ყოველდღე დავუკავშირდებით ერთმანეთს.

- ყველაზე მეტად, რის გამო ხარ სამყაროსადმი მადლიერი?

- რომ ვარ ჯანმრთელი, მაქვს 2 ხელი, 2 ფეხი და გონება, შემიძლია საღად აზროვნება...

- რომელს აირჩევ: ძველი მოგონების წაშლას, თუ ახლის მოპოვებას?

- გააჩნია მოგონებებს, თორემ ძველი იქნება თუ ახალი, მნიშვნელობა არ აქვს.. ცუდს ძველსაც წავშლი და ახალსაც.

- შესაძლებელია სიმართლის გაგება ბრძოლის გარეშე?

- რთულია მშვიდად იცხოვრო იმ დრომდე, ვიდრე სიმართლეს გაიგებ. რაც უნდა მწარე იყოს, სიმართლე აუცილებლად უნდა გითხრან. ვფიქრობ, რთულია ეჭვებში ცხოვრება.

- შენი ყველაზე დიდი შიში რეალობა გამხდარა?

- მადლობა ღმერთს, არა და იმედია, არც არასოდეს გახდება.

- წყენის გულში ჩადება გჩვევია? მაგალითად, თუ გახსოვს, ერთი წლის წინ ყველაზე მეტად რამ ან ვინ გაგაბრაზა?

- სიმართლე გითხრათ, წყენას მარტივად ვივიწყებ. შესაბამისად, არ მახსოვს, ერთი წლის წინ ვისზე ან რაზე ვიყავი გაბრაზებული.

- რა არის შენი ბავშვობის ყველაზე ბედნიერი მოგონება?

- ყოველთვის ტკბილად ვიხსენებ იმ დროს, როცა მე და ჩემი და ყულაბაში ვაგროვებდით ფულს, შემდეგ ვტეხდით, მივდიოდით მაღაზიაში და ათას წვრილმანში ვხარჯავდით თანხას.

- წარსულში ჩადენილმა რა ქმედებამ გაგრძნობინა, რომ კეთილი ადამიანი ხარ?

- ნებისმიერ წამს, როცა ვინმეს ვეხმარები, თავს კიდევ უფრო მეტად ვგრძნობ ადამიანად.

- თუ ჯერ კიდევ არაფრისთვის მიგიღწევია, დასაკარგი არაფერი გაქვს. ასეა?

- ადამიანს დასაკარგი რაღაც ყოველთვის აქვს და ეს შეიძლება იყოს ოჯახი, საკუთარი ღირსება, პატივი, ადამიანობა...

- გქონია თუ არა შემთხვევა, როცა ვინმესთან დრო სრულიად უხმოდ გაატარე და შემდეგ მიხვდი, რომ ეს საუკეთესო საუბარი იყო შენს ცხოვრებაში?

- ზოგ შემთხვევაში, დუმილიც მრავლის მთქმელიაო, - ნათქვამია. შესაბამისად, შესაძლოა, სულიერად ახლობელ ადამიანთან ერთად ვიჯდე, ერთმანეთს თვალებში ვუყუროთ, ხმა არ ამოვიღოთ და მაინც ძალიან პოზიტიურად დავიმუხტო, კარგი დრო გავატარო.

- მილიონი დოლარის სანაცვლოდ, სამსახურს მიატოვებდი?

- რა თქმა უნდა, არა. მჯერა, რომ კარიერულად ისედაც ისე განვვითარდები, რომ მილიონზე გაცილებით დიდ თანხას გამოვიმუშავებ. ამას რომ თავი დავანებოთ, ჩემი აზრით, როგორც კაცისთვის, ასევე ქალისთვის სამსახური არის თვითრეალიზაციის საშუალება. შესაბამისად, ჩემთვის წარმოუდგენელია სამსახურს დავანებო თავი და სახლში ჩავჯდე.

- გაყიდდი ცხოვრების 10 წელს, მსოფლიო აღიარებაზე?

- მსოფლიო აღიარება არ მჭირდება... ასე რომ, ამის გამო ცხოვრების 10 წელს არ დავკარგავ.

- არსებობს განსხვავება ცხოვრებასა და არსებობას შორის?

- რა თქმა უნდა. არსებობა ჩემთვის იმას ნიშნავს, როდესაც ადამიანს აქვს ის ბიოლოგიური ფუნქციები, რომელიც სიცოცხლისთვის საჭიროა, ხოლო ცხოვრება საკუთარი გზის ღირსეულად გავლა, საკუთარი პრინციპებისა და მორალის შენარჩუნებაა.

- ბოლოს როდის მოისმინე საკუთარი გულისცემა?

- გუშინ. ველოსიპედით ვსეირნობდი და იქვეა პულსის სენსორიც (იღიმის).

- რა გიყვარს უფრო მეტად და ის, რაც ბოლოს გააკეთე, გამოხატავდა ამ სიყვარულს?

- ყველაზე მეტად ჩემი საქმრო მიყვარს, მაგრამ რაც ბოლოს გავაკეთე, არა მგონია, კონკრეტულად ამას გამოხატავდეს: ფრჩხილებზე ლაქი წავისვი (იღიმის). ახლა საუკეთესო პერიოდი მაქვს, ვემზადები ქორწილისთვის და უკვე გაწერილია, სად და როდის უნდა მივიდე.

- გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ რასაკვირველია, ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანების აზრებსაც ვითვალისწინებ.

სოფო ჭონიშვილი