"მე და ჩემი სიდედრი მეგობრები ვართ" - სად ისვენებს ბაჩო ქაჯაიას ოჯახი - გზაპრესი

"მე და ჩემი სიდედრი მეგობრები ვართ" - სად ისვენებს ბაჩო ქაჯაიას ოჯახი

ამბობს, რომ თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს. ახლახან გორის თეატრში პრემიერა ითამაშა. ზღვაზე დასვენებას მთაში ყოფნა ურჩევნია. უყვარს ბუნება, თევზაობა - საამისოდ კი მისთვის იდეალური ადგილი რაჭაა. როგორ მოირგო მგზნებარე შეყვარებულის როლი? რას საქმიანობს მისი მეუღლე და როგორი ურთიერთობა აქვს სიდედრთან? - ამ ყველაფერზე ბაჩო თავად მოგვითხრობს.

- საზოგადოების დიდმა ნაწილმა "შუა ქალაქიდან" გაგიცნო. ამ სერიალმა შენს ცხოვრებაში რა როლი ითამაშა?

- "შუა ქალაქში" იყო სერიალი, რომელიც მაყურებელმა ძალიან შეიყვარა და წლების განმავლობაში გადიოდა. ადრე თუ გვიან, ყველაფერი მთავრდება და ეს სერიალიც დასრულდა. რა თქმა უნდა, მსახიობებისთვის გულდასაწყვეტი იყო. მიჩვეული ხარ შენს პერსონაჟს, სხვა პერსონაჟებსაც. ჩემთვის ეს სერიალი არის და ყოველთვის იქნება ის პლაცდარმი, საიდანაც ხალხმა გამიცნო და როგორც პროფესიონალი, უფრო მეტად გავიზარდე. ტელევიზიასთან კავშირმა დიდი გამოცდილება მომცა. სიტუაციურ კომედიაზე მუშაობა აბსოლუტურად განსხვავებული სპეციფიკაა, "მუღამი" სჭირდება, რომელიც გამოცდილებიდან მოდის. მე ამ სტილის კარგად შემგრძნობი მსახიობი გავხდი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც საშუალება მომცეს, ეს გამოცდილება მიმეღო.

- "მეგობრებში" თავს როგორ გრძნობ?

- პირველ გადაცემაში სტუმრის სტატუსით ვიყავი, მერე ჩავერთე გადაცემის მზადებაში. ჯერ მოლაპარაკების რეჟიმში ვართ და ვნახოთ, შემდეგი სეზონიდან რა მოხდება. ამჯერად მიწვეული მსახიობის სტატუსით ვარ, კონტრაქტი არ გამიფორმებია.

- წლებია, გორის თეატრთან თანამშრომლობ. ახლახან პრემიერა გქონდათ. რომელი სპექტაკლი ითამაშეთ?

- 6-7 წელია, გორის თეატრში ვთამაშობ. ჩემმა პედაგოგმა, გიორგი შალუტაშვილმა ნილ საიმონის - "მგზნებარე შეყვარებული" დადგა, სადაც შეყვარებულს ვთამაშობდი. ეს არის ძალიან კარგი, მსუბუქი, ფსიქოლოგიური კომედია. მუშაობა საინტერესო იყო, მით უმეტეს, პედაგოგთან, რომლის ყველა სიტყვა კი არა, უსიტყვოდაც ყველაფერი მესმის. სტუდენტობა და ძველი დრო გავიხსენე. ყოველდღე თბილისიდან გორში სიარული დამღლელი იყო, მაგრამ ძალიან სასიამოვნოც. პრემიერამ კარგად ჩაიარა. გორის თეატრში მაყურებელი აქტიურად დადის და ეს სამხატვრო ხელმძღვანელის, სოსო ნემსაძის დამსახურებაა. მახსოვს, როგორ თეატრში მივედი და დღეს ის თეატრი როგორია. ამჯერად, მცირე სცენაზე ვითამაშეთ. ეს ცოტათი ინტიმური სპექტაკლია, რომელსაც გაშლილი სივრცე არ სჭირდება, მყუდრო გარემო უფრო უხდება.

- შენი გმირი როგორია?

- ის 50 წლის კაცია, რომელსაც ბავშვობის სიყვარულის გარდა, სხვა ქალი არც უგემია და ამის გამო, ცოტათი სხვა მოთხოვნილებები აქვს - არა ხორციელი, არამედ სულიერი. ის რომანტიკოსია, უყვარს პოეზია, ეძებს ყველაფერ ამაღლებულს, არაჩვეულებრივს, ამ დროს კი ქალები მამაკაცისგან ამას არ ითხოვენ, მათთვის მიწიერი სურვილები უფრო მნიშვნელოვანია. ამ სპექტაკლში მენტალობას შორის ბრძოლაა.

თეატრში უკვე სამი სათამაშო სივრცე გვაქვს: მთავარი სცენა, სადაც 400 მაყურებელი ეტევა, მცირე სცენა და ექსპერიმენტალური. ამ თეატრში იმიტომ ვარ, რომ ვხედავ, აქ შემოქმედებითად გავიზარდე.

- მსახიობს სცენა, ტელევიზია, კინო თანაბრად სჭირდება, მეთანხმები?

- რა თქმა უნდა, ეს საჭიროა იმისთვის, რომ მრავალმხრივ განვითარდეს, მე კი ამის შესაძლებლობაც მაქვს და მონდომებაც.

- ოჯახის წევრები ყველა სპექტაკლის პრემიერას ესწრებიან?

- რა თქმა უნდა.

- სამი გოგოს მამა ხარ. მათგან რომელიმეს მსახიობობა ხომ არ სურს?

- უფროსს მსახიობობა უნდა, მომდევნო უფრო ჟურნალისტობისკენ იხრება, პატარა ჯერ მხოლოდ 4 წლისაა.

- მამა რას ურჩევს?

- მამა ურჩევს, რაც მათ აინტერესებთ და უნდათ, ის პროფესია უნდა აირჩიონ.

- საკუთარ თავზე ყველაზე ხშირად, რა გესმის?

- ცუდი არაფერი მესმის და ბუნებრივია, კარგს არ ვიტყვი, რადგან ვთვლი, რომ საკუთარ თავზე კარგის ლაპარაკი არა მგონია, საჭირო იყოს.

- საკუთარ ხასიათში ყველაზე მეტად, რა მოგწონს?

- მაინც არ მეშვები? ძალიან ბევრი რამ მომწონს, ბევრი რამ არ მომწონს. კონკრეტულად რაიმეს თქმა მიჭირს.

- მგონია, რომ შრომისმოყვარე ხარ, ასე არ არის?

- შორიდან ასე ჩანს?

- კი.

- ჩემი "საქმენი" ამაზე თუ "ლაპარაკობენ" კარგია და არც მე უარვყოფ. შრომისმოყვარე ნამდვილად ვარ, მაგრამ გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე ვაკეთებ. ჩემი აზრით, რასაც ცხოვრებისგან ვიღებთ, ეს ჩვენი ქმედებისა და ქცევის შედეგი, გამოძახილია. მჯერა, სამყაროში გაშვებული ენერგია უკან აუცილებლად გიბრუნდება და ამის ყველას ბოლომდე რომ გვჯეროდეს, გაცილებით კარგი შედეგი გვექნებოდა. თუმცა, ესეც ჩვენი არჩევანია.

- საკუთარ თავში რომელი თვისება არ მოგწონს?

- პერიოდულად, საკუთარ თავს სიზარმაცეში გამოვიჭერ ხოლმე. გამოსწორებას რამდენად ვცდილობ, ძნელი სათქმელია. ამ ბოლო დროს სურვილი მაქვს, საკუთარ თავში ყველაფერი მომეწონოს, მაგრამ ამას რაც უფრო ცდილობ, მერე უფრო აღარ მოგწონს...

- 10-15 წლის წინანდელი ბაჩო რომ გაიხსენო და დღევანდელს შეადარო, ბევრ ცვლილებას დაინახავ?

- კი, მაგრამ ამაზე ლაპარაკი რთულია.

- არის ისეთი რამ, რაც არ გააკეთე და დღეს ნანობ?

- რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები მახსენდება. ადამიანებს გვაქვს არა მხოლოდ პატარა, არამედ დიდი სინანულებიც და უმეტეს შემთხვევაში, ამით თავს ვიბოჭავთ. უამისობაც არ გამოდის, მაშინ იდეალურები უნდა ვიყოთ, ასეთი კი არავინაა. მინდა, უფრო მეტად "ღრმა" ადამიანი გავხდე, ვიდრე ვარ, კიდევ უფრო განვვითარდე, როგორც საქმეში, ასევე პროფესიაში და სხვადასხვა სფეროში. ახლახან წამოვიწყე ბიზნესი, სრულიად ახალი საქმე. არადა, ამ მიმართულებით მანამდე არ ვფიქრობდი. როცა დგამ ახალ ნაბიჯებს და არ იმეორებ ძველს, ეს უკვე კარგია.

- რისკზე წასვლა არასდროს გიჭირს?

- რისკზე ყოველთვის გონივრულად მივდივარ. გაუაზრებელი ქცევები არ მჩვევია. ფრთხილი მეტად ვარ, ვიდრე რისკიანი.

- პატიება ადვილად შეგიძლია?

- მგონია, რომ შემიძლია, ზოგჯერ ზედმეტად ადვილადაც და ეს არ მომწონს.

- დაშვებულ შეცდომებზე რა ისწავლე?

- ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. იმას მივხვდი, რომ სხვის შეცდომებზე ვერაფერს ვსწავლობ. ყოველთვის ვცდილობ, შეცდომები აღარ გავიმეორო, მაგრამ უნებლიეთ შეიძლება, მაინც შემეშალოს.

- არის რამე, რაც ძალიან მოინდომე და დღემდე ვერ ისწავლე?

- არის, მაგრამ ვერ ვიტყვი.

- დაძაბული პერიოდის დროს, შენთვის საუკეთესო "წამალი" რა არის?

- დილით ადრე ადგომა, ვარჯიში, ბუნებაში ყოფნა, აუზი, ფიზიკური აქტივობა, მაგრამ ყოველდღიური რუტინისგან განსხვავებული. საუკეთესო წამალია ქალაქგარეთ ოჯახის წევრებთან ერთად გასვლა. ცოტა ხნის წინ, აქტიურად ვვარჯიშობდი, ეს პერიოდი ჩემს ყველაზე დატვირთულ სამუშაო რეჟიმს დაემთხვა, მაგრამ დროის სწორად გადანაწილებას როგორღაც ვახერხებდი.

- ვარჯიშის შედეგია ის, რომ წონაში ასე ძალიან დაიკელი?

- ეს ვარჯიშისა და სწორი კვების შედეგად შევძელი.

- რამდენი კილო გაქვს დაკლებული?

- 30 კილოგრამზე მეტი. დღესაც ვცდილობ, სწორად ვიკვებო, მაგრამ ისე აღარ გამომდის, როგორც პირველი წელიწად-ნახევარი. სოციალური ქსელი მახსენებს ხოლმე, როგორ გამოვიყურებოდი მაშინ და მართლა მიკვირს, იმხელა რატომ ვიყავი?

- ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გასვლა ახსენე. ამოჩემებული ან საყვარელი ადგილი გაქვთ?

- არა, სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც გვიხერხდება და სადაც ახლოა, იქ მივდივართ.

- წელს დასვენებას სად აპირებ?

- მე თბილისში უნდა ვიყო, ჩემს ახალ საქმეს ასე სჭირდება და ვერსად გავალ. ბავშვებს ცოტა ხნით ხაშურში, ბებოსთან ჩავიყვან და მერე რაჭაში, ჩემი მეუღლის სოფელში წავლენ. თავად დასასვენებლად უპირატესობას მთას ვანიჭებ. ზღვაზე ვერ ვჩერდები, 1 კვირა მაქსიმუმია. შარშან შეკვეთილში დავისვენე და იქ უფრო მომეწონა. ადრე სულ მთაში ვისვენებდი, მაგრამ ე.წ. პახოდებში, მით უმეტეს, იმ წონით, არასდროს მივლია. ჩემს მეუღლეს რაჭაში აქვს სოფელი, ამბროლაურის რაიონის სოფელ უყეშში. ეს ადგილი მეც ძალიან მიყვარს, იქ კარგი მეგობრები შევიძინე. უყეში ულამაზესი სოფელია ნიკორწმინდის თავზე, შაორის უკანა მხარეა. არაჩვეულებრივი ხალხის გარემოცვა, ტყე, შაორი, თევზაობა - ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს. იქ ჩემთვის იდეალური გარემოა. ბოლო დროს ანუ მას შემდეგ, რაც ცოტათი კულტურული სმა-ჭამა ვისწავლე, იქ მთლად სწორ კვებას ვეღარ ვახერხებ. კარგ "ლორუკას" რომ მოგართმევენ, ძნელია, თავი შეიკავო. რაჭველებს საოცარი იუმორი აქვთ.

- კონკრეტული შემთხვევა, იქ თავს გადახდენილი ამბავი შეგიძლია, გაიხსენო?

- ამბებს ვერ ვიმახსოვრებ, მამახსოვრდება ხასიათი, ჟესტი, მიმიკა... ეს ალბათ იმიტომ, რომ როლებისთვის ძალიან ბევრი ტექსტის დამახსოვრება მიწევს. რაჭველებს სათევზაოდ ხშირად დავყვები. სექტემბერში სეზონი იხსნება და გადაფრენამ თუ მოუწია, მწყერზე ნადირობაც შეიძლება, წვიმა თუ მოუსწრებს, ხომ უკეთესია! ბავშვებს რაჭა იმდენად უყვართ, იქიდან წამოსვლა აღარ უნდათ ხოლმე.

- შენი მეუღლე რას საქმიანობს?

- მაკა პედაგოგია და ახლა ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სადოქტოროს იცავს. ის გამუდმებით პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს, რაც მახარებს.

- ორივე ძალიან დაკავებულები ხართ. სამი შვილის მოვლას როგორ ახერხებთ?

- ჩემი სიდედრი გვეხმარება, სახლიდან არ ვუშვებთ, შვილები მან გაგვიზარდა.

- სიდედრთან ერთად ცხოვრება...

- ...(მაწყვეტინებს) ძალიან კარგია. ის ამბები, რომლებსაც სიდედრებზე ჰყვებიან, არ ვიცი, საიდან ჩნდება. მე და ჩემი სიდედრი მეგობრები ვართ, თან, ძალიან კარგი მეგობრები.

თამუნა კვინიკაძე